Gccc-logo.png


მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო.

2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი.

I. ზოგადი დებულებები

1

244-ე მუხლი აწესრიგებს უზუფრუქტისათვის სასყიდლის გადახდასა და მის ვადას. მართალია, 244 I მუხლის მიხედვით, უზუფრუქტი შეიძლება ატარებდეს სასყიდლიან ხასიათს, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, აქვს თუ არა ამ სასყიდლის შეთანხმებას სანივთო ეფექტი, რაც ამასთან დაკავშირებულ დისკუსიას გერმანულ სამართალში ქართული სამართლისათვისაც აქტუალურს ხდის (იხ. დეტალურად ქვემოთ). რაც შეეხება უზუფრუქტის ვადას, აქ კანონი მაქსიმალურ ვადად ითვალისწინებს უზუფრუქტუარის გარდაცვალებას, ან, თუ იურიდიულ პირს ეხებოდა საქმე, მის ლიკვიდაციას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.

II. სასყიდელი უზუფრუქტისათვის, 244 I

2

როგორც ეს 244 I მუხლშია დაფიქსირებული, უზუფრუქტი შეიძლება ატარებდეს სასყიდლიან ხასიათს და აკისრებდეს უზუფრუქტუარს, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა, დამატებით, მესაკუთრისათვის საფასურის გადახდას, თუმცა კანონი არ აკონკრეტებს, აქვს თუ არა ამ შეთანხმებას სანივთო ძალა, ანუ წარმოიშობა თუ არა უზუფრუქტით დატვირთული ნივთით სარგებლობის უფლებასა და უზუფრუქტის საფასურის გადახდის ვალდებულებას შორის სანივთო სინალაგმა. გერმანულ დოქტრინაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, ეს შეუძლებელია. დაუშვებელია სასყიდლის შეთანხმებისათვის სანივთო ძალის მინიჭება და მისი რეგისტრაცია საადგილმამულო წიგნში.[1] ამგვარი სანივთო ეფექტის მინიჭების საწინააღმდეგოდ უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სანივთო სინალაგმის წარმოშობა სასყიდლის გადახდის ვალდებულებასა და ნივთით სარგებლობის უფლებას შორის, საიდანაც წარმოდგება მესაკუთრის დაკავების უფლება, ეწინააღმდეგება უზუფრუქტის მიზანს – უზრუნველყოს ნივთის ჯეროვანი ეკონომიკური გამოყენება, რაც, პირველ რიგში, მის უწყვეტობას გულისხმობს.[2] გარდა ამისა, მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში, უზუფრუქტუარმა მის უფლებამონაცვლესაც უნდა უხადოს გასამრჯელო, რაც ყოველთვის გამართლებული არ არის.[3] ამიტომაც გერმანიაში სასყიდლის შეთანხმება მხოლოდ პირობადებული შეთანხმების მეშვეობით შეიძლება, როდესაც გარიგება პირობადებულია ვალდებულების (სასყიდლის გადახდის) შესრულების პირობით.[4] თუმცა გერმანულ დოქტრინაში გამოთქმული ეს არგუმენტები, საიდანაც თავად გერმანული სასამართლო აკეთებს გამონაკლისს,[5] ქართული სამართლისათვის არასავალდებულოა. 244 I მუხლით ქართველი კანონმდებელი სწორედ რომ აღიარებს სანივთო სინალაგმის გაბმის შესაძლებლობას უზუფრუქტით დატვირთული ნივთით სარგებლობის უფლებასა და სასყიდლის გადახდას შორის. არც მესაკუთრის უფლებამონაცვლისათვის სასყიდლის გადახდის ვალდებულება ჩანს წინდაწინვე გაუმართლებელი, რადგან უფლებამონაცვლეობის შემდეგ უკვე მისი საკუთრება იზღუდება უზუფრუქტით, რის კომპენსაციაც უნდა იყოს სასყიდელი უზუფრუქტისათვის. თუმცა სანივთო სინალაგმის წარმოშობისათვის აუცილებელია უზუფრუქტის სასყიდლის რეგისტრაციის პრაქტიკის დამკვიდრება, რათა ის არ დარჩეს მხოლოდ ვალდებულებითი გარიგების პირობად.

III. უზუფრუქტის ვადა

3

244 II 1 მუხლი, რომელსაც აკონკრეტებს მისი მეორე ნაწილი, ხაზს უსვამს იმ პრინციპს, რომ უზუფრუქტი მხოლოდ ვადიანი შეიძლება იყოს, მისი მაქსიმალური ვადა კი უზუფრუქტუარის სიცოცხლის ხანგრძლივობა (ან ლიკვიდაცია, თუ იურიდიულ პირს ეხება საქმე), რითაც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული უზუფრუქტის პირადული ხასიათი (იხ. ქვემოთ). სიცოცხლის (ან იურიდიული პირის არსებობის) ხანგრძლივობა არის უზუფრუქტის მაქსიმალური ვადა, რომელიც გამოიყენება ვადასთან დაკავშირებული შეთანხმების განმარტების კრიტერიუმად და რის გამოც დაუშვებელია უზუფრუქტის მემკვიდრეობით გადაცემა.

1. უზუფრუქტი ფიზიკური პირის სასარგებლოდ, 244 I 1

ა) უზუფრუქტის პირადი ხასიათი

4

244 II მუხლიდან გამომდინარეობს უზუფრუქტის, როგორც სანივთო უფლების, პირადი ხასიათი, საიდანაც გამონაკლისი არ დაიშვება.[6] ამ პირადი ხასიათიდან და სიცოცხლის ხანგრძლივობის მაქსიმალურ დასაშვებ ვადად მითითებიდან გამომდინარე, შეუძლებელია უზუფრუქტის დადგენა კონკრეტული პირისა და, ამავდროულად, მისი მემკვიდრეების სასარგებლოდ.[7] ასევე შეუძლებელია უზუფრუქტის უკვე გარდაცვლილი პირის სასარგებლოდ რეგისტრაცია, მაშინაც კი, როდესაც ის მისი შეთანხმების მომენტისათვის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.[8] ამის საპირისპიროდ, დასაშვებია ორი ან რამდენიმე პირის სასარგებლოდ უზუფრუქტის უფლების შეთანხმება იმგვარად, რომ მეორე უფლება (გადადების პირობით) პირობადებული იყოს პირველი უზუფრუქტუარის გარდაცვალებით და ამ გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა გაგრძელდეს მეორე უზუფრუქტუართან (ამ ჯაჭვში შეიძლება სხვა მომავალი უზუფრუქტუარების ჩაბმაც).[9] გარდა ამისა, მესაკუთრემ უზუფრუქტუარის წინაშე შეიძლება იკისროს ვალდებულება, მისი გარდაცვალების შემდეგ უზუფრუქტი გააგრძელოს კონკრეტულ პირებთან, ან მის ჯერ კიდევ დაუდგენელ მემკვიდრეებთან.[10]

5

უზუფრუქტის მაქსიმუმ სიცოცხლის ხანგრძლივობით დადგენის პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია მისი პირთა გაერთიანების (გარდა იურიდიული პირისა), მათ შორის ამხანაგობის, სასარგებლოდ დადგენა.[11]

6

რამდენიმე პირისათვის წილობრივი საზიარო უზუფრუქტის (იხ. მუხ. 242, მე-19 ველი) მინიჭების შემთხვევაში, ის ქარწყლდება ცალკეული წილობრივად უფლებამოსილი პირის წილზე მისი გარდაცვალებისას და გრძელდება მხოლოდ ცოცხლად დარჩენილების წილებზე.[12] ამის საპირისპიროდ, თუ უზუფრუქტის უფლება პირებს ეკუთვნით როგორც საერთო უფლება 455-ე მუხლის გაგებით, მაშინ უზუფრუქტი ცოცხლად დარჩენილი პირების სასარგებლოდ შეუზღუდავად ძალაშია.[13]

