Gccc-logo.png


მუხლი 21. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 21. პირის აღიარება უგზო-უკვლოდ დაკარგულად


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ფიზიკური პირი შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნეს უგზო-უკვლოდ დაკარგულად, თუ მისი ადგილსამყოფელი უცნობია და ორი წლის მანძილზე იგი არ გამოჩენილა თავის საცხოვრებელ ადგილას. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კანონით მემკვიდრეები მოიპოვებენ უფლებამოსილებას, უკვალოდ დაკარგულის ქონება მართონ მინდობილი საკუთრების სახით, მათ შორის, მიიღონ მისგან სარგებელი. ამ ქონებიდან მიეცემა სარჩო უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფ პირებს და დაიფარება ვალები.

2. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში უქმდება სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ქონების მართვის შესახებ. მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მას არა აქვს.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებანი

1

ფიზიკური პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება წარმოადგენს სამართლებრივ პრეზუმფციას,[1] რომელიც გარკვეულ ფაქტორებზე დაყრდნობით ეფუძნება დასაბუთებულ ეჭვს.[2] აღნიშნული წარმოადგენს მე-11 მუხლისგან განსხვავებულ შემთხვევას, როდესაც პირის უფლებაუნარიანობის დასრულება არა მის ფიზიოლოგიურად დადასტურებულ გარდაცვალებაზე (11 III), არამედ ვარაუდზეა დამყარებული.[3] თავის მხრივ, ვარაუდი უნდა იყოს შესაბამისი დასაბუთებით გაჯერებული. მხოლოდ დაინტერესებული პირის მოსაზრება და მის მიერ სავარაუდო ფაქტების წარდგენა ვერ გახდება შესაბამისი პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების სამართლებრივი წინაპირობა.[4]

2

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სასამართლოს. კანონი ამ კუთხით იმპერატიულ მოთხოვნას აყენებს. აღნიშნული გამომდინარეობს პირის უფლებების დაცვის მიზნიდან, რომლის დადასტურებისთვის სავალდებულოა შესაბამისი მტკიცებულების არსებობა.[5] სასამართლოს მიერ საქმის განხილვა არ იქნება მიზანშეწონილი, თუ საკითხის გადაწყვეტა ადმინისტრაციული წესით მოხდება.[6]

II. 21 I უგზო-უკვლოდ დაკარგვის სამართლებრივი ინსტიტუტი

1. დაინტერესებული პირის ცნება

3

კანონი არ განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი, რომელიც სასამართლოში უდავო წარმოების საქმეს დაიწყებს პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე. ამდენად, ყოველ კონკრეტულ პირს აქვს უფლებამოსილება, მიმართოს აღნიშნულის შესახებ სასამართლოს და სწორედ სასამართლო გამოარკვევს შემდგომში, თუ რამდენადაა სახეზე განმცხადებელი პირის იურიდიული ინტერესი. ასეთი ინტერესი[7] შესაბამისობაში მოდის მიზანთან, რომელიც განმცხადებელს ასეთი გადაწყვეტილების გამოტანის თვალსაზრისით უნდა გააჩნდეს.[8]

4

დაინტერესებულ პირს შეიძლება წარმოადგენდეს სამოქალაქო აქტების განმახორციელებელი ორგანო, ასევე ნებისმიერი ის ორგანო, რომელიც დაინტერესებულია საქმის სწორად გადაწყვეტის კუთხით.[9] ამასთან, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პირის ჩართვა საქმეში, ვისაც კანონიერი ინტერესი ექნება საქმის გადაწყვეტის თვალსაზრისით და ასევე სურვილი ექნება, მონაწილეობის მიღების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრება წარადგინოს.[10] იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ არ ჩართო დაინტერესებული პირები საქმეში, შესაძლებელია მათ მიერ კანონით დადგენილი წესით სასამართლო გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნეს გასაჩივრებული (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემთხვევაში განისაზღვრება ცალკეული მოწესრიგება).[11] აღნიშნული ასაბუთებს დაინტერესებული პირის ჩართვის მნიშვნელობის ფაქტს.

