Gccc-logo.png


მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 237. აღნაგობის უფლების რეგისტრაცია


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

აღნაგობის უფლება საჯარო რეესტრში შეიტანება მიწის ნაკვეთზე არამესაკუთრეთა სანივთო უფლებებს შორის მხოლოდ პირველი რიგის უფლებად. ეს რიგი არ შეიძლება შეიცვალოს.

I. ზოგადი დებულებები

1

237-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი ემსახურება მეაღნაგისა და მისი კრედიტორების დაცვას. მეაღნაგე და მისი კრედიტორები, ამ მუხლის თანახმად, დაცულნი არიან აღნაგობის უფლების ნაადრევი გაქარწყლებისაგან და მასთან ერთად იმ უფლებებისა, რომლებითაც ეს აღნაგობის უფლება იყო დატვირთული.[1]

II. სავალდებულო პირველი რიგი

2

მიწის ნაკვეთზე აღნაგობის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ პირველი რიგის უფლებად, რისი შეცვლაც მოგვიანებით შეუძლებელია. თუმცა მოგვიანებით ამ რანგის დაკარგვა გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევებში მაინც არ არის გამორიცხული, მაგალითად, აღნაგობის უფლების არასწორად გაუქმებისა და სხვა უფლების წინა რიგის უფლებად მოპოვების შემთხვევაში, 312-ე მუხლის მიხედვით.[2] აღნაგობის უფლება რეგისტრირდება პირველი რიგის უფლებად, დამოუკიდებლად სხვა უფლების ღირებულებისა და ხასიათისა.[3] მას რანგით არ შეიძლება წინ უსწრებდეს არც იაფფასიანი უფლება და არც უფლება, რომლის გამოყენებაც აღნაგობის უფლებას ხელს არ უშლის.[4] ამ გაგებით, 237-ე მუხლის დანაწესს ეწინააღმდეგება გზის უფლება, მაშინაც კი, როდესაც გზა გადის მიწის ნაკვეთის იმ მონაკვეთზე, რომლის გამოყენებაც აღნაგობის მიზნებისათვის არ ხდება.[5] ასევე დაუშვებელია სხვა აღნაგობის უფლების წინა ან თანაბარი რანგით რეგისტრაცია, ისევე როგორც სხვა სანივთო სარგებლობის უფლებისა.[6]

3

ერთი მოსაზრების მიხედვით,[7] 237-ე მუხლი რესტრიქციულად უნდა განიმარტოს და დაიშვას ისეთი წინმსწრები სარგებლობის უფლებები, რომლებიც არ წარმოადგენენ გადახდის მოთხოვნებს და არ შეიძლება გარდაიქმნან ასეთად. ამგვარი უფლების მაგალითია სერვიტუტი, რომლისგანაც არ შეიძლება წარმოდგეს გადახდის მოთხოვნა და რომლის გამოყენების სფეროც სრულებით გამიჯნულია აღნაგობისაგან. თუმცა ეს მოსაზრება გერმანულ დოქტრინაში უკუგდებულია. საპირისპირო მოსაზრება[8] კანონის ცალსახა დანაწესზე აკეთებს აქცენტს. კანონმდებლის ნებას არ შეესატყვისება, აღნაგობის რეგისტრაციისას სხვა წინა რანგის უფლების არსებობისას ჩატარდეს საფუძვლიანი კვლევა იმისა, თუ ზუსტად რა არის ამ უფლების შინაარსი, რის გარეშეც აღნაგობის რანგი და განხორციელება ვეღარ იქნებოდა უზრუნველყოფილი. კანონმდებელმა არჩია მარტივი და გარანტირებული გზა აღნაგობის მომეტებული სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე მისი განხორციელების უზრუნველსაყოფად – არც ერთი უფლება, მათ შორის არც გზის, ან სხვა რაიმე სერვიტუტი არ შეიძლება დარეგისტრირდეს აღნაგობის წინ.

4

გამომდინარე იქიდან, რომ მომდევნო რანგის აღნაგობის უფლება არ შეიძლება არსებობდეს, საჭიროა მისი რეგისტრაციისას წინა რანგის უფლების რანგით გადმოწევა ან გაუქმება. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია, წინა რანგის უფლების მფლობელს დაეკისროს ნდობისა და კეთილსინდისიერების (8 III) პრინციპიდან გამომდინარე ამ თავისი უფლების რანგით უკან დახევა ან საერთოდ გაუქმება.[9] მაგალითად, შესაძლებელია, გზის სერვიტუტის მფლობელს მოეთხოვოს ამ თავისი სერვიტუტის მეზობლის ნაკვეთზე გადაწევა[10] ან რანგით უკან დახევა.[11] საარსებოდ აუცილებელი უფლებების (გზის ან წყლის სერვიტუტი) შემთხვევაში გამოსავალი არ არის ამ უფლებებით თავად აღნაგობის დატვირთვა, რადგან ეს უფლება აღნაგობის გაუქმებასთან ერთად (შეთანხმებით, ან იძულებითი აღსრულებით) ავტომატურად უქმდება და, ამდენად, მაგალითად, სერვიტუტის მფლობელი უუფლებოდ რჩება.

5

დასაშვებია იმ უფლებების, რომელთაც რანგი არ აქვთ (მაგ., განკარგვის აკრძალვა), აღნაგობის წინ რეგისტრაცია.[12] ასევე დასაშვებია აღნაგობის წინ გამოსყიდვის უფლების რეგისტრაცია შესაბამისი მეაღნაგის სასარგებლოდ,[13] რადგან ეს უფლებაც აღნაგობის უფლების ნაწილია. იგივე წესი მოქმედებს მეაღნაგის სასარგებლოდ შეთანხმებული პირადი სერვიტუტის შემთხვევაშიც.




  1. BGH NJW 1954, 1443.
  2. BGH NJW 1969, 93.
  3. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 10, Rn. 2.
  4. BGH NJW 1954, 1443.
  5. Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl., 2017, § 10, Rn. 3a.
  6. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl ., 2017, § 10, Rn. 3.
  7. იხ. მითითება ამ მოსაზრებაზე: Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl ., 2017, § 10, Rn. 3.1.
  8. იხ. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 10, Rn. 3.1.
  9. Maaß, იქვე, Rn. 3.2.
  10. BGH BeckRS 1974, 180.
  11. OLG Hamm MittBayNot 2014, 431.
  12. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 10, Rn. 4.
  13. BGH NJW 1954, 1443.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_237._აღნაგობის_უფლების_რეგისტრაცია&oldid=1754"