Gccc-logo.png


მუხლი 23. გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 23. გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შედეგები


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების ან მისი ადგილსამყოფლის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აუქმებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

2. დაბრუნების დროის მიუხედავად, პირს უფლება აქვს მოითხოვოს ის შენარჩუნებული ქონება, რომელიც მისი გარდაცვლილად გამოცხადების შემდეგ უსასყიდლოდ გადაეცა სხვა პირს.

3. ის პირი, რომელმაც გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სასყიდლით შეიძინა, ვალდებულია დაუბრუნოს მას ეს ქონება, თუ დამტკიცდება, რომ ქონების შეძენისას მან იცოდა, რომ გარდაცვლილად გამოცხადებული პირი ცოცხალი იყო.

4. თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონება გადაეცა სახელმწიფოს და მან მოახდინა მისი რეალიზაცია, მაშინ გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ პირს უბრუნდება ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა.

საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2239 — სსმ I, №54, 20.12.2005წ. მუხ.360

I. ზოგადი დებულებანი

1

განსახილველი ნორმა განსაზღვრავს გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების სამართლებრივ შედეგებს. ნორმის მიზანია, უპირველეს ყოვლისა, მოახდინოს იმ პირის სამოქალაქო უფლებების დაცვა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით შეუწყდა უფლებაუნარიანობა. ამასთან, ნორმა განსაზღვრავს გარდაცვლილად გამოცხადებული პირის ქონებრივ მდგომარეობასა და აკონკრეტებს იმ ქცევის წესს, რაც მას უფლებამოსილს ხდის, შესაძლებლობის ფარგლებში მოითხოვოს სარგებლის მიღება.

2

თუ პირი არ არის გამოცხადებული გარდაცვლილად, ასევე არაა აღიარებული უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მაგრამ არ გამოჩენილა მის საცხოვრებელ ადგილზე და არ არის პირის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მისი ქონების რეალიზაციის უფლებამოსილება მის მემკვიდრეებს არ წარმოეშობათ.

II.23 I სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების სავალდებულოობა

3

სასამართლოს მიერ პირის გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმება უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მოხდეს.[1] ასეთი შესაძლებლობა სასამართლოს მხოლოდ ორი წინაპირობის არსებობის საფუძველზე გააჩნია: ა) თუ დაბრუნდება დაკარგული პირი ან ბ) თუ აღმოჩენილ იქნება მისი ადგილსამყოფელი. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს ნებისმიერი ის მონაცემი, რომელიც პირის არსებობას ადასტურებს. აღნიშნული ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც პირს შეცვლილი აქვს სახელი[2] და სხვ.

4

21-ე და 22-ე მუხლების მსგავსად, სასამართლოსადმი შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნის თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლებამოსილება გააჩნია ნებისმიერ პირს.

III.23 II შენარჩუნებული ქონების მოთხოვნის შესაძლებლობა

5

სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება დაკარგული პირის უფლებების აღდგენის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს.[3] ამდენად, პირს კვლავ წარმოეშობა ის უფლებები, რომელიც მას დაკარგულად გამოცხადებამდე ჰქონდა. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პირს მოთხოვნის დაყენების შესაძლებლობა გააჩნია მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც შენარჩუნებულია (არ არის სასყიდლიანი ხელშეკრულების გზით გადაცემული სხვა პირზე) ან, თუ იგი სხვა პირს უსასყიდლოდ გადაეცა. მაგალითად, მემკვიდრეები (1322-ე მუხლიდან გამომდინარე), რომელთაც ქონება იურიდიული შედეგის დადგომის გათვალისწინებით გადაეცათ ან სხვა პირი, რომელმაც ჩუქების ხელშეკრულების (524-ე და შემდგომი მუხლები) საფუძველზე ქონება უსასყიდლოდ მიიღო.

6

დაკარგული პირის დაბრუნების შემთხვევაში კანონი არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს. შესაბამისად, დაკარგული პირის უფლებების აღდგენა დასაშვებია სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან (22-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომიდან) ნებისმიერ პერიოდში.

7

იმ შემთხვევაში, თუ ქონება, რომელიც მას გააჩნდა გარდაცვლილად გამოცხადებამდე, გაუმჯობესებული სახით იქნება მემკვიდრეთა (უსასყიდლოდ გადაცემულ პირთა) მიერ უკან გადაცემული, დაბრუნებული პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ყველა ის ხარჯი, რაც კანონით განსაზღვრულ პირთა მიერ ქონების გაუმჯობესებისთვის იქნა გაწეული.[4]

IV.23 III გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონების არაკეთილსინდისიერი შემძენის ვალდებულება

8

განსახილველ ნორმასთან დაკავშირებით კეთილსინდისიერების პრინციპი 8 III მუხლიდან გამომდინარეობს. კოდექსის ცალკეული დებულებები იცავს კეთილსინდისიერ შემძენს (187). ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სამართლებრივ ურთიერთობაში, დაკარგულის ქონების შეძენის ფაქტის მიმართაც შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი უნდა იყოს. კეთილსინდისიერების ფაქტი ნივთის გადაცემამდე უნდა არსებობდეს (შდრ. 187 I).

