Gccc-logo.png


მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.

I. ზოგადი დებულებები

1

243-ე მუხლი უზუფრუქტის დადგენის წესთან დაკავშირებით უთითებს უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის დანაწესზე, ანუ 183-ე მუხლზე. ამგვარად, 183-ე მუხლში წამოყენებული ორი სახელმძღვანელო პრინციპი ძალაში რჩება უზუფრუქტის გარიგებით შეძენისთვისაც. ესენია: მატერიალურსამართლებრივი შეთანხმებისა და საჯაროობის პრინციპები.[1] უფლების შეძენისათვის აუცილებელია ხელშეკრულება იმ პირსა, რომლის სამართლებრივი პოზიციები იზღუდება და უფლების შემძენს შორის და საჯარო ადმინისტრაციული აქტი – რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

II. გამოყენების სფერო

1. უზუფრუქტით დატვირთვა

ა) მიწის ნაკვეთი

2

უზუფრუქტით შეიძლება დაიტვირთოს უძრავი ქონება, რაშიც, პირველ რიგში, იგულისხმება მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთის დეფინიცია რეგისტრაციის მიზნებისათვის შემდეგია: ეს არის გეომეტრიული ერთიანობის მქონე ტერიტორია (დაზუსტებული ან დაუზუსტებელი), რომელიც მოქცეულია საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ ერთიან უფლებრივ სივრცეში, ან არსებობს მასზე უფლების ამგვარად რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 14 I 1 მუხლი).

ბ) მიწის ნაკვეთის მსგავსი უფლებები

3

უზუფრუქტით შეიძლება დაიტვირთოს მიწის ნაკვეთის მსგავსი სანივთო უფლებები, რომლებზეც კანონის საფუძველზე მიწის ნაკვეთის იდენტური სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება.[2] ასეთი უფლების მაგალითია აღნაგობა (იხ. მუხ. 233, 1-ლი ველი).

გ) უზუფრუქტი ბინაზე

4

უზუფრუქტი დასაშვებია საკუთრების ისეთ სპეციალურ ფორმაზე, როგორიცაა ბინაზე საკუთრება მრავალბინიან სახლში.[3]

დ) სხვა შეზღუდული სანივთო უფლებების უზუფრუქტით დატვირთვის შეუძლებლობა

5

გერმანული სამართლისაგან განსხვავებით[4] და განსხვავებით გირავნობის უფლებისაგან, დაუშვებელია უზუფრუქტით სხვა სანივთო უფლებების დატვირთვა (იხ. გამონაკლისთან დაკავშირებით მე-3 ველი).

6

ეს, მართალია, ხელს უშლის სანივთო უფლებათა ბრუნვაუნარიანობას და მათ მრავალფეროვან გამოყენებას ეკონომიკურ ცხოვრებაში, თუმცა კანონის ცალსახა დანაწესის გარეშე, რომელიც კოდექსის ამჟამინდელ რედაქციაში არ მოიპოვება, ეს შეუძლებელია.

2. უზუფრუქტის გაუქმება

7

უზუფრუქტის გაუქმება შესაძლებელია გაუქმების ხელშეკრულებით (იხ. მუხ. 242, მე-13 ველი) ან დერელიქციით (184).

3. რანგის ცვლილება

8

უზუფრუქტის რანგის ცვლილებისათვის აუცილებელია შეთანხმება რანგით უკან დამხევ და წინ წამწევ უფლებამოსილ პირებს შორის, რაც უნდა აკმაყოფილებდეს 243, 183-ე მუხლებით გაწერილ ფორმას.

III. შეთანხმება

1. ხელშეკრულება

9

უზუფრუქტის შეთანხმება არის ხელშეკრულება, რომელზეც გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის დანაწესები და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილის ნორმები.[5] გარიგება განმარტებაუნარიანია. დასაშვებია, მისი სიტყვასიტყვითი განმარტების გარდა, განმარტება დამოუკიდებელი მესამე პირის ჰორიზონტიდან.[6]

2. ფორმასავალდებულოობა

10

უზუფრუქტის შეთანხმება 243-ე, 183-ე მუხლების მიხედვით მოითხოვს წერილობით ფორმას (69) და არა ნოტარიალურ დამოწმებას. უზუფრუქტის ვალდებულებითი გარიგება ასევე უნდა იყოს ფორმასავალდებულო 323-ე მუხლის ანალოგიით.

IV. რეგისტრაცია

1. პროცედურული წინაპირობები

11

რეგისტრაცია 243-ე, 183-ე მუხლების მიხედვით არ არის მატერიალური სამართლის საგანი, იგი მოწესრიგებულია 311-ე და მომდევნო მუხლებში, საჯარო რეესტრის შესახებ კანონსა და საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციაში. რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებული პირის მიერ (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-11 მუხლი), რომელიც უზუფრუქტის შემთხვევაში შეიძლება იყოს უზუფრუქტუარი ან მესაკუთრე, განცხადების წარდგენა (ინსტრუქციის მე-13 I მუხლი) ზემოთ ხსენებულ გარიგებასთან ერთად (საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 8 II მუხლი, 3111 I) ან ამ გარიგების დადება 311¹ II, ინსტრუქციის მე-19 და მომდევნო მუხლებით გათვალისწინებული წესით. წარდგენილი გარიგება და განცხადება უნდა იყოს საკმარისად მკაფიო ფორმით ჩამოყალიბებული, ანუ მათი შინაარსი დადგენადი უნდა იყოს, სულ მცირე, განმარტების მეშვეობით (შდრ. ინსტრუქციის მე-13 III, V, 14 XIII, XIII² მუხლები).[7] თუმცა სხვა ზეპირი ფორმით დადებული გარიგებისაგან განსხვავებით, ამგვარი განმარტება გაცილებით მეტად არის მიჯაჭვული განცხადების ტექსტის სიტყვასიტყვით გაგებას.[8] მითითება ტექსტის მიღმა დარჩენილ გარემოებებზე მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც ეს გარემოებები ყველასათვის შეცნობადია.[9]

