Gccc-logo.png


მუხლი 24. ცნება. სახეები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 24. ცნება. სახეები


ირაკლი ბურდული/დემეტრე ეგნატაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

2. იურიდიული პირი შეიძლება იყოს კორპორაციულად ორგანიზებული, წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი და მისდევდეს ან არ მისდევდეს მეწარმეობას.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. მათი შექმნის, ორგანიზებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით.

4. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.

5. იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

6. იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336

I. ნორმის მიზანი

1

24-ე მუხლი წარმოადგენს იურიდიული პირის კერძოსამართლებრივი სუბიექტობისა და ამ სფეროში მისი მოქმედების კონცეპტუალურ საფუძველს.[1] სამოქალაქო კოდექსი, კერძო სამართლის იურიდიული პირებისა თუ სხვაგვარი გაერთიანებების, არარეგისტრირებული კავშირების (39) გვერდით, სხვა ნორმებშიც მიუთითებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ, თუმცა მათ მიმართ მას დეფინიციურ-რეგულატორული ფუნქცია არა აქვს. საჯარო სამართლის იურიდიული პირი მხოლოდ კერძოსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობებში ექცევა სამოქალაქო კოდექსის იურისდიქციის ქვეშ, ე. ი. იძენს კერძო სამართლის სუბიექტობას (8 II, 24).

აღნიშნული მუხლის დანიშნულება იურიდიული პირის ცნების, სახეების (ჯგუფების), საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სხვა საჯარო დაწესებულებების კერძოსამართლებრივ სფეროში მოქმედების ფუნდამენტური დებულებებისა და, ასევე, სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ნორმატიული საფუძვლის განსაზღვრით ამოიწურება.

24-ე მუხლის რეფორმა დღემდე მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს განხორციელდა.[2] აღნიშნული ცვლილება მთლიანად შეეხო იურიდიული პირების ზოგად სამოქალაქო სამართალს და მისი ახალი ძირითადი პრინციპები ჩამოაყალიბა.

II. მოძღვრება იურიდიული პირის შესახებ (ისტორიული მიმოხილვა)

2

იურიდიული პირის შესახებ თეორიული მოძღვრება არსებითად კონტინენტურევროპულ, ძირითადად, გერმანული სამართლის მეცნიერებას ეკუთვნის.[3] მოძღვრების ზოგიერთმა ელემენტმა, როგორიც არის, მაგალითად, იურიდიული პირის, მისი დამფუძნებლისა თუ წევრისაგან განცალკევებული და დამოუკიდებელი პიროვნულობა, განსაკუთრებული განვითარება ჰპოვა პრეცედენტული სამართლის სისტემაშიც.[4] აღნიშნული საერთო დოქტრინის სხვადასხვა პრინციპი დღეს ახლებური გაგებით გამოიყენება.[5] ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მოძღვრების რამდენიმე ისტორიული ასპექტი, რომლის მიუხედავადაც, იურიდიული პირის შესახებ შეხედულებათა განვითარების მთავარ პერიოდად მაინც XIX და XX საუკუნე უნდა ჩაითვალოს.

1. ძირითადი თეორიები

3

სამართლებრივ ურთიერთობაში სუბიექტად ადამიანთა, ანუ ბუნებრივ პირებთან ერთად ხელოვნური პირებიც, ორგანიზაციული წარმონაქმნებიც, ე. ი. იურიდიული პირებიც[6] მონაწილეობენ (1, 8 I 1). ინსტიტუციური თვალსაზრისით იურიდიული პირის წარმოშობის თაობაზე გერმანული სამართალმცოდნეობა სამ ძირითად თეორიას იცნობს: ფიქციის თეორია, რეალური კავშირის თეორია და მიზნობრივი ქონების თეორია.[7] დღეს მათ ზოგიერთი შეხედულება მხოლოდ ისტორიულ მნიშვნელობასღა ანიჭებს,[8] თუმცა სხვა მოსაზრებით, მსჯელობა მათ შესახებ შესაძლოა კვლავაც აქტუალური იყოს.[9]

[10]===2. მოძღვრების წარმოშობა საქართველოში===

4

იურიდიული პირის, ორგანიზაციული წარმონაქმნის, კორპორაციული სუბიექტის პირველსახედ ისტორიულად როგორც სხვა გეოგრაფიულ რეგიონებში, ისე ამიერკავკასიაშიც ვაჭარ-ხელოსანთა გაერთიანებები, ასნაფები, ამქრები, ასევე, რაინდთა დაჯგუფებები _ „ლაშქარნი“ და სამონასტრო სავანეთა საძმოები განიხილება.10 ხელოსან-ვაჭრების ასეთი გაერთიანებების არსებობა საქართველოში X-XII საუკუნეებში, ხოლო ასნაფთა და ამქართა ორგანიზაციების რეალურობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონში არაბთა სახალიფოს გავლენის გამო, უკვე VIII საუკუნიდან დასტურდება.[11] საგულისხმოა, რომ ცნობები მრავლად მოიპოვება საკორპორაციო წესწყობილების შესახებ იმავე პერიოდის ბიზანტიაში, რომელთანაც ქართულ სახელმწიფოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა.[12]

