Gccc-logo.png


მუხლი 247. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 247. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.

2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ. 158.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

247 I 1 მუხლი აყალიბებს სერვიტუტის ინსტიტუტის კონტურებს, რომლის შემთხვევაშიც საქმე ეხება მიწის ნაკვეთზე ან სხვა უძრავ ქონებაზე (დაქვემდებარებული ნივთი) საკუთრების უფლების შეზღუდვას სხვა მიწის ნაკვეთის ან უძრავი ნივთის (გაბატონებული ნივთი) მესაკუთრის სასარგებლოდ.[1] კონკრეტული სერვიტუტების შინაარსის პოზიტიური გაწერისაგან კანონმდებელი თავს იკავებს; ეს შინაარსი თავად უფლებამოსილმა და ვალდებულმა პირებმა უნდა შეათანხმონ, თუმცა იმ დათქმით, რომ შეთანხმება მიმართული იქნება 247 I 1 მუხლში მოცემული სამი მიზნიდან (28-ე, 35-ე და 44-ე ველები) ერთ-ერთის რეალიზებისაკენ. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სერვიტუტი უფლებამოსილ პირს სთავაზობდეს რაიმე უპირატესობას საკუთარი ნივთის გამოყენებისას (248 I).

1. გამიჯვნა სხვა ინსტიტუტებისაგან

2

ჩვეულებრივი სერვიტუტი (სხვაგვარად ასევე „მიწის სერვიტუტი“) განსხვავდება პირადი სერვიტუტისაგან (253) იმით, რომ ამ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ნივთის, რომლის სასარგებლოდაც არის დადგენილი სერვიტუტი, იმჟამინდელი მესაკუთრე და არა კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირი, როგორც ეს პირადი სერვიტუტის შემთხვევაშია სახეზე.[2]

3

უზუფრუქტისაგან სერვიტუტს განასხვავებს იგივე ნიშანი – უზუფრუქტის მფლობელიც კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირია და არა მიწის ნაკვეთის იმჟამინდელი მესაკუთრე. გარდა ამისა, სერვიტუტის შესაძლო შინაარსი არ ამოიწურება მხოლოდ დაქვემდებარებული ნივთით სარგებლობით და თუ მის ფარგლებში სარგებლობის უფლებამოსილებაა მი ნიჭებული, ეს უფლებამოსილება ცალკეული სფეროთია შემოსაზღვრული, განსხვავებით უზუფრუქტისაგან.

4

აღნაგობის უფლებისაგან სერვიტუტს მიჯნავს ისევ და ისევ უფლებამოსილი პირის ვინაობა და ნივთით სარგებლობის (ან გაბატონებული ნივთისათვის დაქვემდებარებული ნივთის ხარჯზე უპირატესობის სხვაგვარად მოპოვების) გაცილებით უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობა.

5

განსხვავებით აუცილებელი გზის უფლებისაგან (180), რაზეც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თავის მეზობელს უარს ვერ ეტყვის, სერვიტუტის დადგენა მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით არის შესაძლებელი.[3]

2. კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა

6

სერვიტუტის საფუძველზე წარმოიშობა დაქვემდებარებული და გაბატონებული ნივთის მესაკუთრეებს შორის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის შინაარსიც 248 II-249-ე მუხლებშია გაწერილი და შეიძლება მხარეთა მიერ დამატებით დაკონკრეტდეს და შეივსოს (თუ ეს არ სცდება კანონმდებლის მიერ სერვიტუტისათვის მოცემულ ჩარჩოს). დასაშვებია და გავრცელებული პრაქტიკაა სერვიტუტის გამოყენების უფლების მიწის ნაკვეთის ცალკეული ნაწილით შემოსაზღვრა.[4]

3. საფუძვლად მდებარე ვალდებულებითი გარიგება

7

კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან უნდა განვასხვაოთ სერვიტუტის განმაპირობებელი ვალდებულებითი გარიგება, რომელიც მისი სამართლებრივი საფუძველია, საიდანაც წარმოდგება სერვიტუტის მინიჭების მოთხოვნა და რაც (როგორც ვალდებულებითსამართლებრივი კაუზა) გადამწყვეტია მისი შენარჩუნებისათვის.[5]

II. დატვირთული ნივთი

1. დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება

8

247 I 1 მუხლის მიხედვით, სერვიტუტით იტვირთება მიწის ნაკვეთი (საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის 14 I 1 მუხლი) ან სხვა უძრავი ქონება (149), როგორიც არის, მაგალითად, ბინაზე საკუთრება (208) და, ასევე, მიწასთან გათანაბრებული უფლებები, როგორიც არის აღნაგობა (იხ. 233, 1-ლი ველი). თანასაკუთრებაში თანაზიარი წილის შემთხვევაში აუცილებელია შემდეგი ტიპის დიფერენცირება:

9

სარგებლობის უფლებით ან ნაკვეთზე კონკრეტული მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული აკრძალვით თანაზიარი წილი არ შეიძლება დაიტვირთოს, თუ ამაზე ერთობლივ თანხმობას არ გამოთქვამს ყველა თანამესაკუთრე.[6]

10

ამის საპირისპიროდ, თანაზიარი წილი შეიძლება დაიტვირთოს სერვიტუტით, რომლის შინაარსსაც განსაზღვრავს მესაკუთრის გარკვეული უფლებების გამოყენების შეზღუდვა. ამის მაგალითია სერვიტუტი, რომელიც ეხება ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში მყოფი სათავსოების გამოყენებაზე უარს,[7] ან უარს იმ ფულადი მოთხოვნების წაყენებაზე, რომლებიც წარმოდგება თანასაკუთრებაში თანაზიარი წილიდან.[8]

