Gccc-logo.png


მუხლი 22. პირის გამოცხადება გარდაცვლილად

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 22. პირის გამოცხადება გარდაცვლილად


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. პირი შეიძლება სასამართლოს წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად, თუ მის საცხოვრებელ ადგილას ხუთი წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები ამ პირის ადგილსამყოფელის შესახებ, აგრეთვე, თუ იგი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ისეთ გარემოებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა, ანდა სავარაუდოა მისი დაღუპვა რაიმე უბედური შემთხვევის გამო და ასეთი ცნობები ექვსი თვის განმავლობაში არ მოიპოვება.

2. სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან.

3. პირის გარდაცვალების დღედ მიიჩნევა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებ- ში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე.

I. ზოგადი დებულებანი

1

ფიზიკური პირის გარდაცვლილად გამოცხადება მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგის დადგომის წინაპირობაა. ნორმაში განსაზღვრულია პირის გარდაცვალების ვარაუდის ყველა შესაძლო შედეგი. მაგალითად, ტერმინები — „უბედური შემთხვევა“ ან „საომარი მდგომარეობა“ — სწორედ ისეთი სახის ზოგადი განმარტების საგანს წარმოადგენს, რაც შეიძლება შედეგზე ავიაკატასტროფაზე, ომზე და მასზე დამოკიდებულ ვარაუდს ემყარებოდეს.

II. 22 I გარდაცვლილად გამოცხადების სამართლებრივი ინსტიტუტი

1. განსხვავება პირის გარდაცვლილად გამოცხადებასა და პირის გარდაცვალებას შორის

2

ადამიანის გარდაცვალება 11 III მუხლის საფუძველზე მისი უფლებაუნარიანობის დასრულების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს. გარდაცვალება წარმოადგენს გარკვეული მოვლენების ერთობლიობას, პროცესს, რომლის დასასრულიც ტვინის უჯრედების ფუნქციის შეწყვეტაა.[1] ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში ვარაუდი, თითქოს პირი არ არის გარდაცვლილი, სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული, რაც, პირიქით, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას პოვებს პირის გარდაცვლილად გამოცხადების საკითხის შემთხვევაში. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო არ არეგისტრირებს პირს გარდაცვლილად მაშინ, როდესაც გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე სასამართლოშია შესაბამისი წარმოება დაწყებული.[2]

3

პირის გარდაცვლილად გამოცხადებით იწყება ან მთავრდება მისი უფლებაუნარიანობა.[3] აღნიშნული გამომდინარეობს იმ თანმდევი სამართლებრივი შედეგისგან, რომელიც გარდაცვალების იდენტურია.[4] მიუხედავად ამისა, ასეთი შედეგი, მაგალითად, ექიმის დასკვნისგან განსხვავებით,[5] მხოლოდ ვარაუდს და ამ ვარაუდის საფუძველზე შესაბამის ფაქტებს (პირის დაკარგვის ან სიკვდილის თაობაზე ან/და სხვ.) ეფუძნება.

2. გარდაცვლილად გამოცხადების სამართლებრივი წინაპირობები

4

პირის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის საჭიროა არსებობდეს კანონით დადგენილი წინაპირობები. ასეთი სახის შემთხვევაა, როდესაც, ამ პირის საცხოვრებელ ადგილას მისი ადგილსამყოფელის შესახებ ხუთი წლის განმავლობაში არაა ცნობილი. საცხოვრებელ ადგილას მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება იცოდეს იმ პირმა, ვინც უშუალოდ ცხოვრობს ან დროებით სარგებლობს აღნიშნული მისამართით. არსებული პრეზუმფციის თანახმად, იგი შეიძლება იყოს დაკარგული პირის ახლობელი, ნათესავი, ოჯახის წევრი და სხვ.