5

ივანე ჯავახიშვილი განიხილავს სამონასტრო საძმოთა საკორპორაციო წესწყობილების ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშანს შუა საუკუნეების საქართველოში, როგორიც არის გაერთიანების ხელმძღვანელობა — „წინამჯდომელობაჲ“, ფინანსური მმართველი — „მეჭურჭლე“, საერთო კრება, როგორც მმართველობის უმაღლესი ორგანო _ „კრებული ყოველთა ძმათაჲ“ და „ყოველი სავსებაჲ ძმათაჲ“, გადაწყვეტილების მიღება საერთო ნების საფუძველზე — „ერთითა განზრახვითა“, „ერთნებაობითა“, „ერთსულობისა მიერ ძმათაჲსა“, „ერთითა სიტყვითა“.[13]

იურიდიული პირის, კორპორაციული[14] წარმონაქმნის შესახებ მსჯელობის საფუძველს იძლევა კიდევ ერთი ცნების „ერთი გუამი“ არსებობა მსგავს ისტორიულ წყაროებში, რომელიც სწორედ ერთიანი სხეულის ან პიროვნების აღმნიშვნელად უნდა გამოიყენებოდეს. ივანე ჯავახიშვილს გამოაქვს დასკვნა, რომ ქართული სამართლის ისტორიაში აქ ირკვევა სწორედ იმ დოქტრინის არსებობა, რომელიც იურიდიული პირის შესახებ მოძღვრების სახელით არის ცნობილი.[15]

III. იურიდიული ელემენტები

6

იურიდიული პირების სამართალს სხვადასხვა მართლწესრიგში განსხვავებული ფუნქციური აგებულება აქვს.[16] 24 I მუხლი იურიდიული პირის ცნებას ელემენტობრივი განსაზღვრებით იძლევა და იურიდიული პირების შესახებ ნორმებს სწორედ მისით იწყებს. თავისთავად იურიდიული პირი არის ხელოვნური წარმონაქმნი, რომელსაც მართლწესრიგი ბუნებითი პირის თვისებებს სძენს და ამდენად, სამართალსუბიექტად მიიჩნევს და რომელიც ასოციაციის კონსტიტუციურ საფუძველს ემყარება.[17] ამასთან, იურიდიული პირის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისეული განსაზღვრება სრულ თანხვედრაშია კორპორაციული წარმონაქმნის განვითარებულ სამართლებრივ სისტემებში გავრცელებულ დეფინიციასთან.[18] იგი შეიცავს შვიდ ძირითად ნიშანს, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.

1. მიზანი

7

იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული მიზნით. მიზანი შეიძლება ჩაითვალოს წარმონაქმნის ინჰერენტულ ნიშნად, ვინაიდან წარმონაქმნის „ბიოგრაფიაში“ არ არსებობს მიზნის არმქონე ან მისადმი ინდიფერენტული პერიოდი. ამიტომ იგი იურიდიული პირის კონსტიტუტიურ ელემენტად მიიჩნევა.[19]

მიზანი, როგორც ლეგალური ნიშანი, მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ ინტერესით, რომლის ცნებაც კანონმდებელს შემოღებული არ აქვს. დამფუძნებლის, დამფუძნებლების ან წევრების მიზანი გაცილებით ფართოდ უნდა იქნეს აღქმული, ვიდრე მათივე ინტერესი. ინტერესი შეი- ძლება იყოს ყოველდღიურ საქმიანობასთან, ყოველ წვრილმანთან დაკავშირებული საჭიროება, მოთხოვნილება მაშინ, როცა მიზანი გაცილებით მაღალ ღირებულებას წარმოადგენს.

8

აღსანიშნავია, რომ ფაქტობრივ სინამდვილეში სამართლებრივად და წარმონაქმნის ინსაიდერი მხარისათვის მნიშვნელოვანი მიზანი შესაძლოა არ დაემთხვეს ერთმანეთს.[20] წარმონაქმნის „საინიციატივო ფაზაზე“ არსებითია სამართლებრივად რელევანტური მიზანი.

გარდა ამისა, ურთიერთობის მხარეთათვის შესაძლოა თავიდანვე არსებობდეს ანდა შემდგომში წარმოიშვას სხვა, არასადამფუძნებლო მიზანი, რომელიც მნიშვნელობით შეიძლება აღემატებოდეს კიდეც სამართლებრივად რელევანტურ, ფორმალურად გაცხადებულ მიზანს.

9

დაბოლოს, საქართველოს სამოქალაქო სამართალი ზემოგანხილულ ნიშანს არ აკავშირებს არც იურიდიული პირის სპეციალური უფლებაუნარიანობის წესთან და არც მიზნობრივი ქონების თეორიასთან. ეს მიზანი და მის ნიადაგზე განსაზღვრული საქმიანობის საგანი იურიდიული პირის ინსაიდერებს ბოჭავს მხოლოდ შიდა ურთიერთობაში და გარე ურთიერთობებისათვის მას შეიძლება მხოლოდ ნაკლებად მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდეს.[21]

2. საკუთარი ქონება

10

24 I მუხლის დებულება „საკუთარი ქონების მქონე“ დაზუსტებას საჭიროებს. კანონმდებლის მიზანს იურიდიული პირის ფაქტობრივი ქონებრივი მდგომარეობის ხაზგასმა არ წარმოადგენს. აქ ნორმა მიუთითებს მხოლოდ „მესაკუთრეობის“, ქონების ქონის უნარზე, რომელიც იურიდიულ პირს, როგორც ფიზიკური პირის თვისებებით მართლწესრიგის მიერ აღჭურვილ სუბიექტს, ცხადია, გააჩნია, ანუ მას შეუძლია, ჰქონდეს ქონება.[22]

11

იურიდიული პირის (ა) ქონება განსხვავდება მისი ინსაიდერების ქონებისაგან და (ბ) იგი, როგორც სუბიექტი, თავისთავად არ წარმოადგენს ქონებას მისი ინსაიდერების ხელში.

