Gccc-logo.png


მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 195. თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მასალის გადამუშავების, ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

I. ზოგადი დებულებები

1

195-ე მუხლის თანახმად, თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი, მაშინ, კანონის ძალით, მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან. კანონმდებლის მიზანია, ნორმის საფუძველზე, საკუთრების უფლების მიკუთვნების პრობლემის ცალსახად გადაჭრა. ნორმა არ ემსახურება სანივ- თოსამართლებრივი საჯაროობის პრინციპის განხორციელებას, რადგან იგი ნივთის მფლობელობას, როგორც საკუთრების მოპოვებისათვის აუცილებელ წინაპირობას, არ განსაზღვრავს.[1] როგორც წესი, ახალ ნივთზე მფლობელობის განმახორციელებელი იქნება მწარმოებელი, მაგრამ იგი ნივთზე თანასაკუთრებას მხოლოდ ფაქტობრივი ბატონობის გამო ვერ მოიპოვებს. გარდა ამისა, ნორმის მიზანია, თანასწორობის საფუძველზე მასალის მესაკუთრესა და მწარმოებელს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტა.

II. ნორმის წინაპირობები

1. გადამუშავების საგანი

2

გადამუშავების ან გადაკეთების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება მიწის ნაკვეთის ან მისი არსებითი შემადგენელი ნაწილის გადამუშავება ან გადაკეთება, გამოიყენება მხოლოდ 193-ე მუხლი. მაგალითად, მხატვარი, რომელიც სხვა პირის საკუთრებაში არსებულ კედელზე ნახატს დახატავს, ვერ მოიპოვებს საკუთრებას იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი ნახატი უფრო მეტი ღირებულების არის, ვიდრე კედელი. ნორმის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს იმ გა რემოებას, მხოლოდ ერთი მესაკუთრის მასალა იქნა გადამუშავებული, თუ რამდენიმე პირის.

2. გადამუშვების/გადაკეთების ქმედება

3

ნორმის მიხედვით, ახალი მოძრავი ნივთი უნდა შეიქმნას მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად. გადამუშავების/გადაკეთების ქმედება არის არა ნების გამოვლენა, არამედ რეალაქტი და, შესაბამისად, არ გამოიყენება გარიგების ნამდვილობის წესები. ასევე, დაუშვებელია გადამუშავების ან გადაკეთების ქმედების შეცილება და წარმომადგენლობის განხორციელება,[2] მაგრამ ქმედება უნდა იყოს პირის ნებითი აქტი. იმისათვის, რათა მასალის გადამუშავების/გადაკეთების ქმედება ზუსტად იყოს განსაზღვრული, შესაძლებელია, დამატებითმა გარემოებებმა, მაგალითად პირის განზრახვამ, განსაზღვრული როლი შეასრულოს, თუმცა განზრახვის მოცემულობა არ არის ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობის ნიშანი. ქმედუუნარო ან შეზღუდულად ქმედუნარიან პირს შეუძლია, მასალის გადამუშავების ან გადაკეთების შედეგად მოიპოვოს თანასაკუთრება ახალ ნივთზე.

4

ნორმა განასხვავებს გადამუშავებასა და გადაკეთებას. მათი გამიჯვნა მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს, ვინაიდან სამართლებრივი შედეგი იგივეა. „გადამუშავების“ ცნება საჭიროებს დაზუსტებას, რადგან ქმედების შედეგად უნდა შეიქმნას ახალი ნივთი. გადამუშავება არის ნივთის სუბსტანციაზე მოქმედი ნებისმიერი ქმედება, რომელიც გამოიწვევს ამ ნივთის ფიზიკურ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ ცვლილებას და მიღებული ნივთი მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდეს თავდაპირველი მასალისაგან.[3] მაგალითად, ფოტოსურათის გამჟღავნება, რომელიც ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგია, არის გადამუშავება 195-ე მუხლის გაგებით. გადამუშავება არ არის ნივთის სუბსტანციის დაზიანება ან სხვადასხვა ნაწილად დაყოფა. მასალის მხოლოდ ზედაპირის დამუშავება, განსაზღვრულ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს გადამუშავება. მასალის გადამუშავება ან გადაკეთება შეფასებითი ცნებებია.

