Gccc-logo.png


მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 196. უფლებათა გაქარწყლება საკუთრების გადასვლისას


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ საკუთრება გადადის 193-ე–195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა უფლება ქარწყლდება.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა აწესრიგებს მესამე პირთა უფლებებს დაკავშირებულ, შერწყმულ და გადამუშავებულ ნივთებზე. ზოგადად, სანივთო უფლებები ნაწარმოებია საკუთრების უფლებიდან და, 196-ე მუხლის მიხედვით, ისინი იზიარებენ საკუთრების უფლების სამართლებრივ ბედს; მეორე მხრივ, ნორმა ცალსახად ადგენს, რომ მესამე პირთა უფლებები ქარწყლდება. ამით იგი იცავს საკუთრების უფლების შემძენს მესამე პირთა უფლებების დატვირთვისაგან. სადავო საკითხია, რამდენად არის ნორმის ანალოგიის გზით გამოყენება მიზანშეწონილი, როდესაც ერთი მესაკუთრის სხვადასხვა ნივთის დაკავშირება ხდება.

II. უფლებათა გაქარწყლება

2

ნორმის მიხედვით, თუ (ერთპიროვნული) საკუთრების უფლება გადადის სხვა პირზე (მაგალითად, 193, 194 II მუხლები), ან წარმოიშობა პირთა თანასაკუთრება (194 I, 195 მუხლები), ამ შემთხვევაში, ქარწყლდება ნივთებზე არსებული უფლებებიც. ეს სამართლებრივი შედეგი დადგება იმ გარემოების მიუხედავად, რომ 193-ე–195-ე მუხლების მიხედვით არსებობს არა საკუთრების დაკარგვა, არამედ პირის ერთპიროვნული საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად. ნორმის მიხედვით, საკუთრების მოპოვება სანივთო უფლებების გარეშე ხდება კანონის ძალით. ამ ნორმის გაგებით, უფლებები არის ნივთებზე არსებული შეზღუდული სანივთო უფლებები. ნორმის გამოყენება პირობადებულ საკუთრებაზე შესაძლებელია ანალოგიის გზით. მფლობელობა, 196-ე მუხლის თანახმად, არ არის უფლება და ე.ი. მფლობელობა არ ნიშნავს ნივთის დატვირთვას. ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნის უფლებაზე 196-ე მუხლის მოქმედება არ ვრცელდება. 193-ე–195-ე მუხლების შემთხვევაში, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მისი მფლობელობიდან გასულ ნივთებზე საკუთრების მოპოვება ხდება კანონის ძალით, ხოლო მესამე პირი საკუთრებას შეიძენს 186, 187 I მუხლების თანახმად. 187 II მუხლი არ გამოიყენება.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_196._უფლებათა_გაქარწყლება_საკუთრების_გადასვლისას&oldid=1644"