5

გარდაცვლილად გამოცხადების მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვა დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, თუ პირი აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ისეთ ვითარებაში, რომელიც მას სიკვდილს უქადდა. აღნიშნული დათქმა ერთგვარად წარმოადგენს 21-ე მუხლის, როგორც წინაპირობის გამოყენების სამართლებრივ ინსტიტუტს. მესამე წინაპირობა, რომლის დროსაც პირის გარდაცვლილად გამოცხადებაა შესაძლებელი, ესაა უბედური შემთხვევის სახეზე არსებობა, რომლის დროსაც მისი დაღუპვა სავარაუდო უნდა იყოს. ასე მაგალითად, ხანძარი, ავიაკატასტროფა და სხვ.[6] უბედური შემთხვევის არსებობისას, კანონი ითვალისწინებს გამონაკლის საერთო ხუთწლიანი ვადიდან და მხოლოდ ექვს თვეს განსაზღვრავს. ასეთი ვადის დაცვისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ უბედური შემთხვევის ფაქტი დადასტურებულ იქნეს შესაბამისი ორგანოს მიერ ან მოიპოვებოდეს უტყუარი მტკიცებულებანი ფაქტის დადგომის თაობაზე.

6

ჩამოთვლილი სამი პირობიდან ერთ-ერთის სახეზე არსებობა პირის გარდაცვლილად გამოცხადების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ტერმინი „აგრეთვე“ გაგებულ უნდა იქნეს, როგორც „ასევე“, „ან“, რაც ე.წ. კუმულატიური წინაპირობების არსებობის სავალდებულო ხასიათს არ გულისხმობს. კერძოდ, ჩამოთვლილი სამი პირობიდან რომელიმეს სახეზე არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება, პირის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე კანონიერი იქნება.

3. დაინტერესებული პირი

7

დაინტერესებული პირი, რომელიც სასამართლოს გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე მიმართავს, შეიძლება იყოს ნებისმიერი სუბიექტი. 21-ე მუხლის დარად, განცხადების სასამართლოში წარდგენის შემდეგ უშუალოდ სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს განსაზღვროს ის, თუ რამდენადაა, ერთი მხრივ, პირის რეალური ინტერესი სახეზე და მეორე მხრივ, რამდენადაა ის სამართლებრივი წინაპირობანი დაცული, რომლის ფარგლებშიც პირი შეიძლება გარდაცვლილად იქნეს გამოცხადებული.[7]

III. 22 II გარდაცვლილად გამოცხადება საომარი მოქმედებების გამო

8

საომარი მოქმედებების გამო პირის გარდაცვლილად გამოცხადება წარმოადგენს პირის დაკარგვის სპეციალურ შემთხვევას,[8] რომლის არსებობის შემთხვევაშიც, საომარი მოქმედებების დამთავრებიდან ორწლიან ვადას განსაზღვრავს კანონი. ის, თუ რა დღე შეიძლება იქნეს მიჩნეული საომარი მოქმედებების დასრულების თარიღად, განისაზღვრება სპეციალური კანონით. აღნიშნული კანონით გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შესაბამის ბრძანებულებაში საომარი მოქმედებების პერიოდულობის განსაზღვრის უფლებამოსილება, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სწორედ საომარი მოქმედებების დასრულების თარიღს უკავშირდებოდეს.[9]

IV. 22 III და 22 IV გარდაცვალების დღე პირის გარდაცვლილად გამოცხადებისას

9

პირის გარდაცვლილად გამოცხადებისას პირის გარდაცვალების დღედ ჩაითვლება საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე. სასამართლოს გააჩნია უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს პირის გარდაცვლილად გამოცხადების დღე. ასეთ შემთხვევა- ში მან უნდა იხელმძღვანელოს იმ თარიღით, რომელიც პირის სავარაუდო დაღუპვის დღეს წარმოადგენს. მაგალითად, დღე, რომელიც გამოძიების შედეგად, პირის გარდაცვალების დამადასტურებელ „ყველაზე უფრო სავარაუდო“ დროს წარმოადგენს, იქნება ეს ავიაკატასტროფის თარიღი თუ სხვ.[10]

10

სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, მოხდება შესაბამისი პირის თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში შესაბამისი მონაცემების რეგისტრაცია. აღნიშნული მოწესრიგებულია სპეციალური კანონით.[11]

11

იმ შემთხვევაში, თუ დადგენილი არ არის საომარი მოქმედებების დასრულების ზუსტი თარიღი, ან არ მოიპოვება ზუსტი სამართლებრივი დოკუმენტი აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს 123-ე მუხლის თანახმად. შესაბამისად, მან პირის გარდაცვალების დღედ უნდა მიიჩნიოს საომარი მოქმედებების დასრულების წლიდან ორი წლის გასვლის შემდეგ, წლის უკანასკნელი კალენდარული დღე.[12]

V. ნორმის კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

12

იმ სამართლებრივი ინსტიტუტებიდან, რომელთაც კავშირი გააჩნიათ განსახილველ ნორმასთან, გამოსაყოფია: საოჯახო სამართალი (პირის გარდაცვლილად გამოცხადება ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველია — 1122 „ბ“); მემკვიდრეობის სამართალი (გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე ჩაითვლება სამკვიდროს გახსნის დროდ — 1322) და სხვ.[13] პირის გარდაცვლილად გამოცხადება მნიშვნელოვან დატვირთვას პოვებს ვალდებულებით სამართალშიც. კერძოდ, 453 I მუხლის თანახმად, განსაზღვრული პირობის არსებობასთან ერთად, მოვალის გარდაცვალება ვალდებულების შეწყვეტას იწვევს, ხოლო 453 II მუხლი ანალოგიურ სამართლებრივ შედეგებზე კრედიტორის უფლებამოსილებაზე დაყრდნობით საუბრობს. ნორმა დატვირთვას პოვებს, ასევე, საერთაშორისო კერძო სამართალშიც, სადაც საკითხის მოწესრიგება უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების (იხ. 21-ე მუხლის კომენტარი) იდენტურია.

VI. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

13

ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში უდავო წარმოების საქმეების სამართლებრივი ინსტიტუტიდან გამომდინარეობს. 21-ე მუხლის მსგავსად, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის XXXVII თავი განსაზღვრავს პირის გარდაცვლილად გამოცხადებისთვის განსახორციელებელ თითოეულ მოქმედებასა და იურიდიულ პროცედურას (იხ. 21-ე მუხლის კომენტარი).

14

გარდაცვლილად გამოცხადების საკითხით დაინტერესება შესაძლებელია სასამართლოში მხარეთა მიერ არსებული დავის ფარგლებში, როდესაც შესა ძლებელია ერთ-ერთი მხარის ინტერესში არ შედიოდეს ამგვარი ფაქტის დადგენა. ასეთის არსებობის შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა წარადგინოს მტკიცებულება, რომლითაც მოხდება იმის განსაზღვრა, რომ პირის შესახებ, რომელიც გარდაცვლილად უნდა გამოცხადდეს, ინფორმაცია მოიპოვება ან მოიპოვებოდა კანონით გათვალისწინებულ პერიოდში (სასამართლოს მიმართვამდე პერიოდში).[14]

15

სასამართლო პროცესში პირის ინტერესებს, რომელიც თავდაპირველად თავად მონაწილეობდა პროცესში, ხოლო შემდეგ გარდაცვლილად იქნა გამოცხადებული, მისი კანონიერი წარმომადგენელი დაიცავს. აღნიშნული იქნება მემკვიდრე, რომელთაც მიიღეს ქონება, ხოლო, თუ მემკვიდრეთაგან არავის მიუღია იგი, მაშინ მხარედ ის პირი გამოვა, ვინც სამკვიდრო ქონების მართვისა და დაცვისთვის დაინიშნა (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მე-4 ნაწილი).




  1. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 103.
  2. ძლიერიშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ცალკეული საკითხები, 2007, გვ. 32.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 178. ავტორს განვითარებული აქვს მოსაზრება, თუ რამდენად მართებულია გარდაცვლილად გამოცხადების საკითხის გარდაცვალებასთან გაიგივება.
  4. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 207.
  5. სიკვდილის დადასტურება განსაზღვრულია სპეციალური კანონით. იხ. იქვე, გვ. 135.
  6. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 206.
  7. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 206.
  8. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 113.
  9. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 209.
  10. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 114.
  11. იხ. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 210.
  12. იხ. სუს განჩინება, 25 იანვარი, 2011, №ას-681-637-2010.
  13. Mäsch, in Beck OK BGB (EGBGB), 2013, Art. 9, Rn. 1.
  14. იხ. სუს განჩინება — აღწერილობითი ნაწილი, 3 ივნისი, 2013, №19-17-2013.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_22._პირის_გამოცხადება_გარდაცვლილად&oldid=1023"