2. პროცედურა

12

თუ სახეზეა ზემოთ ხსენებული განცხადება და დასარეგისტრირებელი უფლების მომნიჭებელი გარიგება და სახეზე არ არის რომელიმე პროცედურული ან სხვა კანონიდან გამომდინარე შემაფერხებელი გარემოება, მაშინ რეესტრის სამსახურმა უნდა დაარეგისტრიროს ეს განცხადება და დაიწყოს უფლების რეგისტრაციის პროცედურა (ინსტრუქციის მე-13 II მუხლი). უფლება წარმოშობილად ითვლება ამ პროცედურის დასრულების შემდეგ.

V. შეთანხმებისა და რეგისტრაციის თანხვედრა

1. დროითი თანხვედრა

13

უზუფრუქტის შეთანხმება, ჩვეულებრივ, დროში წინ უსწრებს რეგისტრაციას. თუმცა, როდესაც რეესტრის სამსახური პროცედურული დარღვევით არეგისტრირებს ჯერ კიდევ არარსებულ უფლებას, დასაშვებია, რომ შეთანხმება რეგისტრაციის შემდეგ მოხდეს. როგორც კი მოხდება დროის რაღაც მომენტში შეთანხმებისა და რეგისტრაციის თანადამთხვევა, უფლება წარმოშობილად ჩაითვლება.[10] უზუფრუქტის გამცემი მესაკუთრის განკარგვის უფლებამოსილება სახეზე უნდა იყოს უფლების შეძენის დასრულების მომენტამდე.[11] ამ წინაპირობების არსებობისას რეგისტრაციის თანმდევ შეთანხმებას ყოველთვის უფლების წარმოშობასთან მივყავართ.[12]

2. შინაარსობრივი თანხვედრა

14

რეგისტრაცია მთელი თავისი ზემოთ აღწერილი შინაარსით უნდა ემთხვეოდეს გარიგების შინაარსს.[13] თუ რეესტრში სხვა რამეა რეგისტრირებული და არა ის, რაც უზუფრუქტის გარიგების საგანი იყო, ამ შემთხვევაში უფლების მოპოვება არ ხდება, თუ მოგვიანებით მხარეები არ მიაღწევენ შეთანხმებას რეესტრში რეგისტრირებული შინაარსით, რის შემდეგაც რეესტრის უზუსტობა ითვლება გასწორებულად.[14] თუ რეგისტრირდება შეთანხმებით გათვალისწინებული შინაარსის მხოლოდ ნაწილი, მაშინ უფლება წარმოიშობა მხოლოდ ამ (შეთანხმებისა და რეგისტრაციის დამთხვევა) ნაწილში. ამ დროს რეესტრის ჩანაწერი არ ითვლება არასწორად, საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლის გაგებით. არასწორად რეგისტრირებული მონაცემის გასწორების პროცედურის დაწყებისას 62-ე მუხლი არ მოქმედებს.[15] თუ ხდება შეთანხმების გარდა დამატებით კიდევ სხვა რაიმე მონაცემის რეგისტრაცია, ამ დროს გადამწყვეტია, აქვს თუ არა რეგისტრი რებულ და უზუფრუქტის გარიგების შესაბამის ნაწილს დამოუკიდებელი მნიშვნელობა.[16] ამ შემთხვევაში უფლება წარმოიშობა მხოლოდ ამ ნაწილში, თუმცა უფლების კეთილსინდისიერმა მოპოვებამ შეიძლება გააფართოოს შემძენის სამართლებრივი პოზიციები.

VI. შინაარსობრივი და პროცედურული შეცდომის შედეგები

15

არარსებული უფლების ან უფლების არასწორად რეგისტრაციის შემთხვევაში რეესტრის ჩანაწერი ითვლება უსწოროდ და დაინტერესებული პირის განცხადების ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით რეესტრის სამსახურმა უნდა დაიწყოს საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეგისტრაციის გაუქმებისა და გაუქმებული მონაცემის აღდგენის პროცედურა.




  1. Eckert, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 873, Rn. 1.
  2. Eckert, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 873, Rn. 4.
  3. BGHZ 49, 251; BGHZ 50, 60; სხვა მოსაზრების თანახმად, ეს უფლებაც მიწის ნაკვეთის დარი უფლებაა (Kohler, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 873, Rn. 6).
  4. იხ. გსკ-ის 1069-ე პარაგრაფი.
  5. BGHZ 49, 264.
  6. OLG München BeckRS 2016, 18285.
  7. OLG Karlsruhe BeckRS 2013, 15871.
  8. Eckert, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 873, Rn. 19.
  9. იქვე.
  10. Eckert, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 873, Rn. 23.
  11. BGH NJW 1993, 3197; BGH NJW 1994, 650.
  12. BGH NJW 1973, 614; BGH NJW 2000, 806.
  13. BGHZ 137, 267; BGH 28, 183.
  14. Eckert, იქვე, Rn. 24.
  15. BGH BeckRS 2014, 23017.
  16. Eckert, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 873, Rn. 24.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_243._უზუფრუქტის_დადგენის_სამართლებრივი_მოწესრიგება&oldid=1773"