Gccc-logo.png


მუხლი 201. უზრუნველყოფის საშუალებათა გადასვლა მოთხოვნის დათმობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 201. უზრუნველყოფის საშუალებათა გადასვლა მოთხოვნის დათმობისას


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე გადადის მისი უზრუნველყოფის საშუალებებიცა და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებებიც.

2. მოვალეს უფლება აქვს, წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.

I. ნორმის მიზანი

1

ნორმის მიზანია ძირითადი მოთხოვნისა და მასთან დაკავშირებული უფლებების განხორციელების სამართლებრივი უფლებამოსილების ერთი პირისათვის მინიჭება. ახალ კრედიტორს უნდა მიენიჭოს უზრუნველყოფის საშუალებების განხორციელების უფლებამოსილებაც. კანონი არ შეიცავს უზრუნველყოფის საშუალებების ჩამონათვალს და ამ უფლებებს, როგორც წესი, განეკუთვნება: იპოთეკა, გირავნობა და თავდებობა. დაზუსტებას საჭიროებს „მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები“. მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება აქცესორულ უფლებებს მოიცავს და, შესაბამისად, მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებების გადაცემაც აქცესორული უფლებები შეიძლება იყოს.

2

ნორმის სამართლებრივი შედეგია უფლებების უშუალოდ ახალ კრედიტორზე გადასვლა. სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, იგი მოიცავს მხოლოდ უფლებებს, რომელთა გადასვლაც ახალ კრედიტორზე პირის ნების გამოვლენისგან დამოუკიდებლად ხორციელდება.

II. უზრუნველყოფის საშუალებებისა და უფლებების გადასვლა

1. იპოთეკა

3

იპოთეკის აქცესორული დამოკიდებულება მოთხოვნაზე გამომდინარეობს 295-ე მუხლიდან და 201-ე მუხლი არ არის განსხვავებული შინაარსის შემცველი. 201-ე მუხლი განამტკიცებს ზოგად დებულებას, თუ რა ბედი ეწევა უზრუნველყოფის საშუალებებს ახალი კრედიტორისთვის მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში.

2. Gირავნობა

4

გირავნობის უფლების აქცესორულ დამოკიდებულებას მოთხოვნაზე არეგულირებს 269-ე მუხლი. იპოთეკისგან განსხვავებით, ეს დამოკიდებულება არ არის მკაცრი და მუხლი შეიცავს განსაზღვრულ გამონაკლისებს. მაგალითად, 269 II მუხლის თანახმად, მფლობელობითი გირავნობის უფლება წყდება, თუ მოთხოვნის დათმობისას ახალი კრედიტორი გონივრულ ვადაში არ მოითხოვს მისთვის გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემას, ხოლო რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში – მის რეგისტრაციას. 269 IV მუხლი შესაძლებელს ხდის გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მოთხოვნის დათმობისას გამორიცხულია გირავნობის უფლების გადაცემა. გამომდინარე აქედან, 269-ე მუხლის გამონაკლისები 201-ე მუხლის გამოყენებისას უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3. თავდებობა

5

201 I მუხლი მნიშვნელოვანია თავდებობის შემთხვევაში, რადგან თავდებობის მარეგულირებელი ნორმები, იპოთეკისა და გირავნობისაგან განსხვავებით, არ განსაზღვრავს თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის სამართლებრივ შედეგებს. თავდებობის აქცესორული ბუნება გამომდინარეობს 893-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, თავდებობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის გადაცემის შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს 201-ე მუხლი.

4. მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები

6

სამართლებრივად მნიშვნელოვანია მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დაზუსტება, რადგან ვალდებულებითი ურთიერთობა მხარეებს უფლებებსა და მოვალეობებს აკისრებს და, ამ გაგებით, ყველანაირი უფლება მოთხოვნასთან დაკავშირებულია. მაგრამ ვინაიდან ნორმის I ნაწილი მოიცავს უზრუნველყოფის საშუალებების გადასვლას ახალ კრედიტორზე, მაშასადამე, ისეთი უფლებების გადასვლას, რომელთა განხორციელებაც ძირითად მოთხოვნაზე მკაცრად არის კანონის ძალით დამოკიდებული, საჭიროა, მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებების შემთხვევაშიც მსგავ სი მჭიდრო კავშირის არსებობა. შესაბამისად, ასეთ უფლებებს განეკუთვნება ისეთი დამხმარე უფლებები, რომლებიც, თავის მხრივ, ძირითადი უფლების განხორციელებისა და სამართლებრივი უსაფრთხოებისთვისაა მნიშვნელოვანი, მხოლოდ დამხმარე ფუნქცია აქვთ და შინაარსის მიხედვით ძირითად მოთხოვნაზეა დამოკიდებული,[1] მაგალითად, მოვალის არჩევანის უფლება ალტერნატიული ვალდებულებების არსებობისას (374) და ნივთის დაკავების უფლება (500). ძირითად მოთხოვნასთან განუყოფლად დაკავშირებულია უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება (172). გარდა ამისა, მოთხოვნის დათმობასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის ისეთი უფლება, როგორიცაა მოთხოვნის დამთმობსა და მოვალეს შორის შეთანხმება ვალდებულების შესრულების ადგილისა და დროის შესახებ.

7

მართალია, იპოთეკის უფლების, როგორც უზრუნველყოფის საშუალების, გადასვლა ახალ კრედიტორზე კანონის ძალით ხორციელდება, მაგრამ მოთხოვნასთან დაკავშირებულია, მაგალითად, მენარდის ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე იპოთეკის წარმოშობის შესახებ (635 მუხლი). ამდენად, მენარდის მოთხოვნის გადაცემის სამართლებრივი საფუძველია 201-ე მუხლი.

8

ისეთი უფლებები, როგორებიცაა, მაგალითად, აღმჭურველი უფლებები, შეეხება ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობას, როგორც ერთიან პროცესს და იწვევს მის უკუქცევითი ძალით ბათილობას (შეცილება) ან სამართლებრივი ურთიერთობის ისეთ შინაარსობრივ ცვლილებას, როგორიცაა შესრულებისა და სამაგიერო შესრულების უკან დაბრუნების მოთხოვნა (ხელშეკრულებაზე უარის თქმა). ასეთ შემთხვევაში, უფლებების განხორციელება არ არის მოთხოვნასთან დაკავშირებული[2] და მათი გადაცემისათვის საჭიროა მოთხოვნის დამთმობისა და ახალი კრედიტორის შეთანხმება. შესაბამისად, ასეთ უფლებებზე არ გამოიყენება 201-ე მუხლი.

III. მოვალის შესაგებლები

1. ნორმის მიზანი

9

ნორმის მიზანია მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის დაცვა, რადგან იგი არ არის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მონაწილე. ერთი მხრივ, მოთხოვნა ახალ კრედიტორზე გადადის ყველა იმ უფლებით, რომლებიც ჰქონდა ძველ მფლობელს მოვალის მიმართ და, მეორე მხრივ, ასევე იმ უფლებებით, რომლებიც მოვალეს ჰქონდა ძველი კრედიტორის მიმართ, მაშასადამე, იმ შესაგებლებით, რომელთა წამოყენებაც შეეძლო მოვალეს ძველი კრედიტორის მიმართ მოთხოვნის დათმობის მომენტამდე.[3] ნორმის მიზანი არა მხოლოდ მოვალის დაცვაა, არამედ იგი გამოხატავს მოთხოვნის დათმობის სამართლებრივ არსს, რომ კრედიტორის ცვლილებით არ იცვლება დათმობილი მოთხოვნის იდენტურობა.

10

ნორმა შეეხება მოთხოვნის ძველ მფლობელსა და მოვალეს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შესაგებლებს. იგი არ გამორიცხავს თვით მოვალის მიერ საკუთარი უფლებიდან გამომდინარე შესაგებლების წარდგენას. ამასთან, მოვალეს შეუძლია, საცილო გახადოს მოთხოვნის დათმობა და ამით ბათილად ცნოს ახალი კრედიტორის უფლებამოსილება. სანამ მოვალემ არ იცის მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას შეუძლია, ვალდებულების შესრულებით ძველი კრედიტორის მიმართ გათავისუფლდეს (200). 201-ე მუხლი არის დისპოზიციური ნორმა, რაც მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ხელშეკრულების საფუძველზე თავიდან აიცილონ მისი სამართლებრივი შედეგები.

