Gccc-logo.png


მუხლი 20. საცხოვრებელი ადგილი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 20. საცხოვრებელი ადგილი


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.

2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა — მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

3. პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს.

სარჩევი

I. ზოგადი განმარტებანი

1

საცხოვრებელი ადგილი პირის სამოქალაქო-სამართლებრივი იდენტიფიკაციის საშუალებას წარმოადგენს.[1] განსახილველი ნორმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლში არსებულ დათქმას, რომლის მიხედვითაც პირი საცხოვრებელი ადგილის არჩევაში თავისუფალია. თავის მხრივ, არჩევანის გაკეთების თავისუფლება გარკვეულ ჩარჩოებშია მოქცეული, რომელსაც გარდა სამოქალაქო კოდექსისა, სპეციალური კანონები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს. საცხოვრებელი ადგილის კონსტიტუციური უფლება შეზღუდული ხასიათისაა. კანონი აწესებს მკაცრ ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია ასეთი სახის უფლება შეიზღუდოს.[2]

II. 20 I საცხოვრებელი ადგილის განმარტება

2

საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა ყოველდღიური ყოფითი ცხოვრების მოწესრიგებიდან გამომდინარეობს.[3] მისი ასახვა ხდება როგორც კერძო, ისე საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებში და მასზე მრავალი უფლება და მოვალეობაა დამოკიდებული.[4] საცხოვრებელი ადგილი შეიძლება განიმარტოს ადგილად, რომელიც ადამიანის უმთავრეს ადგილსამყოფელს წარმოადგენს და რომელსაც ძირითად საცხოვრებლად ირჩევს იგი.[5]

1. საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლებამოსილება

3

საცხოვრებელი ადგილის არჩევაში პირი თავისუფალია. აღნიშნული შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ნორმას და პირის მიერ ყოველგვარი ზემოქმედების გარეშე შესაბამისი ნების გამოვლენას გულისხმობს.[6] საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება და, შესაბამისად, მისი რეგისტრაცია არ წარმოადგენს გარიგებას.[7] ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანხმად, შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის ორი ძირითადი პრინციპის გამოყოფა: ა) იგი დამოკიდებულია პირის ნებაზე და ბ) პირს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, მოახდინოს საცხოვრებელი ადგილის დაფუძნება.[8]

4

საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება განსაზღვრულია საოჯახო სამართალშიც, რომლითაც მეუღლეებს კანონი ასეთი სახის ქმედების განხორციელებას ანიჭებს (1157). იმის გათვალისწინებით, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევის თავისუფლება თავისი არსით აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას არ განეკუთვნება, კანონი საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობისას შეზღუდვას აწესებს. შეზღუდვის არსი ოჯახის ინტერესებისადმი შეწინააღმდეგებას გულისხმობს.

2. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონის შესაძლებლობა

5

რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის ქონის უფლებამოსილება პირის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს. აღნიშნული არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც პირს დროებითი საცხოვრებელი სადგომი მიეცემა სხვა ფართზე[9] ან თავად ირჩევს მას.

6

რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობა არ გულისხმობს რამდენიმე ადგილზე პირის რეგისტრაციას. ასეთი დათქმა უმთავრესად, საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებების განხორციელების საფუძვლებიდან გამომდინარეობს, ვინაიდან გარკვეული საჯარო მიზნების შესასრულებლად, პირს კონკრეტული ჩაწერის ადგილი მხოლოდ ერთ მისამართზე უნდა გააჩნდეს.

3. განსხვავება საცხოვრებელ ადგილსა და ადგილსამყოფელს შორის

7

საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებით, ადგილსამყოფელი წარმოადგენს პირის მიერ დროებით გამოსაყენებელ ადგილს. თუ პირს ადგილსამყოფელი არ აქვს საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული, მაშინ იგი ჩაითვლება დროებით საცხოვრებელ სადგომად, რომელიც შეიძლება იყოს დასასვენებელი ადგილი, ან ნებისმიერი ისეთი ადგილი, სადაც პირი მუდმივად დაფუძნებასა და ცხოვრებას არ გადაწყვეტს.

8

ადგილსამყოფელს მეორადი დატვირთვა გააჩნია. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, სამოქალაქო-საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიტანება, თუ მას საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნია.[10]

4. განსხვავება საცხოვრებელ ადგილსა და რეგისტრაციის ადგილს შორის

9

პირს გააჩნია უფლებამოსილება, რეგისტრაცია განახორციელოს როგორც საცხოვრებელ, ისე სხვა ადგილზე. საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს აღნიშნული ორი ცნების ერთმანეთისგან გამომრიცხავ გარემოებას.[11] რეგისტრაციის ადგილი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ ერთ უძრავ ნივთზე ხდება, მაშინ, როდესაც განსახილველი ნორმით პირს შეიძლება რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი გააჩნდეს.