კორპორაციის[23] ქონებრივი ავტონომია გულისხმობს წევრებისა და გაერთიანების ქონების სწორედ მკაცრ გამიჯვნას, ე. ი. თუკი იგი, როგორც სუბიექტი, სრულყოფილი „არსებაა“ ქონებრივი უნარისა თუ შესაძლებლობის თვალსაზრისით, მაშინ არ არსებობს საჭიროება, რომ მისი ქონება რეალურად ან წევრთა ქონებად ითვლებოდეს და ან თავად იყოს მუდმივად დამოკიდებული საკუთარ წევრებზე, ვინაიდან მას ისევე სრულფასოვნად შეუძლია ჰქონდეს ქონება, როგორც ნებისმიერ უფლებაუნარიან ფიზიკურ პირს.

გარდა ამისა, იურიდიული პირი, როგორც სუბიექტი, არ არის ქონება, ანუ, თავისთავად, იგი არ მიიჩნევა მისი ინსაიდერების ქონებად. ცხადია, იურიდიული პირი ვერ იქნება ქონება იმ მნიშვნელობითაც, რომ იგი, როგორც ქონება, ვერ შეიძენს სხვა ქონებას მაშინ, როცა მას, როგორც სუბიექტს, ეს შეუფერხებლად შეუძლია. ამასთან, შესაძლებელია იურიდიული პირის, როგორც ცნების, და მისი ქონების, როგორც ამ ცნების მატერიალური ხასიათის მქონე ძირითადი ელემენტის ურთიერთასოცირება. მსგავს, მაგრამ ცალკეულ, უფრო ვიწრო შემთხვევაში გამოიკვეთება მეწარმის ობიექტური და სუბიექტური მხარეები.[24]

12

იურიდიული პირის ეს ელემენტი — ქონება — და მისი დეფინიცა სანივთო სამართლის სფეროს განეკუთვნება.[25] მას, როგორც ნორმატიულ ცნებას, განამტკიცებს 147-ე მუხლი.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირის მიერ ქონების მფლობელობა, ფიზიკური პირის მიერ ქონების მფლობელობასთან შედარებით, როგორც ამ ქონების მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმირების საფუძველი (158 I), შესაძლოა, გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებოდეს. აქ საუბარი არ ეხება ისეთ ქონებას, რომელზეც საკუთრების უფლება მხოლოდ საჯარო რეგისტრაციით უნდა დასტურდებოდეს (158 II 1).

ფიზიკური პირი ქონების მიმართ რეალურ, მატერიალურ მფლობელობით ურთიერთობაში შეიძლება იმყოფებოდეს მაშინ, როცა იურიდიულ პირს არ შესწევს უნარი, შევიდეს ამგვარ მფლობელობით ურთიერთობაში ფიზიკური თვალსაზრისით; ქონების მიმართ იურიდიულ პირი შესაძლოა იყოს მხოლოდ ფორმალურ მფლობელობით ურთიერთობაში. შესაბამისად, იურიდიული პირის მიერ ცალკეული ქონების მიმართ მფლობელობითი მდგომარეობის არსებობა შესაძლოა მყარ დოკუმენტურ დადასტურებას საჭიროებდეს. ამასთან, მფლობელობითი ურთიერთობის აქ ხსენებული ორივე სახე ფაქტობრივი ბატონობის კატეგორიაში ექცევა (155 I).[26]

3. ორგანიზებულობა

13

წარმონაქმნის ორგანიზებულობა (ა) გულისხმობს შიდა სტრუქტურის არსებობას, რომელიც სუბიექტის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, (ბ) საჯარო რეგისტრაციის მიზნებისათვის დეკლარირებულია მისი კონსტიტუტიური აქტით და (გ) ავლენს სუბიექტის მოქმედების გეგმაზომიერებას.

14

ახალი სუბიექტის შექმნა, მისი ფუნდამენტური მიზნ(ებ)ის განსაზღვრა-გაერთიანების შემდეგ, უპირველესად, შიდა სტრუქტურის, შინაგანი აგებულების შემუშავებას მოითხოვს. ორგანიზებულობის ნიშანი მიუთითებს სუბიექტის სწორედ შინაარსობრივ მხარეზე, რომელიც, ცხადია, ავსებს და შეადგენს ფორმას, მაგრამ გამიჯნულია მისგან.

წარმონაქმნის შინაგანი აგებულება უკავშირდება მის ფუნქციონირებას. ეს განპირობებულობა ნიშნავს იმას, რომ ცალკეულ სამოქმედო-ფუნქციურ საჭიროებას, გარკვეული ორგანული ელემენტ(ებ)ი უნდა ემსახურებოდეს. შესაბამისად, ორგანიზმის შემადგენელი ნაწილების შემოღება და მათი საშუალებით ამ ორგანიზმის განსაზღვრული წესით აგება სწორედ სამოქმედო-ფუნქციურ ამოცანათა თავისებურებებს ეფუძნება.

15

ორგანიზებულობა, როგორც ნიშანი, საჯარო რეგისტრაციისას ვლინდება. ამ პროცესში აუცილებელია დაფუძნების ინიციატორ(ებ)ის შესაბამისი გარიგების[27] არსებობა, რომელიც როგორც წარმონაქმნის შექმნის იდეის, ისე მისი აგებულების დემონსტრირების საშუალებას წარმოადგენს.

წარმონაქმნის წესდება[28] შეიცავს დამფუძნებელ და მარეგულირებელ დებულებებს ორგანიზაციული სტრუქტურის ელემენტების, მაგალითად, მმართველობითი ორგანოების შესახებ. უმრავლეს შემთხვევაში ასეთ ერთეულს წარმოადგენს, მაგალითად, დირექტორი, პარტნიორთა საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო; ჩამოთვლილთაგან თითოეულის სრულყოფილი დახასიათება, ძირითადად, საკორპორაციო სამართლის დარგის კომპეტენციაა.

16

იურიდიული პირების ზოგადი სამართალი სწორედ ორგანიზებულობის ნიშანში შეიცავს მითითებას წარმონაქმნის არაერთჯერად,[29] გეგმაზომიერ[30] ბუნებაზე. ასეთი ბუნების დასახასიათებლად მართებულია სისტემატურობის ტერმინის გამოყენებაც.[31]

4. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა

17

დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის ელემენტი მიუთითებს, (ა) ზოგადად, წარმონაქმნის პასუხისმგებლობა-უნარიანობასა და ასევე, (ბ) ასეთი პასუხისგების დამოუკიდებლად განხორცილების შესაძლებლობაზე — წარმონაქმნის მონაწილეთა ჩართვის გარეშე. ეს ნიშანი გამომდინარეობს საკუთარი ქონების ელემენტისგან.[32]

18

იურიდიული პირი აღჭურვილია პასუხისგების უნარით, რაკი მას სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ მოთამაშედ წარმოვიდგენთ. პასუხისმგებლობა-უნარიანობა ქმედუნარიანობის ერთ-ერთი ასპექტია. სამართლის სუბიექტის ნებელობითმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს, მისივე, უკვე არა ნებელობითი, არამედ სავალდებულო საპასუხო ქმედება — პასუხისგება.

ამდენად, წარმონაქმნის ქმედუნარიანობა მოიცავს მის პასუხისმგებლობა-უნარიანობასაც, რომელზე მითითებასაც სწორედ დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის ელემენტი შეიცავს.

აღნიშნული ნიშანი აგრეთვე გულისხმობს პასუხისმგებლობის განხორციელებას სხვათაგან „დაუხმარებლად“, დამოუკიდებლად. ძირითადად, ასეთი პასუხისმგებლობითი „თავისუფლება“ დაკავშირებულია იურიდიული პირის მონაწილეებთან — პარტნიორებთან; ე. ი. პასუხისმგებლობის საფუძვლის წარმოშობისას კრედიტორის სასარგებლოდ პასუხს აგებს თავად იურიდიული პირი და არა მისი წევრი.

19

კანონით განსაზღვრულ ზოგიერთ შემთხვევაში[33] იურიდიული პირის პასუხისმგებლობის გზა მის პარტნიორებზე გადის. ამ გამონაკლისს წარმოადგენს ამხანაგობის ტიპის იურიდიულ პირებში — სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში — პარტნიორი და კომანდიტურ საზოგადოებაში — კომპლემენტარი.[34] კაპიტალური ტიპის საზოგადოების პარტნიორები ასეთი საფრთხისგან დაცულნი არიან.

5. საკუთარი სახელი

20

სახელის უფლება, ფიზიკური პირის მსგავსად, იურიდიულ პირსაც აქვს და მათი ფუნქციებიც დიდწილად ერთმანეთს ჰგავს. წარმონაქმნის სახელი (ა) ასრულებს საიდენტიფიკაციო როლს, (ბ) გამოხატავს პიროვნულობის უფლებას და (გ) ემსახურება სოციალურ მიზანს.[35]

21

საკუთარი სახელი ასრულებს იურიდიული პირის ინდივიდუალიზებისა და იდენტიფიცირების როლს.[36] შესაძლოა ითქვას, რომ საკუთარ სახელს ამ როლის შესრულებაში მნიშვნელოვნად ეხმარება წარმონაქმნის საჯარო რეგისტრაციისას სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი. როგორც წესი, საქმიან ურთიერთობებში მხარეები აუცილებლად მიუთითებენ საკუთარ საიდენტიფიკაციო კოდს მათივე იურიდიულ სახელწოდებასთან ერთად. ამასთან, რეგისტრაცია უზრუნველყოფს მხოლოდ საიდენტიფიკაციო კოდის და არა საკუთარი სახელის უნიკალურობას, ერთადერთობას.

სახელწოდება, რამდენადაც წარმონაქმნი გაიგივებულია და „დაჯილდოებულია“ ბუნებითი პირის ნიშნებით, მიიჩნევა პიროვნული უფლების[37] ერთერთ განმახორცილებელ, სარეალიზაციო საშუალებად.

პიროვნული უფლების გამოხატვა უკავშირდება სუბიექტის სოციალურ დანიშნულებას. იურიდიული პირი სოციალური წარმონაქმნი და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეა. ამდენად, მას ინდივიდუალური, სხვებისაგან გამორჩეული სახე უნდა გააჩნდეს. ზემოგანხილულ სხვა ფუნქციებთან ერთად, სახელწოდების არსებობას ეს დანიშნულებაც აქვს.

დაბოლოს, იურიდიულ პირს, ფიზიკური პირისაგან განსხვავებით, არ შეიძლება ჰქონდეს ფსევდონიმი. თუმცა, ხშირად ვხვდებით მათ სახელწოდებათა შემოკლებებს. ასეთ დამატებით სახელებს შესაძლოა მიეცეთ გარკვეული იურიდიული შინაარსი, მაგ., სავაჭრო ნიშნად რეგისტრაციის გზით. სრულყოფილი სახელწოდება კი ზოგ შემთხვევაში ისედაც იწვევს პირად არაქონებრივ უფლებრივ ეფექტს.[38]

6. გარიგებაუნარიანობა

22

გარიგების დადების უნარი, გარიგებაუნარიანობა იურიდიული პირის ქმედუნარიანობის ნაწილია. წარმონაქმნის ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა წარმოიშობა ერთდროულად, რაც მას განასხვავებს ფიზიკური პირისაგან.[39] საერთოდ, ბევრი მსგავსების მიუხედავად, ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა განსხვავებულია.

23

იურიდიული პირის ეს ნიშანი, ერთი მხრივ, აქცენტს სვამს წარმონაქმნში (საერთო) ნების ჩამოყალიბებისა და გამოვლენის შესაძლებლობაზე. მეორე მხრივ, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, გარიგებაუნარიანობა არის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი, სამოქალაქო ბრუნვის პირობებში იურიდიულმა პირმა შეძლოს სხვადასხვა უფლებისა და მოვალეობის შეძენა.

7. საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა

24

წარმონაქმნის აქტიური და პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა მისი ზოგადი უფლებაუნარიანობის მორიგი გამოვლინებაა. აქტიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა გულისხმობს სასამართლოში — მოსარჩელედ, ხოლო პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა მოპასუხედ გამოსვლის შესაძლებლობას. ორივე მათგანი სასამართლო პროცესში მხარედ მონაწილეობას უკავშირდება.[40]

საპროცესო უფლებაუნარიანობისა და საპორცესო ქმედუნარიანობის ლეგალურ ცნებებს ასევე სამოქალაქო-საპროცესო კანონმდებლობა განსაზ- ღვრავს.[41] სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის საპორცესო კანონმდებლობა ამ მხრივ დეფინიციურ როლს არ ასრულებს.

სასამართლო წარმოებაში მონაწილეობის, სასამართლოსადმი მიმართვისა თუ მოპასუხეობის უფლება, შეიძლება ითქვას, არსებითი ბერკეტია სამართლის ნებისმიერი სუბიექტისათვის საკუთარი კანონიერი უფლების განხორციელების დაცვისათვის. ამიტომ, იურიდიულ პირს კანონი სრულყოფილად აღჭურავს ამ შესაძლებლობით.

IV. იურიდიული პირის ძირითადი ტიპოლოგიური კლასიფიკატორები

25

იურიდიული პირების კლასიფიკაციას აქვს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული დანიშნულება.[42]

იურიდიული პირების დაჯგუფება ბევრნაირად არის შესაძლებელი. სამართლის სხვადასხვა სისტემა სხვადასხვაგვარ მიდგომას ირჩევს იურიდიული პირის სახეობათა ჩამონათვალისა თუ მათი განმასხვავებელი ნიშნების თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი წარმონაქმნთა კლასიფიკაციას ორგანიზაციული თეორიის ზოგადი პრინციპების საფუძველზე ახდენს.

24 II გამოყოფს ოთხ კატეგორიას იურიდიული პირების დასაჯგუფებლად: კორპორაციული ორგანიზებულობა, წევრთა გაერთიანება, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებულება ან მისგან დამოუკიდებლობა და სამეწარმეო ან არასამეწარმეო საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ ეს ნიშნები ურთიერთგამომრიცხავი არ არის, ე. ი. ცალკეულ წარმონაქმნს შესაძლოა ერთდროულად გააჩნდეს ზოგიერთი მათგანი.

1. კორპორაციული ორგანიზებულობა

26

კორპორაციულად აგებული წარმონაქმნი გამოირჩევა მნიშვნელოვანი ორგანიზაციული მახასიათებლებით. მასში შინაარსობრივი აქცენტი გადატანილია ორგანულ ნაწილებზე, მათ სტრუქტურაზე, ფუნქციასა და საერთო სისტემაზე, როგორც ასეთზე, და არა მასში მოქმედ წევრებზე, დამფუძნებლებსა თუ პარტნიორებზე, წევრთა გაერთიანებისაგან განსხვავებით.

კაპიტალური საზოგადოება კორპორაციულად ორგანიზებული წარმონაქმნის თვალსაჩინო ნიმუშია.[43] პირველ რიგში, ის არის ქონებრივი და არა ადამიანური რესურსის გაერთიანება.

2. წევრობაზე დაფუძნება

27

წევრთა გაერთიანება წარმონაქმნის პირველადი, მარტივი ფორმაა. იგი ადამიანური რესურსის საფუძველზე იქმნება. მასში მთავარია მისი წევრების კატეგორია და მრავლობითობა.

თუკი კორპორაციული ორგანიზაციის ძირითადი საყრდენი მისი სტრუქტურის ფორმაცა და შინაარსიცაა, წევრობაზე დაფუძნებულ წარმონაქმნში გადამწყვეტი მის წევრთა პერსონალურობაა. აქ იგულისხმება მათი პირადი მახასიათებლები და, ასევე, ქონებრივი მდგომარეობა. გარდა ამისა, კორპორაციულ ორგანიზაციაში მის წევრთა რაოდენობას მნიშვნელობა არ ენიჭება, რადგან მასში ქონებრივი რესურსის მობილიზებაა საჭირო. წევრობაზე დაფუძნებულ წარმონაქმნში სწორედ წევრთა თავმოყრაა, მათი რაოდენობაა სასიცოცხლო. ამრიგად, წევრობაზე დაფუძნებულ წარმონაქმნს სულ ცოტა ორი პარტნიორი მაინც ესაჭიროება.

ასეთი იურიდიული პირის მაგალითია სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.[44]

3. წევრთა მდგომარეობზე დამოკიდებულობა და მისგან დამოუკიდებლობა

28

წარმონაქმნში წევრთა მდგომარეობას შესაძლოა განსხვავებული დანიშნულება ჰქონდეს. ერთი მხრივ, გაერთიანება შესაძლოა მის წევრთა იმდენად მტკიცე კავშირი იყოს, რომ მათი შემადგენლობის მცირე ცვლილებამაც კი წარმონაქმნის არსებობას აზრი დააკარგვინოს. აქ კავშირის სიმტკიცე მისი თითოეული წევრის შემადგენლობაში ყოფნის აუცილებლობაზეც მეტყველებს. ასე, მაგალითად, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების წესდებით შესაძლოა იმის გათვალისწინება, რომ გაერთიანებიდან რომელიმე პარტნიორის გასვლა წარმონაქმნის დაშლის სამართლებირვი საფუძველი იყოს. ასეთ გაერთიანებას სამოქალაქო კოდექსი და იურიდიული დოქტრინა წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებულ წარმონაქმნად მიიჩნევს.[45]

29

თუმცა, შესაძლოა გაერთიანებას, ამ თვალსაზრისით, „ნაკლებმგრძნობიარე“ ხასიათი ჰქონდეს. მაგალითად, ხშირ შემთხვევაში იურიდიული პირი შესაძლოა გულგრილი იყოს იმ გარემოების მიმართ, თუკი მის წევრთა რიგებს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, რომელიმე პარტნიორი ტოვებს. ეს ნიშნავს, რომ ეს გაერთიანება დამოუკიდებელია მის წევრთა მდგომარეობისაგან.[46]

30

გასათვალისწინებელია, რომ წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან ამ მდგომარეობისაგან დამოუკიდებელი შესაძლოა იყოს მხოლოდ წევრობაზე დაფუძნებული იურიდიული პირი, ვინაიდან ამ ნიშნების გამოყენება კორპორაციული ორგანიზაციის მქონე გაერთიანებათა მიმართ არასწორი იქნებოდა.

4. სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა

31

იურიდიული პირების მიმართ მოქმედებს კიდევ ერთი გამიჯვნის წესი: სამოქალაქო სამართლის პერსპექტივიდან ისინი შესაძლოა იყვნენ სამეწარმეო ან არასამეწარმეო საქმიანობის სუბიექტები. შესაბამისად, ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმე სუბიექტები, როგორც წესი, კერძო სამართლის იურიდიული პირები არიან და არა — საჯარო სამართლის. თუმცა, თეორიულად სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის სუბიექტიც შესაძლოა იყოს. ეს გარემოება განპირობებულია იმით, რომ სახელმწიფო, უმრავლეს შემთხვევაში, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად, არჩევანს კერძო სამართლის სხვადასხვა ტიპის იურიდიულ პირებს შორის აკეთებს.[47]

სამეწარმეო და, შესაბამისად, მისგან გამომდინარე, არასამეწარმეო საქმიანობის ცნებებს იძლევა სამეწარმეო სამართალი.[48] ამდენად, აღნიშნული ნიშნების დახასიათებისასაც მას უნდა მივმართოთ.[49]




  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მოქმედებისა და რეგულირების სფეროების შესახებ იხ; ნინიძე, სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, ჭანტურია (რედ.), პროფ. აკაკი ლაბარტყავას საიუბილეო კრებული, 2013, გვ. 151 და მომდევნო.
  2. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის №3967 კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 224; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 162; Deiser, The Juristic Person, University of Pennsylvania Law Review and American Law Register, Vol. 57, No. 3, 1908, pp. 136-137; ტერმინის პოსტსაბჭოთა სივრცეში დამკვიდრების, იურიდიული პირის ცნების, როგორც აბსტრაქტულ-სამართლებრივი კატეგორიის შესახებ ამ ქვეყნებში იხ.: Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien, BWV 2010, S. 85 ff.
  4. იხ. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის გადაწყვეტილება Salomanv. A. Saloman & Co. Ltd [1897] AC 22.
  5. შდრ. თანამედროვე პრინციპი, რომელიც გერმანულ სამართალში ცნობილია სახელით Haftungsdurchgriff, ხოლო ინგლისურენოვანი სამართლის ქვეყნებში სახელით — piercing the corporate veil (იხ. გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება Adam sv. Cape Industriesplc [1990] Ch 433. აშშ-ში აღნიშნული ინსტიტუტის დოგმატური საფუძვლები იხ.: Merkt/Göthel, US-amerikanisches Gesellschaftsrecht, 2. Aufl., Rn. 376 ff.; ამ პრინციპის ქართულენოვან შესატყვისად უკვე დამკვიდრდა კორპორაციული საფარველის გამჭოლვა, რის შესახებაც იხ. გულაშვილი, კორპორაციული საფარველის გამჭოლვა, როგორც კრედიტორთა დაცვის განსაკუთრებული ღონისძიება მშობელ-შვილობილ კომპანიათა ურთიერთობის კონტექსტში, 2011, გვ. 69 დამომდევნო; ბურდული, საწესდებო კაპიტალი და მისი ფუნქციები, თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 235 და მომდ. იგივე პრინციპი დაფიქსირებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებაში საქმეზე № ას-286-272-2013, როგორც გამჭოლი პასუხისმგებლობის დადგომა ან კორპორაციული საფარველის ჩამოხსნა.
  6. ქართულ სამართლებრივ ენაში სახელი იურიდიული პირი, საფიქრებელია, რუსულენოვანი ანალოგის юридическое лицо გავლენით უნდა დამკვიდრებულიყო, რადგან პირველად იგი გამოყენებულ იქნა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის 1923 წლის 18 აგვისტოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მეცამეტე მუხლში, რომელსაც დეფინიციური ფუნქცია აქვს და რომელიც ზუსტი ასლია რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის 1922 წლის 31 ოქტომბრის სამოქალაქო კოდექსის მეცამეტე სტატიისა. თავის მხრივ, საბჭოთა სამართალში, პირველ საბჭოთა სამოქალაქო კოდიფიკაციაში, ეს ტერმინი გერმანულენოვანი განათლების მქონე რუსი იურისტების, პიოტრ სტუჩკასა და ადოლფ იოფეს მეშვეობით დამკვიდრდა. გერმანულენოვან სამართლებრივ ტერმინს Juristische Person ინგლისურად juristic person შეესაბამება მაშინ, როცა ინგლისური სახელი ლეგალ პერსონ ზოგადად სამართლებრივად უფლებაუნარიან სუბიექტს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს გულისხმობს და მას გერმანულენოვანი Rechtspersönlichkeit შეესატყვისება. ზოგიერთი მართლწესრიგისათვის, მაგალითად, ფრანგული, ავსტრიული სამართლის სისტემისათვის ეს მოვლენა ცნობილია სახელწოდებით მორალური პირი — personne morale (moralische Person). ქართულ ენაზე იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 164 და ხეცურიანი, იურიდიული პირის საკანონმდებლო რეგულირების ძირითადი პრობლემები, ჯორბენაძე/კნიპერი/ჭანტურია (რედ.), სამართლის რეფორმა საქართველოში, 1994, გვ, 192 და მომდევნო.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 224-228; 1997 წლის 26 ივნისის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემუშავების პროცესში ზემოდასახელებული თეორიების განხილვის შესახებ იხ. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, გვ. 213 და მომდევნო. ასევე იხ. ქირია, საკორპორაციო სამართლის სისტემა საქართველოში, 2011, გვ. 18-19 და პეპანაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 213 და მომდევნო.
  8. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 162.
  9. შდრ. Teubner, Enterprise Corporatism: New Industrial Policy and the “Essence” of the Legal Person, 36 American Journal of Comparative Law 130, 1988, p. 132-133. ამასთან, აღნიშნულ თეორიათა ვრცელი შეფასებისათვის იხ. Deiser, The Juristic Person, University of Pennsylvania Law Reviewand American Law Register, Vol. 57, No. 3, 1908, pp. 136-137 და Koessler, The Person in Imagination or Persona Ficta of the Corporation, 9 Louisiana Law Review 4, 1949, p. 435 და მომდევნო. გარდა ამისა, მოძღვრების ისტორიული განვითარების თეორია განიხილება ფრანგული სამართლის სისტემის თვალთახედვიდანაც, რის შესახებაც იხ. Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht, 2. Aufl., 1994, 1 D 301 და მომდევნო.
  10. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტომი II, 1929, გვ. 321.
  11. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტომი II, 1929, გვ. 321.
  12. იქვე, 1929, გვ. 321; ასევე საქართველოში იტალიელი, ვენეციელი და გენუელი ვაჭრების ურთიერთობების შესახებ იხ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, 2011, გვ. 133-134; სავაჭრო ხასიათის ურთიერთობის შესახებ, ზოგადად, ასევე იხ. ნათაძე, საქართველოს ისტორიის მოკლე სოციოლოგიური მიმოხილვა, I, 1925.
  13. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტომი II, 1929, გვ. 324-328; ასევე შდრ. წმ. გრიგოლ ფერაძე, ბერმონაზვნობის ისტორიისათვის საქართველოში, 2012, გვ. 87 და მომდევნო; გვაზავა, ზოგიერთი ცნობა ქართულ მონასტერთა ძველ წეს-განგებათა შესახებ, სამეცნიერო ჟურნალი ლოგოსი, 6/2011, გვ. 52-55. ერთ-ერთ ასეთ ჩვენს დრომდე მოღწეულ დოკუმენტს წარმოადგენს, მაგ., 1204-1234 წლებით დათარიღებული „განგებაჲ ვაჰანის ქვაბთაჲ“, დოლიძე (გამ.), ქართული სამართლის ძეგლები, ტომი III, 1970, გვ. 135-150.
  14. ლათ. corpus — სხეული.
  15. ჯავახიშვილი, ქართული სამართლის ისტორია, ტომი II, 1929, გვ. 329-330 და მომდევნო.