3. ახალი ნივთი

5

გადამუშავების შედეგად უნდა შეიქმნას ახალი ნივთი. ახალი ნივთის ცნება არ უნდა იქნეს განხილული იდენტურობის დადგენის თვალსაზრისით. მაგალითად, ახალი ნივთი არ არის ცხოველის გაზრდა და ამ შემთხვევის გადაწყვეტა იდენტურობის კრიტერიუმის საფუძველზე შეუძლებელია, ვინაიდან იგივე ცხოველია გაზრდის შემდგომაც; ისევე, როგორც ტილოზე სურათის დახატვა არ ცვლის ტილოს იდენტურობას. ნივთის განსხვავებული სახელი ან ფორმის ცვლილება შესაძლებელია, მიანიშნებდეს ახალი ნივთის შექმნაზე, მაგრამ იგი არ იქნება საკმარისი კრიტერიუმი, რომ მხო ლოდ მის საფუძველზე იქნეს გამოყენებული 195-ე მუხლი. „ახალი ნივთის“ განსაზღვრისათვის უფრო მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ნივთის არსობრივი ცვლილება და მისი ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა.[4] ნორმის მიზანია, სამართლებრივად აღიარებულ იქნეს ნივთის გადამუშავებით გამოწვეული ღირებულების ზრდის პროცესი. 195-ე მუხლის გამოყენებისათვის სწორედ ამ კრიტერიუმებს უნდა მიენიჭოს გადამწყვეტი მნიშვნელობა და მხოლოდ ასე შეიძლება აიხსნას მწარმოებლისათვის თანასაკუთრების უფლების მინიჭება. ახალი ნივთი 195-ე მუხლის გაგებით ყოველთვის სახეზეა, თუ მასალის (ნივთი) ფასი ადამიანის მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასევე, მასალის გადამუშავების პროცესის ღირებულება არ უნდა იყოს უმნიშვნელო. ნორმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობის თანახმად, აქ იგულისხმება ინვესტირებული თანხები და არა გადამუშავების შედეგად მიღებული ნივთის ღირებულება. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ გადამუშავებით მიღებული ნივთის ღირებულება უფრო მეტი იყოს, ვიდრე მწარმოებლის მიერ ინვესტირებული თანხა. 195-ე მუხლის მიხედვით, მასალის გადამუშავებას გულისხმობს, მაგალითად, თიხისგან აგურის დამზადება, ყურძნისგან ღვინის დაყენება; მეორე მხრივ, ნივთის რესტავრაცია ან რემონტი არ არის გადამუშავება, რადგან არ იცვლება ნივთის არსი და თავდაპირველი ნივთის გამოყენების მიზანი.

4. მწარმოებლის ცნება

6

195-ე მუხლის მიზნიდან გამომდინარე, მწარმოებელი არის არა ის პირი, რომელიც უშუალოდ მასალის გადამუშავების ან გადაკეთების ქმედებას ახორციელებს, არამედ ის, ვისი სახელითაც ხორციელდება გადამუშავების პროცესი და ვის ინტერესშიც შედის იგი.[5] გარემოებები, თუ ვინ მართავს საწარმოო პროცესს, ან ვინ ეწევა პროდუქციის გასაღების რისკს, შესა- ძლებელს ხდის, განისაზღვროს მწარმოებელი. მაგალითად, დასაქმებული, რომელიც დამსაქმებლის მითითებებსა და დავალებებს ასრულებს, არ არის მწარმოებელი, თუმცა იგი მასალის გადამუშავების პროცესს უშუალოდ ასრულებს. ნარდობის ხელშეკრულების შემთხვევაში, მწარმოებელი არის შემკვეთი, თუ მენარდე გადაამუშავებს შემკვეთის მიერ მიწოდებულ მასალას.[6] 195-ე მუხლის გაგებით, მწარმოებელი არ არის მჭერი (155 II), რადგან იგი დამოკიდებულ ურთიერთობაშია იმ პირთან, ვის სასარგებლოდაც ახორციელებს მფლობელობას (155 II). მართალია, ნივთის პირდაპირი მფლობელი ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას 155 III მუხლის მიხედვით, მაგრამ მასალის გადამუშავების ან გადაკეთების ქმედება უნდა შეერაცხოს არაპირდაპირ მფლობელს და მან უნდა მოიპოვოს თანასაკუთრებაც, რადგან ნივთთან მიმართებით არაპირდაპირი მფლობელი უფრო მაღალი სამართლებრივი სტატუსის მატარებელი პირია.

III. სამართლებრივი შედეგი

7

მასალის გადამუშავების ან გადაკეთების შედეგად, კანონის ძალით, მწარმოებელი მოიპოვებს თანასაკუთრებას (173) ახალ ნივთზე. მწარმოებლის გარიგების დადების ნება ან ბუნებრივი ნება არ არის აუცილებელი წინაპირობა. მოძრავ ნივთებზე გარიგების საფუძველზე საკუთრების მოპოვების წესები და, ასევე, საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვების წესები 195-ე მუხლის შემთხვევაში არ გამოიყენება. მწარმოებელი მოიპოვებს თანასაკუთრებას ნივთზე იმ შემთხვევაშიც, თუ მასალა მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან 187 II მუხლის მიხედვით. თანამესაკუთრეთა წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად, თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ახალ ნივთზე არსებული უფლებები ქარწყლდება 196-ე მუხლის თანახმად.




  1. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 950, Rn. 1.
  2. Bassange, Palandt BGB Kommentar, 62. Aufl., § 950, Rn. 1; Wieling, Sachenrecht, 5. Aufl ., 2006, S. 141.
  3. Oechsler, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 950, Rn. 6.
  4. Wieling, Sachenrecht, 5. Aufl., 2006, S. 142.
  5. Bassange, Palandt BGB Kommentar, 62. Aufl., § 950, Rn. 8.
  6. Bassange, იქვე, Rn. 9-10.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_195._თანასაკუთრება_მასალის_გადამუშავების_შედეგად_შექმნილ_ახალ_მოძრავ_ნივთზე&oldid=1642"