Gccc-logo.png


მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უზუფრუქტუარი ვალდებულია, უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.

2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება.

I. ნივთის დაბრუნების ვალდებულება, 246 I

1

246 I მუხლი აწესრიგებს, როგორც კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის, – უფრო ზუსტად კი, ეს არის უზუფრუქტუარსა და მესაკუთრეს შორის წარმოშობილი კანონისმიერი უკუქცევის ურთიერთობის ნაწილი,[1] – უზუფრუქტუარის მიერ ნივთის დაბრუნების ვალდებულებას. ამ დანაწესის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ გარდა (ასევე 172 I მუხლით გათვალისწინებული) დაბრუნების ვალდებულებისა, 246 I მუხლი ადგენს განსაზღვრულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულებას[2] (იხ. ამასთან დაკავშირებით ქვემოთ).

1. უფლებამოსილი და ვალდებული პირი

2

დაბრუნების ვალდებულება, პირველ რიგში, ეკისრება უზუფრუქტუარს. თუ უზუფრუქტის ურთიერთობა მთავრდება უზუფრუქტუარის გარდაცვალებით, ამ შემთხვევაში ეს ვალდებულება გადაეკისრება მის მემკვიდრეს, როგორც უფლებამონაცვლეს. მესამე პირს, რომელსაც უზუფრუქტუარმა გადასცა დატვირთული საგანი, მესაკუთრისათვის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება არა 246 I, არამედ 172 I მუხლის მიხედვით.[3] 246 I მუხლის თანახმად, უფლებამოსილი პირი დაბრუნების მომენტისათვის არის უზუფრუქტით დატვირთული ნივთის მესაკუთრე.

2. დაბრუნების ვალდებულების შინაარსი

3

უზუფრუქტუარი ვალდებულია, მიანიჭოს მესაკუთრეს პირდაპირი მფლობელობა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრემ დადო მესამე პირთან პირდაპირი მფლობელობის მიმნიჭებელი ურთიერთობა (მაგ., ქირავნობა), საკმარისია ამ მესამე პირისათვის ნივთის გადაცემა.[4]

4

რაც შეეხება რეგისტრაციის გაუქმებას, უზუფრუქტის ვადის გასვლის შემდეგ ამის მოთხოვნის უფლება აქვს როგორც მესაკუთრეს, ისე უზუფრუქტუარს. უზუფრუქტუარის მიერ ანგარიშის ჩაბარების ვალდებულებას 246 I მუხლი არ ითვალისწინებს.[5]

3. დაბრუნების ვალდებულების ფარგლები

5

უზუფრუქტუარმა 246 I მუხლის მიხედვით, ნივთი უნდა დააბრუნოს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ის იმყოფებოდა უზუფრუქტის დადგენის მომენტში. ნივთის გაუარესება და მისი მდგომარეობის ცვლილება, რომლისათვისაც უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს 245 I-VII მუხლის მიხედვით, ყურადღების მიღმა რჩება. სხვა შემთხვევაში, თუ ნივთი უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე უზუფრუქტის დადგენის მომენტში, უზუფრუქტუარმა ის დაბრუნებამდე უნდა გაარემონტოს, ან სხვაგვარად აღადგინოს გადაცემამდე არსებულ მდგომარეობაში.[6] მას ამ შემთხვევაშიც არ აწევს ანგარიშვალდებულება. უზუფრუქტის დასრულების შემდეგ მესაკუთრეს შეუძლია, მოსთხოვოს უზუფრუქტუარს იმ მოწყობილობებისა და ნაგებობების მოშორება, რომლებიც მან აღმართა დატვირთულ მიწის ნაკვეთზე.[7]

6

უზუფრუქტუარის დაბრუნების ვალდებულებას 246 I მუხლის მიხედვით შეესატყვისება მესაკუთრის მიერ ნივთის მიღების ვალდებულება.[8]

7

დაბრუნების ბრალეული შეუძლებლობის შემთხვევაში უზუფრუქტუარი ვალდებულია, აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

4. უზუფრუქტუარის საპირისპირო მოთხოვნები

8

უზუფრუქტუარის საპირისპირო მოთხოვნები შეიძლება წარმოდგეს 245 VI 4 მუხლიდან, თუმცა შესაბამისი დაკავების უფლების არარსებობის გამო,[9] უზუფრუქტუარი ვერ დაახანებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე უზუფრუქტით დატვირთული საგნის დაბრუნებას.