2. საერთო სერვიტუტი რამდენიმე მიწის ნაკვეთზე

11

ერთიანი სერვიტუტით რამდენიმე მიწის ნაკვეთის დატვირთვა, ზოგადად, დასაშვებად არის ცნობილი (შდრ. 250 I), თუმცა გერმანული სასამართლო პრაქტიკა (რომლის გადმოღებაც საქართველოშიც მიზანშეწონილი ჩანს) ამ დასაშვებობას წინაპირობად უყენებს შემდეგ ორ გარემოებას: 1. სერვიტუტის გამოყენებისათვის აუცილებელი უნდა იყოს მისი რამდენიმე ნაკვეთზე გავრცელება და 2. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ერთი და იმავე ტიპის სარგებლობას უნდა ეხებოდეს საქმე. დასაშვებია წყლის[9] ან გზის[10] უფლებით მიჯრით განლაგებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის დატვირთვა. ამის საპირისპიროდ, დაუშვებელია სარგებლობის განსხვავებული ტიპის გამო (ერთი მხრივ, შენობის, ხოლო, მეორე მხრივ, ბაღისა და გარაჟის გამოყენება), ცხოვრების უფლებით ორი ნაკვეთის დატვირთვა, როდესაც სახლი ერთ მიწის ნაკვეთზე დგას, ხოლო გარაჟი და ბაღი კი მეორე ნაკვეთზე.[11]

3. ბინაზე საკუთრება

12

ბინაზე საკუთრების სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში შემდეგი დათქმის გაკეთებაა საჭირო: თუ სერვიტუტიდან გამომდინარე მატერიალური ტვირთი მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ბინას ეხება და არა ყველა ინდივიდუალური საკუთრების სა განს, მაშინ სერვიტუტის რეგისტრაცია უნდა მოხდეს მხოლოდ ამ დატვირთულ ბინებზე.[12] თუ ამის საპირისპიროდ, სერვიტუტიდან გამომდინარე, ტვირთი მთლიან ამხანაგობას ეხება, აუცილებელია მისი რეგისტრაცია ინდივიდუალური საკუთრების ყველა საგანზე,[13] რისი მაგალითიცაა იმისიების თმენის ვალდებულება, რომელიც ყველა მესაკუთრეს ეხება.[14]

III. უფლებამოსილი პირი

1. ერთადერთი უფლებამოსილი პირი

13

უფლებამოსილი პირი ყოველთვის გაბატონებული ნივთის მესაკუთრეა.[15] გაბატონებული ნივთი, ისევე როგორც დაქვემდებარებული (იხ. ზემოთ), შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთი, ინდივიდუალური ბინა, აღნაგობა ან სხვა, მიწასთან გათანაბრებული, უფლებები. თანაზიარი წილი თანასაკუთრებაში არ შეიძლება იყოს გაბატონებული ნივთი.[16]

2. რამდენიმე უფლებამოსილი პირი

14

თუ სერვიტუტი უნდა დადგინდეს სხვადასხვა მიწის ნაკვეთების (ან სხვა უძრავი ქონების) მესაკუთრეთა სასარგებლოდ, ის დგინდება დამოუკიდებელი, იდენტური შინაარსის მქონე სერვიტუტების სახით, რომლებიც ერთი და იმავე რანგის ქონის შემთხვევაში ზღუდავენ ერთმანეთს მათი გამოყენებისას, განსხვავებული რანგის შემთხვევაში კი რანგით წინმსწრები სარგებლობს უპირატესობით.[17] თანაზიარი უფლებამოსილების მინიჭება სხვადასხვა გაბატონებული მიწის ნაკვეთისათვის შეუძლებელია, რადგან თანაზიარი უფლებამოსილება მხოლოდ ფიზიკური და იურიდიული პირების შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არა მიწის ნაკვეთებსა და მათ იმჟამინდელ მესაკუთრეებს შორის.[18] ამის საპირისპიროდ, დასაშვებია საერთო უფლებამოსილების მინიჭება რამდენიმე გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრისათვის, 455-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით, რომლის უარყოფითი მხარეც ისაა, რომ მხოლოდ ერთ-ერთი უფლებამოსილი პირის მიმართ განხორციელებული შესრულებაც კი ათავისუფლებს ვალდებულებისაგან.[19]

3. მესაკუთრის სერვიტუტი

15

მესაკუთრის სერვიტუტის დადგენა, რომლის დროსაც უფლებამოსილი პირი თავად დატვირთული ნივთის მესაკუთრეა, ზოგადად, დასაშვებად არის მიჩნეული.[20] მისი დასაშვებობისათვის საკმარისია მესაკუთრის ინტერესი (არ არის აუცილებელი, რომ მას ქონებრივი ხასიათი ჰქონდეს) ამასთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ მესაკუთრეს დაგეგმილი აქვს ნივთის გასხვისება უახლოეს მომავალში და, ამავდროულად, სურს, შეინარჩუნოს მასზე სერვიტუტი, შესაძლებელია მის გასხვისებამდე მესაკუთრის სერვიტუტის დადგენა და უკვე სერვიტუტით დატვირთული ნივთის გასხვისება.[21] იგივე წესი მოქმედებს ნაკვეთის ნაწილის ან თანასაკუთრებაში წილის გასხვისების შემთხვევაში.

IV. წარმოშობა და შეწყვეტა

1. წარმოშობა

16

კანონის საფუძველზე[22] სერვიტუტის შეძენა დასაშვებია მფლობელობითი ხანდაზმულობით (167).[23]

17

გარიგების საფუძველზე სერვიტუტი წარმოიშობა მისი უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენისათვის გათვალისწინებული წესით შეთანხმებითა და მისი რეგისტრაციით (247 I 1, 183, იხ. შეთანხმებასა და მისი რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, დეტალურად, 243-ე მუხლის კომენტარი).[24]

18

რეგისტრაციისათვის აუცილებელია დაინტერესებული პირის (გაბატონებული ან დაქვემდებარებული ნივთის მესაკუთრე) მიერ განცხადების წარდგენა გარიგებასთან ერთად (საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 8 II მუხლი, 3111 I) ან ამ გარიგების დადება 3111 II მუხლით გათვალისწინებული წესით (იხ. ამასთან დაკავშირებით დეტალურად მუხ. 243, მე-10 და მომდევნო ველი).

