Gccc-logo.png


მუხლი 248. სერვიტუტის პირობები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 248. სერვიტუტის პირობები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სერვიტუტი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, როცა იგი უფლებამოსილ პირს უქმნის თავისი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შეღავათს.

2. სერვიტუტის განხორციელებისას უფლებამოსილი პირი უნდა გაუფრთხილდეს გამოყენებული (დატვირთული) მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს.

სარჩევი

I. უპირატესობა საკუთარი მიწის ნაკვეთით სარგებლობისას, 248 I

1

248 I მუხლის მიზანი სერვიტუტის 247 I 1 მუხლის მიხედვით დასაშვები შინაარსობრივი ჩარჩოების დავიწროებაა, მისი ნამდვილობის დამატებითი წინაპირობის დაწესებით. ეს დანაწესი ატარებს იმპერატიულ ხასიათს და მისი შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია.[1] მართალია, 248 I მუხლში მხოლოდ მიწის ნაკვეთზეა საუბარი, მაგრამ ეს წესი, შესაბამისად, მოქმედებს სერვიტუტით დატვირთული ყველა სხვა უძრავი ნივთის შემთხვევაში.

1. გაბატონებული ნივთისათვის უპირატესობის მინიჭების აუცილებლობა

2

დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ნივთის სერვიტუტით დატვირთვა გაბატონებული მიწის ნაკვეთის/სხვა უძრავი ნივთის მესაკუთრეს უნდა ანიჭებდეს რაიმე უპირატესობას (შეღავათს) საკუთარი ნივთით სარგებლობისას.[2]

ა) უპირატესობის (შეღავათის) ცნება

3

უპირატესობა გულისხმობს გაბატონებული ნაკვეთისათვის რაიმე ობიექტური სარგებლის მინიჭებას.[3] სარგებელს შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური ხასიათი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის.[4] ის სახეზეა მაშინაც კი, როდესაც გაბატონებული უძრავი ნივთის მესაკუთრე ხელმძღვანელობს ისეთი არამატერიალური მოსაზრებებით, როგორიცაა, მაგალითად, „მშვიდი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება“,[5] ან ესთეტიკური მოსაზრებებით, მაგალითად: არქიტექტურული სტილის დაცვა,[6] მოკლე გზის გამოყენების შესაძლებლობა[7] ან ფართო ხედის[8] შენარჩუნება.[9] უმნიშვნელოა, სერვიტუტით განპირობებული დადებითი ეფექტი პირდაპირ თუ მხოლოდ გაშუალებულად (როგორც ეს, ჩვეულებრივ, ამკრძალავი სერვიტუტების შემთხვევაშია ხოლმე სახეზე) აისახება გაბატონებულ მიწის ნაკვეთზე და მისი მესაკუთრის პოზიციებზე. გაშუალებული დადებითი ეფექტის მაგალითია მეზობელ ნაკვეთზე საწარმოო საქმიანობის აკრძალვით კონკურენციის გამორიცხვა, გაბატონებულ ნაკვეთზე წარმოებული იმავე საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით.[10]

4

248 I მუხლის წინაპირობების დასაკმაყოფილებლად საკმარისია სამომავლო სარგებელი, როდესაც, ობიექტური გარემოებებით გამყარებული პროგნოზის მიხედვით, ამ შინაარსის სერვიტუტი გაბატონებულ ნივთს მომავალში სარგებელს მოუტანს,[11] მაგალითად, სამანქანო გზის სერვიტუტი, თუ სავარაუდოა დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის გასწვრივ მაგისტრალის გაყვანა, რომელსაც მიუერთდება გაბატონებული მიწის ნაკვეთი.

5

სარგებელი გაბატონებული მიწის ნაკვეთისათვის უნდა იყოს დროში განგრძობადი – მხოლოდ ერთჯერადი ან გარდამავალი ხასიათის სარგებელი საკმარისი არ არის;[12] იგი საკმარისი იქნება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ რამდენიმე (ერთი ან სხვადასხვა ტიპის) სერვიტუტის ურთიერთკავშირის საფუძველზეა შესაძლებელი.[13]

6

სერვიტუტის გამოყენება დაუშვებელია, გაბატონებული მიწის ნაკვეთის გარდა, სხვა მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, რის გამოც სხვა ნაკვეთისათვის მინიჭებული უპირატესობა არასაკმარისია, 248 I მუხლის გაგებით.[14] სარგებლიანობის წინაპირობა არ არის სივრცითი კავშირი დაქვემდებარებულ და გაბატონებულ მიწის ნაკვეთებს შორის; მაგალითად, საწარმოო საქმიანობის აკრძალვა დასაშვებია ნაკვეთებს შორის ყოველგვარი ტერიტორიული სიახლოვის გარეშე.[15]

ბ) უპირატესობა ნაკვეთით სარგებლობისას

7

უპირატესობა, რომელსაც დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთი გაბატონებულის მესაკუთრეს სთავაზობს, უნდა უკავშირდებოდეს უშუალოდ ამ ნაკვეთით სარგებლობას („ნაკვეთით სარგებლობის შეღავათი“) და არა მისი მესაკუთრის პიროვნებას.[16] მაგალითად, შვეულმფრენის იმისიების თმენის ვალდებულება შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ, სადაც შესაძლებელია ამ შვეულმფრენის სადგომის მოწყობა. კონკურენციის გამორიცხვის მიზნით მეზობელ მიწის ნაკვეთზე საწარმოო საქმიანობის აკრძალვისას აუცილებელია, რომ გაბატონებულ ნაკვეთზე ამგვარი საქმიანობა საერთოდ შესაძლებელი იყოს.[17]

გ) კერძოსამართლებრივი ხასიათის უპირატესობა

8

გამომდინარე იქიდან, რომ 248 I მუხლი აწესრიგებს მხოლოდ კერძოსამართლებრივ ურთიერთობას მხარეებს შორის, დაუშვებელია სერვიტუტით ამ სფეროს მიღმა მდებარე მხოლოდ ზოგადსასარგებლო მიზნის დასახვა.[18] შესაბამისად, უპირატესობა, 248 I მუხლის გაგებით, არ არის ქალაქგეგმარების მოტივით[19] ან ჯანსაღ საცხოვრებელ გარემოზე ზრუნვის სოციალურ-პოლიტიკური ინტერესით[20] განპირობებული საჯაროსამართლებრივი მიზანი, რისგანაც უნდა გაიმიჯნოს არამატერიალური (მაგ., ესთეტიკური) მოსაზრებებით, საკუთარი და არა საზოგადო ინტერესებით, ნაკარნახევი სერვიტუტი (იხ. ზემოთ, მე-3 ველი).

2. 248 I მუხლის მოთხოვნის დარღვევით დადგენილი სერვიტუტი

ა) უპირატესობის არარსებობა დადგენის მომენტში

9

თუ სერვიტუტის დადგენის მომენტისათვის 248 I მუხლით გათვალისწინებული სარგებელი სახეზე არ არის, სერვიტუტი არანამდვილი[21] და რეგისტრირებაუუნაროა,[22] ხოლო მისი დარეგისტრირების შემთხვევაში, რეესტრის ჩანაწერი არასწორად ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ 248 I მუხლი შეზღუდული პირადი სერვიტუტის შემთხვევაში არ მოქმედებს, შესაძლებელია ამ დანაწესის საფუძველზე არანამდვილი სერვიტუტის კონვერსია პირად სერვიტუტად, თუ სახეზეა ამ უკანასკნელის წინაპირობები.[23]

ბ) უპირატესობის გაქარწყლება მოგვიანებით

10

თუ უპირატესობა სერვიტუტის დადგენის მომენტისათვის სახეზე იყო და მოგვიანებით გაქარწყლდა, გადამწყვეტია, ამის გამომწვევი გარემოება მხოლოდ დროებით (გარდამავალ) ხასიათს ატარებს თუ ხანგრძლივი პროცესია.

აა) დროებითი გაქარწყლება
11

თუ უპირატესობა მხოლოდ დროებით ქარწყლდება, ეს სერვიტუტის ნამდვილობაზე ზემოქმედებას არ ახდენს, მაგალითად, საქმიანობის დროებით შეწყვეტა გაბატონებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის სასარგებლოდაც დადგინდა დაქვემდებარებულზე საწარმოო საქმიანობის აკრძალვა.[24] მით უფრო მოქმედებს ეს წესი იმ შემთხვევაში, როდესაც სერვიტუტით უწყვეტად ენიჭება უპირატესობა გაბატონებულ მიწის ნაკვეთს, თუმცა მისი გამოყენება დროებით შეუძლებელია.[25]

