მუხლი 206. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა შეწყვეტა ვალის გადაკისრებისას
ვალის გადაკისრებისთანავე წყდება მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული თავდებობა და გირავნობა, თუკი თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი #1902 – სსმ I, #4, 22.01.2003 წ., მუხ. 20. |
I. ნორმის მიზანი
201-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის დათმობისას ახალ მფლობელზე გადადის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებიც. ამის საწინააღმდეგოდ, ვალის გადაკისრებისას მოთხოვნის მფლობელის უფლებები იზღუდება და მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებები, კერძოდ, თავდებობა და გირავნობა წყდება. უზრუნველყოფის გამცემი პირისათვის მოვალის პიროვნება მნიშვნელოვანი გარემოებაა, რადგან უზრუნველყოფის საშუალებების გაცემას იგი დამოკიდებულს ხდის მოვალის გადახდისუნარიანობასა და იმ ნდობაზე, რომ მოვალე თავის ვალდებულებებს შეასრულებს. კანონი ითვალისწინებს უზრუნველყოფის გამცემი პირის განსაკუთრებულ ინტერესებს და ადგენს, რომ თავდებობა და გირავნობა წყდება, თუ თავდები ან დამგირავებელი არ განაცხადებს თანხმობას ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე. მაშასადამე, ნორმის მიზანია თავდებისა და დამგირავებლის დაცვა.
II. ნორმის სამართლებრივი შედეგები
ნორმა ადგენს მხოლოდ თავდებობისა და გირავნობის შეწყვეტას, რომელიც მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, არ შეიძლება ნორმის გამოყენება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებზეც, მათ შორის, არც აქცესორულ უფლებებზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც თავდები ან დამგირავებელი თანახმაა, გაგრძელდეს უზრუნველყოფის საშუალებები, არ არსებობს მათი დაცვის სამართლებრივი საფუძველი. თავდების ან დამგირავებლის თანხმობა შესაძლებელია, გაიცეს ფორმის დაცვის გარეშე ან კონკლუდენტურად.
ნორმა ცალსახად განსაზღვრავს თავდებისა და დამგირავებლის თანხმობას. ამ შემთხვევაში „თანხმობა“ ნიშნავს თავდებისა და დამგირავებლის წინასწარ თანხმობას მე-100 მუხლის თანახმად და არა შემდგომ თანხმობას (მოწონება) 101-ე მუხლის მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს თავდებობისა და გირავნობის შეწყვეტის მომენტი. იმ შემთხვევაში, თუ თანხმობა გაცემულ იქნება ვალის გადაკისრების შემდეგ, მაშინ ასეთი თანხმობა წარმოშობს ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნას უზრუნველყოფის საშუალებების თავიდან გაცემის შესახებ.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა