Gccc-logo.png


მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 240. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ აღნაგობიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საჯარო რეესტრში აღნაგობის უფლების ადგილს იკავებს და იმავე რიგით ცვლის მას.

2. თუ აღნაგობის უფლება მისი ვადის გასვლის დროისათვის ჯერ კიდევ დატვირთულია იპოთეკით, იპოთეკარს აქვს ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის უფლება.

საქართველოს 2015 წლის 16 ოქტომბრის კანონი #4336 – ვებგვერდი, 20.10.2015წ.

I. ანაზღაურების მოთხოვნა, 240 I

1

240 I მუხლი აწესრიგებს აღნაგობიდან წარმოშობილ ანაზღაურების მოთხოვნას, თუმცა ღიად ტოვებს მისი სამართლებრივი ბუნებისა და წინაპირობების საკითხებს. რეესტრში აღნაგობის ადგილას მისი შეწყვეტის შემდეგ რეგისტრირდება ანაზღაურების მოთხოვნა. ეს მეაღნაგის თავისებური (sui generis) უზრუნველყოფის საშუალებაა.[1] გამომდინარე იქიდან, რომ მისი არსებობა აღიარებულია აღნაგობის სამართალში, ეს არ არის numerus clausus-ის პრინციპის დარღვევა. ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაციისას არ არის აუცილებელი მისი ოდენობის ზუსტად მითითება ციფრებში: საკმარისია მითითება აღნაგობის ხელშეკრულებაზე და, თუ ის არ შეიცავს კომპენსაციის სპეციალურ წესს, – ზოგადად კანონზე.[2] ანაზღაურების მოთხოვნა ნებისმიერ შემთხვევაში განსაზღვრადია კანონისა და სახელშეკრულებო დანაწესების საფუძველზე.

2

ეს გადაწყვეტა უზრუნველყოფს რეესტრის მაქსიმალურ საჯაროობას, რომელიც ამგვარად ყოველთვის რეალურ სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავს.[3] აღნაგობის უფლება სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს, რათა რეესტრის რეალობა დაემთხვეს რეალურ სამართლებრივ მდგომარეობას. გამომდინარე იქიდან, რომ აღნაგობის წაშლა და ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია აუცილებლად ერთდროულად შეიძლება მოხდეს, ეს მოთხოვნა (ციფრებში) დაკონკრეტების გარეშე შეიძლება იქნეს შეტანილი რეესტრ- ში.[4] გარდა ამისა, მხოლოდ რეესტრში შეტანა არის მოთხოვნის ბრუნვაუნარიანობის წინაპირობა.

3

ანაზღაურების მოთხოვნა რეგისტრირდება აღნაგობის უფლების ადგილზე პირველი რიგის უფლებად. რანგთან დაკავშირებით სხვა წესზე შეთანხმება – განსხვავებით ანაზღაურების მოთხოვნის ოდენობისა და გადახდის მოდუსისაგან – დაუშვებელია, რადგან 240 I მუხლი არის იმპერატიული დანაწესი.[5]

II. იპოთეკარის გირავნობა ანაზღაურების მოთხოვნაზე, 240 II

4

240 II უზრუნველყოფს აღნაგობის იპოთეკარის სამართლებრივ პოზიციებს ამ უფლების შეწყვეტის შემდეგ. იპოთეკარი აღნაგობის უფლების შეწყვეტის შემდეგ ხდება იმ ანაზღაურების უფლების მოგირავნე, რომელიც მის ადგილს იკავებს. აღნაგობაზე არსებული ყველა სხვა სანივთო უფლება წყდება კომპენსაციის გარეშე.

5

როგორც კი მოხდება აღნაგობის გაუქმება და მის ადგილზე ანაზღაურების მოთხოვნის რეგისტრაცია, ამ მოთხოვნაზე ავტომატურად უნდა დარეგისტრირდეს ყოფილი იპოთეკარის გირავნობა. გირავნობა იკავებს იპოთეკის რანგს. გირავნობის ოდენობის მითითება აქაც, ისევე როგორც გარიგებით დადგენილი გირავნობის უფლების შემთხვევაში, ზედმეტია.[6] იპოთეკარის თანხმობა აღნაგობის გაუქმებასა და გირავნობის თანმდევი პროცედურით რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზედმეტია, რადგან ეს მის სამართლებრივ პოზიციებს, საბოლოოდ, უცვლელს ტოვებს; კანონის ძალით მომხდარი გარდაქმნა იპოთეკისა გირავნობად ავტომატურად რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.




  1. OLG Hamm DNotZ 2007, 750; Heinemann, in MüKo ErbbauRG, 7. Aufl., 2017, § 28, Rn. 1; BGH NJW-RR 2013, 1102.
  2. BGHZ 197, 140 = NJW-RR 2013, 1102; OLG Hamm DNotZ 2007, 750.
  3. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 28, Rn. 2.
  4. იქვე.
  5. Maaß, in Beck OK ErbbauRG, 43. Aufl., 2017, § 28, Rn. 3.
  6. Maaß, იქვე, § 29, Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_240._ანაზღაურების_მოთხოვნის_რეგისტრაცია_საჯარო_რეესტრში&oldid=1762"