5. დაბრუნების სხვა საფუძვლები

9

უზუფრუქტის ურთიერთობის დასრულების შემდეგ ნივთის დაბრუნების მოთხოვნა მესაკუთრეს აქვს ასევე 172 I მუხლის მიხედვით, რადგან უზუფრუქტუარი ამ მომენტისათვის უკვე არაუფლებამოსილი მფლობელია.[10] საკამათო, თუმცა გაბატონებული, მოსაზრების თანახმად, 163-ე და მომდევნო მუხლი ამ შემთხვევაში სუბსიდიარულად გამოიყენება.[11]

II. უზუფრუქტის მოსპობა კონსოლიდაციის შემთხვევაში, 246 II

10

უზუფრუქტის უფლება, როგორც ეს 246 II მუხლიდან გამომდინარეობს, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ როგორც „სხვისი უზუფრუქტი“. „მესაკუთრის უზუფრუქტს“ ამოსავალი საკანონმდებლო დანაწესი არ აღიარებს (გამონაკლისთან დაკავშირებით იხ. ქვევით).

1. კონსოლიდაცია

11

გამომდინარე იქიდან, რომ უზუფრუქტი არაგადაცემადი უფლებაა, უზუფრუქტისა და საკუთრების თავმოყრა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზუფრუქტუარი გახდება მესაკუთრე. გარდა ამისა, კონსოლიდაციის წინაპირობაა უზუფრუქტუარის ერთპიროვნული საკუთრება.[12] თანასაკუთრების მოპოვების შემთხვევაში მოქმედებს 173 II მუხლი. კონსოლიდაცია ხდება ასევე იმ შემთხვევაში, თუ წილობრივი (იხ. მუხ. 242, მე-19 ველი) ან ნაწილობრივი (იხ. მუხ. 242, მე-20 ველი) უზუფრუქტის მფლობელი ხდება ნივთის ერთპიროვნული მესაკუთრე.

2. გამონაკლისი კონსოლიდაციიდან

12

მიუხედავად 246 II მუხლის ცალსახა დანაწესისა, კონსოლიდაციით უზუფრუქტის გაქარწყლების წესიდან უნდა დაიშვას გამონაკლისი იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს აქვს სამართლებრივი ინტერესი უზუფრუქტის არსებობის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მაგალითად, იმ შემთხვევაში, როდესაც ის ნივთზე საკუთრებას მხოლოდ დროებით მოიპოვებს (მაგ., გადადების ან გაუქმების პირობით და ა. შ.).[13]




  1. Pohlmann, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1055, Rn. 1.
  2. Heinze, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2017, § 1055., Rn. 1; Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1055, Rn. 1.
  3. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1055, Rn. 2.
  4. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1055, Rn. 3.
  5. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1055, Rn. 5.
  6. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  7. Heinze, in Staudinger BGB, 16 Aufl., 2017, § 1055, Rn. 9.
  8. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  9. შდრ. გსკ-ის 273-ე პარაგრაფი.
  10. BGH NJW 1961, 499.
  11. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1055, Rn. 8; იხ. დამატებითი მითითებებისათვის Heinze, in Staudinger BGB, 16. Aufl., 2017, § 1055, Rn. 3.
  12. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1063, Rn. 3.
  13. Pohlmann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1063, Rn. 1; Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1063, Rn. 3.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_246._უზუფრუქტის_შეწყვეტა&oldid=1780"