Gccc-logo.png


მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ, აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა.

2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება, შეცვალოს სარგებლობის მიზანი.

3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია, მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია, მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.

4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია, აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.

5. უზუფრუქტუარი ვალდებულია, უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო.

6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუ- თრე არ არის ვალდებული, მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია, უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.

7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი #1541 – სსმ I, #21, 03.08.2009წ., მუხ.124.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

245-ე მუხლი შეიცავს ფართო სპექტრს იმ უფლება-მოვალეობებისას, რომლებიც ეკისრება უზუფრუქტუარს. უზუფრუქტუარს ეკუთვნის ნივთის ნაყოფიცა და სარგებელიც, მაშინაც კი, როდესაც ის სცდება ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების ფარგლებს (245 III 1), რომლის საპირწონედ მას ეკისრება ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება და ყველა ის ხარჯი, რაც უკავშირდება ნივთის სამეურნეო გამოყენებისათვის გამოსადეგ მდგომარეობაში შენარჩუნებას (245 IV 2), მათ შორის: გასხვისებული ცალკეული საგნების ჩანაცვლება (245 VII), ხოლო მხარეთა შეთანხმებით, მისი დაზღვევის ვალდებულებაც (245 V 1). დაზიანებული ნივთის აღდგენა, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამას პირდაპირ არ ითვალისწინებს (245 VI 4), საბოლოო ჯამში, ფაქტობრივად, მაინც უზუფრუქტუარს ეკისრება, რადგან მესაკუთრეს, ჩვეულებრივ, აქვს ხოლმე გაცილებით ნაკლები ინტერესი, აღადგინოს ეს საგანი მაშინ, როდესაც კანონი შესაბამის ვალდებულებას მას არ აკისრებს (245 VI 3) და ეს პირდაპირ გავლენას არ ახდენს მეორე მხარის სასყიდლის გადახდის ვალდებულებაზე. აღდგენის შემთხვევაში უზუფრუქტუარს უფლება აქვს, მოაშოროს უზუფრუქტის ნივთისათვის მის მიერ მიერთებული საგანი, ან მოითხოვოს შესაბამისი კომპენსაცია (245 VI 4); გაწეული სამუშაოებისათვის კი შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების დანაწესების მიხედვით (იხ. ქვევით). სარგებლობის მიზნის შეცვლა მხარეებს შეუძლიათ მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით (245 II);

II. უზუფრუქტით დატვირთული საგნის აღწერა, 245 I

2

რაც შეეხება უზუფრუქტის საგნის აღწერას, ამის უფლება აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს (245 I), თუმცა, თუ ვის ეკისრება ამ აღწერის ხარჯები, ეს შემდგომ დაკონკრეტებას საჭიროებს (იხ. ამასთან დაკავშირებით ქვემოთ).

1. მოთხოვნის წარდგენის მომენტი

3

გარდა უფლებამოსილი პირებისა, ერთადერთი, რასაც 245 I მუხლი აკონკრეტებს, არის აღწერის ჩატარების მომენტი. უზუფრუქტის საგნის გადაცემამდე თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს გადასაცემი ობიექტის მდგომარეობის აღწერის ჩატარება. მიუხედავად ამისა, ეს ნორმა მხოლოდ სახელმძღვანელოა და არა იმპერატიული დანაწესი. თუ ერთ-ერთ მხარეს სურს, წაუყენოს მეორეს უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ ან მის განმავლობაში ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე მოთხოვნები (მაგ., მესაკუთრეს 245 III 2, IV 2, VI 1, VII მუხლიდან, ან უზუფრუქტუარს 245 VI 4 მუხლიდან წარმომდგარი მოთხოვნები), საკუთარი ამ სამომავლო პოზიციების გამყარება ყველაზე უკეთ შეუძლია ურთიერთობის დაწყებამდე ნივთის მდგომარეობის აღწერით. ნორმის ამ მიზნიდან გამომდინარე, აღწერის ჩატარება დასაშვები უნდა იყოს უზუფრუქტის ურთიერთობის მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში,[1] რა თქმა უნდა, შედეგების დაწყების მომენტამდე არსებულ მდგომარეობაზე პროეცირების გარეშე.

4

ამ მოთხოვნის გამოყენება შესაძლებელია 115 2 მუხლით დაშვებულ ფარგლებში.

2. აღწერის განხორციელება

5

ნორმის მიზნიდან გამომდინარე, აღწერა არ უნდა ჩაატაროს არა რომელიმე მხარემ თავისი ძალებით, მაშინაც კი, როდესაც ფლობს საჭირო ცოდნასა და შესაძლებლობებს, არამედ უნდა მიანდოს ეს შესაბამისი კომპეტენციისა და აკრედიტაციის მქონე ექსპერტს.[2]

3. აღწერის ხარჯები

6

როგორც ზემოთ აღინიშნა, უზუფრუქტუარსაც და მესაკუთრესაც აქვთ უფლება, მეორე მხარეს მოსთხოვონ აღწერის ჩატარება, როგორც უზუფრუქტის საგნის გადაცემამდე, ასევე მას შემდეგ, თუმცა ამ მოთხოვნის უფლებას შეესატყვისება შესაბამისი ხარჯების გაღების ვალდებულება – ვინც ითხოვს აღწერას, მანვე უნდა იკისროს ამისათვის აუცილებელი ხარჯები.[3] გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც აღწერა ხდება მეორე მხარის მოთხოვნით. თუ მესაკუთრე მოსთხოვს უზუფრუქტუარს აღწერის ჩატარებას, მაშინ მან თავად უნდა გაიღოს ამისათვის აუცილებელი ხარჯი, და პირიქით.

III. უზუფრუქტით დატვირთული საგნის ფლობა

7

მიუხედავად იმისა, რომ 245-ე მუხლში ცალსახად არ არის მითითებული ამის შესახებ, უზუფრუქტუარის ერთ-ერთი მთავარი უფლებამოსილებაა უზუფრუქტით დატვირთული საგნის ფლობა, რომლის დაცვაც და განხორციელებაც შეუძლია მას ნებისმიერი პირის წინაშე. ამ უფლების მინიჭების სრულად გამორიცხვა დაუშვებელია, რადგან ეს ეწინააღმდეგება უზუფრუქტის არსს.[4]

1. მოქმედება

8

როგორც ზემოთ იქნა ნახსენები, უზუფრუქტუარის ფლობის უფლებამოსილება ძალაშია ნებისმიერი პირის მიმართ და მათ შორის თავად მესაკუ- თრის მიმართაც.[5] უზუფრუქტუარს აქვს მფლობელობის დაცვის უფლებები 160-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.

