მუხლი 207. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით
წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ შესაბამისად გამოიყენება იმ მოთხოვნების დათმობასთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კანონის ძალით, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
|
I. ნორმის მიზანი
კანონის ძალით მოთხოვნის დათმობის (cessio legis) მიზანია იმ პირის რეგრესული მოთხოვნების განხორციელების უზრუნველყოფა, რომელიც კრედიტორს დააკმაყოფილებს. კანონის ძალით მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, უფლებები გადადის ipso jure მონაწილე სამართლის სუბიექტების თანხმობის გარეშე.
cessio legis-ს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს უშუალოდ საკანონმდებლო შემადგენლობის შესრულების შემთხვევაში. 207-ე მუხლი განსაზღვრავს გარიგების საფუძველზე მოთხოვნის დათმობის წესების გამოყენებას, როდესაც ხორციელდება უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენა კანონის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
II. მოთხოვნის დათმობა კანონის ძალით
კანონმა ცალსახად უნდა დაადგინოს, რომ მოთხოვნა კანონის ძალით უნდა გადავიდეს. მაგალითად, კანონის ძალით მოთხოვნის უფლება გადადის მესამე პირის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში (372); ერთ-ერთი სოლიდარული მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში მას წარმოეშობა უკუმოთხოვნა დანარჩენ მოვალეთა მიმართ წილთა თანაბრობის კვალობაზე (473 I); თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ (905). უნივერსალური სამართალმემკვიდრეობის შემთხვევაში (1306), 207-ე მუხლი და, მაშასადამე, წესები უფლებებსა და მოთხოვნებზე საკუთრების შეძენის შესახებ არ გამოიყენება.[1] cessio legis არ არის სახეზე, როდესაც კანონი კრედიტორს ავალდებულებს, დათმოს მოთხოვნა.
cessio legis-ის შემთხვევაა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9 VI მუხლი, რომლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირების ხელმძღვანელების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის გამო ისინი პასუხს აგებენ სოლიდარულად, პირდაპირ და უშუალოდ და საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ბათილია.
- ↑ Roth/Kieninger, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 412, Rn. 15.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა