Gccc-logo.png


მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 234. აღნაგობის უფლების წარმოშობა, შეძენა და შეწყვეტა. საკუთრება აღნაგობაზე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ შესაბამისად გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები.

2. აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ითვლება აღნაგობის უფლების არსებით შემადგენელ ნაწილად და რეგისტრირდება აღნაგობის უფლების მქონე პირის საკუთრებად.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების საფუძველზე აშენებული ნაგებობა ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი.

საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი #2978 – სსმ I, #24, 10.05.2010წ., მუხ.144

I. ზოგადი დებულებები

1

აღნაგობის უფლების ორმაგ ბუნებას (იხ. მუხ. 233, 1-ლი ველი) განსაკუთრებით ნათლად ცხადყოფს 234-ე მუხლი. ეს შეზღუდული სანივთო უფლება მეაღნაგის ხელში განიხილება მიწის ნაკვეთად, რომელიც რეგისტრირდება როგორც მიწის ნაკვეთი და შეიძლება ჰქონდეს თავისი არსებითი შემადგენელი ნაწილი, მასზე აღმართული შენობის სახით.[1] გერმანიაში ორმაგი ბუნების ხაზგასმა ხდება იმით, რომ აღნაგობის უფლება რეგისტრირდება ორ რეესტრში: საადგილმამულო რეესტრში, როგორც უფლება მიწის ნაკვეთზე და აღნაგობის სპეციალურ რეესტრში, როგორც მიწის ნაკვეთის მსგავსი უფლება.[2] მართალია, ქართულ რეალობაში ამ გადაწყვეტის გაზიარება შეუძლებელია მეორე რეესტრის არარსებობის გამო, თუმცა სხვა მხრივ აღნაგობის სამართლის დოგმატიკა აქაც სრულად უნდა დარჩეს ძალაში. რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც სახეზეა კანონით გათვალისწინებული შინაარსის შეთანხმება, ანუ შეთანხმება, რომელიც აკმაყოფილებს 233-ე მუხლში გაწერილ მოთხოვნებს.[3]

II. უძრავი ნივთის შეძენის წესები, 234 I

2

აღნაგობის უფლების წარმოშობისა და შეძენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენის წესები, ანუ ამისათვის აუცილებელია შეთანხმება და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183). რეგისტრაცია არის აღნაგობის უფლების წარმოშობის, რანგის, სამართლებრივი ხასიათისა და ვადის კონსტიტუტიური წინაპირობა.[4] აქ უნდა დაფიქსირდეს მონაცემები გადადების პირობასთან, ვადებსა და, რაც მთავარია, დაწყებისა და დასრულების მომენტებთან დაკავშირებით. დეკლარატორული მნიშვნელობისაა მეაღნაგის ცვლილების რეგისტრაცია.[5] აღნაგობისათვის სრული მოცულობით რჩება ძალაში საკუთრების უფლების კეთილსინდისიერად მოპოვების დანაწესები (185, 312).

III. ნაგებობა, როგორც აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილი და მასზე საკუთრება, 234 II, III

3

234 II მუხლი არღვევს 150 II, 193-ე მუხლებში მოცემულ წესებს, რომელთა მიხედვითაც შენობა-ნაგებობები მხოლოდ (ნივთის) მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს და მისი მიწასთან დაკავშირების შემთხვევაში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ავტომატურად ხდება ასევე ამ შენობა-ნაგებობის მესაკუთრეც. ეს ორი პრინციპი აღნაგობის სამართალში იზღუდება მისი ორმაგი ბუნებიდან გამომდინარე ფიქციის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც აღნაგობის უფლება თავად უთანაბრდება მიწის ნაკვეთს, რის გამოც შესაძლებელია ჰქონდეს არსებით შემადგენელ ნაწილად უძრავი ნივთი, რომელიც იქნება მეაღნაგის საკუთრებაში.