2. ზოგადი წესი – პირდაპირი მფლობელობა

9

ზოგადად, უზუფრუქტუარს ეკუთვნის პირდაპირი მფლობელობა და ის მას უნდა მიანიჭოს თავად მესაკუთრემ. მხოლოდ მაშინ, როდესაც უზუფრუქტის გამცემი თავად არაპირდაპირი მფლობელია, საკმარისია არაპირდაპირი მფლობელობის მინიჭება.[6]

10

ნაწილობრივი თუ წილობრივი უზუფრუქტისას (იხ. მუხ. 242, მე-19 და მომდევნო ველი) უზუფრუქტუარს აქვს თანამფლობელობის მოთხოვნის უფლება, ისევე როგორც სარგებლობის ცალკეული ფორმების გამორიცხვის შემთხვევაში (იხ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 242, 21-ე ველი).

IV. ნივთის სამეურნეო დანიშნულება და შენარჩუნების ვალდებულება, 245 II

1. ნივთის სამეურნეო დანიშნულება

11

ჩვეულებრივ, ნივთის სამეურნეო დანიშნულება (სარგებლობის მიზანი) განისაზღვრება უზუფრუქტის ურთიერთობის დაწყებამდე მხარეთა შეთანხმებით, შემდგომი გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად. მხარეებს შეუძლიათ, შეინარჩუნონ, შეცვალონ ან მხოლოდ ნაწილობრივ გარდაქმნან ნივთის დანიშნულება.

12

არსებულ სამეურნეო დანიშნულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ამასთან დაკავშირებით არ შეთანხმებულან ხელშეკრულების ფარგლებში. ამ დროს ნივთის სამეურნეო დანიშნულებად ითვლება ის ეკონომიკურ-ფუნქციური მიზანი, რაც მას ჰქონდა ხელშეკრულების დადების მომენტში, მესაკუთრის სუბიექტური წარმოდგენის თანახმად.[7]

2. სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულება

13

უზუფრუქტუარს აწევს ნივთის სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულება. ურთიერთობის დაწყების შემდეგ მას აღარ შეუძლია, დამოუკიდებლად, მესაკუთრესთან შეთანხმების გარეშე, გადაუხვიოს ამ მიზანს. გადახვევად არ უნდა ჩაითვალოს მიწის ნაკვეთის მხოლოდ ერთი ნაწილისათვის დანიშნულების შეცვლა, როდესაც ნაკვეთის საერთო დანიშნულება ნარჩუნდება (მაგ., სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ტყიანი მონაკვეთის ბოსტნად გარდაქმნა).[8]

14

თუ უზუფრუქტუარს ხელშეკრულებით მინიჭებული აქვს ნივთის ქირითა და იჯარით გაცემის უფლება, მაშინ დანიშნულების შეცვლა არ იქნება არსებული ხელშეკრულებების მოშლა და უზუფრუქტის საგნის პირადი გამოყენების დაწყება, ან პირიქით.[9] დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულება, ტყიანი მასივის გადაცემის შემთხვევაში, მოიცავს ხეების დარგვის ვალდებულებას ტყის გაჩეხვის შემდეგ.[10]

3. შენარჩუნების ვალდებულების დარღვევა

15

ნივთის სამეურნეო დანიშნულების თვითნებურად შეცვლით უზუფრუქტუარი არღვევს უზუფრუქტის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერ- თობიდან წარმომდგარ ვალდებულებას. მესაკუთრეს ამ დროს მის მიმართ წარმოეშობა აღკვეთისა და რესტიტუციის მოთხოვნები 992, 172 II, 394 I და 245 II მუხლების ურთიერთკავშირის საფუძველზე და 245 III 2 მუხლის მიხედვით.

4. დისპოზიციურობა

16

მიუხედავად იმისა, რომ 245 II მუხლი შეიცავს უზუფრუქტით დატვირთული ნივთის სუბსტანციის შენარჩუნების ვალდებულებას, რომლის ფარგლებსაც უზუფრუქტუარი ვერ გასცდება, ქართულ სამართალში ეს დანაწესი (განსხვავებით გერმანულისაგან)[11] მაინც სრულიად დისპოზიციურ ხასიათს ატარებს. მხარეებს შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში ურთიერთშეთანხმებით შეცვალონ დანიშნულება (მაგ., გამოიყენონ ვაზის მოსაშენებლად გამიზნული მიწის ნაკვეთი სიმინდის ყანად), თუმცა ამ შემთხვევაშიც ისინი, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდნენ (დაუშვებელია, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მრავალსართულიანი სახლის მშენებლობისათვის გამოყენება, და პირიქით).

17

245 II მუხლის დისპოზიციურობიდან გამომდინარე, უზუფრუქტის ხელშეკრულების ფარგლებში დასაშვები პირობაა „უზუფრუქტუარის ნება-სურვილისამებრ“ ნივთის გამოყენების შეთანხმება, რაც ამ უკანასკნელს ანიჭებს ნივთით სარგებლობის უფლებას კანონით დაშვებული ყველა ფორმით.


V. ნაყოფისა და სარგებლის მიღება უზუფრუქტის საგნიდან, 245 III

18

245 III აწესრიგებს უზუფრუქტის საგნიდან უზუფრუქტუარის მიერ სარგებლისა და ნაყოფის მიღებას. ნივთის ფლობასთან ერთად უზუფრუქტუარს ეკუთვნის ნივთის ნაყოფი და სარგებელი, მაშინაც კი, როდესაც ისინი იძლევიან ე. წ. „გადამეტებულ ნაყოფს/სარგებელს“ – ნაყოფსა და სარგებელს, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად.

1. ნაყოფისა და სარგებლის მიკუთვნება უზუფრუქტუარისათვის

19

როგორც ზემოთ აღინიშნა, ნებისმიერი ფორმით მიღებული სარგებელი – ნივთის სამეურნეო დანიშნულების ფარგლებში, თუ ამ ფარგლებს გადაცდენით მიღებული (ვენახისათვის გამიზნული ნაკვეთის სიმინდის ყანად გამოყენება, და პირიქით) – ეკუთვნის უზუფრუქტუარს (245 III 1), რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნაყოფზე მოიპოვებს საკუთრებას და არ არის ვალდებული, აანაზღაუროს სარგებლის ღირებულება 164-ე მუხლის ანალოგიით.[12]

2. უზუფრუქტუარის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

20

მიუხედავად ყველა ტიპის სარგებლისა და ნაყოფის უზუფრუქტუარისათვის მიკუთვნებისა, მან უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რაც ნივთს მიადგა მისი გადამეტებულად (არადანიშნულებისამებრ) გამოყენების გამო (245 III 2).

21

ამ მოთხოვნის წაყენების უფლება აქვს მესაკუთრეს, ხოლო ვალდებული პირი არის უზუფრუქტუარი. გადამეტებული ნაყოფის/სარგებლის მიღებასა და ზიანის ანაზღაურებას შორის შუალედში მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში მოთხოვნის უფლება გადადის ახალ მესაკუთრეზე.

22

უზუფრუქტუარის ბრალი ამ ტიპის ნაყოფის/სარგებლის მიღებისას უმნიშვნელოა.[13] მესაკუთრეს აქვს ბრალზე დამოკიდებული სხვა მოთხოვნების, მაგალითად 992-ე მუხლის მიხედვით, წაყენების უფლება.

23

მესაკუთრის მიერ გაცემული ნებართვა არ გამორიცხავს მოგვიანებით მის მიერ ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობას,[14] თუ სახეზე არ არის სარგებლობის მიზნის ცვლილება 245 II მუხლის მიხედვით.

3. მოთხოვნის მოცულობა

24

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრება სხვაობით ნივთის არადანიშნულებისამებრ გამოყენებით დამდგარ გაუარესებასა და დანიშნულებისამებრ გამოყენებით გამოწვეულ ცვეთას შორის, რომლისათვისაც უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს (245 IV 1, იხ. ამასთან დაკავშირებით ქვემოთ).

4. მოთხოვნის ვადამოსულობა

25

მოთხოვნა ვადამოსულია გადამეტებული ნაყოფისა/სარგებლის მიღების დასრულებისა და ზიანის დადგომის მომენტიდან.[15]

VI. ნივთის შენარჩუნების ვალდებულება, 245 IV

26

245 IV 1 მუხლის მიხედვით, უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. „ნორმალურ ცვეთაში“ იგულისხმება ნივთის გაუარესების ის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ვითარდება მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების გამო ან, უბრალოდ, დროის გასვლასთან ერთად და რომლის შეჩერებაც შეუძლებელია, ან შესაძლებელია მხოლოდ კაპიტალური რემონტისა და შემადგენელი ნაწილების ჩანაცვლების შედეგად, რისი ვალდებულებაც უზუფრუქტუარს არ აწევს. თუმცა მას აწევს ნივთის სუბსტანციისა და სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების (ჩვეულებრივი მოვლის) ვალდებულება, 245 IV 2 მუხლის მიხედვით.

1. სუბსტანციისა და სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულება

27

მიუხედავად იმისა, რომ უზუფრუქტუარი ნორმალური ცვეთისათვის პასუხს არ აგებს, მას მაინც ეკისრება ნივთის სუბსტანციისა და სამეურნეო დანიშნულების (იხ. ამასთან დაკავშირებით ზევით, მე-13 და მომდევნო ველი) შენარჩუნების ვალდებულება, მიმდინარე ხარჯების გაღებისა და ნივთის გარემონტების ფორმით, რომლის ზღვარიც გაუმჯობესებისა და განახლების ღონისძიებებია, რომლებიც სწორედ ნორმალური ცვეთის შეჩერებისკენაა მიმართული, ან ნივთის აღდგენას ისახავს მიზნად.[16] ამ ტიპის აღდგენის სამუშაოები ნივთის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში არ ეკისრება თავად მესაკუთრესაც კი (245 VI 3).

ა) მიმდინარე ხარჯები

28

ცალკეულ შემთხვევაში ნივთის სუბსტანცია/სამეურნეო დანიშნულების მხოლოდ შენარჩუნებისკენ მიმართული ღონისძიება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე ხარჯებს განეკუთვნება, შეიძლება რთულად იყოს გასამიჯნი აღდგენის ღონისძიებისაგან.[17] სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ტყის (245 II მუხლით დაშვებული) გაკაფვის შემდეგ მისი თავიდან გაშენება არის ნივთის შენარჩუნებისაკენ მიმართული ღონისძიება,[18] ისევე როგორც ვენახის რეგულარული განაშენიანება[19] და ცხოველის გამოკვება,[20] მაშინ, როდესაც დანგრეული სახლის თავიდან აშენება ცალსახად სცდება მიმდინარე ხარჯების ფარგლებს.

ბ) რემონტი

29

ზემოთ აღწერილი შენარჩუნების ვალდებულების ფარგლებში უზუფრუქტუარს ევალება, მიმდინარე ხარჯების გაღების გარდა, ასევე ნივთის რემონტი. რემონტი გულისხმობს მიმდინარე (და არა კაპიტალურ) რემონტს, ნივთის ნაწილობრივ აღდგენის ზღვრამდე – რემონტის ხარჯებიც, ისევე როგორც მიმდინარე ხარჯები, უზუფრუქტუარმა უნდა გაიღოს მხოლოდ ნივთის შენარჩუნების (ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), და არა აღდგენის, მიზნით.[21]

30

მიმდინარე რემონტს განეკუთვნება ღონისძიებები, რომლებიც შიგადაშიგ გასატარებელია, მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ატარებენ რეგულარულ ხასიათს. ასეთია, მაგალითად, სახლის გადაღებვა, თბოგაყვანილობის გამართვა, ჩამსხვრეული მინების გამოცვლა, წვრილმანი გაწმენდითი და განახლებითი სამუშაოები.[22] ეს სამუშაოები უზუფრუქტუარმა უნდა განახორციელოს პირადად ან მესამე პირების მეშვეობით. უმნიშვნელოა, თუ რამ წარმოშვა რემონტის აუცილებლობა. რემონტი განსახორციელებელია მაშინაც კი, როდესაც მისი აუცილებლობა მესამე პირთა ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული.[23] კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება უზუფრუქტუარს არ ეკისრება, ისევე როგორც ეს არ ეკისრება მესაკუთრეს. კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს განეკუთვნება არარეგულარულად ჩასატარებელი გამართვა-შეკეთების სამუშაოები, მაგალითად, ნივთის შემადგენელი ნაწილების შეკეთება, ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ (მაგ.: ჭერის შეკეთება ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ,[24] კაპიტალური შიდა და გარე დასუფთავების სამუშაოები,[25] განახლებული თბოგაყვანილობის სისტემის დამონტაჟება,[26] ელექტროგაყვანილობის სისტემის განახლება[27] და ა. შ.).

გ) მოთხოვნის უფლებები ვალდებულების დარღვევისას

31

ზემოთ ნახსენები ნივთის სუბსტანციისა და სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, უზუფრუქტუარი პასუხს აგებს 394 I მუხლით, კანონისმიერი ვალდებულების დარღვევის გამო და საკუთრების დაზიანების შემთხვევაში კი, 992-ე მუხლის მიხედვით.

დ) დისპოზიციურობა

აა) დამატებითი ვალდებულებები
32

ზემოთ ნახსენები ვალდებულებების გარდა, მხარეთა შეთანხმებით უზუფრუქტუარს შეიძლება დაეკისროს სხვა დამატებითი ვალდებულებები[28] – მიიღოს ისეთი ზომები ნივთის გაუმჯობესებისა და განახლებისათვის, რომლებიც სცდება მიმდინარე ხარჯებისა და მიმდინარე რემონტის და, ამგვარად, ნივთის მხოლოდ შენარჩუნების ფარგლებს.[29] მაგალითად, უზუფრუქტის ხელშეკრულებით უზუფრუქტუარს შეიძლება დაეკისროს კაპიტალური აღდგენითი სამუშაოების ჩატარება ნივთის გაუთვალისწინებელი განადგურების შემთხვევაში.

ბბ) ვალდებულებათა შეკვეცა
33

გერმანული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით,[30] უზუფრუქტუარის შენარჩუნების ვალდებულების სანივთო ძალით შეკვეცა დაუშვებელია. თუმცა, მეორე მოსაზრების მიხედვით,[31] ეს ეხება მხოლოდ უზუფრუქტუარის ყოველგვარი შენარჩუნების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას, რის საპირისპიროდაც დასაშვებია 245 IV 2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შინაარსის იმგვარი დაკონკრეტება, რომ უზუფრუქტუარი ვალდებული იყოს, მხოლოდ გარკვეულ ფინანსურ ჩარჩოებში იზრუნოს ნივთის სუბსტანციური სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნებისათვის.

ე) მესაკუთრის ვალდებულებები

34

უზუფრუქტის ხელშეკრულება არ შეიძლება ითვალისწინებდეს მესაკუთრისათვის რაიმე სხვა ძირითადი ვალდებულების დაკისრებას, გარდა უზუფრუქტუარისათვის უზუფრუქტის საგანზე მფლობელობა-სარგებლობის უფლების მინიჭებისა. ამიტომაც შეთანხმების ფარგლებში დაუშვებელია მისთვის სუბსტანციური სამეურნეო დანიშნულების შენარჩუნების ვალდებულების მთლიანად გადაკისრება, ისევე როგორც აღდგენის ვალდებულებისა (245 VI 3).[32] თუმცა მას შეიძლება დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელია შენარჩუნების ვალდებულების ნაწილობრივ მასზე გადაკისრება.[33]

VII. ნივთის დაზღვევის ვალდებულება, 245 V

35

245 V 1 მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის ვალდებულება, რომელიც უზუფრუქტუარს ეკისრება (კანონით, ან მხარეთა შეთანხმებით), არის 245 IV მუხლში გაწერილი შენარჩუნების ვალდებულების გაგრძელება. ამ ვალდებულებისაგან თავისუფლდება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ საგანზე დადგენილი უზუფრუქტის შემთხვევაში.

1. ნივთის დაზღვევა და ხელმეორედ დაზღვევის არასავალდებულოობა

36

როგორც ეს 245 V 1 მუხლის არსიდან გამომდინარეობს, უზუფრუქტუარი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული, დააზღვიოს უზუფრუქტის საგანი, თუ ის უკვე არ არის დაზღვეული მესაკუთრის მიერ. ამ შემთხვევაში ის, სავარაუდოდ, არც გახდება მხარეთა შეთანხმების საგანი, თუ არსებულ სადაზღვევო ხელშეკრულებას არ გასდის ვადა, ან მესაკუთრე არ აპირებს მის მოშლას.

2. დაზღვევის ხელშეკრულება და დასაზღვევი საფრთხეები

37

მესაკუთრესა და უზუფრუქტუარს შორის მიღწეული შეთანხმება შეიძლება ითვალისწინებდეს უზუფრუქტის საგნის ნებისმიერ შემთხვევაში დაზღვევის ვალდებულებას, რომელიც უზუფრუქტუარს ნივთის დაზღვევასა და არდაზღვევას შორის არჩევანს არ უტოვებს. თუმცა დასაშვებია ასევე შეთანხმება, რომელიც დაზღვევის ვალდებულებას ითვალისწინებს მხოლოდ „საჭიროების შემთხვევაში“. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, დააზღვევდა თუ არა გონიერი და მეურნეობაში გაცნობიერებული მესაკუთრე ნივთს (მაგ. შენობა, ჩვეულებრივ, დაზღვეულ უნდა იქნეს ხანძრისაგან).[34] ამ დროს უზუფრუქტუარს არ ეკისრება უფრო მეტი, ვიდრე მესაკუთრეს.[35] დაზღვევის ვალდებულება გამოირიცხება, თუ ნივთის დაზღვევა შეუძლებელია.

3. ზიანისაგან დაზღვევა

38

დაზღვევა მოიცავს ზიანისაგან დაზღვევას (820-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით), როგორებიცაა: ხანძრისაგან, წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისაგან, ქარიშხლისაგან, ქურდობისა და სხვა მსგავსი საფრთხეებისაგან დაზღვევა.[36] სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არ არის.[37] დაზღვევის ყოველი ცალკეული ტიპისათვის უნდა შემოწმდეს დამოუკიდებლად, ექცევა თუ არა ის მეურნეობის სწორად გაძღოლის ფარგლებში.

4. სეტყვისაგან დაზღვევა

39

საკამათოა, უნდა დააზღვიოს თუ არა უზუფრუქტუარმა მოსავალი სეტყვისაგან. მოსავალი მოკრეფამდე მიწის მესაკუთრის საკუთრებაშია და მხოლოდ მისი მოკრეფის შემდეგ გადადის უზუფრუქტუარის საკუთრებაში. მართალია, სეტყვის შემთხვევაში მესაკუთრის საკუთრება ზიანდება, თუმცა მას რეალური ზიანი არ ადგება, რადგან მოსავალზე უფლება უზუფრუქტუარისათვის აქვს გადაცემული (245 III).[38] რეალური ზიანი ადგება მხოლოდ უზუფრუქტუარს, რის გამოც სეტყვისაგან დაზღვევაც მხოლოდ მის ინტერესებშია. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ მესაკუთრეს არ აინტერესებს ნაყოფი, თავად ნივთი კი სეტყვის შედეგად არ ზიანდება, სეტყვისაგან დაზღვევის ხელშეკრულება 245 V მუხლით მოცული არ უნდა იყოს.[39]

5. დასაზღვევი საგანი და დაზღვევის ხელშეკრულების მოცულობა

40

დასაზღვევი ობიექტია უზუფრუქტით დატვირთული ნივთი მთელი თავისი შემადგენელი ნაწილებითა და საკუთვნებლით. ნივთს მოშორებული ნაყოფი, რომელიც უზუფრუქტუარის საკუთრებაში გადადის, არ უნდა დაიზღვეს. დაზღვევის მოცულობის გამოთვლისას აუცილებელია მესაკუთრის რესტიტუციის ინტერესის გათვალისწინება.[40]

6. მესაკუთრის სასარგებლოდ დაზღვევა

41

მზღვეველს არჩევს უზუფრუქტუარი და დებს მასთან საკუთარი ხარჯი- თა და საკუთარი სახელით, თუმცა მესაკუთრის სასარგებლოდ, დაზღვევის ხელშეკრულებას (836).

7. დაზღვევის ხელშეკრულების ხანგრძლივობა

42

დაზღვევის ხელშეკრულება იწყება უზუფრუქტის დაწყებასთან ერთად და მთავრდება მისი ვადის გასვლასთან ერთად. მზღვეველთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება უზუფრუქტთან დაკავშირებული ურთიერთობის დამთავრების ვადით დაიდოს.[41]

8. სამართლებრივი შედეგები დაზღვევის ვალდებულების დარღვევისას

43

თუ უზუფრუქტუარი ნებაყოფლობით არ ასრულებს მასზე შეთანხმებით ან კანონით დაკისრებულ ნივთის დაზღვევის ვალდებულებას, მესაკუთრეს აქვს მის წინააღმდეგ სასამართლოს გზით განხორციელებადი მოთხოვნის უფლება დაზღვევის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 394 I მუხლის მიხედვით. ალტერნატივის სახით მესაკუთრეს შეუძლია, საკუთარი სახელით დადოს დაზღვევის ხელშეკრულება და უზუფრუქტუარს მოსთხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა.[42] მესაკუთრეს იგივე უფლება აქვს უზუფრუქტუარის მიერ დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც.[43]

9. უზუფრუქტამდე არსებული სადაზღვევო ხელშეკრულება

44

იმ შემთხვევაში, თუ უზუფრუქტით დასატვირთი ნივთი უკვე დაზღვეული იყო ხელშეკრულების დადებამდე, 245-ე მუხლის არსიდან გამომდინარე, უზუფრუქტუარმა კი არ უნდა დადოს ახალი ხელშეკრულება და მოითხოვოს ძველის გაუქმება, არამედ საკუთარ თავზე აიღოს ამ ურთიერთობიდან წარმომდგარი ვალდებულებები.[44] ამ შემთხვევაში შესატანის გადახდის ვალდებულება მას ეკისრება მესაკუთრის და არა მზღვეველის წინაშე. 717 I, III მუხლის ანალოგიით, მესაკუთრეს შეუძლია, უზუფრუქტუარს წინასწარ, ავანსის სახით, მოსთხოვოს ახლო მომავალში გადასახდელი შესატანის მისთვის გადახდა.[45]

45

უზუფრუქტუარმა მესაკუთრე-დაზღვეულს უნდა აუნაზღაუროს მთლიანი სადაზღვევო შენატანი, მაშინაც კი, როდესაც სხვა მზღვეველთან დადებული ხელშეკრულებით მას ნაკლების გადახდა მოუწევდა. თუმცა იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა მზღვეველი გაცილებით ხელსაყრელ ფასს სთავაზობს დაზღვეულს, უზუფრუქტუარს შეიძლება ჰქონდეს უფლება, მოსთხოვოს მესაკუთრეს, 8 III მუხლზე დაყრდნობით, არსებული დაზღვევის ხელშეკრულების მოშლა, რათა შემდეგ თავად დააზღვიოს ნივთი უფრო ხელსაყრელი პირობებით.[46] გარდა ამისა, თავად მესაკუთრესაც შეუძლია, მოშალოს არსებული დაზღვევის ხელშეკრულება და უზუფრუქტის საგნის დაზღვევის ვალდებულება უზუფრუქტუარს გადააკისროს.

10. დისპოზიციურობა

46

245 V მუხლით გათვალისწინებული დაზღვევის ვალდებულება ძალაშია მხოლოდ ამასთან დაკავშირებით მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, ან, თუ ის კანონიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, დისპოზიციურია თავად დაზღვევის ვალდებულების შინაარსი. მაგალითად, მხარეებს შეუძლიათ, წინასწარ შეათანხმონ, თუ რომელ მზღვეველთან დააზღვევს უზუფრუქტუარი ნივთს და ა. შ.[47]

VIII. ნივთის განადგურება-დაზიანება და გაუთვალისწინებელი ხარჯები, 245 VI

47

თუ ნივთი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა ნივთის შენარჩუნების უზუფრუქტუარისათვის გადაკისრებული ვალდებულების (245 IV 2, იხ. ზემოთ) ჩარჩოებს სცდება, მას ეკისრება მესაკუთრისათვის ამის შესახებ შეტყობინების ვალდებულება. ნივთის აღდგენა საკუთარი ძალებით მას არ ევალება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი არც თავად მესაკუთრეს აკისრებს ნივთის აღდგენის ვალდებულებას (245 VI 3), ამით, ფაქტობრივად, მაინც უზუფრუქტუარს ავალებს ნივთის აღდგენას, რადგან ამ უკანასკნელს, ჩვეულებრივ, გაცილებით მეტად აინტერესებს უზუფრუქტის მიმდინარეობისას ნივთის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.

1. შეტყობინების ვალდებულების განმაპირობებელი გარემოებები

ა) ნივთის განადგურება ან დაზიანება

48

უმნიშვნელოა, თუ ვის მიერ არის ნივთის განადგურება თუ დაზიანება გამოწვეული, ამიტომაც უზუფრუქტუარს შეტყობინების ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მან თავად გამოიწვია ეს განადგურება-დაზიანება.[48]

ბ) დაზიანება-განადგურების ხარისხი

49

შეტყობინებასავალდებულოა ისეთი დაზიანება-განადგურება, რომლის შედეგების აღმოფხვრაც სცდება უზუფრუქტუარის ნივთის შენარჩუნების ვალდებულების ფარგლებს,[49] ან ამ დაზიანების საფრთხე (იხ. ამასთან დაკავშირებით ზემოთ).

გ) მესამე პირის მიერ უზუფრუქტის საგანზე უფლებების განცხადება

49

შეტყობინებასავალდებულოა მესამე პირის მხრიდან უზუფრუქტის საგანზე უფლების გაცხადება. უმნიშვნელოა, ამ გაცხადებას სანივთო თუ ვალდებულებითი უფლება უდევს საფუძვლად და ხდება ის მოქმედებით თუ მხოლოდ სიტყვიერად.[50]

2. შეტყობინების განხორციელების მომენტი

51

245 VI 1 მუხლის მიხედვით, უზუფრუქტუარმა მესაკუთრეს უნდა შეატყობინოს განადგურება-დაზიანების ან გაუთვალისწინებელი ხარჯების წარმოშობის შემდეგ, რაც ეწინააღმდეგება ამავე ნაწილის მეორე წინადადებას, რომლის მიხედვითაც შეტყობინება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მესაკუთრეს ჰქონდეს შექმნილი სიტუაციის თავიდან აცილების შესაძლებლობა. ამ ორი დანაწესის შეპირისპირებისას ნათელი ხდება, რომ 245 VI 2 მუხლი გაცილებით უფრო მიზანშეწონილ წესს გვთავაზობს წარმოქმნილი სიტუაციის გადაწყვეტისათვის – უზუფრუქტუარი არ უნდა დაელოდოს ზიანის დადგომას, რომლის აღმოფხვრაც, ჩვეულებრივ, გაცილებით უფრო დიდ ხარჯებს უკავშირდება, ვიდრე მისი პრევენცია. ამიტომაც უზუფრუქტუარმა გაუთვალისწინებელი საფრთხის დადგომის პირველი ნიშნებისთანავე უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს ამის შესახებ.

52

„გაუთვალისწინებელი საფრთხე“ ფართოდ უნდა განიმარტოს. აბსტრაქტული საშიშროებაც, რომელიც უზუფრუქტის დადგენის მომენტში სავარაუდო იყო, წარმოშობს შეტყობინების ვალდებულებას, თუ ის კონკრეტული საფრთხის სახით რეალიზდა – მაგალითად, წყალდიდობის ზონაში მდებარე ნაკვეთის დატბორვის საფრთხე მოსალოდნელი ძლიერი წვიმების შემთხვევაში.[51] გარდა ამისა, შეტყობინებასავალდებულოა ის ახალი საფრთხეებიც, რომლებიც უზუფრუქტის ხელშეკრულების დადგენის მომენტში ჯერ კიდევ არ იყო სახეზე – მაგალითად, რეგიონში უეცრად წარმოქმნილი ნიადაგის მოწამვლის საფრთხე.