2. კუმულატიური წინაპირობების არსებობის სავალდებულობა

5

დაინტერესებული პირის განცხადება, გარდა მისი ინტერესისა, უპირველეს ყოვლისა, ორ ძირითად გარემოებას უნდა ეფუძნებოდეს. კერძოდ, იმ პირის შესახებ, რომლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების საკითხს ეხება განცხადება: ა) არ უნდა მოიპოვებოდეს მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია და ბ) იგი ორი წლის მანძილზე არ უნდა იყოს მის საცხოვრებელ ადგილას გამოჩენილი. თუ ამ ორიდან ერთ-ერთი პირობა მაინც არ არის სახეზე, სასამართლომ განმცხადებელს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი უნდა უთხრას.[12]

6

პირის ადგილსამყოფელად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებული ტერიტორია, სადაც იგი დროებით, ან უვადოდ (თავისი ნებით ან იძულების წესით) არის დაფუძნებული. ასეთი შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის რომელიმე სამსახურში მუშაობა, ან უცხო ქვეყანაში პატიმრობა და სხვ. საცხოვრებელ ადგილად ჩაითვლება მე-20 მუხლში გაწერილი ნორმის შესაბამისად, პირის მიერ არჩეული ასეთი ადგილი.

7

იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ ხორციელდება ოპერატიულ-სამ- ძებრო ღონისძიება და იგი შეგნებულად თავს არიდებს გამოჩენას, მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გასაჯაროებას და სხვ., ასეთი ქმედება არ ჩაითვლება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვად. მხოლოდ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა არ წარმოადგენს განსახილველი ნორმის სამართლებრივ საფუძველს,[13] რაც სასამართლოს მიერ უნდა იქნეს სამართლებრივი წინაპირობების სახით გაზიარებული.[14]

3. კანონით მემკვიდრეების უფლება-მოვალეობანი

8

უგზო-უკვლოდ დაკარგვა თავის თავში შესაბამისი სამართლებრივი ქმედების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.[15] სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგულის კანონით მემკვიდრეებს (იხ. 1336 და შემდგომი) მის ქონებაზე მინდობილი საკუთრების სახით (724 და შემდგომი) მართვის უფლება წარმოეშობათ. კანონი განსაზღვრავს სარგებლის მიღების უფლებამოსილებასაც, რაც კანონით მემკვიდრეებს ასეთ შემთხვევაში მესამე პირებთან მიმართებით მას მესაკუთრის უფლებამოსილებებს ანიჭებს.[16]

9

პირის უგზო-უკვლოდ აღიარების შემთხვევაში არ იხსნება მემკვიდრეობა.[17] აღნიშნული გულისხმობს, რომ მისი ქონების მესაკუთრეები ვერ გახდებიან კანონით მემკვიდრეები. მაგალითად, კანონით მემკვიდრე ვერ დაირეგისტრირებს თავის სახელზე დაკარგული პირის უძრავ ქონებას და სხვ.

10

კანონით მემკვიდრეების უფლებამოსილებანი განისაზღვრება, ასევე, საპროცესო-სამართლებრივი ნორმებითაც. საქმეში, რომელშიც დაკარგული უნდა მონაწილეობდეს, მის ინტერესებს ის პირი დაიცავს, ვინც მინდობილი საკუთრების გზით ახორციელებს ქონების მართვას (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 101 III მუხლი).[18]

4. უგზო-უკვლოდ დაკარგულის რჩენაზე მყოფი პირისა და კრედიტორთა დაკმაყოფილების ვალდებულება

11

დაკარგულად აღიარებული პირის რჩენაზე მყოფ პირებს უნდა მიეცეს შესაბამისი სარჩო, რომლის გამოანგარიშება უშუალოდ დაკარგულის ქონებიდან ხორციელდება. სარჩენის უფლებამოსილებისა და, შესაბამისად, მარჩენალის ვალდებულების საკითხი შესაძლებელია მხარეთა მიერ ცალკე სახით იყოს შეთანხმებული (941 და შემდგომი მუხლების შესაბამისად). იმ შემთხვევაში, თუ უგზო-უკვლოდ დაკარგულს გააჩნია ვალი და კრედიტორთა მიერ წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულება (ხელშეკრულება ან ნებისმიერი სახის შეთანხმება, რომელიც კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში მოსული) აღნიშნულის თაობაზე, კანონით მემკვიდრეებს ასევე წარმოეშობათ ვალდებულება, კანონით განსაზღვრული წესის დაცვით მოახდინონ შესაბამისი ვალის დაფარვა.