7

ამ სიცოცხლის ხანგრძლივობით დადგენის პრინციპიდან გამომდინარე, დაუშვებელია ე. წ. „გაგრძელებული უზუფრუქტი“, რომლის ხანგრძლივობაც რამენაირი ფორმით უზუფრუქტუარის სიცოცხლის ხანგრძლივობას აჭარბებს, მაშინაც კი, როდესაც მისი მინიმალური ხანგრძლივობა (მაგ., სულ მცირე, ხუთი წლით) შეზღუდული არ არის. დასაშვებია შემოკლებულ ვადიანი უზუფრუქტი (მაგ., მაქსიმუმ ათი წლით).[14]

ბ) მაქსიმუმ სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადით დადგენა, როგორც განმარტების პრინციპი

8

უზუფრუქტის მაქსიმუმ სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადით დადგენის შესაძლებლობიდან გამომდინარეობს განმარტების პრინციპი, რომლის მიხედვითაც, თუ უზუფრუქტის დადგენის ვადა მითითებული არ არის, საეჭვოობისას უზუფრუქტი დადგენილია სწორედ უზუფრუქტუარის სიცოცხლის ვადით.[15] ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც რეესტრში მხოლოდ მითითებულია, რომ უზუფრუქტი ვადიანია და არ არის მითითებული მისი კონკრეტული ვადა.

გ) უზუფრუქტის შეწყვეტა, როგორც სამართლებრივი შედეგი

9

244 II მუხლის თანახმად, უზუფრუქტი უქმდება უზუფრუქტუარის გარდაცვალების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ამის შემდეგ უნდა გაუქმდეს. „მესაკუთრის უზუფრუქტი“, განსხვავებით (246 II, შდრ. გამონაკლისთან დაკავშირებით მუხ. 246, მე-12 ველი) მესაკუთრის იპოთეკისაგან, ჩვეულებრივ, არ შეიძლება არსებობდეს.[16]

2. უზუფრუქტი იურიდიული პირის სასარგებლოდ, 244 II 2

10

244 II 2 მუხლის მიხედვით, იურიდიული პირის სასარგებლოდ დადგენილი უზუფრუქტი წყდება არა იურიდიული პირის გაუქმებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისას, არამედ მხოლოდ ლიკვიდაციის დასრულებასთან ერთად.[17]




  1. Stürner, Dienstbarkeit heute, AcP, 194, 1994, S. 265; Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 133; საპირისპირო მოსაზრებისათვის იხ.: Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, vor § 1030, Rn. 3; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1030, Rn. 28.
  2. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1030, Rn. 133.
  3. BayObLGZ 1979, 273: დასაშვებია უზუფრუქტის სასყიდლიანობის შეთანხმება იმ შემთხვევისათვის, როდესაც უზუფრუქტუარი ხელმეორედ დაქორწინდება. თუმცა ეს გადახდის ვალდებულება აზრს კარგავს ნივთის მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში.
  4. Pohlmann, იქვე, Rn. 133.
  5. BayObLGZ 1979, 273.
  6. ქართული სამართლისათვის უცხოა გერმანულისათვის დამახასიათებელი ისეთი კონსტრუქცია, როგორიცაა უზუფრუქტის უფლების გამოყენების სხვისათვის გადაცემა (გსკ-ის 1059-ე პარაგრაფის მე-2 ნაწილი), რაც სწორედ გამონაკლისია გადაცემის შეუძლებლობის ზოგადი წესიდან.
  7. KG OLGE 14, 88.
  8. OLG Hamm DNotZ 1973, 615.
  9. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1061, Rn. 3.
  10. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1061, Rn. 3.
  11. BGH NJW 2001, 1056.
  12. Wegmann, იქვე, Rn. 5.
  13. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  14. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1061, Rn. 8.
  15. იქვე, Rn. 9.
  16. BGH DNotZ 2016, 466.
  17. RGZ 159, 199; Wegmann, იქვე, Rn. 11.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_244._უზუფრუქტის_სახეები&oldid=1776"