53

შეტყობინება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, ანუ ბრალეული დახანების გარეშე.

3. შეტყობინების ვალდებულების ფარგლები

54

უზუფრუქტუარმა უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს დამდგარი განადგურება- ზიანის შესახებ. შეტყობინებისათვის რაიმე ფორმა არ არსებობს. ის უნდა ეხებოდეს ყველა იმ გარემოებას, რომლებიც ცნობილია უზუფრუქტუარისათვის და უკავშირდება შეტყობინების ვალდებულების განმაპირობებელ მოვლენას, მაგალითად, უნდა აცნობოს მისთვის ცნობილი დამზიანებლის პიროვნების შესახებ.[52] იგივე ეხება მოსალოდნელ საფრთხესთან დაკავშირებულ შეტყობინებას.

55

უზუფრუქტუარს მის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც მას არ ევალება, მაგრამ განხორციელების უფლება აქვს (245 VI 4), არ ათავისუფლებს შეტყობინების ვალდებულებისაგან.[53]

4. შეტყობინების ვალდებულების დარღვევა

56

შეტყობინების ვალდებულების შესრულების ბრალეული დახანება უზუფრუქტის კანონისმიერი ვალდებულების დარღვევაა, რის გამოც უზუფრუქტუარმა მესაკუთრის წინაშე პასუხი უნდა აგოს 394 I და 992 მუხლების მიხედვით.[54]

5. მესაკუთრის მიერ გატარებული ღონისძიებების თმენის ვალდებულება, 245 VI 2

57

უზუფრუქტუარმა, 245 VI 2 მუხლის მიხედვით, უნდა ითმინოს ყველა ის ღონისძიება, რომელთაც მესაკუთრე განახორციელებს ზემოთ ხსენებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ან უკვე რეალიზებული საფრთხის შედეგების აღმოსაფხვრელად. მესაკუთრეს ამ ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება არ გააჩნია (245 VI 3).

58

245 VI 3 და 245 VI 4 მუხლებიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს, თუ რომელს, მესაკუთრეს თუ უზუფრუქტუარს, ენიჭება უპირატესობა კონკრეტული ღონისძიებების გატარებისას. ამ თავისებური კოლიზიის გადაწყვეტა ისევ 245 VI 1 მუხლიდან გამომდინარეობს და შეტყობინების ვალდებულების ლოგიკური გაგრძელებაა – უზუფრუქტუარმა არა მხოლოდ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს, არამედ უნდა დაელოდოს მის შემდგომ ქმედებებს და მხოლოდ მას შემდეგ მიიღოს ზომები, როდესაც მესაკუთრე უარს იტყვის ღონისძიებების გატარებაზე, ან მისი პასუხი უკვე აღარ არის მოსალოდნელი, ან შემდგომი დახანება ნივთისათვის დამატებითი ზიანის მომასწავებელია.

ა) თმენის ვალდებულება

59

უზუფრუქტუარს მინიჭებული აქვს ნივთის ფლობის უფლებამოსილება (იხ. ზემოთ, მე-7 ველი), რომლის იძულებითი განხორციელებაც შეუძლია მესაკუთრის მიმართაც – უფლებამოსილია, მესაკუთრეს აუკრძალოს უზუფრუქტით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ან ბინაში შესვლა. თუმცა ფლობის ეს უფლება იზღუდება მესაკუთრის სასარგებლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრე აპირებს 245 VI 2 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.

60

უზუფრუქტის საფუძველზე წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა აკისრებს უზუფრუქტუარს მესაკუთრის მიერ წამოწყებული ღონისძიებების თმენის ვალდებულებას,[55] რასაც მესაკუთრის მხარეზე შეესატყვისება ამ თმენის მოთხოვნის უფლება. გარდა ამისა, მესაკუთრეს უფლება აქვს, პრევენციის მიზნით ან აღდგენითი სამუშაოებისათვის გამოიყენოს ნივთის შემადგენელი ნაწილები,[56] საკუთვნებელი, ასევე უზუფრუქტუარის კუთვნილი ნაყოფიც კი,[57] და მოითხოვოს უზუფრუქტუარისაგან მათი გამოყენების თმენა.

ბ) თმენის ვალდებულების დარღვევა

61

ისევე როგორც შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევა- ში, თმენის ვალდებულების დარღვევაც წარმოუშობს მეორე მხარეს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, 394 I და 992 მუხლების მიხედვით,[58] რა თქმა უნდა, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.

6. ღონისძიებების განხორციელება უზუფრუქტუარის მიერ, 245 VI 4

62

ნივთის დაზიანება-განადგურებისას მისი აღდგენის, ხოლო მანამდე კი ზიანის პრევენციის ღონისძიებების გატარება უზუფრუქტუარს შეუძლია საკუთარი ძალებითაც, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მესაკუთრის მხრიდან უკვე აღარ არის მოსალოდნელი, ან დახანება ნივთს დამატებით ზიანს უქადის.

63

ღონისძიება, რომელსაც მესაკუთრე ატარებს, უნდა იყოს აუცილებელი ნივთის აღდგენისათვის ან მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ღონისძიების საკუთარი ძალებით გატარება გულისხმობს ამ ღონის- ძიების გატარებას მის მიერ პირადად ან მესამე პირების მეშვეობით.

ა) მიმატებულის მოშორების უფლება

64

245 VI 4 მუხლის მიხედვით, უზუფრუქტუარს შეუძლია, უზუფრუქტის დასრულების შემდეგ ყველა ის ნივთი, რომელიც მან ზემოხსენებულ ღონისძიებათა შედეგად მიუერთა უზუფრუქტის საგანს, მოაშოროს მას. უმნიშვნელოა, გახდა თუ არა ეს ნივთები უზუფრუქტის საგნის შემადგენელი ნაწილები, თუ მხოლოდ ე.წ. „მოჩვენებითი შემადგენელია“,[59] რომლის დაკავშირებაც მიწის ნაკვეთთან, ან მასზე აღმართულ ნაგებობასთან (მაგ., ოთახებში დამონტაჟებული სიგნალიზაციის სისტემა) მხოლოდ გარდამავალი მიზნით ხდება.[60]

65

უზუფრუქტუარს „შენარჩუნების ვალდებულების“ (245 IV 2) ფარგლებში საგნისათვის მიმატებულის მოშორების უფლება არ აქვს.[61]

66

მოთხოვნის ადრესატია მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უზუფრუქტის დამთავრების მომენტისათვის. მესაკუთრის ცვლილების შემთხვევაში ვალდებულება გადადის ახალ მესაკუთრეზე.[62]