10

რეგისტრაციის ადგილის განსაზღვრა პრაქტიკულ დანიშნულებას, უპირველეს ყოვლისა, საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობების დროს პოვებს. მაგალითად, საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც (31 III), ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. რეგისტრაციის განხორციელება ავტომატურად არ წარმოშობს პირის საცხოვრებელი ადგილის დაფუძნებას.[12]

5. განსხვავება ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილსა და იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს შორის

11

ისევე როგორც ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას, იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს (ადგილსამყოფელს) მნიშვნელოვანი დატვირთვა გააჩნია როგორც კერძო, ისე საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისთვის (მაგალითად, საპროცესო ნორმებიდან გამომდინარე).[13] აღნიშნულის ერთ-ერთ შემთხვევას რეგისტრაციისთვის ადგილსამყოფელის მითითების სავალდებულობა წარმოადგენს. ფიზიკური პირის არსებობა თუ შესაძლებელია საცხოვრებელი ადგილის მითითების გარეშე, იურიდიული პირის რეგისტრაცია და შესაბამისად, მისი სახელით საქმიანობის განხორციელება იურიდიული მისამართის გარეშე დაუშვებელია. აღნიშნული დათქმა, უპირველეს ყოვლისა, კანონმდებლის მიერ იურიდიული პირის გეოგრაფიული მდგომარეობის აღსანიშნავად გამოიყენება.[14] საცხოვრებელი ადგილი შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს. იურიდიულ პირს კი მხოლოდ იურიდიული მისამართი გააჩნია.

III. 20 II არასრულწლოვნისა და სამეურვეო პირის საცხოვრებელი ადგილი

12

კანონი პირდაპირ განსაზღვრავს საცხოვრებელი ადგილის საკითხს იმ პირებისთვის, რომელთაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად აირჩიონ იგი (კანონით განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი).[15] ერთი მხრივ, ასეთ პირად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკისთვის (გარდა ემანსიპაციის შემთხვევისა) ან/და მეორე მხრივ, პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით დანიშნული ჰყავს მეურვე და მიჩნეულია არაქმედუნარიან პირად.[16]

13

არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილი კანონითაა განსაზღვრული იმ შემთხვევაშიც, თუ მეუღლეები განქორწინდებიან და ცალ-ცალკე გადაწყვეტენ ცხოვრებას (1201). ასეთ შემთხვევაში, სწორედ მათ მიერ უნდა იქნეს შეთანხმება მიღწეული, თუ რა ჩაითვლება არასრულწლოვნისთვის კანონით გათვალისწინებულ საცხოვრებელ ადგილად.

IV. 20 III საცხოვრებელი ადგილის გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები

14

საცხოვრებელი ადგილის გაუქმება უმეტეს შემთხვევაში ხდება ახალი საცხოვრებელი ადგილის დაფუძნებით,[17] რომლის დროსაც პირს გააჩნია უფლებამოსილება, საკუთარი ნება დააფიქსიროს შესაბამის ორგანოში. იძულების წესით საცხოვრებელი ადგილის დატოვების შემთხვევაში მისი გაუქმება დაუშვებელია და პირს რჩება ძველი საცხოვრებელი ადგილი.[18] ასეთი მაგალითი შეიძლება იყოს კანონიერ ძალაში შესული სისხლისსამართლებრივი განაჩენი, საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით შესაბამისი ადგილის დატოვება;[19] აღნიშნული საკითხი ზოგ შემთხვევაში სპეციალური ნორმის მოწესრიგების საგანია. მაგალითად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა — დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ცნებას განსაზღვრავს.[20] მიუხედავად იძულებითი წესით გადაადგილებისა, აღნიშნული პირი წარმოადგენს საქართველოს სხვა მოქალაქეებთან გათანაბრებულს და მისი უფლებები საცხოვრებელი ადგილის არჩევის საკითხთან დაკავშირებით არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ჩამოყალიბებული ქცევის წესისგან.[21]

15

საცხოვრებელი ადგილის გაუქმების დაუშვებლობაა განსაზღვრული, ასევე მაშინ, როდესაც პირი სახელმწიფოებრივ ვალდებულებას ასრულებს, რაც სამხედრო სამსახურში მსახურობას ან შეიძლება დიპლომატიური მისიით სხვა ქვეყანაში სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას გულისხმობდეს და სხვ.

V. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

1. პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება

16

21-ე მუხლის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე პირის გამოჩენის საკითხს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მის უფლებებსა და ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სწორედ საცხოვრებელი ადგილისა და ადგილსამყოფელის საკითხზეა დაფუძნებული.

