Gccc-logo.png


მუხლები 208-209. შესავალი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლები 208-209. შესავალი


ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

I. ზოგადი მიმოხილვა

1

ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში, თავისი განსაკუთრებული სამართლებრივი ბუნების გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში გათვალისწინებულ იქნა ცალკე თავად – თავი მეოთხე (208–232). იგი არსებითად რეცეფცირებულ იქნა გერმანული სამართლიდან. 2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცალკე კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რის შედეგადაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული მრავალბინიან სახლში ბინის საკუთრების მომწესრიგებელი 25 მუხლიდან 23 გაუქმდა, ხოლო დანარჩენი 2 ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. პრაქტიკულად, მთელი საკანონმდებლო მასალა გადატანილ იქნა საქართველოს კანონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რომელიც შედგება 31 მუხლისაგან.

2

გერმანულ სამართალში ბინის საკუთრება (Wohnungseigentum) გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო კოდექსის მიღმა 1951 წლის 15 მარტის კანონით „ბინის საკუთრებისა და ბინით ხანგრძლივვადიანი სარგებლობის უფლების შესახებ“ (Gesetz über das Wohnungseigentum und das Dauerwohnrecht – WEG). ეს კანონი შედგება 64 პარაგრაფისაგან, რომლებიც, ერთი მხრივ, ადგენს ბინებზე საკუთრების უფლებას და, მეორე მხრივ, დეტალურად არეგულირებს ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობაში არსებულ ამხანაგობის წევრ- თა შორის ურთიერთუფლებებსა და ურთიერთვალდებულებებს. ქართველი კანონმდებლის უდავო დამსახურებად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონში ბინის საკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის ჩამოყალიბებისას კანონების ავტორებმა გაიზიარეს გერმანული კანონის მხოლოდ ფუნდამენტური პრინციპები და პირდაპირ გადმოიღეს მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ნორმები. სხვა მხრივ, ბინის საკუთრების სამართლებრივი ინსტიტუტის რეგულირება საკმაოდ ორიგინალური, მარტივი და მოქნილია.

II. ბინა. ინდივიდუალური და საერთო საკუთრება

3

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაზუსტდა ბინის ცნება. კერძოდ, ბინად მიიჩნევა როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული (ურთიერთდაკავშირებული) მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა, ისე იზოლირებული სათავსი (სათავსების ერთობლიობა), რომელიც გამოიყენება საცხოვრებლად ან არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის. ინდივიდუალური საკუთრება არის როგორც ბინა და არასაცხოვრებელი ფართობი, ისე მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა.შ.), რომლებიც იმყოფება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში.

4

ბინების მესაკუთრეთა (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა) საერთო ქონებაა ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მრავალბინიანი სახლი, თავად მრავალბინიანი სახლი, მასთან დაკავშირებული მომსახურე საინჟინრო ქსელების, მოწყობილობა-დანადგარების, შენობა-ნაგებობებისა და კეთილმოწყობის ობიექტების ერთობლიობა, რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში. მხოლოდ ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა: კიბის უჯრედები და კიბეები, ლიფტები, სალიფტე თუ სხვაგვარი საერთო სარგებლობის შახტები და არხები, საერთო სარგებლობის დერეფნები და გალერეები, ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები, მრავალბინიანი სახლის მომსახურე მექანიკური, ელექტრო-, სანტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობა-დანადგარები.

5

მესაკუთრის წილი ბინების მესაკუთრეთა (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა) საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის საერთო ფართობთან.

III. ურთიერთობები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს შორის

6

მრავალბინიან სახლებში არსებულმა ფაქტობრივმა მდგომარეობამ განაპირობა კანონმდებლის მიერ ბინათმესაკუთრეთა შორის კანონისმიერი ამხანაგობის ჩამოყალიბება – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც არ არის იურიდიული პირი.

7

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის სიახლე ისაა, რომ დასაშვებად იქნა მიჩნეული: - ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნება; - მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნება; - ორ ან ორზე მეტ მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეების მიერ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნა.

8

აღსანიშნავია, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი საკმაოდ დეტალურად აწესრიგებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ურთიერთუფლებებსა და ურთიერთვალდებულებებს, თუმცა, ამ უფლებებისა და ვალდებულებების მომწესრიგებელი ნორმების უმრავლესობა დისპოზიციურია და შეიძლება შეიცვალოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა შორის შეთანხმებით.





დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლები_208-209._შესავალი&oldid=1732"