Gccc-logo.png


მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 236. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აღნაგობის უფლების მქონეს შეიძლება ხელშეკრულებით დაეკისროს საზღაურის გადახდა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ეს უფლება განუყოფელია ნაკვეთზე საკუთრების უფლებისაგან.

2. საზღაურის გადაუხდელობის გამო აღნაგობის უფლება მესაკუთრის მხრიდან შეიძლება ცალმხრივად შეწყდეს ამ ვალდებულების 2 წლის განმავლობაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საზღაური აღნაგობის უფლებისათვის მხარეებმა შეიძლება ათი წლის შუალედით განსაზღვრონ. თუ ეკონომიკური პირობები არსებითად იცვლება, მხარეები ვალდებულნი არიან, თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი #4336 – ვებგვერდი, 20.10.2015 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

აღნაგობის უფლების მინიჭების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ჩვეულებრივ იღებს შესაბამის სასყიდელს. ეს სასყიდელი შესაძლებელია რეგულარულად გადასახდელი საზღაურით გამოიხატებოდეს, ასევე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია აღნაგობის უფლების საზღაურის გარეშე (ნაჩუქრობის ფორმით), ერთჯერადი სასყიდლით (ნასყიდობის ფასი) ან ნივთობრივი შესრულების საფასურად შეთანხმება.[1]

II. საზღაურის სახეობა

1. ამოსავალი წესი – ფულადი შესრულება

2

პრაქტიკაში, უმეტესწილად, აღნაგობის უფლების მინიჭება ხდება რეგულარული საზღაურის – აღნაგობის საზღაურის – სანაცვლოდ, რომელიც მოწესრიგებულია 236-ე მუხლში. გერმანიისაგან განსხვავებით,[2] აღნაგობის საზღაური გამოხატავს, ჩვეულებრივ, ვალდებულებითსამართლებრივ მოთხოვნას, რომელიც არის აღნაგობის ხელშეკრულების ნაწილი.

3

როგორც ეს 236 II, III 1 მუხლიდან ჩანს, ამოსავალი საკანონმდებლო გადაწყვეტაა საზღაურის რეგულარული ხასიათი. ის, ჩვეულებრივ, გამოხატულია ფულადი ფორმით, თუმცა შესაძლებელია რეგულარულად გადასახდელი ნებისმიერი ტიპის შესრულების შეთანხმება.[3]

2. ნივთობრივი შესრულება

4

საზღაურის დასაშვები ფორმებია: ნივთობრივი შესრულებები, როგორიცაა, მაგალითად, რეგულარულად გადასახდელი შეშა ან მეტალი;[4] მარცვლეული, მაშინაც კი, როდესაც მისი მოყვანა თავად აღნაგობით დატვირთულ ნაკვეთზე არ ხდება;[5] საცხოვრებელი ბინის სარგებლობაში გადაცემა.[6] დასაშვებია მესაკუთრისათვის ვალის ჩანაცვლების ოფციის მინიჭება, როდესაც განსაზღვრული ფულადი საზღაურის ნაცვლად მას კონკრეტული ნივთობრივი შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს, მაგალითად, 400 ლარის გადასახადი ჩაანაცვლოს 30 კილო კონკრეტული მარცვლეულით.[7] ამ შემთხვევაში საზღაური წინასწარ არის განსაზღვრული და განუსაზღვრელი რჩება მხოლოდ ის ფაქტი, გამოიყენებს თუ არა მიწის მესაკუთრე ამ ჩანაცვლების ოფციას. ამის საპირისპიროდ დაუშვებელია ჩანაცვლების ოფცია, რომლის მიხედვითაც მესაკუთრეს შეუძლია, კონკრეტული ნივთობრივი შესრულების ნაცვლად მოითხოვოს მისი ფულადი ეკვივალენტი კონკრეტული საბაზრო მდგომარეობის გათვალისწინებით, რადგან ამ შემთხვევაში ფულადი ეკვივალენტი მხოლოდ განსაზღვრადია და არა განსაზღვრული[8] და, საბოლოოდ, მეაღნაგისათვის გაურკვეველი რჩება, თუ რა ოდენობით აკისრია შესრულების ვალდებულება. შესრულება უნდა გამოიხატებოდეს რაიმეს პოზიტიური გადაცემით ან რაიმე მოქმედებით, დაუშვებელია მხოლოდ ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა.[9]

III. ხელშეკრულების მოშლა, 236 II

5

ზემოთ აღწერილი საზღაურის 2 წლის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში მესაკუთრეს შეუძლია, ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოხატვით, გაფრთხილების გარეშე, მოშალოს ხელშეკრულება (ეხ ტუნც–მოქმედებით), რომლის დროსაც არ ხდება მიღებულის რესტიტუცია და აღნაგობის ურთიერთობა მხოლოდ სამომავლოდ წყდება. მესაკუთრეს, რა თქმა უნდა, უნარჩუნდება კუთვნილი საზღაურის მოთხოვნის უფლება, მიუხედავად აღნაგობის ურთიერთობის დასრულებისა. 2-წლიანი ვადის გამოთვლისას, შესაბამისად, გამოიყენება 121-ე და მომდევნო და მე-400 და მომდევნო მუხლები. რა თქმა უნდა, დასაშვებია მხარეთა შეთანხმება განსხვავებულ წესზე.

IV. საზღაურის მისადაგების ვალდებულება (დათქმა), 236 III 2

6

236 III 2 მუხლის მიხედვით, თუ აღნაგობის ხელშეკრულების დადებისას შეთანხმებული საზღაური ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილების შედეგად გაუმართლებელია და ლახავს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს (ვალუტის კურსის ვარდნა-აწევა, მეაღნაგის უფლებამოსილების გაფართოება (დამატებითი ნაგებობების წამომართვა, ნაკვეთით სარგებლობის ტიპის ცვლილება და ა.შ.), მხარეები ვალდებულნი არიან, თავიდან შეთანხმდნენ საზღაურზე, და ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელშეკრულების მისადაგების ვალდებულება, რაც 398-ე მუხლის წინაპირობებთან გვამისამართებს. 398-ე მუხლი ამ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისად, იმ განსხვავებით, რომ მისადაგებაზე უარისას მეორე მხარეს არ აქვს გასვლის უფლება, არამედ უნდა მოითხოვოს სასამართლო წესით ეს მისადაგება.




  1. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 9, Rn. 1.
  2. შდრ. § 9 ErbbauRG.
  3. Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl ., 2017, § 9, Rn. 31.
  4. LG München I DNotZ 1952, 220.
  5. LG Celle DNotZ 1955, 316.
  6. OLG Hamm Rpfl eger 1975, 357.
  7. BGH NJW 1981, 2241.
  8. LG München I DNotZ 1952, 220.
  9. BayObLG Rpfl eger 1960, 402 zu § 1105 BGB.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_236._საზღაური_აღნაგობის_უფლებისათვის&oldid=1750"