III. 21 II უგზო-უკვლოდ დაკარგულის დაბრუნების სამართლებრივი შედეგები

1. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება

12

პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია ორ შემთხვევაში: ა) თუ დაკარგული პირი დაბრუნდება და დადგინდება მისი ცოცხლად ყოფნის ფაქტი ან ბ) თუ აღმოჩენილი იქნება დაკარგული პირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია. სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე შესაბამისი მიმართვის გაკეთების უფლებამოსილება გააჩნია დაინტერესებულ პირს, რომლის მიმართვის საფუძველზეც იქნა იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული, ასევე ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირსა და უშუალოდ პირს, რომელსაც ეხება სასამართლო გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება პირის რეალური არსებობის ფაქტი, სასამართლო აუქმებს თავის წინანდელ გადაწყვეტილებას და ახალი გადაწყვეტილების საფუძველზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში უქმდება სასამართლოს ძველი გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლი).

2. ანაზღაურების მოთხოვნის ფარგლები

13

პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, პირს უბრუნდება ის ქონება, რაც მას დაკარგვამდე გააჩნდა. ასეთ შემთხვევაში, დაბრუნებულ პირს მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა არ გააჩნია მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც სარჩოს სახით იქნა გაცემული ან რომლითაც კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება განხორციელდა.

14

დაბრუნებულ პირს არ გააჩნია უფლება, მოითხოვოს მისი ქონების საფუძველზე კანონით მემკვიდრეთა მიერ მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურება. ასეთი სარგებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქონებრივი სიკეთე, რომელსაც კანონით მემკვიდრე მისი ქონების კანონიერი განკარგვის საფუძველზე მიიღებდა, მაგალითად, ნაყოფი. მისი მესაკუთრე ხდება პირი, რომელიც მინდობილი საკუთრების გზით ახორციელებდა დაკარგული პირის ქონების მართვას და რომელიც სწორედ ამ ქონების განკარგვის საფუძველზე მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს.[19]

15

მეურნეობის სათანადო გაძღოლით მიღებული სარგებლის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაბრუნებულ პირს წარმოეშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მინდობილი საკუთრების უფლების მქონე პირი მის მიმართ არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა. მაგალითად, იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ და შეგნებულად არ შეატყობინა სასამართლოს და სხვ.[20]

IV. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, როგორც პირის გარდაცვლილად გამოცხადების წინაპირობა

16

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება პირის გარდაცვლილად გამოცხადების უცილობელ წინაპირობას არ წარმოადგენს, მაგრამ პრაქტიკული დანიშნულებიდან გამომდინარე, უმეტეს შემთხვევაში, ეს ამგვარად ხორციელდება.[21] გარდა კანონით განსაზღვრული ვადებისა, განსაზღვრულია რამდენიმე სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარება სამართლებრივად წინმსწრები მოვლენაა პირის გარდაცვლილად გამოცხადების ფაქტთან მიმართებით. მაგალითად, ქორწინების აღდგენის შესაძლებლობა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ ახალი სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, ასეთი ქმედების განხორციელებას ითვალისწინებს (1135). ქორწინების აღდგენას წინ უნდა უსწრებდეს ქორწინების შეწყვეტის ფაქტი, რომლის მომწესრიგებელ ნორმებში უგზო-უკვლოდ დაკარგვის თაობაზე არაფერია ნახსენები (1122). ამასთან, ერთ დღეს გარდაცვლილ პირთა მემკვიდრეობისა (1321) და გარდაცვლილად პირის გამოცხადების შემდეგ სამკვიდროს გახსნის (1322) საკითხთან მიმართებით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება კანონის საფუძველზე სწორედ პირის გარდაცვლილად გამოცხადების წინაპირობადაა განსაზღვრული.

V. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

1. საკუთრების მინდობა

17

დაკარგული პირის ქონების მართვის საკითხთან მიმართებით გამოიყენება 724-ე და შემდგომი მუხლები, რომელიც თავისი არსით, ასევე, დავალების ხელშეკრულების (709 და შემდგომი) ძირითადი პრინციპების გათვალისწინებასაც მოიცავს. განსახილველი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე, სახეზეა საკუთრების მინდობის კანონისმიერი ურთიერთობა.

2. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების სამართლებრივი დატვირთვა საოჯახო სამართალში

18

საოჯახო სამართალში უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების სამართლებრივ ინსტიტუტს რამდენიმე ნორმასთან გააჩნია კავშირი. კერძოდ, ქორწინების აღდგენა (1135), ბავშვის შვილად აყვანის დაქვემდებარებისა (1254 „ა“) და მეურვეობისა და მზრუნველობის (1275 I; 1279 „ვ“) საკითხები.

3. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ინსტიტუტი საერთაშორისო კერძო სამართალში

19

განსახილველი ნორმა დატვირთვას პოვებს საერთაშორისო კერძო სამართალში. კერძოდ, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლში განსაზღვრულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების თაობაზე საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია, რომლის წინაპირობასაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს განმცხადებელი, რომელიც ასეთი სახის მოთხოვნას დააყენებს სასამართლოში. მაგალითად, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის გაუჩინარების შემთხვევაში და სხვ. ასეთის არსებობისას, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ანალოგიურად ვრცელდება განსახილველი სამართლებრივი ინსტიტუტი პირის გარდაცვლილად გამოცხადების (22) საკითხთან მიმართებით.

VI. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

20

უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების საკითხი განეკუთვნება უდავო წარმოების საქმეთა კატეგორიას, რომლის მიზანსაც იურიდიული ფაქტების დადგენა წარმოადგენს[22] და რომელი უფლების განხორციელების შესაძლებლობაც დაკარგული პირისგან დამოუკიდებლად დგება.[23] საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი მას XXXVII თავს უთმობს და დეტალურად განსაზღვრავს თითოეულ პროცედურას, რომლის განხორციელების უფლებამოსილება გააჩნია განმცხადებელ პირს და ასევე პირს, რომელიც აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მისი გამოჩენის შემთხვევაში. უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების (სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების) სამართლებრივი მოწესრიგება სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადების იდენტურია.

21

განცხადება სასამართლოში განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა იქნეს შეტანილი (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად).[24] განცხადებაში მნიშვნელოვანია განსაზღვრულ იქნეს განმცხადებლის მოტივაცია და ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც პირის დაკარგვის ფაქტს ადასტურებს.[25] სასამართლოს მიერ განხილვის საგანი უნდა გახდეს მხოლოდ ის ფაქტები, რასაც კანონმდებელი მკაცრად განსაზღვრავს. ამ მხრივ, სხვა ფაქტების წარდგენის საფუძველზე სასამართლოს მიერ პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება (ასევე გარდაცვლილად გამოცხადება) დაუშვებელია.[26]

22

თუ პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულად იქნა აღიარებული, მონაწილეობდა სასამართლო პროცესში (საქმეში), მის წარმომადგენლად მიჩნეულ იქნება პირი, რომელსაც დაკარგული პირის ქონება გადაეცემა სამართავად (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-3 ნაწილი).[27]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 189.
  2. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 203.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 108.
  4. იხ. სუს განჩინება, 28 თებერვალი, 2006, №ას-923-1157-05.
  5. იხ. მაგ., სუს განჩინება, 25 იანვარი, 2011, №ას-681-637-2010.
  6. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 35.
  7. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 200.
  8. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 45.
  9. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 45.
  10. დაინტერესებული პირის თაობაზე იხილეთ: სუს დიდი პალატის განჩინება, 4 ნოემბერი, 2002, #3გ/ად-204-კ-02.
  11. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 38-39.
  12. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 38-39.
  13. იხ. სუს განჩინება, 5 აპრილი, 2013, #ას-1612-1513-2012.
  14. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 47.
  15. იხ. სუს განჩინება, 15 ივნისი, 2005, #ას-42-431-05.
  16. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 202.
  17. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 194.
  18. იხ. სუს განჩინება, 5 აპრილი, 2013, #ას-1612-1513-2012.
  19. განსხვავებული მოსაზრებაა გამოთქმული ლიტერატურაში. იხილეთ: პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 202.
  20. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 204.
  21. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 193.
  22. ქურდაძე/ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, გვ. 443.
  23. ძლიერიშვილი, უდავო წარმოების განსხვავება სასარჩელო წარმოებისაგან, თენგიზ ლილუაშვილი, საიუბილეო კრებული, 75, 2003, გვ. 319.
  24. ქურდაძე/ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, გვ. 443.
  25. ქურდაძე/ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, გვ. 443.
  26. ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის კომენტარი, მეორე გამოცემა, 2007, მუხ. 312, გვ. 544.
  27. იხ. სუს განჩინება, 15 ივნისი, 2005, #ას-42-431-05.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_21._პირის_აღიარება_უგზო-უკვლოდ_დაკარგულად&oldid=1008"