Gccc-logo.png


მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 199. მოთხოვნის დათმობა


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე, მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.

2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

I. მოთხოვნის დათმობის შინაარსი (199 I)

1

სამოქალაქო სამართალში, როგორც წესი, დაშვებულია მოთხოვნის დათმობა. გამონაკლის შემთხვევებში, შესაძლებელია, მოთხოვნის დათმობის დაუშვებლობა გამომდინარეობდეს ვალდებულების არსიდან, კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებიდან, ან კანონიდან:

2

ა) მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ მოთხოვნის დათმობით მისი განხორციელება ახალი კრედიტორის მიერ შინაარსის ცვლილების გარეშე შეუძლებელი იქნება, ან მოთხოვნის დათმობა მოვალის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. ამ შემთხვევაში, მოთხოვნის დათმობა გამორიცხულია, რადგან დაცული არ არის მოთხოვნის იდენტურობა. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება, მაგალითად, პიროვნული უფლებები. პიროვნული ეწოდება პიროვნებასთან მჭიდროდ დაკავშირებულ უფლებებს, რომლებიც ადამიანის პიროვნების ინდივიდუალურობის გამომხატველია.[1] პიროვნულია მოთხოვნა, როდესაც იგი, როგორც ბუნებრივი ქმედება, ახალი კრედიტორის მიმართ ისევე ვერ განხორციელდება, როგორც ძველი კრედიტორის მიმართ, რადგან იცვლება მისი ეკონომიკური არსი, ან ვალდებულების იდენტურობა არსებითად განისაზღვრება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ურთიერთობით.

3

მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების არსი გამოიხატება ისეთი მოქმედების შესრულებით, რომელიც არ შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა. ასეთ ვალდებულებებს განეკუთვნება, მაგალითად: ექიმის მიერ სამედიცინო ოპერაციის განხორციელება ან პორტრეტის დახატვა. ექიმის შეცვლა სხვა ექიმით ან პორტრეტის დახატვა სხვა მხატვრის მიერ გამოიწვევს მოთხოვნის შინაარსის არსებით ცვლილებას.

4

მოქმედება, რომელიც არ შეიძლება განახორციელოს მესამე პირმა, არსებობს ასევე ნივთის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევებშიც. კერძოდ, ნივთის გამოყენება დამოკიდებულია ამ ნივთის სარგებლობაში მიმღებ პირზე იმგვარად, რომ სხვა პირის მიერ იმავე ნივთის გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის სხვა პირის მიერ ნივთით სარგებლობის არსს, რადგან ნივთით მოსარგებლისადმი ნდობა იყო ვალდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. შესაბამისად, დაუშვებელია დამქირავებლის უფლებების გადაცემა მესამე პირზე.

5

დაუშვებელია, ასევე, დასაქმებულის მოთხოვნის დათმობა შვებულებასა და შვებულების ანაზღაურებაზე. ეს გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულების განსაკუთრებული სამართლებრივი ბუნებიდან და შვებულების მოთხოვნის მიზნიდან.

6

პიროვნულია მოთხოვნა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი განხორციელება ახალი კრედიტორის მიმართ ცვლის ამ მოთხოვნის ეკონომიკურ არსს. როგორც წესი, ხელშეკრულების დადებას თან ახლავს მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის ელემენტები, მაგალითად, მათი პიროვნული თვისებები და ეკონომიკური შესაძლებლობები. მართალია, მოთხოვნის დათმობა შეეხება მოვალის მიერ კონტრაჰენტის არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ კრედიტორის ცვლილება, ამავე დროს, არ ნიშნავს ავტომატურად მოთხოვნის დათმობის პიროვნულ ხასიათს. სხვა შემთხვევაში, მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი ინსტიტუტი მნიშვნელობას დაკარგავდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, რომ ხომ არ იწვევს კრედიტორის ცვლილება ვალდებულების შინაარსის ცვლილებას. ეს საკითხი ეხება როგორც ორმხრივ, ისე ცალმხრივ ხელშეკრულებებს. სამოქალაქო კოდექსი მხარეთა შორის მოთხოვნის დათმობის აკრძალვას დასაშვებად მიიჩნევს მხო ლოდ მხარეთა პატივსადები ინტერესების არსებობისას;

7

ბ) მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია, თუ იგი ეწინააღმდეგება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებულ შეთანხმებას (ე.წ. პაცტუმ დე ნონ ცედენდო). ასეთი შეთანხმება შესაძლებელია მიღწეულ იქნეს როგორც ვალდებულების წარმოშობისას, ასევე მის შემდგომ. ასეთ შეთანხმებას, როგორც წესი, აქვს არა ვალდებულებითი ხასიათი, არამედ სამართლებრივად უფლების შემზღუდველი ძალა. მაშასადამე, კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმება ნიშნავს, რომ კრედიტორი ვალდებულია, არ განახორციელოს მოთხოვნის დათმობა და, ასევე, იგი მოთხოვნას ართმევს არსებით თვისებას – დათმობის შესაძლებლობას. მოთხოვნის დათმობა შესაძლებელია, მხოლოდ შეზღუდულად იქნეს დაშვებული და დამოკიდებული იყოს განსაზღვრულ პირობის დადგომაზე, მაგალითად, მოვალის თანხმობაზე;

8

გ) მოთხოვნის დათმობა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს. ასეთი აკრძალვები მოცემულია სამოქალაქო კოდექსში. მაგალითად, აკრძალულია მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოს სხვა პირისათვის გადაცემა (632), რწმუნებულის მიერ მინდობილი დავალების მესამე პირის მიერ შესრულება (711 I). აკრძალვას შეიცავს საქართველოს შრომის კოდექსის მე-10 მუხლი, რომლის თანახმადაც, დასაქმებული ვალ დებულია, სამუშაო შეასრულოს პირადად.