ბ) ანაზღაურება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების მიხედვით

67

245 VI 4 მუხლის მიხედვით, უზუფრუქტუარს შეუძლია, მიმატებული საგნების მოშორების ნაცვლად ალტერნატივის სახით მოითხოვოს სათანადო კომპენსაცია ამ საგნებისათვის. კომპენსაციის გამოთვლის წესზე, ისევე როგორც დახარჯული დროისა და შრომისათვის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობაზე, ამ ნორმაში არ არის მითითებული. ამ კონტექსტში ყველაზე მიზანშეწონილი ჩანს დატოვებული საგნისა და გაწეული შრომის დანახარჯების ცნებაში გაერთიანება და მათთვის ანაზღაურების მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების თანახმად, 969-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით. ამ დაშვების გარეშე საკმაოდ უსამართლო შედეგი დგება: ერთი მხრივ, უზუფრუქტუარის შრომა,[63] რომელიც უზუფრუქტის ურთიერთობის დასრულების შემდეგ მესაკუთრეს წაადგება, აუნაზღაურებელი რჩება; ხოლო, მეორე მხრივ, მიმატებული საგნისათვის ობიექტური (და არა 969-ე, 973-ე მუხლების მასშტაბით აწონილი) ღირებულების გადახდის შემთხვევაში, მესაკუთრეს შეიძლება მოუწიოს ანაზღაურების გადახდა იმ ნივთისათვის, რომელიც მას არაფერში სჭირდება.

აა) უზუფრუქტუარის დანახარჯები
68

ამგვარად, ზემოთ მოყვანილი პრობლემიდან გამოსავალი „მიმატებული საგნისათვის სათანადო კომპენსაციაში“ „დანახარჯებისათვის კომპენსაციის“ მოაზრებაა.[64] დანახარჯები კი განიმარტება როგორც ქონებრივი ხარჯი, რომელიც მიმართულია საგნის შენახვის, აღდგენის ან გაუმჯობესებისაკენ.[65] უზუფრუქტუარს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და არა მესამე პირთა დანახარჯების კომპენსირება.[66] გარდა ამისა, ეს დანახარჯები არ უნდა იყოს გაწეული 245 IV 2 მუხლით გათვალისწინებული „შენარჩუნების ვალდებულების“ ფარგლებში და არც უნდა იკვეთებოდეს მასთან.

ბბ) სამართლებრივი შედეგები
69

ანაზღაურების მოთხოვნის შინაარსი და მოცულობა განისაზღვრება 969-ე, 973-ე მუხლების მიხედვით. 245 VI 4 მუხლი აღქმული უნდა იყოს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებად, როგორც სამართლებრივ საფუძველზე მითითება.[67] აქედან გამომდინარე, უზუფრუქტუარს მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ანაზღაურება, თუ მესაკუთრე მათ მოიწონებს, ან ისინი მის ინტერესსა და ნებას შეესაბამებოდა (974 I), ან ამ დანახარჯების გაწევით ის მესაკუთრის კანონისმიერ ვალდებულებას ასრულებდა (974 II). თუ ეს არც ერთი ალტერნატივა სახეზე არ არის, მაშინ უზუფრუქტუარს მხოლოდ 987-ე მუხლის მიხედვით შეუძლია ანაზღაურების მოთხოვნა.

70

მოთხოვნის ადრესატი ამ შემთხვევაში არის მესაკუთრე დანახარჯების გაწევის მომენტში და არა მომდევნო მესაკუთრე, გამომდინარე იქიდან, რომ დანახარჯებით გამოწვეული ნივთის ღირებულების ზრდა მესაკუთრის ცვლილების მომენტში შეიძლება უკვე აღარ იყოს სახეზე.[68]

IX. საკუთვნებლის გასხვისება და სანივთო სუროგაცია, 245 VII

71

უზუფრუქტუარი არ ხდება უზუფრუქტით დატვირთული საგნის მესაკუთრე და არ ფლობს მისი განკარგვის უფლებამოსილებას. ამ განკარგვის უფლებამოსილებას ინარჩუნებს ნივთის მესაკუთრე. ამ წესიდან გამონაკლისს აწესრიგებს 245 VII მუხლი, თუმცა აქ წარმოდგენილი დებულებები დაკონკრეტებას საჭიროებს. პირველ რიგში, ეს ეხება გასხვისებაუნარიანი და ჩანაცვლებაუნარიანი საგნის ცნებას, რომელიც დასაზუსტებელია. გარდა ამისა, ცალსახად გამოკვეთას საჭიროებს, აქვს თუ არა სამეურნეო საქმიანობის ფარგლებს გადაცილებით განხორციელებულ გასხვისებას სანივთო ნამდვილობა.

1. საკუთვნებელი

72

უზუფრუქტით შეიძლება დაიტვირთოს მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის დარი უფლება და ასევე გამონაკლისის სახით ისეთი მოძრავი ნივთი, როგორიცაა საკუთვნებელი (იხ. მუხ. 242, მე-5 ველი). 245 VII მუხლში ხსენებულ მოძრავ ნივთში (რა თქმა უნდა, უზუფრუქტუარს არ აქვს მიწის ნაკვეთზე აღმართული ნაგებობის გასხვისების უფლება) მოიაზრება სწორედ საკუთვნებელი, რომელიც, ვინაიდან არ არის მთავარი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი, შეიძლება მოშორდეს მას და დამოუკიდებლად გასხვისდეს.[69]

2. განკარგვის უფლებამოსილება

73

განკარგვის უფლებამოსილება გულისხმობს საკუთვნებელზე საკუთრების გადაცემისა და მისი უფლებრივად დატვირთვის სანივთო ძალაუფლებას. უზუფრუქტუარის განკარგვის უფლებამოსილება კონკრეტულ შემთხვევაში დამოკიდებულია იმაზე, ექცევა თუ არა ის „ნორმალური სამეურნეო საქმიანობის“ ჩარჩოებში. საკამათოა, მოქმედებს თუ არა ეს შეზღუდვა გარე ურთიერთობაში, ანუ მოიპოვებს თუ არა ზემოთ ხსენებული ჩარჩოების დარღვევით გასხვისებულ ნივთზე მესამე პირი საკუთრებას. სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, „ნორმალური სამეურნეო საქმიანობა“ აღიქმება მხოლოდ შიდა ხასიათის შეზღუდვად უზუფრუქტუარსა და მესაკუთრეს შორის ურთიერთობაში, რომელიც მესამე პირთან დადებული გარიგების ნამდვილობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში აისახება, როდესაც მესამე პირმა იცოდა (ან უნდა სცოდნოდა) განკარგვის უფლებამოსილების ამ შეზღუდვის შესახებ.[70]

3. ჩანაცვლების ვალდებულება

74

245 VII მუხლში მითითებულია არა უზუფრუქტუარისათვის მის მიერ გასხვისებული საგნების ჩანაცვლების ვალდებულების დაკისრებაზე, არამედ მხოლოდ ჩანაცვლების შემთხვევაში სანივთო სუროგაციაზე. მიუხედავად ამისა, უზუფრუქტუარისათვის გასხვისებული საგნისათვის შემცვლელის მოძებნის ვალდებულების დაკისრება აუცილებელია. ამის გარეშე უზუფრუქტუარი ყოველთვის შეეცდება, მონახოს მხოლოდ დროებითი შემცვლელი გასხვისებული საგნისათვის (მაგ., იჯარის მეშვეობით), ან სხვაგვარად დატოვოს მესაკუთრე უზუფრუქტის ურთიერთობის დასრულების შემდეგ საკუთვნებლის გარეშე. ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში გასხვისების ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს იმავე სამეურნეო აუცილებლობიდან გამომდინარე გასხვისებული ნივთის ჩამნაცვლებლის მოძებნაც. ჩანაცვლების ვალდებულება უნდა არსებობდეს ასევე იმ ნივთების შემთხვევაშიც, რომელთაც უზუფრუქტუარი ასხვისებს სამეურნეო საქმიანობის ფარგლებს მიღმა და რომლებზეც მესამე პირები კეთილსინდისიერად მოიპოვებენ საკუთრებას.[71]

