Gccc-logo.png


მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 205. ახალი მოვალის უფლებები


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ახალ მოვალეს შეუძლია, მოთხოვნის მფლობელის წინააღმდეგ წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლებიც გამომდინარეობს მოთხოვნის მფლობელსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებული ურთიერთობიდან. მას არა აქვს უფლება, გაქვითოს ის მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

I. ზოგადი დებულებები

1

კოდექსი განსაზღვრავს, რომ ვალის გადაკისრებით ახალი მოვალის ვალდებულება იდენტური რჩება და კრედიტორს დამატებითი უფლებები არ უნდა მიენიჭოს. შესაბამისად, 205-ე მუხლი ადგენს, რომ ახალ მოვალეს შეუძლია, წამოაყენოს ყველა ის შესაგებელი, რომლებიც ჰქონდა თავდაპირველ მოვალეს. ის გარემოება, რომ ვალის გადაკისრების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაგებლები კოდექსით არ არის რეგულირებული, მიუთითებს ვალის გადაკისრების ხელშეკრულების აბსტრაქტულ ბუნებაზე.

2

ახალ მოვალეს შეუძლია, წამოაყენოს ყველა სახის შესაგებელი. შესაგებლების წამოყენების მომენტი არის ვალის გადაკისრების ხელშეკრულების დადების მომენტი, რადგან კრედიტორის თანხმობას უკუქცევითი ძალა აქვს. მნიშვნელოვანი არის არა ის, შეეძლო თუ არა თავდაპირველ მოვალეს შესაგებლების წამოყენება ხელშეკრულების გაფორმების დროს, არამედ საკმარისია, თუ შესაგებლის სამართლებრივი საფუძველი მოცემულია კრედიტორსა და თავდაპირველ მოვალეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში და მათი წამოყენება მხოლოდ ვალის გადაკისრების შემდეგ გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, ახალ მოვალეს შეუძლია წამოაყენოს, რომ ვალდებულება არ წარმოშობილა, ან ვალის გადაკისრების მომენტისათვის იგი შესრულებული იყო. ახალი მოვალის შესაგებლები იგივეა, რაც მოთხოვნის დათმობის დროს 201 II მუხლის მიხედვით.

II. აღმჭურველი უფლებები

3

ვალის გადაკისრებისას აღმჭურველი უფლებების სამართლებრივი ბედი გაურკვეველია. ახალ მოვალეს აქვს ისეთი აღმჭურველი უფლებების განხორციელების უფლებამოსილება,[1] რომლებიც შეეხებიან კრედიტორის სამაგიერო შესრულებას, როგორიცაა, მაგალითად, ხელშეკრულებაზე უარის თქმა. ახალ მოვალეზე გადადის ისეთი აღმჭურველი უფლებები, რომლებიც იზოლირებულად შეეხებიან გადაკისრებულ ვალს, მაგალითად, ალტერნატიული ვალდებულებების შესრულება (374). 205-ე მუხლი არის დისპოზიციური ნორმა და, შესაბამისად, ახალ მოვალეს შეუძლია, უარი თქვას აღმჭურველი უფლებების განხორციელებაზე.

III. გაქვითვა

4

205-ე მუხლი ცალსახად განსაზღვრავს, რომ ახალ მოვალეს არ შეუძლია, თავდაპირველი მოვალის მოთხოვნებით გაქვითოს კრედიტორის მოთხოვნა. ეს წესი გასაგებია, რადგან მას არ შეუძლია, განკარგოს სხვისი მოთხოვნა. ამ წესიდან გამონაკლისს, ისევე როგორც მოთხოვნის დათმობისას, სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს. თუმცა ახალ მოვალეს შეუძლია, შესაგებელი წაუყენოს კრედიტორს, რომ თავდაპირველმა მოვალემ კრედიტორის მოთხოვნა გაქვითა და, შესაბამისად, ვალდებულება არ არსებობს.

IV. სხვა შესაგებლები

5

მიუხედავად იმისა, რომ კოდექსში ცალსახად არ არის მოხსენიებული, ახალ მოვალეს შეუძლია, კრედიტორს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლებიც მისი და კრედიტორის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს. მაგალითად, კრედიტორის მიერ ახალი მოვალისათვის მიცემული უფლება ვალის გადავადების შესახებ.




  1. Bydlinski, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2016, § 417, Rn. 5.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_205._ახალი_მოვალის_უფლებები&oldid=1718"