Gccc-logo.png


მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 239. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების შეწყვეტა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სასყიდლიანი აღნაგობის უფლების ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ აღნაგობის უფლების მქონეს უნდა მისცეს ანაზღაურება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის ღირებულების ორი მესამედის ოდენობით.

2. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, აღნაგობის უფლების მქონეს ანაზღაურების გადახდის სანაცვლოდ გაუგრძელოს აღნაგობის უფლება ამ ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის არსებობის სავარაუდო ვადით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ აღნაგობის უფლების მქონე უარს იტყვის აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებაზე, იგი კარგავს ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც.

3. აღნაგობის უფლების შეწყვეტისას აღნაგობის უფლების მქონეს არა აქვს უფლება, წაიღოს ნაგებობა ან მისი შემადგენელი ნაწილები.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი #4336 – ვებგვერდი, 20.10.2015 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

აღნაგობის უფლების ვადის გასვლასთან ერთად ეს უფლება წყდება და მისი შემადგენელი ნაწილები ხდება მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი. მის ადგილს იკავებს ყოფილი მეაღნაგის ანაზღაურების მოთხოვნა 239 I მუხლის მიხედვით, რომლის დარეგისტრირებაც შესაძლებელია საჯარო რეესტრში (240 I, იხ. დეტალურად ამ მუხლის კომენტარში). აღნაგობის შეწყვეტასთან ერთად რეესტრი ორმაგად არასწორად გამოიყურება: ერთი მხრივ, იქ რეგისტრირებულია უფლება, რომელიც არ არსებობს, ხოლო მეორე მხრივ, იქ არ არის რეგისტრირებული ანაზღაურების უფლება, რომელმაც მისი ადგილი დაიკავა.

2

რეესტრის გასწორებისათვის აუცილებელია რეგისტრირებული უფლების გაუქმება და მის ადგილზე ანაზღაურების უფლების შეტანა აღნაგობის უფლების რანგით (240 I).[1] საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად, რეესტრში აღნაგობის გაუქმება შესაძლებელია ანაზღაურების ვალდებულებისაგან დამოუკიდებლად, რადგან მათ შორის არ არსებობს შინაგანი კავშირი.[2]

3

ანაზღაურების ვალდებულების რეგისტრაციისათვის არ არის აუცილებელი მისი ზუსტი ოდენობის (ციფრებში) მითითება, რის გამოც აღნაგობის გაუქმებასთან ერთად მისი დაუყოვნებელი რეგისტრაციაა შესაძლებელი: აღნაგობის უფლება უქმდება მისი ვადის გასვლის დადასტურების შედეგად და მის თანადროულად შესაძლებელია (ციფრებში ზუსტად განსაზღვრის გარეშე) ანაზღაურების ვალდებულების რეგისტრაცია.[3] მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს ყველა სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის უფლება. 239-ე მუხლში მოყვანილი წესები მოქმედებს მხოლოდ სასყიდლიანი აღნაგობის შემთხვევაში.

II. ანაზღაურების მოთხოვნა, 239 I

4

239 I მუხლის მიხედვით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ მეაღნაგეს უნდა გადაუხადოს ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება ნაგებობის საბაზრო ღირებულების ორი მესამედით აღნაგობის გაუქმების მომენტისათვის.[4] მიწის ნაკვეთის სხვა არსებითი შემადგენელი ნაწილი, როგორიცაა, მაგალითად, მცენარეები, არ შეიძლება, გახდეს ანაზღაურების ვალდებულების საგანი.[5] გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში საკამათოა, წარმოიშობა თუ არა ეს მოთხოვნის უფლება აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგ, თუ ის წარმოიშობა მანამდეც, უბრალოდ, გადადების პირობით. გაბატონებული მოსაზრება[6] ამ მეორე გადაწყვეტისაკენ იხრება. აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ხდება ვადამოსული და, ამავდროულად, შესაძლებელია მისი დათმობა და დაგირავება.[7] დაგირავებისათვის აუცილებელია შეთანხმება და რეესტრში რეგისტრაცია.

