Gccc-logo.png


მუხლი 203. ვალის გადაკისრება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 203. ვალის გადაკისრება


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

2. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს, არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.

I. ზოგადი დებულებები

1

203-ე–204-ე მუხლები არეგულირებს გარიგების საფუძველზე მოვალის ცვლილებას ვალდებულების იდენტურობის პირობის დაცვით. ასეთი ცვლილება არის მოთხოვნის დათმობის მსგავსი სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელიც ასევე იცავს მოთხოვნის იდენტურობას. სამოქალაქო კოდექსით რეგულირებულია ვალის გადაკისრების ორი საკანონმდებლო შემადგენლობა: მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება (203) და მოვალესა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება ვალის გადაკისრების შესახებ (204).

II. ნორმის შემადგენლობა

1. მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულება

2

203-ე მუხლის შემადგენლობა ისეთივე ცხადია, როგორიც კანონმდებლის ნება: ვალის გადაკისრების შესახებ ხელშეკრულება იდება მოთხოვნის მფლობელსა და ახალ მოვალეს შორის და იგი, როგორც წესი, არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. ვალის გადაკისრება ათავისუფლებს მოვალეს ვალდებულების შესრულებისაგან კრედიტორის მიმართ. ვალის გადაკისრება, 203-ე მუხლის მიხედვით, არის მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელ- შეკრულება.

3

ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება. მისი სამართლებრივი საფუძვლის შესახებ კოდექსი არაფერს ამბობს. მხოლოდ 205-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ახალ მოვალეს შეუძლია, მოთხოვნის მფლობელს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარებს კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან.

4

ვალის გადაკისრების სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობა, ისე ახალი მოვალის მიზანი, დაიცვას თავდაპირველი მოვალის ინტერესები კრედიტორის მოთხოვნებისგან.

2. ხელშეკრულების ფორმა

5

ვალის გადაკისრება არ საჭიროებს წერილობითი ფორმის დაცვას. გამონაკლისის სახით, წერილობით ვალის გადაკისრების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს იმ შემთხვევაში, თუ გადაკისრებული ვალის შინაარსი წერილობით ფორმის დაცვას საჭიროებს.

3. მოვალის მონაწილეობა

6

ვალის გადაკისრების ხელშეკრულება არ საჭიროებს მოვალის თანხმობას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ ეთანხმება კრედიტორსა და ახალ მოვალეს შორის შეთანხმებას, მას შეუძლია, 203 II მუხლის თანახმად შეასრულოს ვალდებულება.

4. სამართლებრივი შედეგი

7

ვალის გადაკისრებით ხელშეკრულების საფუძველზე ახალი მოვალე იკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ვალდებულების შინაარსი რჩება უცვლელი. ეს შეეხება, უპირველეს ყოვლისა, ვალდებულების შესრულების ადგილსა და დროს.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_203._ვალის_გადაკისრება&oldid=1713"