Gccc-logo.png


მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 204. მოთხოვნის მფლობელის თანხმობა ვალის გადაკისრებისას


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ ვალის გადაკისრების შესახებ შეთანხმდნენ მესამე პირი და მოვალე, მაშინ გადაკისრების ნამდვილობა დამოკიდებულია მოთხოვნის მფლობელის თანხმობაზე.

I. ზოგადი დებულებები

1

204-ე მუხლით ვალის გადაკისრება შესაძლებელია ასევე მოვალესა და მესამე პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მოითხოვს კრედიტორის თანხმობას.

II. ხელშეკრულება მოვალესა და მესამე პირს შორის

2

ხელშეკრულება მოვალესა და მესამე პირს შორის იდება ზოგადი წესების თანახმად. ხელშეკრულების მხარეებმა ნება ვალის გადაკისრების შესახებ ნათლად უნდა გამოავლინონ. როგორც წესი, შესაძლებელია ნებისმიერი ვალდებულების აღება. ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია კრედიტორის თანხმობაზე. ამ შემთხვევაში იგულისხმება კრედიტორის მოწონება 101-ე მუხლის მიხედვით, რომელსაც უკუქცევითი ძალა აქვს. როგორც წესი, ასეთი შემდგომი თანხმობა (მოწონება) საჭიროა, როდესაც არ არსებობს კრედიტორის წინასწარი თანხმობა მე-100 მუხლის მიხედვით.

3

კრედიტორის თანხმობა არის მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა, რომელიც 99 I მუხლის თანახმად შეიძლება განხორციელდეს როგორც მოვალის, ისე მესამე პირის მიმართ.[1] კრედიტორის თანხმობა არ საჭიროებს განსაკუთრებული ფორმის დაცვას და შესაძლებელია მისი კონკლუდენტურად გამოხატვაც. თანხმობის გაცემისათვის ვადა დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორი ხელშეკრულების მხარეების მიერ განსაზღვრულ ვადაში თანხმობას არ განაცხადებს, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხმობის მიცემაზე. თანხმობის მიცემაზე ვადა შეიძლება განისაზღვროს როგორც მოვალის, ისე მესამე პირის მიერ.

4

მოთხოვნის მფლობელის უარი თანხმობის მიცემაზე იწვევს იმას, რომ ვალის გადაკისრება არ განხორციელებულა და მოვალისა და მესამე პირის შეთანხმება ბათილია. მოვალის უარი მოქმედებს ex tunc მოვალესა და მესამე პირს შორის გარიგების დადების მომენტიდან (101). თანხმობის მიცემამდე მოვალესა და მესამე პირს შეუძლიათ ვალის გადაკისრების ხელშეკრულება შეცვალონ ან გააუქმონ.




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 ნოემბრის #ას-528-501-2015 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_204._მოთხოვნის_მფლობელის_თანხმობა_ვალის_გადაკისრებისას&oldid=1715"