5

239 I მუხლით არ არის წარმოდგენილი იმპერატიული დანაწესი და მხარეებს შეუძლიათ როგორც ანაზღაურების ოდენობის, ისე მისი ვადამოსულობის მომენტის შეცვლა.[8] დასაშვებია თავიდანვე ანაზღაურების რაიმე კონკრეტული ოდენობის დადგენა, ნაგებობის ღირებულების გამოთვლის წესის შეთანხმება, ან მხოლოდ მისი კონკრეტული ნაწილის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეთანხმება. ანაზღაურების ვალდებულება შესაძლებელია, სრულებით გამორიცხული იყოს, მათ შორის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში.[9] ვადამოსულობასთან დაკავშირებით დასაშვებია გადახდის ვალდებულების გადაწევა, ან განწილვადებული გადახდის შეთანხმება. ამგვარი შეთანხმების მიღწევის შემდეგ მისი შეცვლა იწვევს აღნაგობის შინაარსის ცვლილებას, რისთვისაც აუცილებელია აღნაგობაზე ან მიწის ნაკვეთზე სანივთო უფლების მქონის თანხმობა, თუ ამ ცვლილებით ეს სანივთო უფლება იზღუდება ან იცვლება.[10]

III. ანაზღაურების ვალდებულების თვიდან აცილება აღნაგობის გაგრძელებით, 239 II 1

6

მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს უფლება აქვს, თავიდან აიცილოს ანაზღაურების ვალდებულება აღნაგობის უფლების გაგრძელების შეთავაზებით (239 II 1). აუცილებელია, რომ ამგვარი შეთავაზება განხორციელდეს სანივთო ძალით (ანუ რეესტრში შეტანით) აღნაგობის უფლების დასრულებამდე, რადგან დასრულებასთან ერთად ეს უფლება ავტომატურად წყდება და მხოლოდ ახალი აღნაგობის დადგენაა შესაძლებელი და არა ძველის გაგრძელება.[11] აქედან გამომდინარე, გაგრძელების შეთავაზება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ ის დროულად ხდება და უტოვებს მეაღნაგეს (აღნაგობის ვადის გასვლამდე) მასზე საკმაო დაფიქრებისა და ამ გაგრძელების რეგისტრაციის შესაძლებლობას. ფორმა არ არის გათვალისწინებული არც შეთავაზებისათვის და არც მის საფუძველზე შემდგარი შეთანხმებისათვის.[12] აღნაგობაზე სანივთო უფლების მფლობელთა თანხმობა აუცილებელი არ არის, რადგან აღნაგობის გაგრძელება მათ სანივთო პოზიციებს აუმჯობესებს, თუმცა მიწის ნაკვეთზე უფლების მფლობელების თანხმობა სავალდებულოა.[13]

7

თუ მეაღნაგე უარყოფს გაგრძელების შემოთავაზებას, მათ შორის კონკლუდენტურადაც, – შეთანხმების დროულად არმიღებით, – დატოვებული ნაგებობისათვის ანაზღაურების მოთხოვნა ქარწყლდება (239 II 2). უარყოფა არ საჭიროებს ანაზღაურების რეგისტრირებული კრედიტორის თანხმობას, რადგან კანონი ამასთან დაკავშირებით არანაირ დანაწესს არ შეიცავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გაგრძელებისა და ანაზღაურების უარყოფამ შესაძლებელია, კრედიტორს წარმოუშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მეაღნაგის წინააღმდეგ. აღნაგობის ხელშეკრულებით შესაძლებელია, შეთანხმდეს გაგრძელების უფლების დეტალები, ან საერთოდ გამოირიცხოს ისინი.

IV. ნაგებობის წაღების აკრძალვა

11

დამოუკიდებლად აღნაგობის უფლების შეწყვეტის მიზეზისა, 239 III მუხლი კრძალავს მეაღნაგის მიერ აღმართული ნაგებობის მიწის ნაკვეთიდან მოშორებას. 239 III მუხლი კრძალავს ეკონომიკური ღირებულების მქონე ნივთ(ები)ის უაზრო განადგურებას და არის იმპერატიული დანაწესი. მოქმედებს აღნაგობის უფლების გაუქმების შემთხვევაშიც. ნორმა ეხება ნაგებობასა და მის არსებით შემადგენელ ნაწილებს და არ ეხება საკუთვნებელს.




  1. BGH NJW-RR 2013, 1102.
  2. იხ. მითითება ამ მოსაზრებაზე: Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 27, Rn. 2.
  3. BGH NJW-RR 2013, 1102; OLG Hamm DNotZ 2007, 750.
  4. BGH DB 1975, 685; BGH NJW 1981, 1045.
  5. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 27, Rn. 4.
  6. BGH NJW-RR 2013, 1102; Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl., 2017, § 27, Rn. 4.
  7. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 27, Rn. 4.
  8. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 27, Rn. 4.
  9. იქვე.
  10. იქვე.
  11. BGH NJW 1981, 1045; OLG Jena BeckRS 2011, 00415.
  12. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 27, Rn. 7.
  13. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_239._სასყიდლიანი_აღნაგობის_უფლების_შეწყვეტა&oldid=1759"