Gccc-logo.png


მუხლი 242. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 242. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

242-ე მუხლი აყალიბებს უზუფრუქტის დეფინიციას. ის არის სხვისი ნივთით სარგებლობის ყოვლისმომცველი პირადი უფლება. ამგვარად, 242-ე მუხლი წინა პლანზე აყენებს სარგებლობის უფლებამოსილებას და მიჯნავს უზუფრუქტს სხვა სანივთო უფლებებისაგან. უზუფრუქტი განსხვავდება სერვიტუტისაგან იმით, რომ სერვიტუტს შეიძლება ჰქონდეს სხვა შინაარსი, გარდა სარგებლობისა და, თუ მის ფარგლებში სარგებლობის უფლებამოსილებაა მინიჭებული, ეს უფლებამოსილება ცალკეული სფეროთია შემოსაზღვრული – არ არის ყოვლისმომცველი სარგებლობის ურთიერთობა. ამავე ნიშნით განსხვავდება ის პირადი სერვიტუტისაგანაც.

II. დასატვირთი ნივთი

1. უძრავი ნივთი

2

უზუფრუქტით შეიძლება დაიტვირთოს მხოლოდ უძრავი ნივთი. გერმანიისაგან განსხვავებით,[1] ქართულ სამართალში მოძრავი ნივთი არ შეიძლება უზუფრუქტის საგანი იყოს. უძრავი ნივთის დეფინიციისათვის ამ შემთხვევაშიც გადამწყვეტია 149-ე მუხლი. ამგვარად, პირს უზუფრუქტის უფლება შეიძლება მიენიჭოს მიწის ნაკვეთზე, ბინაზე და ასევე მიწის ნაკვეთის მსგავს უფლებებზე, როგორიცაა, მაგალითად, აღნაგობა (იხ. 233-ე მუხლის 1-ლი ველი) გემებზე და მიწასთან გათანაბრებულ სხვა უფლებებზე.

2. საგანთა სიმრავლე, საგანთა ერთობა

3

უზუფრუქტის დადგენა შეიძლება მხოლოდ ცალკეულ საგნებზე. სანივთო ძალით საერთო უზუფრუქტის დადგენა სხვადასხვა საგანზე დაუშვებელია. იმ შემთხვევებში, როდესაც რამდენიმე საგნის უზუფრუქტით დატვირთვაა აუცილებელი, გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ხდება ერთი და იმავე შინაარსის დამოუკიდებელი უზუფრუქტის დადგენა, რითაც, საბოლოოდ, საერთო უზუფრუქტის ეფექტი მიიღწევა.[2] თუ უზუფრუქტის დადგენის ხსენებული წესის საწინააღმდეგოდ ხდება მისი დადგენა საგანთა ერთობაზე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეს საგნები საკმარისად არის გამიჯნული ერთმანეთისაგან, შესაძლებელია ამ ერთიანი უზუფრუქტის კონვერსია რამდენიმე დამოუკიდებელ უზუფრუქტად.[3]

3. ნივთის შემადგენელი ნაწილები, საკუთვნებელი, ინვენტარი

4

უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი ყოველთვის იზიარებს მთავარი ნივთის ბედს (150 I), რაც ნიშნავს იმას, რომ მთავარ ნივთზე დადგენილი უზუფრუქტი ვრცელდება ასევე არსებით შემადგენელზეც და ეს არსებითი შემადგენელი ნაწილი მთავარი ნივთისაგან დამოუკიდებლად არ შეიძლება დაიტვირთოს უზუფრუქტით.[4] არაარსებითი შემადგენელი ნაწილი არ იზიარებს მთავარი ნივთის ბედს და მასზე არც ამ მთავარ ნივთზე დადგენილი უზუფრუქტი ვრცელდება.

5

რაც შეეხება საკუთვნებელს, ის, როგორც მოძრავი ნივთი (151), შეუძლებელია დაიტვირთოს უზუფრუქტით დამოუკიდებლად, თუმცა, როდესაც მთავარი ნივთი იტვირთება უზუფრუქტით, ეს უზუფრუქტი საეჭვოობისას, გამონაკლისის სახით, საკუთვნებელზეც ვრცელდება (რაც გამომდინარეობს 245 VII მუხლიდან, იხ. 245-ე მუხლის 71-ე ველი).[5] წინააღმდეგ შემთხვევაში, მესაკუთრეს ექნებოდა საკუთვნებლის მიწის ნაკვეთიდან მოშორების შესაძლებლობა (თუ ის არ გახდებოდა ცალკე ვალდებულებითი შეთანხმების საგანი, რაც პრაქტიკაში ნაკლებ სავარაუდოა), და ეს მნიშვნელოვნად შეუშლიდა ხელს ნივთის სამეურნეო დანიშნულებისამებრ გამოყენებას.

III. უზუფრუქტუარი

1. პირადი უფლება

6

უზუფრუქტი შეიძლება დაადგინეს მხოლოდ ფიზიკური ან კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ. უზუფრუქტი, როგორც პირადი ხასიათის უფლება, შეუძლებელია დადგინდეს სერვიტუტის მსგავსად აბსტრაქტულად, კონკრეტული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სასარგებლოდ (გადავიდეს ყოველ მომდევნო მესაკუთრეზე). თუმცა დასაშვებია ფიზიკური თუ იურიდიული პირის სასარგებლოდ დადგენა იმგვარი პირობით, რომ მისი ნამდვილობა (გადადების ან გაუქმების პირობის მეშვეობით) დამოკიდებული იყოს უზუფრუქტუარის სანივთოსამართლებრივ მდგომარეობაზე, მაგალითად, კონკრეტული ნაკვეთის მესაკუთრეობა და ა. შ.[6]

2. მესაკუთრე როგორც უზუფრუქტუარი

7

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში საკამათოა, შეიძლება თუ არა მესაკუთრე იყოს უზუფრუქტუარი საკუთარ ნივთზე.[7] ჩვეულებრივ, ამგვარი კონსტრუქცია დასაშვებად მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ის მესაკუთრის პატივსადები ინტერესით არის გამყარებული.[8] ამგვარი ინტერესი სახეზეა, როდესაც მესაკუთრე ადგენს უზუფრუქტს მიწის ნაკვეთზე, რომელიც მოკლე პერიოდში უნდა გაასხვისოს უზუფრუქტის თავისთვის დატოვების პირობით.[9] ამ გამართლებული ინტერესის შემთხვევაში დასაშვებია 246 II მუხლიდან გამონაკლისის დაშვება და ე. წ. „მესაკუთრის უზუფრუქტის“ აღიარება (იხ. დამატებით 246-ე მუხლის მე-12 ველი).[10]

3. რამდენიმე უზუფრუქტუარი

8

უზუფრუქტი რამდენიმე პირს ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს შემდეგ შემთხვევებში:

1. როგორც წილობრივი საზიარო უფლება 953-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.[11] ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი უზუფრუქტუარის გარდაცვალებისას, მისი უზუფრუქტი ქარწყლდება და ცოცხლად დარჩენილებს მხოლოდ წილობრივი უზუფრუქტი უნარჩუნდებათ.[12]

2. ალტერნატივის სახით დასაშვებია ორი ან რამდენიმე უზუფრუქტუარისათვის საერთო უფლებამოსილების მინიჭება 455-ე მუხლის მიხედვით.[13] ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის სიკვდილი იწვევს იმას, რომ ცოცხლად დარჩენილი ერთადერთი უზუფრუქტუარი ხდება.

3. ერთსა და იმავე ნივთზე დამოუკიდებელი უზუფრუქტი შეიძლება რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პირს ეკუთვნოდეს. თუ ამ უზუფრუქტებს ერთი და იგივე რანგი აქვთ, მაშინ მათი გამოყენება იზღუდება ერთმანეთის სასარგებლოდ.[14] ერთ-ერთი უზუფრუქტუარის გარდაცვალების შემდეგ ცოცხლად დარჩენილის უზუფრუქტის გამოყენება აღარ იზღუდება.

4. უზუფრუქტუართა საერთო უფლებამოსილება უპრობლემოა, თუ საქმე ეხება უზუფრუქტის მინიჭებას შეუზღუდავად უფლებაუნარიანი პიროვნული გაერთიანებისათვის, როგორიც არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან კომანდიტური საზოგადოება.[15] სხვა შემთხ ვევებში შეუზღუდავი დაშვება ამ საერთო უფლებამოსილებისა კოლიდირებს პრინციპთან, რომლის მიხედვითაც უზუფრუქტი უფლებამოსილი პირის გარდაცვალებასთან ერთად ქარწყლდება (244 II), რის გამოც დაუშვებელია საერთო უფლებამოსილება, რომელიც შეიცავს იმის საფრთხეს, რომ უზუფრუქტის ხანგრძლივობა თავდაპირველად უფლებამოსილი პირის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მეტი იქნება.

IV. წარმოშობა და გაქარწყლება, არასრულწლოვანი უზუფრუქტუარი, ვადის გაგრძელება და შეკვეცა

1. წარმოშობა

9

კანონის საფუძველზე უზუფრუქტის შეძენა დასაშვებია მფლობელობითი ხანდაზმულობით (167).

10

გარიგების საფუძველზე უზუფრუქტი წარმოიშობა მისი უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის გათვალისწინებული წესით შეთანხმებით (243, 183). დასაშვებია მისი პირობადებულად ან გარკვეული ვადით დადგენა. უზუფრუქტი გადადების პირობით რეგისტრირებაუნარიანია პირობის დადგომამდეც.[16]

11

არასრულწლოვნის სასარგებლოდ უზუფრუქტის დადგენა, მისი უსასყიდლობის შემთხვევაშიც კი, არ არის მხოლოდ სარგებლიანი გარიგება, რადგან ეს მას, როგორც უზუფრუქტუარს, ისეთი ვალდებულებებით ტვირთავს,[17] რომლებიც მხოლოდ მინიჭებულ უფლებას კი არ ზღუდავს, არამედ პირადად მას ეკისრება. უზუფრუქტით დატვირთული ნივთის არასრულწლოვნისათვის საკუთრებაში გადაცემა მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებით შეიძლება (245 VI 3), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგანი გადაცემის მომენტისათვის გაქირავებულია.[18]

2. უზუფრუქტის შეწყვეტა

12

კანონის ძალით უზუფრუქტი წყდება – თუ უზუფრუქტი დადგენილი იყო ფიზიკური პირის სასარგებლოდ, – უფლებამოსილი პირის გარდაცვალებით, ხოლო იურიდიული პირის სასარგებლოდ დადგენილი უზუფრუქტის შემთხვევაში, – მისი ლიკვიდაციით (244 II 2), გაუქმების პირობის დადგომით (97), ან დათქმული ვადის გასვლით. გარდა ამისა, უზუფრუქტი უქმდება ნაკვეთზე დაუტვირთავი საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვებით (185) ან იძულებითი აღსრულების ფარგლებში ნაკვეთის აუქციონზე გასხვისებით.

13

გარიგების ძალით უზუფრუქტი შეიძლება შეწყდეს გაუქმების ხელშეკრულებით, რისთვისაც აუცილებელია უზუფრუქტის დადგენისათვის გათვალისწინებული ფორმის დაცვა (243-ე, 183-ე მუხლების ანალოგიით) და მის საფუძველზე რეგისტრაციის გაუქმება. უზუფრუქტზე უარის თქმა სხვაგვარად შეიძლება უფლების მიტოვების (184) ფორმითაც.

3. ვადის გაგრძელება და შეკვეცა

14

ვადიანი უზუფრუქტის არსებობის ვადის გაგრძელებაში იგულისხმება არა მისი შინაარსის ცვლილება, არამედ თავიდან დადგენა, რისთვისაც აუცილებელია მისი დადგენის წინაპირობების დაცვა.[19] უზუფრუქტის ვადის შეკვეცა გულისხმობს მის ნაწილობრივ გაუქმებას (იხ. გაუქმებასთან დაკავშირებით ზემოთ).

V. სამართლებრივი შინაარსი

1. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, სარგებლობის ყოვლისმომცველი უფლება

15

უზუფრუქტის დადგენის შემდეგ მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს შორის წარმოიშობა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა.[20] 242 1 მუხლის მიხედვით, უზუფრუქტუარს უფლება აქვს, მიიღოს ნივთიდან ნებისმიერი სარგებელი (245 III 1), ანუ გამოიყენოს ის, ან მიიღოს სარგებელი იმით, რომ ამ ნივთის გამოყენება მესამე პირს დაუთმოს (მესაკუთრის თანხმობით, 242 2). მასვე რჩება ნივთის მთლიანი ნაყოფი (245 III). ამგვარად, უზუფრუქტი გულისხმობს ფლობის უფლებამოსილებასაც.

16

უზუფრუქტუარს ეკუთვნის ნივთიდან მიღებული სარგებელი და, გამომდინარე აქედან, – სასყიდელი უზუფრუქტის დადგენის მომენტისათვის უკვე არსებული ქირავნობიდან თუ იჯარიდან. ის ანაცვლებს ამ ურთიერთობაში მესაკუთრეს 242 3, 572-ე მუხლების ანალოგიით.[21] თუმცა უზუფრუქტით დატვირთული ნივთის გაქირავების ან იჯარით გაცემისათვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა, (242 2) 99-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით (იხ. ამ მუხლების კომენტარი).

17

ვინაიდან უზუფრუქტუარს მხოლოდ თანასარგებლობის უფლებები აქვს, ბინის უზუფრუქტისას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში ხმის უფლება მესაკუთრეს რჩება,[22] თუმცა ცალკეულ შემთხვევებში მესაკუთრე შეიძლება ვალდებული იყოს, ხმის მიცემისას იხელმძღვანელოს უზუფრუქტუარის მი- თითებებით, მიანიჭოს მას ხმის მიცემის რწმუნებულება ან ხმის მიცემისას გაითვალისწინოს მისი ინტერესები.[23]

2. კანონის შინაარსის ხელშეკრულებისმიერი ცვლილება

ა) ზოგადი დებულებები

18

უზუფრუქტუარის უფლებამოსილება მხარეთა შეთანხმებით შეიძლება იმგვარად შეიზღუდოს, რომ გამორიცხოს ნივთით სარგებლობის კონკრეტული ფორმა. გარდა ამისა, სანივთო ურთიერთობის შინაარსი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.[24] უფლებამონაცვლის მიმართ ამგვარი შეზღუდვა ძალაშია მხოლოდ მისი საჯარო რეესტრში შეტანის შემთხვევაში. სახელშეკრულებო თავისუფლებას ამ შემთხვევაში ზღვარი დადებული აქვს „უზუფრუქტის არსით“ (იხ. ამასთან დაკავშირებით ქვევით).

ბ) წილობრივი უზუფრუქტი

19

ე.წ. წილობრივი უზუფრუქტი დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრე თავისი საკუთრების მხოლოდ ერთ ნაწილს ტვირთავს, ან თანამესაკუთრე თავის წილს – თანასაკუთრებაში.[25]

=გ) ნაწილობრივი უზუფრუქტი

20

ნაწილობრივი უზუფრუქტი გამოირჩევა იმით, რომ უზუფრუქტუარს მხოლოდ სარგებლობის „ნაწილი“ ეკუთვნის, დარჩენილი ნაწილი კი მესაკუთრეს რჩება.[26] წილობრივი უზუფრუქტისაგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში დატვირთულია მთლიანი ნივთი. თუმცა დასაშვებია საკუთრებაში წილზე ნაწილობრივი უზუფრუქტის დადგენა, ამ შემთხვევაში ერთადაა სახეზე წილობრივი და ნაწილობრივი უზუფრუქტი.[27] ნაწილობრივი უზუფრუქტისას მესაკუთრესა და ნაწილობრივი უზუფრუქტის მფლობელს შორის არსებობს თანამეუფლებეობა (Rechtsgemeinschaft), 953-ე მუხლის გაგებით.[28]

დ) სარგებლობის ცალკეული ფორმების გამორიცხვა

21

ზემოთ ხსენებული ყოვლისმომცველი სარგებლობის პრინციპი შეიძლება შეიზღუდოს და უზუფრუქტის დადგენისას გამოირიცხოს სარგებლობის ცალკეული ფორმები. ამის საპირისპიროდ დაუშვებელია უზუფრუქტის ფარგლებში სარგებლობის მხოლოდ კონკრეტული ფორმის დასაშვებად ცნობა და ყველა სხვა ფორმის გამორიცხვა.[29] ეს ფორმალური გამიჯვნის კრიტერიუმი ყოფს სერვიტუტსა და უზუფრუქტს.

ე) სარგებლობის სივრცობრივი შემოსაზღვრა, ცალკეული ნაგებობებით ან ნაგებობის ნაწილებით სარგებლობის გამორიცხვა

22

ზოგადად, უზუფრუქტის გამოყენების სივრცობრივი შემოსაზღვრა და საშვებად არის მიჩნეული.[30] ეს გადაწყვეტა განსხვავდება წილობრივი უზუფრუქტისაგან (იხ. ზემოთ) იმით, რომ ამ შემთხვევაში მთლიანი უძრავი ნივთი იტვირთება უზუფრუქტით, მაგრამ ამ უზუფრუქტის გამოყენება ნივთის სივრცობრივად შემოსაზღვრულ ნაწილზეა დასაშვები. თუმცა გაბატონებული მოსაზრების[31] მიხედვით, უზუფრუქტის არსიდან გამომდინარე, დაუშვებელია მისი გამოყენების სფეროდან კონკრეტული ნაგებობის ან ნაგებობის ნაწილის ამოღება, რადგან ეს არ შეესაბამება უზუფრუქტის არსს. გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში ეს მოსაზრება სამართლიანად არის გაკრიტიკებული.[32] მართალია, მიწაზე და მასზე აღმართულ ნაგებობაზე ზოგადად ერთნაირი სამართლებრივი რეჟიმი უნდა გავრცელდეს (150 II, I), თუმცა ეს ხელს არ უშლის ამ რეჟიმის გახლეჩას სერვიტუტის შემთხვევაში და წილობრივი უზუფრუქტის დარად (იხ. ზემოთ) აქაც შესაძლებელი უნდა იყოს სანივთო ეფექტით ცალკეული ნაგებობების ან მათი ნაწილის უზუფრუქტის გამოყენების სფეროდან ამოღება.

ვ) სასყიდელი

23

უზუფრუქტი შეიძლება ატარებდეს სასყიდლიან ხასიათს და აკისრებდეს უზუფრუქტუარს, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა, მესაკუთრისათვის დამატებით საფასურის გადახდის ვალდებულებასაც (244 1, იხ. დამატებით ამ მუხლის კომენტარში).[33]

3. უზუფრუქტის არსთან წინააღმდეგობრიობა

ა) მესაკუთრის შესრულების ვალდებულებისა და უზუფრუქტუარის განკარგვის უფლებამოსილების დაუშვებლობა

24

უზუფრუქტი მესაკუთრეს ანიჭებს სარგებლობის უფლებამოსილებას, რომელსაც შეესატყვისება მესაკუთრის მხოლოდ თმენის ვალდებულება და არა სხვა რაიმე შესრულების ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მესაკუთრისათვის რაიმე ტიპის შესრულების ვალდებულების დაკისრება ეწინააღმდეგება უზუფრუქტის სამართლებრივ არსს.[34] ეს ნიშნავს იმას, რომ სანივთო ეფექტით მესაკუთრეს არ შეიძლება დაეკისროს ნივთის მოვლის ვალდებულება 245 IV 2 მუხლის მიხედვით, არც მისი დაზღვევის (245 V) ან სხვა რაიმე ამის დარი ვალდებულება.[35]

25

გამომდინარე იქიდან, რომ უზუფრუქტი მხოლოდ სარგებლობის უფლებას ანიჭებს უფლებამოსილ პირს, ნივთის განკარგვის უფლებამოსილება მესაკუთრეს რჩება.[36] შესაბამისად, დატვირთული ნივთის განკარგვის უფ ლებამოსილების გადაცემა არ შეიძლება იყოს უზუფრუქტის გარიგების შინაარსი.[37] თუ მხარეებს მაინც სურთ ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება, მაშინ ამისათვის აუცილებელია სხვაგვარი დამხმარე კონსტრუქციის გამოყენება, როგორიცაა განკარგვის უფლებამოსილების (102), ან განკარგვის რწმუნებულების მინიჭება.[38]

ბ) უზუფრუქტის გადაცემის ზოგადი დაუშვებლობა

26

უზუფრუქტი არის პირადი ხასიათის უფლება, რაც გამორიცხავს მის მესამე პირთათვის გადაცემას (242 1). უზუფრუქტით დატვირთული ნივთის ქირით ან იჯარით გადაცემისათვის აუცილებელია მესაკუთრის თანხმობა (242 2).

გ) დამქირავებელთა, მოიჯარეთა და მესამე პირთა უფლების შეზღუდვის დაუშვებლობა

27

თუ უზუფრუქტით დატვირთული საგანი მისი დადგენის მომენტისათვის უკვე გაქირავებული ან იჯარით დატვირთულია, მესამე პირთა ეს უფლებები უზუფრუქტუარსა და მესაკუთრეს შორის შეთანხმებით სანივთო ეფექტით არ შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.[39] თუმცა დამქირავებელს, მოიჯარესა და სხვა მესამე პირებს შეიძლება მიენიჭოთ დამატებითი სამართლებრივი პოზიციები. მაგალითად, დასაშვებია, სანივთო ეფექტით გამოირიცხოს უზუფრუქტუარის უფლება, მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება პირადი საჭიროების გამო.[40]

