Gccc-logo.png


მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 200. მოვალის უფლება მოთხოვნის დათმობისას


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს, შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე.

I. ზოგადი დებულებები

1

ნორმის ძირითადი მიზანია მოვალის დაცვა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, როდესაც მისთვის ცნობილი არ იყო მოთხოვნის დათმობის შესახებ. მოვალის დაცვის მიზნით, ნორმა შეიცავს წესიდან გამონაკლისს, რომ მოთხოვნის დათმობით მოვალისთვის შეტყობინების გარეშე ახალი კრედიტორი იკავებს ძველი მფლობელის ადგილს. ამ შემთხვევაში, მოვალე საჭიროებს დაცვას, რადგან იგი არ არის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მხარე და მისი შეტყობინება მოთხოვნის დათმობის შესახებ სავალდებულო არ არის.

II. ნორმის საკანონმდებლო შემადგენლობა

2

კეთილსინდისიერი მოვალის დაცვის შინაარსში იგულისხმება ის, რომ მოვალის მიერ განხორციელებული ვალდებულების შესრულება (361) ძველი მფლობელის მიმართ სამართლებრივად ნამდვილია ახალი კრედიტორის მიმართაც. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულების[1] თანახმად, მე-200 მუხლის სამართლებრივი შედეგების დადგომა დამოკიდებულია მხოლოდ მოვალის ნებაზე. შესაბამისად, მოვალეს უფლება აქვს, უარი თქვას ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, მოვალეს აქვს არჩევანის თავისუფლება, თუ ვის მიმართ განახორციელებს იგი ვალდებულების შესრულებას – ახალი თუ ძველი კრედიტორის მიმართ.

3

მოვალე თავისუფლდება ახალი კრედიტორის წინაშე იმ შემთხვევაში, თუ იგი ვალდებულებას შეასრულებს ძველი კრედიტორის წინაშე და მისთვის არ არის ცნობილი მოთხოვნის დათმობის შესახებ. ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება მოვალეს ნაწილობრივ ათავისუფლებს. მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ როგორია ვალდებულების არსი.

4

ლიტერატურაში გამოთქმული შეხედულების[2] თანახმად, ამ მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებად არ ითვლება კრედიტორის დაკმაყოფილება მესამე პირის მიერ (371) და, შესაბამისად, მესამე პირს არ იცავს მე-200 მუხლი. ეს გამომდინარეობს არა იმდენად ნორმის შინაარსიდან, რამდენადაც ნორმის მიზნიდან: მესამე პირი არ საჭიროებს დაცვას, რადგან იგი არ არის ვალდებული, შეასრულოს გარიგებით ნაკისრი მოვალის ვალდებულება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესამე პირი სამართლებრივად დაინტერესებულია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით, დასაშვებია მე-200 მუხლის გამოყენება. მაგალითად, თავდების მიერ ვალდებულების შესრულება, რათა თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა.

5

ნორმის მიხედვით, ვალდებულების შესრულების დრო არის ის მომენტი, როდესაც მოვალე ვალდებულების შესრულების ქმედებას განახორციელებს და არა კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დრო. მაგალითად, თუ მოვალე ძველ კრედიტორს ფულს გაუგზავნის, მნიშვნელოვანია გაგზავნის დრო და არა ფულის კრედიტორის მიერ მიღების დრო.

6

მოთხოვნის დათმობის მარეგულირებელი ნორმები არ განსაზღვრავენ, თუ ვის აქვს ვალდებულება, აცნობოს მოვალეს მოთხოვნის დათმობის შესახებ („ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს“). როგორც წესი, ასეთი ვალდებულება აქვს ძველ მფლობელს. მაგრამ ვინაიდან კანონის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა ფართოდ შეიძლება იქნეს გაგებული, მე-200 მუხლის გამოყენებისათვის საკმარისია, თუ მოვალისთვის მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობილი გახდა სხვა გარემოებების შედეგად და არა უშუალოდ ძველი ან ახალი კრედიტორის მიერ შეტყობინების საფუძველზე.

III. ახალი კრედიტორის უფლებები ძველი კრედიტორის მიმართ

7

თუ მოვალე მოთხოვნის ძველი მფლობელის მიმართ ვალდებულების შესრულებით თავისუფლდება, მაშინ ახალ კრედიტორს წარმოეშობა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ძველი მფლობელის მიმართ. ეს მოთხოვნა გამომდინარეობს ძველსა და ახალ მფლობელს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, ვინაიდან ვალდებულების შესრულების მიღებით ძველმა მფლობელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ ახალი მფლობელის მოთხოვნის საფუძველი გამომდინარეობდეს 992-ე მუხლიდან, თუ ძველმა კრედიტორმა გამოიყენა მოვალის არცოდნა მოთხოვნის დათმობის შესახებ.

8

მე-200 მუხლისგან განსხვავებით, 296-ე მუხლი არ ათავისუფლებს მოვალეს ძველი მფლობელის მიმართ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში. 296-ე მუხლის საწინააღმდეგო შინაარსი გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, საჭიროებს საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და ვინაიდან მისი გადაცემა არ ხდება მოთხოვნის გადაცემის გარეშე, მოთხოვნის დათმობაც საჯარო რეესტრში შესაბამის ცვლილებას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მოვალის დაცვა არ არის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოება.




  1. Busche, in Staudinger BGB, 2012, § 407, Rn. 8.
  2. Busche, იქვე, Rn. 13.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_200._მოვალის_უფლება_მოთხოვნის_დათმობისას&oldid=1706"