2. „შესაგებლის“ ცნება

11

„შესაგებლის“ ცნება ფართოდ არის გაგებული და იგი მოიცავს ყველა სახის შესაგებელს, როგორც უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელ შესაგებლებს, როგორებიცაა: ქმედუნარიანობა (12) და მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი (54), ისე უფლების მომსპობ შესაგებლებს, მაგალითად: შეცილებას (72), შესრულებას (361), ხელშეკრულებიდან გასვლას (352), ასევე იმპერატიულ შესაგებელს, მაგალითად, ხანდაზმულობას (128).

12

უფლების წარმოშობის დამაბრკოლებელი შესაგებლების საკანონმდებლო შემადგენლობა სახეზე უნდა იყოს მოთხოვნის დათმობის მომენტისათვის. მაგალითად, მოვალეს შეუძლია, წარუდგინოს ახალ კრედიტორს შესაგებელი, რომ მოთხოვნა არ წარმოშობილა, რადგან ძველ მფლობელთან დადებული ხელშეკრულება ქმედუუნარობის გამო ბათილი იყო, ან გარიგება არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ან ეწინააღმდეგებოდა ზნეობრივ ნორმებს.

13

მოვალეს შეუძლია, წარუდგინოს ახალ კრედიტორს შეცილების შესაგებელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ გარიგება, რომლიდანაც განხორციელდა მოთხოვნის დათმობა, მოვალის მიერ შეცილების შედეგად უკუქცევითი ძალით ბათილად იქნა ცნობილი. ვინაიდან შეცილების უფლებას აქვს უკუქცევითი ძალა, შესაგებლის წარდგენა შესაძლებელია მოთხოვნის დათმობის შემდეგაც.[4]

14

უფლების მომსპობ შესაგებლებს განეკუთვნება ისეთი საკანონმდებლო შემადგენლობები, რომელთა საფუძველზეც უფლების წარმოშობა სამართლებრივად ნამდვილი იყო, მაგრამ მოთხოვნის დათმობამდე შეწყდა უფლება. მაგალითად, მოთხოვნის დათმობამდე მოვალემ ძველი კრედიტორის წინაშე შეასრულა ვალდებულება ან განახორციელა გაქვითვა.

15

მოვალეს შეუძლია, ხანდაზმულობის შესაგებელი წარუდგინოს ახალ კრედიტორს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოთხოვნის დათმობამდე და დათმობის შემდეგ განვლილი დრო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადას აღწევს.[5]

16

ნორმის მიხედვით, შესაგებელი მოვალეს უნდა ჰქონდეს მოთხოვნის დათმობის ცნობის მიღების დროისათვის. მაშასადამე, ამ მომენტამდე სახეზე უნდა იყოს შესაგებლის საკანონმდებლო შემადგენლობის ყველა ნიშანი. ნორმის მიზნიდან, რომ მოთხოვნის დათმობით მოვალის მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს, გამომდინარეობს აგრეთვე, რომ მოთხოვნის დათმობით მისი სამართლებრივი მდგომარეობა არ უნდა გაუმჯობესდეს. მოვალეს არ უნდა შეეძლოს ახალი კრედიტორის მიმართ იმ შესაგებლების განხორციელება, რომელთაც იგი ვერ წაუყენებდა ძველ კრედიტორს.




  1. Busche, in Staudinger BGB, 2012, § 401, Rn. 28.
  2. Busche, in Staudinger BGB, 2012, § 401, Rn. 35.
  3. იქვე, Rn. 2.
  4. Busche, in Staudinger BGB, 2012, § 401, Rn. 13.
  5. იქვე, Rn. 27.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_201._უზრუნველყოფის_საშუალებათა_გადასვლა_მოთხოვნის_დათმობისას&oldid=1708"