დ) უზუფრუქტუარის გარდაცვალების შემდეგ უზუფრუქტის გაგრძელების დაუშვებლობა

28

როგორც პირადი უფლება, უზუფრუქტი ქარწყლდება უზუფრუქტუარის გარდაცვალებასთან ერთად (244 II, იხ. დეტალურად ამ მუხლის კომენტარში). ამის საპირისპირო შეთანხმებას უზუფრუქტის უფრო ხანგრძლივი დროით ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით სანივთო ეფექტი არ გააჩნია.[41] თუმცა დასაშვებია თავდაპირველი უზუფრუქტუარის გარდაცვალების (გადადების) პირობით სხვა პირის სასარგებლოდ უზუფრუქტის დადგენა.[42]

ე) უზუფრუქტუარის სუბსტანციის შენარჩუნების ვალდებულება

29

უზუფრუქტის არსიდან გამომდინარეობს უზუფრუქტუარის ვალდებულება, შეინარჩუნოს ნივთის სუბსტანცია (245 IV 2, იხ. მუხ. 245, 27-ე და მომდევნო ველები).




  1. შდრ. გსკ-ის 1030-ე პარაგრაფი.
  2. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 4.
  3. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 99.
  4. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1030, Rn. 5.
  5. იქვე, Rn. 7; მთავარი ნივთის სანივთოსამართლებრივი რეჟიმის საკუთვნებელზე გავრცელებასთან დაკავშირებით იხ.: 194 II (რომლის მოშველიებაც აქ ანალოგიით შეიძლება) და, ვალდებულებითისამართლებრივი რეჟიმის გავრცელებასთან დაკავშირებით, 324-ე მუხლი.
  6. Wegmann, იქვე, Rn. 11.
  7. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 73 და შემდეგ.
  8. OLG Köln NJW-RR 1999, 239; BGH NJW 1988, 2363; BayObLGZ 1985, 292.
  9. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1030, Rn. 12.
  10. ასეთი გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, არ ეწინააღმდეგება 246 II მუხლის სიტყვასიტყვით განმარტებას, რადგან ეს დანაწესი ეხება შემთხვევებს, როდესაც კონსოლიდაცია ხდება უზუფრუქტის დადგენის შემდეგ და არა იმ შემთხვევას, როდესაც ჯერ მესაკუთრის უზუფრუქტი დგინდება და მოკლე პერიოდში ეს უფლება და საკუთრება სხვადასხვა პირის ხელში აღმოჩნდება.
  11. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 61; BGH NJW 1981, 176; BayObLGZ 1955, 155.
  12. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1030, Rn. 14.
  13. BayObLGZ DNotZ 1956, 211.
  14. Wegmann, იქვე, Rn. 16.
  15. BGHZ 179, 102.
  16. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 19.
  17. BFH NJW-RR 1990, 1036.
  18. BGH NJW-RR 2005, 1430; Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1030, Rn. 1430.
  19. OLG Britische Zone MDR 1949, 470.
  20. BGH DNotZ 2016, 469.
  21. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 26.
  22. იქვე, Rn. 26a.
  23. BGH NJW 2002, 1647.
  24. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 27.
  25. იქვე, Rn. 28.
  26. LG Köln MittRhNotK 1999, 246; LG Wuppertal Rpfl eger 1995, 209; BayObLGZ 1973, 172.
  27. OLG Schleswig MittBayNot 2009, 377.
  28. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1030, Rn. 5.
  29. BayObLG Rpfl eger 1981, 439; Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 118.
  30. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 28.
  31. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1030, Rn. 6; BayObLGZ 1979, 361; RGZ 164, 196.
  32. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 121; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030 Rn. 31.
  33. BayObLGZ 1985, 12; საწინააღმდეგო მოსაზრებასთან დაკავშირებით იხ.: Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 133.
  34. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 28.
  35. BayObLGZ 1985, 6; 1972, 364.
  36. Wegmann, იქვე, Rn. 34.
  37. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1030, Rn. 7.
  38. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 34.
  39. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 19; Wegmann, იქვე, Rn. 36.
  40. Wegmann, იქვე, Rn. 36.
  41. Pohlmann, იქვე, Rn. 19.
  42. Wegmann, იქვე, Rn. 37.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_242._ცნება&oldid=1770"