2. ვალდებულებითი სამართალი

17

საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს იკავებს ვალდებულებით სამართალში, სადაც აღნიშნულთან უშუალოდ კავშირშია: ხელშეკრულების ცალკეული დებულების განმარტების (337), ვალდებულების შესრულების ადგილის (362 II), კრედიტორის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურების (363, ასევე 432 II), ფულადი ვალდებულების შესრულების ადგილის (386), თავდებობის ვალდებულებისგან გათავისუფლების (904 I ბ) საკითხები.

3. სამკვიდროს გახსნის ადგილი

18

ნორმის დატვირთვა განსაკუთრებით მნიშნელოვანია მემკვიდრეობის სამართალში. კერძოდ, სამკვიდროს გახსნა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (1324 I). აღნიშნული ნორმა ადგენს სამკვიდროს გახსნის ტერიტორიულობის პრინციპს.

4. საერთაშორისო კერძო სამართალი

19

საერთაშორისო კერძო სამართალში საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივ ინსტიტუტს მნიშნელოვანი დატვირთვა გააჩნია იმდენად, რამდენადაც სწორედ ამ უკანასკნელის საფუძველზე შეიძლება იქნეს გადაწყვეტილი, რამდენად შეესაბამება საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სასამართლოების იურისდიქციას. მაგალითად, მათ ასეთი უფლებამოსილება შეიძლება მიენიჭოთ, თუ მოპასუხე მხარეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილი ექნება („საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი).

5. ნორმის დატვირთვა საჯარო სამართალში

20

საცხოვრებელი ადგილის სტატუსი საჯარო სამართალში რამდენიმე ძირითადი მიზნის შესასრულებლადაა გათვალისწინებული. მაგალითად, საგადასახადო მიზნები, რომლისთვისაც საცხოვრებელ ადგილს უპირატესი როლი ენიჭება. ასევე შეიძლება ცალკე გამოიყოს საპოლიციო სამართლის დარგი, რომლის მიზნების შესრულებისთვისაც დაუშვებელია პირს ხანგრძლივად შეეზღუდოს საცხოვრებელი ადგილით სარგებლობის უფლება და სხვ.

VI. ნორმის დატვირთვა სამოქალაქო-საპროცესო სამართალში

21

საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი ინსტიტუტი საპროცესო სამართალში დატვირთვას პოვებს, რამდენადაც სამოქალაქო სარჩელი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით შეიტანება (საერთო განსჯადობა). აღნიშნული წარმოადგენს განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის უმთავრეს სამართლებრივ წინაპირობას, რაზეც სასამართლო უწყების გაგზავნის საკითხია დაკავშირებული (იხ. ასევე, ამავე კანონის 38-ე მუხლი).[22]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 205.
  2. იხ. კორკელია, თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ქართული სამართლის მიმოხილვა, 7/2004-4, გვ. 668 და შემდგომი.
  3. Bamberger/Roth/Bamberger, BGB. §7, 2012, Rn. 2.
  4. იხ. მაგ., სუს განჩინება, 9 ივნისი, 2011, №ბს-1896-1849(კ-10).
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 207.
  6. ტუღუში/ბურჯანაძე/მშვენიერაძე/გოცირიძე/მენაბდე, ადამიანის უფლებები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკა, გვ. 282.
  7. MüKo/Schmitt, BGB, 5. Aufl., 2009, §7, Rn. 18.
  8. პრინციპების ასეთი სახით ჩამოთვლა ეფუძნება შემდეგ ლიტერატურას: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 208-209.
  9. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 23 ივლისი, 2012, №ას-791-755-2012.
  10. იხ. სუს განჩინება, 28 ივლისი, 2010, №ბს-823-796(გ-10).
  11. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 4 ნოემბერი, 2008, №ას-595-822-08.
  12. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 208.
  13. იხ. MüKo/Reuter, BGB, 5. Aufl., 2009, § 24, Rn. 1.
  14. იხ. ჭანტურია, '=სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 207.
  15. იხ. ჭანტურია, '=სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 207.
  16. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 20, გვ. 88.
  17. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 212.
  18. კობახიძე, სამოქალაქო სამართალის ზოგადი ნაწილი, გვ. 132.
  19. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 212.
  20. შედარების თვალსაზრისით იხილეთ სუს განჩინება, 9 ივნისი, 2011, #ბს-1896-1849(კ-10), რომელიც დევნილთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის სტატუსს განსაზღვრავს (სასამართლო გადაწყვეტილება ეფუძნება „იძულებით გადაადგილებულ პირთა — დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ მოწესრიგებას, რომელიც 2014 წელს გაუქმებულ იქნა, ხოლო მის ნაცვლად მოქმედებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. ორივე შემთხვევაში შედარების კუთხით სასამართლო პრაქტიკის განხილვა რელევანტური ხასიათისაა).
  21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის #2/7/219 გადაწყვეტილება საქმეზე მოქალაქეები: ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
  22. იხ. მაგ., სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 21 ივლისი, 2014, №ას-377-354-2014.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_20._საცხოვრებელი_ადგილი&oldid=992"