4. სანივთო სუროგაცია

75

გასხვისებული საკუთვნებლის შემცვლელის შეძენა და უზუფრუქტის საგანთან დაკავშირება (კუმულაციურად) ავტომატურად იწვევს სანივთო სუროგაციას: ყოველგვარი შემდგომი სამართლებრივი აქტის გარეშე, შეძენილ საგანზე საკუთრებას მოიპოვებს უზუფრუქტით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.[72]




  1. როგორც ეს გერმანულ სამართალშია აღიარებული (გსკ-ის 1034-ე პარაგრაფი); Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1034, Rn. 4: ეს მოთხოვნა მხოლოდ დამხმარე მოთხოვნაა, რომლის მიზანიცაა სხვა მოთხოვნების მომზადება ან უზრუნველყოფა.
  2. შდრ. LG Fulda NJW-RR 1989, 777.
  3. შდრ. BayObLG OLGE 43, 207.
  4. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1036, Rn. 1.
  5. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1036, Rn. 7.
  6. BGH DNotZ 1954, 399.
  7. Pohlmann, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1036, Rn. 8.
  8. RGZ 80, 231.
  9. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1034, Rn. 9.
  10. იქვე.
  11. KG DNotZ 2006, 471.
  12. შდრ. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1039, Rn. 2.
  13. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1039, Rn. 5.
  14. RGZ 80, 229.
  15. განსხვავებით გერმანული გადაწყვეტისაგან (იხ. გსკ-ის 1039 I 2 პარაგრაფი). გერმანიაში ზიანი ანაზღაურდება უზუფრუქტის ურთიერთობის დასრულების შემდეგ, რაც უფრო მიზანშეწონილი ჩანს, რადგან აძლევს უზუფრუქტუარს მოთხოვნის ვადამოსულობამდე ნაყოფისა და სარგებლის რეალიზაციის საშუალებას და, ამავდროულად, არ ლახავს ინტერესებს მესაკუთრისას, რომელსაც შეუძლია, დააჯამოს უკვე მთლიანი ზიანი და არ დაწვრილმანდეს ზიანის მიყენების ცალკეულ ეპიზოდებზე.
  16. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1041, Rn. 3.
  17. იქვე.
  18. BayObLGZ 1977, 205.
  19. OLGZ 1984, 64.
  20. Wegmann, იქვე.
  21. Wegmann, იქვე, Rn. 4.
  22. იქვე.
  23. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1041, Rn. 4.
  24. BGH DNotZ 2006, 46.
  25. BGH NJW 1993, 3198.
  26. OLG Koblenz NJW-RR 1995, 15.
  27. BGH NJW 1993, 3198.
  28. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1041, Rn. 7.
  29. BayObLG DNotZ 1986, 151.
  30. იხ. ამასთან დაკავშირებული მითითებები: Wegmann, იქვე, Rn. 8.
  31. Wegmann, იქვე, Rn. 8.
  32. BayObLGZ 1985, 6.
  33. Schön, Der Nießbrauch an Sachen, 1992, 322.
  34. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1045, Rn. 4.
  35. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1045, Rn. 4.
  36. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1045, Rn. 5.
  37. Pohlmann, იქვე, Rn. 2.
  38. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  39. იქვე; საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად (შდრ. დამატებითი არგუმენტებით Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1045, Rn. 2.), მესაკუთრე დაზღვეული უნდა იყოს ზიანისაგან იმ შემთხვევისათვის, თუ უზუფრუქტუარი მოსავლის მოწევამდე გარდაიცვლება. თუმცა ეს მოსაზრება ყურადღების მიღმა ტოვებს იმ საკითხს, რომ უზუფრუქტუარს მხოლოდ ამ ურთიერთობის მიმდინარეობისას ეკისრება დაზღვევის ვალდებულება და მხოლოდ იმ ზიანისათვის, რომელიც უზუფრუქტის ხელშეკრულების მიმდინარეობისას წარმოიშობა და არა ამ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ. მოყვანილ მაგალითში კი მესაკუთრის ეკონომიკური ინტერესი რეალიზდება მხოლოდ უზუფრუქტის ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც ის უკვე უზუფრუქტუარის პასუხისმგებლობის სფეროს მიღმაა (Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1045, Rn. 7).
  40. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1045, Rn. 10.
  41. იქვე, Rn. 12.
  42. იქვე, Rn. 13.
  43. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1045, Rn. 13.
  44. იქვე, Rn. 14.
  45. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1045, Rn. 15.
  46. იქვე.
  47. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1045, Rn. 1.
  48. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1042, Rn. 2.
  49. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1042, Rn. 3.
  50. Wegmann, იქვე, Rn. 5.
  51. Wegmann, იქვე, Rn. 5.
  52. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1042, Rn. 6.
  53. იქვე.
  54. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1042, Rn. 6.
  55. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1044, Rn. 1; Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1044, Rn. 1.
  56. Pohlmann, იქვე, Rn. 3.
  57. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1042, Rn. 6; შდრ. ასევე Pohlmann, იქვე, Rn. 3.
  58. Pohlmann, იქვე, Rn. 4.
  59. გსკ-ის 95-ე პარაგრაფი.
  60. Fritzsche, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 95, Rn. 5.
  61. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1049, Rn. 9.
  62. იქვე.
  63. უზუფრუქტუარი ხურო, რომელიც ქარისაგან დაზიანებულ სახურავს საკუთარი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში გადახურავს.
  64. რაც შეესატყვისება საკმაოდ მოქნილ გერმანულ გადაწყვეტას, იხ. გსკ-ის 1049 I პარაგრაფი.
  65. BGH NJW 1996, 921.
  66. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1049, Rn. 3.
  67. იქვე, Rn. 5.
  68. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1049, Rn. 6; Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1049, Rn. 6.
  69. გერმანულისაგან განსხვავებით, ქართული სამართალი არ იცნობს ინვენტარზე (583-ე და მომდევნო მუხლების გაგებით) უზუფრუქტის დაწესების შესაძლებლობას და მას ვერც მოვიაზრებთ 245 VII მუხლში მოწესრიგებული გასხვისებაუნარიანი საგნების ქვეშ.
  70. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1048, Rn. 4; Herrler, in Palandt, 73. Aufl., 2014, § 1048, Rn. 1.
  71. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1048, Rn. 5.
  72. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1048, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_245._უზუფრუქტუარის_უფლება-მოვალეობანი&oldid=1778"