  16. მაგ., იურიდიული პირების შესახებ პირველი ნორმები გერმანიის სამოქალაქო კოდექსში (§ 21 Nichtwirtschaftlicher Verein (არაკომერციული კავშირი) და § 22 Wirtschaftlicher Verein (კომერციული კავშირი)) უფლებაუნარიანობის წარმოშობის საფუძველს განსაზღვრავს; შვეიცარიის სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი იურიდიული პირის მინიმალურ ნიშნებს ჩამოთვლის და წარმოშობის მომენტს ადგენს, ხოლო მომდევნო 53-ე მუხლი უფლებაუნარიანობას ეხება; ესპანეთის სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლი კანონით ნებადართულ იურიდიულ პირებს ჩამოთვლის და მათზე მოქმედ იურისდიქციას განსაზღვრავს; პორტუგალიის სამოქალაქო კოდექსში, რომელიც წააგავს ესპანურ კოდექსს, 157-ე და 158-ე მუხლები ანალოგიური თანმიმდევრობით განსაზღვრავს სუბიექტებს და შემდეგ — დაფუძნების, უფლებაუნარიანობისა და იურისდიქციის საკითხს; ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსი იურიდიული პირების სკრუპულოზურ მოწესრიგებას შეიცავს, მისი მეორე წიგნის პირველი სამი მუხლი მხოლოდ ჩამოთვლის სამართალსუბიექტობის მქონე საჯარო, საეკლესიო-რელიგიურ და კერძო პირებს და ა. შ. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 161.
  17. საქართველოს კონსტიტუცის 26-ე მუხლი; იმავე შეხედულებისათვის იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 215; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 160. ანალოგიურ პრინციპს განამტკიცებს, მაგ., გერმანიის ძირითადი კანონის მე-9 მუხლი.
  18. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, გვ. 98; კრიტიკულად: ქირია, საკორპორაციო სამართლის სისტემა საქართველოში, 2011, გვ. 19, 22 და მომდევნო.
  19. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 98; ასევე, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 219; ასევე, კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 166-167.
  20. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 99; ასევე, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 219.
  21. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 99; ასევე, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 219.
  22. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, გვ. 100-101; ასევე, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 220; ასევე, კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 167.
  23. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, 2010, გვ. 110-117.
  24. ჭანტურია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, 2002, გვ. 12-13.
  25. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 26 და მომდევნო.
  26. ასევე იხ. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 55 და მომდევნო.
  27. შესაძლოა სადავო იყოს, რამდენად არის ერთი ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის დაფუძნება გარიგება, როგორც მას სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლი განსაზღვრავს, თუმცა საფიქრებელია, რომ ეს სწორედ ცალმხრივი გარიგების ნაირსახეობაა. სხვადასხვა წყაროზე მითითებით: ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, 2010, გვ. 406, მე-40 სქოლიო.
  28. წესდების ნორმატიული ცნება სრულყოფილად შემოაქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 3 IV1 მუხლს. წესდების თანამედროვე ქართული გაგების შესახებ იხ.: ჭანტურია, საწესდებო ავტონომია საკორპორაციო სამართალში, წიგნში: სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, 2010, გვ. 560-571.
  29. არაერთჯერადობის ლეგალურ ნიშანს განამტკიცებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 1.2.
  30. გეგმაზომიერება შეიძლება ჩაითვალოს არაერთჯერადობის, როგორც ნიშნისა თუ თვისების, უფრო მკაფიო გამოხატულებად, ვინაიდან არაერთჯერადობა სემანტიკურად შეიცავს არასაჭირო აქცენტს საქმიანობის პერიოდულობისა და ციკლურობის მიმართ. იხ. ჭანტურია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, 2002, გვ. 2-3.
  31. იხ. ჭანტურია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, 2002, გვ. 2.
  32. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 221.
  33. მაგ., „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 II.
  34. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 221; პეპანაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 222-223; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, 161.
  35. დაწვრილებით იხ. 27-ე მუხლის კომენტარი.
  36. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 221. ცხადია, იმავე როლს ასრულებს საკუთარი სახელი ფიზიკური პირისათვის, რასაც ადგენს სამოქალაო კოდექსის 17-ე მუხლი; იხ. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 52.
  37. ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების რეჟიმის იურიდიულ პირებზე გავრცელების საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლი. იხ. ბურდული, დემეტრაშვილი (რედ.), საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი (თავი II), 2013, გვ. 598 და მომდევნო. წარმონაქმნის პიროვნული უფლებების არსებობა აღიარებულია სამართლებრივ ლიტერატურაშიც. ამის თაობაზე იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 131-133, ასევე, კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, 2003, გვ. 92-94, ხოლო თავად ქართულ ტერმინს ამგვარი ფორმით ამკვიდრებს იურიდიული ლიტერატურა, მაგ., ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 52.
  38. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 222.
  39. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 113; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 234.
  40. სამოქალაქო სასამართლო პროცესში იურიდიული პირის მხარედ გამოსვლის შესაძლებლობას განამტკიცებს საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი“ მუხ. 79 I 2.
  41. საქართველოს კანონის „საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი“ 80 I და 81 I მუხლები.
  42. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, გვ. 102-103; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 242.
  43. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 244.
  44. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 245.
  45. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 245.
  46. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 245.
  47. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 243.
  48. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, მუხ. 1 I 2 და 1 II.
  49. ჭანტურია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, 2002, გვ. 1-8.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_24._ცნება._სახეები&oldid=1051"