ა) ნაგებობაზე საკუთრება და შეზღუდული სანივთო უფლება აღნაგობის უფლების დადგენისას

4

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაგებობები, რომელთაც მეაღნაგე აღმართავს აღნაგობის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, ხდება აღნაგობის უფლების არსებითი შემადგენელი ნაწილი და ამგვარად მისი საკუთრება (234 II). ეს წესი მოქმედებს მიწის ნაკვეთის შეთანხმების დარღვევით განა- შენიანებისასაც (მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი მომცრო ზომის სასტუმროს მაგივრად), გადამწყვეტია მხოლოდ, რომ მეაღნაგე აშენებს ნამდვილი აღნაგობის უფლების საფუძველზე.[6]

5

კანონი არ აწესრიგებს აღნაგობით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე უკვე არსებული შენობა-ნაგებობების სამართლებრივ ბედს. გერმანიაში ეს ნაგებობები იზიარებენ შემდგომში (უკვე აღნაგობის უფლების ფარგლებში) აღმართული ნაგებობის სამართლებრივ ბედს, რაც გამართლებულია ნაკვეთისათვის ფუნქციურ-ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნების მიზნით – თუ მეაღნაგე მოიპოვებს ნაკვეთზე აღნაგობის უფლებას მასზე მრავალსართულიანი სახლის აღმართვის მიზნით, მაშინ მას უფლება აქვს, ჰქონდეს სამართლიანი მოლოდინი, რომ ნაკვეთზე განლაგებული გარაჟებიც მის საკუთრებაში გადავა, დამოუკიდებლად იმისა, თუ ვის მიერ და როდისაა ისინი აშენებული. აღნაგობის უფლების წარმოშობასთან ერთად უნდა გაქარწყლდეს ამ ნაგებობებზე არსებული ყოველგვარი უფლებრივი ტვირთი.

ბ) ნაგებობაზე საკუთრება და შეზღუდული სანივთო უფლება აღნაგობის უფლების გაქარწყლებისას

6

აღნაგობის უფლების გაქარწყლების შემდეგ ნაგებობებზე საკუთრება ავტომატურად გადადის მიწის მესაკუთრეზე 234 III მუხლის მიხედვით. მეაღნაგეს აქვს კომპენსაციის მოთხოვნის უფლება 239 I მუხლის მიხედვით (მესაკუთრეს შეუძლია, კომპენსაციის სანაცვლოდ გაუგრძელოს მას აღნაგობის უფლება 239 II 1), თუმცა მას არა აქვს ნაგებობის წაღების უფლება (239 III). ეს წესები არ მოქმედებს საკუთვნებლის შემთხვევაში, რომლის ბედიც მეაღნაგის გადასაწყვეტია.

საერთო აღნაგობის უფლების, რომელიც რამდენიმე ნაკვეთზე ვრცელდებოდა, დასრულების შემდეგ, როდესაც ნაგებობა სხვადასხვა მესაკუთრის მიწის ნაკვეთებს ემიჯნება, ერთი მოსაზრების[7] მიხედვით, უნდა მოხდეს ვერტიკალური გამიჯვნა მიწის ნაკვეთთა საზღვრების შესაბამისად; მეორე მოსაზრების[8] მიხედვით, ამ შემთხვევაში ნაგებობებზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა თანასაკუთრება უნდა წარმოიშვას, რაც გამართლებულია ისევ და ისევ მათი ფუნქციურ-ეკონომიკური ერთიანობის შენარჩუნების მიზნით და ასევე ხშირ შემთხვევაში ვერტიკალური კვეთის შეუძლებლობით.

7

სანივთო უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, სერვიტუტი და რომელიც დადგენილი იყო აღნაგობის უფლების სასარგებლოდ, მისი გაქარწყლების შემდეგ გადადის მიწის ნაკვეთზე[9] და ასეთად უნდა იქნეს შეტანილი საჯარო რეესტრში. ეს გადაწყვეტა გამომდინარეობს 234 III მუხლიდან, რომლის მიზანიც მიწის ნაკვეთის იმ მდგომარეობაში შენარჩუნებაა, რა მდგომარეობაშიც ის ებარა მეაღნაგეს.[10]




  1. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 14, Rn. 1.
  2. იქვე.
  3. Wufka, Erbbaurecht, Bestellung, Abstraktionsprinzip, DNotZ 1985, S. 663.
  4. Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl., 2017, § 2, Rn. 2.
  5. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 14, Rn. 2.
  6. იქვე, § 12, Rn. 2.
  7. შდრ. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 12, Rn. 2 და იქ მითითებული დამატებითი ლიტერატურა.
  8. Schraepler, Freiheit und Bindung der Nachbareigentümer bei Erbbaurechten, NJW 1974, S. 2078.
  9. BGH NJW-RR 2012, 845; Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl., 2017, § 12, Rn. 11.
  10. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 12, Rn. 12.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_234._აღნაგობის_უფლების_წარმოშობა,_შეძენა_და_შეწყვეტა._საკუთრება_აღნაგობაზე&oldid=1744"