9

მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება კანონს, თუ იგი გამომდინარეობს აქცესორული უფლებიდან, რადგან მათი გადაცემა მხოლოდ ძირითად მოთხოვნასთან ერთად არის შესაძლებელი. მაგალითად, 295-ე მუხლის თანახმად, იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული; მოთხოვნის სხვა პირზე გადაცემით ახალ კრედიტორზე გადადის გირავნობის უფლებაც (269 I).

II. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება

10

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება. მოთხოვნის დამთმობის ნების გამოვლენასა და ახალი კრედიტორის მიერ თანხმობის გამოხატვასთან ერთად, ხელშეკრულების აუცილებელი პირობაა დათმობილი მოთხოვნის ზუსტი აღნიშვნა. მოთხოვნა იმდენად უნდა იყოს ინდივიდუალიზებული, რომ მხარეთა შეთანხმება მოთხოვნის დათმობის საგანზე არ უნდა იძლეოდეს ეჭვის საფუძველს (განსაზღვრულობის პრინციპი).[2] ასევე, ხელშეკრულებიდან უნდა გამომდინარეობდეს ახალი კრედიტორის უფლებამოსილება დათმობილი მოთხოვნის საკუთარი სახელით განხორციელების შესახებ, რადგან მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება იწვევს კრედიტორის, როგორც უფლებამოსილი პირის, ცვლილებას და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი საფუძველი შესაძლებელია იყოს ნასყიდობა, ჩუქება ან მხარეთა შორის ნებისმიერი შეთანხმება.

11

სამოქალაქო კოდექსი დასაშვებად მიიჩნევს მოთხოვნის მხოლოდ ნაწილის გადაცემას, თუ შესაძლებელია მოთხოვნის გაყოფა. ასეთ შემთხვევა- ში, საჭიროა, მხარეებს შორის განსაკუთრებული შეთანხმება, რომ მხოლოდ მოთხოვნის ნაწილის გადაცემა ხდება. გარდა ამისა, შესაძლებელია სამომავლო მოთხოვნის უფლებების დათმობაც.[3]

12

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისათვის განსაზღვრული ფორმა არ არის დადგენილი და გამომდინარე აქედან, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე ზეპირად.[4]

III. მოთხოვნის დათმობის მხარეები

13

მოთხოვნის დათმობის მხარეები არიან 'მოთხოვნის მფლობელი (კრედიტორი, ე.წ. ცედენტი) და მესამე პირი (ახალი კრედიტორი, ე.წ. ცესიონერი). მოვალის თანხმობა ან ცოდნა მოთხოვნის დათმობის შესახებ არ არის აუცილებელი პირობა.

14

მართალია, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს ახალი კრედიტორი, მაგრამ ეს გარემოება არ გამორიცხავს მოთხოვნის დათმობის ბლანკეტურ ხელშეკრულებას, როდესაც ხელშეკრულება გადაეცემა პირს იმ უფლებამოსილებით, რომ თვითონ განსაზღვროს ახალი კრედიტორი.

15

მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში საჭიროა მოვალის (debitor cessus) მითითება, მაგრამ შესაძლებელია, რომ ხელშეკრულებაში სახელობითი მოხსენიების გარეშეც მოვალის იდენტურობა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების შინაარსიდან.

IV. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგები

16

მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი შედეგი არის კრედიტორის ცვლილება. თავდაპირველი კრედიტორის ადგილს იკავებს ახალი კრედიტორი. 79-ე და 81-ე მუხლებით რეგულირებული შეცილების უფლება არის ხელშეკრულებაზე დამოკიდებული აღმჭურველი უფლება, რომელიც ipso iure მოთხოვნის დათმობასთან ერთად სხვა პირზე არ გადადის, მაგრამ შესაძლებელია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სხვა აღმჭურველი უფლებების მოთხოვნის დათმობა, როგორებიცაა, მაგალითად: მყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის უფლება (491), ფასის შემცირების მოთხოვნა (492) და შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნა (642).[5]

V. მტკიცების ტვირთი

17

მოთხოვნის დათმობის მტკიცების ტვირთი ეკისრება ახალ კრედიტორს. პირი, რომელიც მოთხოვნის დათმობის ნამდვილობას ეჭვქვეშ დააყენებს, ვალდებულია, დაამტკიცოს ეს გარემოება.




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 131.
  2. ჭეჭელაშვილი, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება, 2004, გვ. 53.
  3. Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, 62. Aufl ., § 398, Rn. 11.
  4. ჭეჭელაშვილი, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება, 2004, გვ. 72; შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 191.
  5. Busche, in Staudinger BGB, 2012, § 399, Rn. 40-41.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_199._მოთხოვნის_დათმობა&oldid=1651"