19

შესაძლებელია სერვიტუტის უფლების გარკვეული ვადით ან პირობადებულად დადგენა და ამ პირობის ან ვადის რეგისტრაცია. გადადების პირობით შეთანხმებული სერვიტუტი რეგისტრირებაუნარიანია მისი დადგენის, და არა მხოლოდ პირობის დადგომის, მომენტიდან.[25] სერვიტუტი, ჩვეულებრივ, უნდა დარეგისტრირდეს მხოლოდ დაქვემდებარებული ნივთის გრაფაში.

2. შეწყვეტა

20

კანონის საფუძველზე სერვიტუტი წყდება 97, 250 II, 251 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნაგობის უფლებაზე დადგენილი სერვიტუტი წყდება ამ უფლების გაუქმებასთან ერთად.[26]

21

გარიგების საფუძველზე სერვიტუტის შეწყვეტისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება უფლების გაუქმებასთან დაკავშირებით – გაუქმების ხელშეკრულების დადება, სერვიტუტის დადგენისათვის გათვალისწინებული ფორმით ან დერელიქცია, 184-ე მუხლის მიხედვით.

22

გარდა ამისა, სერვიტუტი შეიძლება შეწყდეს ვადის გასვლით (თუ ვადიან სერვიტუტს ეხებოდა საქმე), გაუქმების პირობის დადგომით, აუქციონზე დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებით, ან, თუ ის უფლებამოსილ პირს აღარ ანიჭებს რაიმე უპირატესობას საკუთარი ნივთით სარგებლობისას (248 I, იხ. მუხ. 248, 1-ლი და მომდევნო ველები).

V. კანონისმიერი ჩარჩო

23

247 I 1 მუხლი არ განსაზღვრავს სერვიტუტის პოზიტიურ შინაარსს.[27] ეს შინაარსი უნდა განსაზღვრონ მხარეებმა ყოველ ცალკეულ შემთხვევაში თავიანთი შეთანხმებით, თუმცა ისე, რომ ის რჩებოდეს კანონში მოცემული სამი დასაშვები მიზნის (სარგებლობა, მოქმედების აკრძალვა, უფლების განხორციელების აკრძალვა. იხ. ქვემოთ, 28-ე, 35-ე და 44-ე ველები) ფარგლებში. მხარეებს შეუძლიათ, დამატებითი დათქმის მეშვეობით შეავსონ კანონით მოცემული ჩარჩო შინაარსი (იხ. ამასთან დაკავშირებით ქვევით). თუ ეს დათქმა უნდა გახდეს დაქვემდებარებული და გაბატონებული ნივთის მესაკუთრეთა შორის წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ნაწილი, აუცილებელია მისი რეგისტრაცია (247 I 1, 183), წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მხოლოდ ხელშეკრულების დამდებ მხარეთა შორის მოქმედებს.

1. აქტიური მოქმედების მთავარ ვალდებულებად შეთანხმების ზოგადი დაუშვებლობა

24

როგორც ეს 247 I 1 მუხლიდან გამომდინარეობს, სერვიტუტის საგანი ვერ გახდება შესრულების ვალდებულება. თუმცა, მეორე მხრივ, თავად კანონი უშვებს ამ ზოგადი წესიდან გამონაკლისს 249 2 მუხლში, ნაგებობის მოვლის ვალდებულების შემთხვევაში. ეს გამონაკლისი განზოგადებაუნარიანია და მის საფუძველზე დასაშვებად არის ცნობილი პოზიტიური შესრუ ლების ვალდებულების, როგორც დამატებითი ვალდებულების, დაწესება.[28] შესაბამისად, დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს ამ ნივთის სერვიტუტის გამოყენებისათვის საჭირო მდგომარეობაში შენარჩუნება.[29] დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობის დემონტაჟისა თუ მცენარეული საფარის განადგურების აკრძალვის სერვიტუტი შეიძლება შეიფუთოს მათი მოვლის პოზიტიური ვალდებულებით,[30] რაც დამატებით ამყარებს გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის პოზიციებს.

2. უკვე არსებული კანონისმიერი ვალდებულებები

25

თმენისა თუ უმოქმედობის უკვე არსებული კანონისმიერი ვალდებულებები, ჩვეულებრივ, არ შეიძლება გახდეს სერვიტუტის საგანი.[31] გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც საეჭვოა ამ კანონისმიერი ვალდებულების არსებობა ან მისი მოცულობა.[32] დასაშვებია სერვიტუტის შეთანხმება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ეჭვი, ექცევა თუ არა საზღვრის დარღვევა 179 I მუხლით დადგენილი თმენის ვალდებულების ან ადგილობრივი იმისიები – სამეზობლო მოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში (175).[33] ასევე, დასაშვებია ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების, რომლებიც სცდება კანონისმიერ ვალდებულებათა წრეს, შეზღუდვა სერვიტუტის მეშვეობით.[34]

3. ცალკეული უფლებამოსილება

26

სერვიტუტით მესაკუთრეს შეუძლია გასცეს საკუთრების უფლებიდან წარმომდგარი მხოლოდ ცალკეული უფლებამოსილებები (247 I – „ცალკეულ შემთხვევებში“), რაც ნიშნავს იმას, რომ სერვიტუტით ნივთის დატვირთვის შემდეგ მესაკუთრეს უნდა დარჩეს ამ ნივთის, სულ მცირე, ერთი მიმართულებით გამოყენების შესაძლებლობა – სერვიტუტის ფარგლებში (განსხვავებით უზუფრუქტისაგან) ნივთით სარგებლობის უფლების გაბატონებული ნივთის მესაკუთრისათვის სრულად გადაცემა დაუშვებელია (იხ. ამასთან დაკავშირებით ქვემოთ).[35]

4. უპირატესობა

27

248 I მუხლის მიხედვით, სერვიტუტის კონსტიტუტიური ნიშანია გაბატო ნებული ნივთის მესაკუთრისათვის ნივთით სარგებლობისას რაიმე უპირატესობის მინიჭება (იხ. მუხ. 248, 1-ლი და მომდევნო ველები).

VI. სერვიტუტი სარგებლობის უფლებამოსილებით

1. სარგებლობის უფლებამოსილება

28

სარგებლობის სერვიტუტის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ იმ უფლებამოსილების მინიჭება, რომელიც სხვა შემთხვევაში მესაკუთრეს ეკუთვნის 170 I მუხლის მიხედვით. სარგებლობის ქვეშ მოიაზრება ნივთის რეგულარული (არაერთჯერადი) გამოყენება, რომელსაც, არ არის აუცილებელი, განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს.[36] დასაშვებია იმავე ტიპის სარგებლობის უფლების თავად მესაკუთრისათვის დატოვება (მაგ., ბაღით თანასარგებლობა) ან ამის გამორიცხვა.[37]

2. „ცალკეულ შემთხვევებში“ სარგებლობა

29

სარგებლობის უფლების 247 I მუხლში დაფიქსირებული შეზღუდვა „ცალკეულ შემთხვევებში“ (უფრო ზუსტად კი ცალკეული მიმართულებით) სარგებლობის დათქმით, გულისხმობს უფლებამოსილების კონკრეტული სფეროთი შემოსაზღვრის აუცილებლობას.[38] ეს შეიძლება იყოს სარგებლობის ტიპის მიხედვით, ანუ საგნობრივი შეზღუდვა (ნაკვეთის გამოყენება ფეხბურთის სათამაშოდ), ან, როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული („დასავლეთ ნაწილში მდებარე 3 მ. სიგანის გადათელილი ნაკვეთი საფეხმავლო გზად“).[39] ამის საპირისპიროდ, მხოლოდ ტერიტორიული შემოზღუდვა არასაკმარისია.[40] გამომდინარე იქიდან, რომ სერვიტუტის კონსტიტუტიური ნიშანი მხოლოდ და მხოლოდ უფლებამოსილი პირის უფლებრივი კომპეტენციის შემოსაზღვრაა, უმნიშვნელოა, თუ ნივთის გამოყენების რა კონკრეტული შესაძლებლობა რჩება ამის შემდეგ მესაკუთრეს. ამიტომაც არ არის აუცილებელი, სერვიტუტით მთლიანი მიწის ნაკვეთის დატვირთვის შემთხვევაში, მესაკუთრეს დარჩეს საკუთარი ნივთის ეკონომიკურად მოგებიანად გამოყენების შესაძლებლობა.[41] სარგებლობის სხვადასხვა ტიპის უფლებამოსილება შეიძლება გახდეს ერთიანი სერვიტუტის საგანი.[42]

3. ტიპოლოგიური აღრევის აკრძალვა

30

სანივთო სამართალში მოქმედი ნუმერუს ცლაუსუს-ის პრინციპიდან წარმომდგარი სანივთო უფლებათა ტიპოლოგიური აღრევის აკრძალვიდან გამომდინარე, დაუშვებელია ერთი და იმავე სარგებლობის უფლებამოსილების ერთ შემთხვევაში უზუფრუქტის ან აღნაგობის, ხოლო მეორე შემთხვევაში სერვიტუტის გარსაცმელში შეფუთვა.[43]

4. სარგებლობის სერვიტუტის მაგალითები

31

სარგებლობის სერვიტუტის ცალკეული მაგალითია: საფეხმავლო ან სატრანსპორტო გზის უფლება (იხ. ქვემოთ), გამდინარე წყლის უფლება, წიაღისეულის მოპოვების უფლება, მშენებლობისას მეზობლის ნაკვეთზე გადასვლის უფლება, ალტერნატიული ენერგიის მოპოვების უფლება (ფრთი ანი ბორბლისა ან მზის პანელის აღმართვის გზით), საწარმოს გაძღოლის უფლება, დატვირთულ ნაკვეთზე ნაგებობის ან ტექნიკური მოწყობილობის ფლობისა და სარგებლობის უფლება და ა. შ.[44]

5. სერვიტუტით სარგებლობა

{{ვ|32 მესამე პირისათვის სერვიტუტით დამოუკიდებლად (ან უფლებამოსილ პირთან ერთად[45]) სარგებლობის უფლების მინიჭების დასაშვებობა დამოკიდებულია სერვიტუტის შინაარსზე.[46] თუ ამ შინაარსის განმარტება ცალსახა პასუხს არ იძლევა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაშინ საეჭვოობისას 253 II მუხლიდან უკუდასკვნით გამომდინარეობს, რომ სერვიტუტით (თანა)სარგებლობის შესაძლებლობა მესამე პირსაც შეიძლება მიენიჭოს.[47]

6. გზის უფლება

33

პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია გზის სერვიტუტთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემები. სერვიტუტის ფარგლებში გზის უფლების მინიჭებისას თუ სარგებლობის ფარგლები ზუსტად არის გაწერილი, ფაქტობრივ გარემოებათა ცვლილება არ იწვევს სამართლებრივი შინაარსის ცვლილებას (იხ. შინაარსის მისადაგებასთან დაკავშირებით ქვემოთ 51-ე და მომდევნო ველები). მაგალითად, უფლებამოსილ პირს არა აქვს გზის გაფართოების მოთხოვნის უფლება, თუ მისი სიგანე თავდაპირველად ზუსტად იყო დადგე ნილი[48] და არც მანქანით გადაადგილების უფლება, თუ სერვიტუტით მხოლოდ საფეხმავლო გზა იყო შეთანხმებული.[49]

34

სერვიტუტის შინაარსის ამომწურავად გაწერის გარეშე მისი განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ „გზის უფლება“ მოიცავს მსუბუქი ავტომანქანით მასზე გავლის უფლებასაც.[50] ზოგადად, დასაშვებია, გაბატონებული მიწის ნაკვეთის სამეურნეო დანიშნულებიდან გამომდინარე, სერვიტუტის დადგენისას მოსალოდნელი სარგებლობის ტიპისა თუ ინტენსივობის ცვლილებასთან ერთად (მაგ.: საწარმოს გაფართოება[51] თუ პროფილის შეცვლა[52]) ამ უფლების ფარგლების გაფართოებაც.

VII. მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტი

35

მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტი უკრძალავს დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საკუთარ ნაკვეთზე რაიმე მოქმედების განხორციელებას.

1. ფაქტობრივი მოქმედება

36

ხსენებული სერვიტუტის ფარგლებში დასაშვებია მხოლოდ იმ მოქმედების აკრძალვა, რომლის განხორციელებაც სხვა შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე დასაშვები იქნებოდა. სერვიტუტი, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ქმედების (მაგ., განკარგვის) განხორციელების აკრძალვისაკენ, დაუშვებელია.[53] დასაშვებია რამდენიმე შეზღუდვის ერთი სერვიტუტის ფარგლებში მოქცევა.[54]

2. დატვირთულ ნივთთან დაკავშირებული მოქმედება

37

მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტით შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ ისეთი მოქმედება, რომლის განხორციელებაც დატვირთულ მიწის ნაკვეთზე (ან სხვა უძრავ ნივთზე) უნდა მოხდეს. მაგალითად, დატვირთული მიწის მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს საკუთარ ნაკვეთზე სასმელებით ან სხვა კვების პროდუქტებით ვაჭრობა, თუმცა დაუშვებელია იმავე აკრძალვისათვის გენერალური ხასიათის მინიჭება და მისი გავრცელება მესაკუთრის სხვა ნაკვეთებზეც, მათი სერვიტუტით დატვირთვის გარეშე.[55]

3. „ზოგიერთი მოქმედება“

38

247 I 1 მუხლის ფორმულირებიდან გამომდინარეობს „ზოგიერთი მოქმედების აკრძალვა“, რომელთა მიხედვით, მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს მხოლოდ გარკვეული და არა ერთბაშად ყველა მოქმედების განხორციელება. მას უნდა დარჩეს ნივთის, სულ მცირე, ერთი მიმართულებით გამოყენების შესაძლებლობა.[56] აკრძალულ მოქმედებათა წრე შეიძლება განისაზღვროს ერთადერთი დასაშვები საქმიანობის ტიპის დაფიქსირებით.[57]

4. მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტის მაგალითები

34

მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტის მაგალითებია: მშენებლობის აკრძალვა, ფანჯრის გაღების აკრძალვა, იერსახის შეცვლის აკრძალვა[58] და ა. შ.[59]

5. საწარმოო საქმიანობის აკრძალვა

40

პრაქტიკაში განსაკუთრებით პრობლემურია საწარმოო საქმიანობის ამკრძალავი სერვიტუტი, რომელიც სანივთოსამართლებრივად, ზოგადად, დასაშვებად არის ცნობილი.[60] შესაძლებელია არა მხოლოდ საწარმოო საქმიანობის ზოგადი აკრძალვა, არამედ, ასევე, კონკრეტული საქმიანობის ფარგლებში კონკრეტული მოქმედებებისაგან თავის შეკავების დავალდებულება, როგორიც არის განსაზღვრული ტიპის პროდუქტით ვაჭრობის აკრძალვა.[61] ამის საპირისპიროდ, დაუშვებელია, სერვიტუტი შეიცავდეს, უფლებამოსილი პირის გარდა, სხვა მწარმოებლის პროდუქციით (სხვა მარკის ლუდი, ბენზინი ან ზეთი) ვაჭრობის აკრძალვას დატვირთულ მიწის ნაკვეთზე,[62] რადგან ეს უკავშირდება არა ნაკვეთის სამეურნეო დანიშნულებას და მისით სარგებლობის ტიპს, არამედ ზღუდავს მისი მესაკუთრის პირად და სამეწარმეო თავისუფლებას[63] და არის კონტრაჰირების იძულების არაპირდაპირი ფორმა.[64]

6. საფუძვლად მდებარე ვალდებულებითი გარიგების დაუშვებლობა

41

კონკრეტული შინაარსით სერვიტუტის დადგენის სანივთოსამართლებრივი და რეგისტრაციის დასაშვებობისაგან გასამიჯნია საკითხი, არღვევს თუ არა მის საფუძვლად მდებარე ვალდებულებითი გარიგება მორალის ნორ მებს.[65] ვალდებულებითსამართლებრივი გარიგების შინაარსის შეზღუდვა გამომდინარეობს 54-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, მაგალითად, დაუშვებელია ზემოთ ხსენებული ვაჭრობის აკრძალვის მოქმედების პერიოდის შეუსაბამოდ დიდ მონაკვეთზე (მაგ., 15-20 წელი) გავრცელება.[66]

42

ვალდებულებითი გარიგების არანამდვილობა ამ ტიპის შემთხვევებში შეიძლება განპირობებული იყოს კანონისმიერი აკრძალვის დარღვევითაც.

43

ორივე შემთხვევაში ვალდებულებითი გარიგების არანამდვილობა სანივთო სამართალში მოქმედი კაუზალობის პრინციპის გამო იწვევს სერვიტუტის უფლების გაქარწყლებას, რის შემდეგაც მისი რეგისტრაცია უნდა გაუქმდეს.

VIII. უფლების განხორციელების აკრძალვის სერვიტუტი

44

უფლების განხორციელების ამკრძალავი სერვიტუტით დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ნივთის) მესაკუთრეს შეიძლება აეკრძალოს გაბატონებული ნაკვეთის მიმართ განსაზღვრული მოქმედების განხორციელების უფლება, რასაც მას ეს სტატუსი ანიჭებს, ან დაეკისროს გაბატონებული ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედების თმენის ვალდებულება, რაც მას სხვა შემთხვევაში არ ჰქონდა.[67] უფლების ამკრძალავი სერვიტუტის რეგისტრაცია ხდება მხოლოდ დატვირთულ ნაკვეთზე – გაბატონებულ ნაკვეთზე მის რეგისტრაციას სანივთო (აკრძალვითი) ძალა არ გააჩნია.[68]

45

ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აიკრძალოს სამოქალაქოსამართლებრივი თავდაცვითი მოთხოვნების (175, 176, 177, 172 II),[69] ისევე როგორც საჯაროსამართლებრივი (მაგ., სამშენებლო სამართლიდან გამომდინარე) მოთხოვნების განხორციელება.[70] თუმცა მეორე შემთხვევაში ეს კერძოსამართლებრივი აკრძალვა არ ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს, თავი შეიკავოს შესაბამისი ზომების მიღებისაგან, თუ აღმოაჩენს, რომ მეზობლის ნაკვეთზე დაუშვებელი ზემოქმედება ხორციელდება.[71]

46

სერვიტუტით შეიძლება გამოირიცხოს ზიანის ანაზღაურების იმ მოთხოვნის განხორციელება, რომელიც იკავებს 172 II მუხლიდან გამომდინარე თავდაცვითი მოთხოვნის ადგილს. ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ სახეზეა საკმარისი კავშირი მიწის ნაკვეთთან.[72] გარდა ამისა, გამორიცხვადია თმენის ვალდებულება 179 I მუხლისა და აუცილებელი გზის უფლება 180 I მუხლის მიხედვით,[73] ისევე როგორც მათთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლება 179 II, 180 I 2 მუხლების მიხედვით.

IX. საზღაური სერვიტუტისათვის, 247 II

48

სერვიტუტის სასყიდლიანი თუ უსასყიდლო ხასიათი არ შეიძლება გახდეს სერვიტუტის სანივთო გარიგების შინაარსი,[74] თუმცა საზღაურის გადახდა (გამოყენების უფლებისათვის) შეიძლება იყოს სერვიტუტის ურთიერთობის საფუძვლად მდებარე ვალდებულებითი გარიგების საგანი. ამ შემთხვევაში საზღაურის გადაუხდელობა სერვიტუტის გამცემს ამ უფლების წარმო- შობამდე ანიჭებს შესრულებაზე უარის თქმის უფლებას, წარმოშობის შემდეგ კი – გასვლისა და სერვიტუტის კონდიქციის უფლებას.[75]

48

საზღაური სერვიტუტისათვის შეიძლება ატარებდეს პერიოდულ ან ერთჯერად ხასიათს, მიუხედავად იმისა, რომ 247 II მუხლში მხოლოდ პერიოდული ხასიათის საზღაურზეა საუბარი. შესაძლებელია სერვიტუტის უფლების წარმოშობის პირობად ერთჯერადი საზღაურის გადახდის ვალდებულების შესრულების (გადადების ან გაუქმების) დათქმა. დასაშვებია, ასევე, პერიოდულად გადასახდელი საზღაურის პირობის ფორმით დაკავშირება უფლების არსებობასთან, თუმცა ეს საკმაოდ მოუქნელი კონსტრუქციაა, რადგან ამ შემთხვევაში თითოეული პერიოდისათვის საზღაურის გადაუხდელობა მთლიანი უფლების გაქარწყლებას იწვევს.[76] აქედან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილია, სასყიდლის გადახდის არა უფლების არსებობის, არამედ მისი გამოყენების პირობად დათქმა, რა დროსაც ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ „ყინავს“ სერვიტუტით სარგებლობის შესაძლებლობას მის შესრულებამდე.[77]

X. შინაარსის ცვლილება

1. შინაარსის ცვლილება გარიგებით

49

გარიგებით სერვიტუტის შინაარსის ცვლილებისათვის 247 I 1, 183 და 184 მუხლების ანალოგიით, აუცილებელია დაქვემდებარებული და გაბატონებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის შეთანხმება კანონით გათვალისწინებული ფორმით და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, დაქვემდებარებული ნივთის გრაფაში (იხ. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ზემოთ, მე-17 და მომდევნო ველები). თუ სერვიტუტის დადგენასა და მის შინაარსში ცვლილებების შეტანამდე შუალედში ნივთზე რეგისტრირდება მომდევნო რიგის უფლებები, სერვიტუტის თავდაპირველი რანგის შენარჩუნებისათვის აუცილებელია მომდევნო რიგის უფლების მფლობელთა თანხმობაც.[78]

50

შინაარსის ცვლილების ფორმით შეუძლებელია სერვიტუტის პირად სერვიტუტად ან ბინით სარგებლობის უფლებად (253 I 2) გარდაქმნა. ამისათვის აუცილებელია არსებული სერვიტუტის გაუქმება და პირადი სერვიტუტის თავიდან დადგენა.[79]

2. შინაარსის ცვლილება შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებით

51

სერვიტუტის შინაარსი გამომდინარეობს მხარეთა შეთანხმებისა და რეგისტრაციის განმარტებიდან.[80] ამ შინაარსს ავსებს და აკონკრეტებს 247 I 1, 248 I მუხლებიდან წარმომდგარი პრინციპი, რომლის მიხედვითაც დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის ინტენსივობა დამოკიდებული უნდა იყოს გაბატონებული მიწის ნაკვეთის საჭიროებებზე,[81] რაც, ამავდროულად, ზღუდავს უფლებამოსილი პირის სანივთო ძალაუფლებას.[82] თუ სერვიტუტის საგანი იყო წიაღისეულის მოპოვების უფლება მეორე მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, რომელზეც განლაგებულია გადამამუშავებელი საწარმოო კომპლექსი, მის მესაკუთრეს წიაღისეულის მხოლოდ იმ რაოდენობით მოპოვების უფლება აქვს, რისი გადამუშავებაც შესაძლებელია ამ ნაკვეთზე და არა დამატებითი რაოდენობის, მესამე პირებზე გასხვისების მიზნით.[83] თუ გაბატონებული ნაკვეთის საჭიროება კლებულობს, სარგებლობის დასაშვები ფარგლებიც ავტომატურად ვიწროვდება.[84]

52

დროში შეუზღუდავი სერვიტუტის შინაარსი და ფარგლები, მისი ყველა ასპექტით, ჩვეულებრივ, ზუსტად გაწერილი არ არის ხოლმე და საჭიროებს ცვლილებას ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ.[85] მაგალითად, თავდაპირველად მინიჭებული ოთხთვალათი გადაადგილების უფლება შეიძლება განიმარტოს ამჟამად უკვე როგორც სატვირთო ავტომანქანით გადაადგილების უფლება.[86] ამ დროს გადამწყვეტია ხოლმე დაქვემდებარებული და გაბატონებული მიწის ნაკვეთის (ან სხვა უძრავი ქონების) სამეურნეო დანიშნულება და მინიჭებული უფლების გარკვეულ ფარგლებში გამოყენების აუცილებლობა.[87] აქედან გამომდინარე, საბაზრო და ტექნოლოგიური ფაქტორებით განპირობებულმა (დატვირთული ნივთით სარგებლობის) მოთხოვნის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს სერვიტუტის ფარგლების ცვლილება.[88] თუმცა აუცილებელია, რომ ამ ცვლილებით განპირობებული უფრო ინტენსიური გამოყენება დატვირთული ნივთისა თვისებრივად არ სცდებოდეს სარგებლობის თავდაპირველად განსაზღვრულ ჩარჩოებს და არ ემყარებოდეს სარგებლობის მიზნის თვითნებურ ცვლილებას, რომლის გათვალისწინებაც სერვიტუტის დადგენის მომენტისათვის შეუძლებელი იყო.[89] საპირისპირო შემთხვევაში დასაშვებია, ასევე, სერვიტუტის ფარგლების დავიწროება გარემოებათა ცვლილების გამო, თუ ამგვარი შეზღუდვის აუცილებლობა გამოწვეულია დაქვემდებარებული ნივთის მესაკუთრის გამართლებული ინტერესით და არ აწვება (ან აწვება უმნიშვნელო) ტვირთად გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს.

53

სერვიტუტის მისადაგების სამართლებრივი საფუძველი არის ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპი[90] (8 III და არა 398-ე მუხლი[91]). მისი შედეგებიც დგება ავტომატურად, კანონის საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის წარდგენის გარეშე.[92]

54

მისადაგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მხარეთა მიერ დაფიქსირებულ, განმარტების მეშვეობით დადგენად სერვიტუტის შინაარსს.[93] შესაბამისად, სერვიტუტის მისადაგება გამორიცხულია, თუ მისი ფარგლები წინასწარვედადგენილია – შინაარსი დაკონკრეტებულია იმგვარად, რომ მინიჭებული თუ გამორიცხული უფლებამოსილებები ერთმნიშვნელოვნად არის გაწერილი.[94] ამგვარი კონკრეტიზაცია სახეზეა ხელშეკრულებაში ან გამოსაყენებელი ფართობის ზუსტი აღწერის, ან სარგებლობის ტიპის ცალსახად შეზღუდვის („საფეხმავლო გზა“, „სატრანსპორტო გზა“, „ავტოსადგომი“, „საჯირითო მოედანი“), ან სარგებლობის მიზნის დაფიქსირების („საყოფაცხოვრებო“, „საწარმოო“ „სასოფლო-სამეურნეო“), ან ტექნიკური საზომი ერთეულების (ხმის სიძლიერე დეციბელებში), ან უფლების გამოყენების დროითი ფარგლების მითითების შემთხვევაში.[95]

XI. სერვიტუტის განმარტება

54

სერვიტუტის შინაარსი და მოცულობა განმარტებაუნარიანია. გამომდინარე იქიდან, რომ სერვიტუტი სანივთო უფლებაა, რომელიც წარმოიშობა დაქვემდებარებული და გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის, იგი უნდა განიმარტოს ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, სამოქალაქო ბრუნვის საჭიროებათა გათვალისწინებით. დასაშვებია იმ გარემოებებზე მითითება, რომლებიც იკითხება სანივთო გარიგებიდან (მაგრამ არა მხარეთა ცალმხრივ წარმოდგენებზე, რომელთა დაფიქსირებაც ამ გარიგებაში არ მომხდარა[96]) და ასევე სერვიტუტით სარგებლობის ხანგრძლივი და არასაკამათო პრაქტიკის მოშველიება,[97] თუ ის რჩება შეთანხმებული შინაარსის ფარგლებში.