9

პირი ჩაითვლება არაკეთილსინდისიერად, თუ მას გააჩნდა ნებისმიერი სახის, მათ შორის სავარაუდო ინფორმაცია, რომელიც დაკარგული პირის შესახებ არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. ასეთი შეიძლება იყოს დაკარგული პირის მემკვიდრის მეგობარი, ბიზნესპარტნიორი, ან სხვ., რომლის ინტერესსაც სამომავლოდ დაკარგულის ქონების შეძენა წარმოადგენდა.

10

მტკიცების ტვირთი, რომლითაც ქონების დაბრუნების ვალდებულება შეიძლება ახალ შემძენს დაეკისროს, გააჩნია მის პირვანდელ მესაკუთრეს (გარდაცვლილად გამოცხადებულს). ასეთ მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი სახის შეტყობინება, ან სხვა ინფორმაცია, რომელიც მან ქონების შემძენს გარდაცვლილად გამოცხადებამდე გააცნო (კონფიდენციალურობის მიუხედავად).

V. 23 IV გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონების რეალიზაცია სახელმწიფოს მიერ

11

გარდაცვლილად გამოცხადებულის ქონება სახელმწიფოს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მას არ გააჩნია კანონით ან ანდერძით მემკვიდრე, ასევე, თუ არც ერთმა მემკვიდრემ ქონება არ მიიღო ან/და როცა ყველა მემკვიდრეს მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა (1343). სახელმწიფოს ასეთ შემთხვევაში წარმოეშობა ქონების რეალიზაციის უფლებამოსილება.

12

იმის გათვალისწინებით, რომ ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა კანონით დადგენილი წესით განისაზღვრება — კეთილსინდისიერი შემძენის სამართლებრივი ინსტიტუტი მხედველობაში არ მიიღება. შესაბამისად, გარდაცვლილად გამოცხადებული პირის დაბრუნების შემთხვევაში სახელმწიფოს წარმოეშობა ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხის მასზე გადახდის ვალდებულება.

13

რეალიზაციიდან მიღებული თანხა განსხვავდება ქონების საბაზრო ღირებულებისგან. ამ შემთხვევაში წინა პლანზე სახელმწიფო ინტერესის საკითხი იქნება წამოწეული. სახელმწიფოს ქონების საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად (სიმბოლურ ფასად) რომც ჰქონდეს ქონება რეალიზებული, დაბრუნებულ პირს მაინც არ წარმოეშობა მის მიმართ საბაზრო ღირებულების ანაზღაურების უფლებამოსილება.

14

მიუხედავად ასეთი სახის საკანონმდებლო ჩანაწერისა, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა სახელმწიფოს მხრიდანაც აუცილებლობას წარმოადგენს. თუ პირმა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს, იცოდა გარდაცვლილად გამოცხადებულის ადგილსამყოფელის ან მისი არსებობის სხვა გარემოების შესახებ, მასზე გავრცელდება ზიანის ანაზღაურების და უფლებამოსილების შესაბამისად კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ნორმები.

15

სახელმწიფოს მიერ აღნიშნული ქონების უსასყიდლოდ მესამე პირზე გადაცემის შემთხვევაში, დაბრუნებულ პირს საკუთრების შეძენის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე უფლება წარმოეშობა მოსთხოვოს კეთილსინდისიერ შემძენს მისი უკან დაბრუნება, სახელმწიფოსგან დამატებითი ანაზღაურების მიღების გარეშე (187 II).

VI. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

16

გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შემთხვევაში დაბრუნებულ პირს აღუდგება ის უფლება-მოვალეობანი, რაც მას გარდაცვლილად გამოცხადებამდე კრედიტორთა ან მოვალეთა მიმართ გააჩნდა. აღნიშნული შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ცალკეულ სამართლებრივ ნორმებთან (მაგ., 590 I და სხვ.).

17

გარდაცვლილად გამოცხადებულის დაბრუნების შემთხვევაში გონივრული ფარგლები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (შდრ. 453 II). ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე უპირატეს როლს მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს (ხელშეკრულებაში გაწერილი ე.წ. ფორსმაჟორული გარემოებების გათვალისწინებით).

18

გარდაცვლილად გამოცხადებულის უფლებების აღდგენა მოწესრიგებულია საოჯახო სამართალში, რომლის საფუძველზეც სასამართლოს გააჩნია პირის გარდაცვლილად გამოცხადების (უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების) საფუძვლით შეწყვეტილი ქორწინების აღდგენის უფლებამოსილება (1135 I). კანონი ითვალისწინებს უფლებამოსილების დამაბრკოლებელ გარემოებას, თუ გარდაცვლილად გამოცხადებული პირის მეუღლე სხვა პირთან იურიდიულ ქორწინებაში იმყოფება (1135 II).

VII. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

19

გარდაცვლილად გამოცხადებულის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმება საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 321-ე მუხლითაა მოწესრიგებული და იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული პირის გამოჩენის შემთხვევაში საპროცესო წარმოების მომწესრიგებელი წესების ანალოგიურია (იხ. 21-ე მუხლის კომენტარი).




  1. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 211.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 192.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 114.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 192.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_23._გარდაცვლილად_გამოცხადებულის_დაბრუნების_შედეგები&oldid=1029"