Gccc-logo.png


მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 197. ახალი მესაკუთრისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. პირს, რომელიც 193-ე–195-ე მუხლების მიხედვით კარგავს თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი უფლება, შეუძლია, ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმა გამოხატავს კანონმდებლის გადაწყვეტილებას, 193-ე–195-ე მუხლებით გათვალისწინებული საკუთრების სამართლებრივი მიკუთვნების საკითხიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების საკითხი ვალდებულებითსამართლებრივ სიბრტყეზე გადაწყვიტოს. ამ ნორმების საფუძველზე განხორციელებული საკუთრების სამართლებრივი შედეგი კანონის ძალით საბოლოოა და იგი გამორიცხავს ვინდიკაციის მოთხოვნის უფლებას 170 I მუხლის მიხედვით. 197-ე მუხლი იკავებს სავინდიკაციო მოთხოვნის უფლების ადგილს. გამომდინარე აქედან, კანონი უშვებს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას და გამორიცხავს საკუთრების უკან დაბრუნების მოთხოვნას („პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია“).

II. 197-ე მუხლის წინაპირობები და სამართლებრივი შედეგი

2

197 I მუხლის საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელმაც 193-ე–195-ე მუხლების მიხედვით საკუთრება დაკარგა ან სხვაგვარად დაირღვა მისი უფლება. უპირველესად, საგნობრივად, ნორმის მოქმედება მოიცავს (თანა)საკუთრების სრულად დაკარგვას 193, 194 II მუხლების მიხედვით. თუ პირის მოძრავი ნივთი დაკავშირებული იქნება მიწის ნაკვეთთან (193), ან პირის მოძრავი ნივთები სხვა ნივთთან შეერთების შედეგად არ მიიჩნევა მთავარ ნივთად (194 II), მაშინ პირი კარგავს საკუთრების უფლებას.

3

194 I, 195-ე მუხლების შემთხვევაში, ადრინდელი მესაკუთრეების ერთპიროვნული საკუთრება, კანონის ძალით, გარდაიქმნება ახალ ნივთზე თანასაკუთრებად. შესაბამისად, სახეზეა არა საკუთრების დაკარგვა, არამედ საკუთრების შინაარსის ცვლილება; ხოლო, რამდენად შეიძლება საკუთრების შინაარსის ცვლილება საკუთრების დარღვევად 197-ე მუხლის მიხედვით შეფასდეს, დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის ფაქტობრივ გარემოებებზე. როგორც წესი, 197-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა შეეხება საკუთრების უფლების სრულად დაკარგვის შემთხვევებს (193, 194 II).

4

ნორმის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არსებობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნივთების შეერთების შედეგად სხვაგვარად ხდება უფლების დარღვევა. ისმის კითხვა, თუ რამდენად არის 197 I მუხლი იმ პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების საფუძველი, რომლის შეზღუდული სანივთო უფლებაც ნივთების დაკავშირების შედეგად გაქარწყლდა 196-ე მუხლის მიხედვით. მაგალითად, გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ნივთი გახდა მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მოიპოვა საკუთრება 193-ე მუხლის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ 197 I მუხლის საკანონმდებლო შემადგენლობა პირდაპირ 196-ე მუხლზე არ მიუთითებს, სანივთო უფლების დარღვევა (გაქარწყლება 196-ე მუხლის მიხედვით) 193-ე–195-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებით არის გამოწვეული და, შესაბამისად, 197 I მუხლის საფუძველზე წარმოიშობა სანივთო უფლების მფლობელის მოთხოვნის უფლებაც ზიანის ანაზღაურების შესახებ. 197 II მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა, თუ ახალმა მესაკუთრემ ნივთი სასყიდლიანი ხელშეკრულებით მესამე პირისაგან შეიძინა. ამ ნორმის გარდა, კონკრეტულ შემთხვევებში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლებები.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_197._ახალი_მესაკუთრისაგან_ზიანის_ანაზღაურების_მოთხოვნა&oldid=1646"