  1. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 278; ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 247, გვ. 186.
  2. ზოიძე, იქვე.
  3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის #2ბ/2601-14 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის #ას-423-406-2016 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის #ას-976-937-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის #ას-1141-1187-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 8 დეკემბრის #ას-1141-1187-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის #ას-1108-1312-05 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის #ას-1416-1548-04 გადაწყვეტილება.
  4. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 3.
  5. Reymann, Wärme-Contracting beim Wohnungskauf vom Bauträger, DNotZ 2015, S. 889.
  6. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1018, Rn. 11.
  7. OLG Hamm Rpfl eger 1980, 469.
  8. OLG Hamm OLGZ 1989, 163.
  9. BayObLGZ 1955, 173.
  10. იხ. დამატებითი მითითებებით: Wegmann, იქვე, Rn. 13.
  11. იხ. მითითებები ამასთან დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკაზე: Wegmann, იქვე, Rn. 13; საპირისპირო მოსაზრებასთან დაკავშირებით შდრ.: Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, $ 1018, Rn. 20.
  12. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 15.
  13. იქვე, Rn. 16.
  14. OLG Hamm DNotZ 2006, 624.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის #ას-1077-1009-2010 განჩინება.
  16. Joost, in MüKo BGB, 6. Aufl ., 2013, § 1018, Rn. 20.
  17. Wegmann, იქვე, Rn. 18.
  18. იქვე.
  19. იქვე.
  20. BGHZ 41, 210; BGH NJW 1988, 2362; RGZ 242, 231; Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 22; იხ. ამასთან დაკავშირებით ასევე ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 256.
  21. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 22.
  22. ქართულ იურიდიულ ლიტერატურასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოთქმულია მოსაზრება სერვიტუტის „კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე“ წარმოშობის შესახებ. იხ. ამასთან დაკავშირებით: ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 263; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის #ას-1077-1009-2010 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 18 ივლისის #ას-1108-1312-05 განჩინება.
  23. განსხვავებული მოსაზრებისათვის: ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 265.
  24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 ივლისის #ას-478-454-2013 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის #ას-722-678-2012 განჩინება.
  25. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 24.
  26. Ott, Das Sicherungsbedürfnis von Dienstbarkeitsberechtigten bei der Bestellung eines Erbbaurechts, DNotZ 2015, S. 341.
  27. კანონისმიერ ჩარჩოსა და სერვიტუტის პოზიტიურ შინაარსს არ მიჯნავს ერთმანეთისაგან თბილისის სააპელაციო სასამართლო (2013 წლის 17 დეკემბრის # 2ბ/1731-13 (4.2) განჩინება), როდესაც არ უთითებს, თუ კონკრეტულად რისი სერვიტუტი შეათანხმეს მხარეებმა და მხოლოდ ზოგადად სარგებლობის უფლების შესახებ საუბრობს, რაც არასწორია.
  28. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1018, Rn. 5; BGH NJW 1989, 1607.
  29. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 42.
  30. OLG Köln Rpfl eger 1976, 209.
  31. RGZ 130, 354; Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1018, Rn. 5.
  32. RGZ 119, 214; OLG Zell NJW 1958, 1096.
  33. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 42.
  34. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1018, Rn. 6.
  35. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 257.
  36. BGH NJW 1964, 1226.
  37. BGH NJW 1985, 2474.
  38. არასწორია თბილისის სააპელაციო სასამართლო (2013 წლის 17 დეკემბრის #2ბ/1731-13 (4.2) განჩინება), როდესაც უშვებს „დატვირთული მიწის ნაკვეთით დანიშნულებისამებრ“ სარგებლობის სერვიტუტს, რაც სერვიტუტისა და უზუფრუქტის, როგორც სარგებლობის ყოვლისმომცველი უფლებამოსილების, ტიპოლოგიური აღრევაა.
  39. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 49.
  40. BGH DNotZ 2015, 114.
  41. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1018, Rn. 49.
  42. DNotZ 2015, 116.
  43. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 50; თუმცა სწორედ ამას აკეთებს თბილისის სააპელაციო სასამართლო თავის 2013 წლის 17 დეკემბრის # 2ბ/1731-13 განჩინებაში (4.2).
  44. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 260.
  45. შეუძლია თუ არა, მაგალითად, უფლებამოსილი პირის სტუმარს ან მისკენ მიმავალ კურიერს, ისარგებლოს ამ პირისათვის მინიჭებული გზის უფლებით.
  46. BayObLGZ 1992, 224.
  47. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 52.
  48. OLG Zweibrücken OLGZ 68, 143.
  49. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 53.
  50. BayObLGZ 1996, 286.
  51. BGH LM Nr. 23 zu § 1018 BGB.
  52. OLG Karlsruhe NJW-RR 1991, 785.
  53. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 260; BayObLGZ 53, 84.
  54. BGH LM Nr. 30 zu § 1018 BGB.
  55. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 56.
  56. BayObLGZ 1980, 238.
  57. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 57.
  58. OLG Celle NJW 1958; BGH NJW 1989, 2391; BGH NJW 1983, 115.
  59. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 247, გვ. 187.
  60. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 22; BGH NJW 1984, 925; BGH NJW 1983, 116.
  61. BGHZ 74, 296.
  62. BGH WM 1975, 308; BGH NJW 1985, 2474.
  63. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 34.
  64. BGH NJW 1959, 670; BGH NJW 1956, 40; BGH NJW 1962, 486; BayObLG NJW-RR 1997, 912.
  65. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 62.
  66. BGH NJW 2001, 2331; BGH NJW 1988, 2362.
  67. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 64.
  68. BGH DNotZ 2014, 622.
  69. RGZ 130, 356; RGZ 119, 11.
  70. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 256; OLG Celle NJW 1958, 1096.
  71. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 65.
  72. იქვე, Rn. 66.
  73. BGH DNotZ 2014, 623.
  74. BayObLGZ 1979, 278.
  75. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 46.
  76. იქვე.
  77. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 7; BGHZ 54, 18.
  78. Wegmann, იქვე, Rn. 28.
  79. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 29.
  80. Westermann/Gursky/Eickmann, Sachenrecht, 8. Aufl., 2011, § 121, Rn. 19.
  81. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 58.
  82. Westermann/Gursky/Eickmann, იქვე, Rn. 12.
  83. Mohr, იქვე.
  84. Westermann/Gursky/Eickmann, იქვე.
  85. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 256 და შემდგ.; BGH NJW 2014, 3781.
  86. BGH DNotZ 2014, 923.
  87. BGH NJW-RR 2003, 1236.
  88. BGH NJW 2014, 3781.
  89. BGH BeckRS 1959, 31204909; BGH NJW 1959, 2059; BGHZ 44, 172.
  90. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 60.
  91. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1018, Rn. 69.
  92. შდრ. საპირისპირო მოსაზრებასთან დაკავშირებით: Wegmann, იქვე, Rn. 33.
  93. BGH NJW 1963, 1247; BGH NJW 1965, 2341.
  94. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1018, Rn. 62.
  95. Mohr, იქვე, Rn. 60.
  96. Wegmann, იქვე, Rn. 69.
  97. BGH MDR 1988, 1044.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_247._ცნება&oldid=1786"