ბბ) ხანგრძლივი დროით გაქარწყლება
12

თუ, ზემოთ თქმულის საპირისპიროდ, უპირატესობა ხანგრძლივად ქარწყლდება, რადგან სერვიტუტის გამოყენება არა მხოლოდ ფაქტობრივად, არამედ სამართლებრივად შეუძლებელია, ან, თუ ის ამოსავალი მდგომარეობა, რაც სერვიტუტის დადგენის საფუძველი გახდა, მნიშვნელოვნად შეიცვალა (მაგ., საწარმოს სამუდამოდ გაჩერება ზემოთ მოყვანილ მაგალითში), სერვიტუტი უქმდება და ამის შემდეგ რეესტრის ჩანაწერი უკვე არასწორად ითვლება.[26]

13

დაქვემდებარებული ნაკვეთიდან მომდინარე უპირატესობის „შეთავაზება“ გაბატონებულისათვის გაქარწყლებულად ითვლება, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ დაქვემდებარებულისთვის დადგენილი იყო (საფეხმავლო ან სამანქანო) გზის სერვიტუტი და ეს ნაკვეთი თავად გარდაიქმნა საჯარო გზად.[27] წყლის რეზერვუარის სამუდამოდ განადგურების შემთხვევაში, საიდანაც ხდებოდა დაქვემდებარებული ნაკვეთის გავლით გაბატონებულის მომარაგება (წყლის მიწოდების სერვიტუტი), სერვიტუტი ასევე გაქარწყლებულად უნდა ჩაითვალოს.[28] უპირატესობის გაქარწყლებასთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთს ატარებს მესაკუთრე.[29]

3. „გადაჭარბებული“ სერვიტუტის აკრძალვა

14

მიუხედავად ცალსახა დანაწესის არარსებობისა, 248 I მუხლის ტელეოლოგიური განმარტებიდან გამომდინარეობს ე.წ. „გადაჭარბებული“ სერვიტუტის აკრძალვა – ფორმალურად 248 I მუხლის ჩარჩოს მისადაგებული სერვიტუტით არ უნდა შეიფუთოს დაუშვებელი შინაარსი.[30] თუ, მაგალითად, გაბატონებულ მიწის ნაკვეთზე იგეგმება წარმოებული სასმელების ასორტიმენტის გაზრდა და, ამავე დროს, სხვა საკვები პროდუქციის წარმოება ნაკვეთზე საერთოდ არ ხდება (და არც იგეგმება), დაუშვებელია დაქვემდებარებული ნაკვეთის ზოგადად საკვები პროდუქციის წარმოების ამკრძალავი სერვიტუტით დატვირთვა, არამედ აუცილებელია მისი შინაარსის შემოსაზღვრა მხოლოდ სასმელებით.[31] სერვიტუტის ეს „გადაჭარბებული“ ეფექტის შემცველი დათქმა არანამდვილია, ხოლო სხვა ნაწილში ის ნამდვილი რჩება (62).

II. ინტერესების გაფრთხილების ვალდებულება, 248 II

15

248 II მუხლის მიხედვით, გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე უნდა გაუფრთხილდეს დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებს სერვიტუტის განხორციელებისას. ეს ნორმა შეიცავს დამატებით სახელმძღვანელო პრინციპს სერვიტუტის გამოყენებისათვის და ავსებს ამით დაქვემდებარებული და გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელ რეგულაციურ კომპლექსს. ის არის 8 III მუხლში მოცემული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტება.[32] გამომდინარე იქიდან, რომ ინტერესების გაფრთხილების ვალდებულება კანონისმიერი ვალდებულებაა, ის არ არის რეგისტრირებაუნარიანი.[33]

1. სერვიტუტის შინაარსის უპირატესობა

16

248 II მუხლი, როგორც სახელმძღვანელო პრინციპი, გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სერვიტუტით სარგებლობის კონკრეტული ჩარჩოები მხარეთა შეთანხმებით ზუსტად გაწერილი არ არის[34] და უფლებამოსილ პირს აქვს არჩევანი სარგებლობის, სულ მცირე, ორ შესაძლო ფორმას შორის.[35] წინააღმდეგ შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება სერვიტუტის შინაარსს.[36] მაგალითად, გამოყენების სივრცითი სფეროს ზუსტად მონიშვნისას 248 II მუხლზე აპელირება დაუშვებელია – თუ საფეხმავლო გზის უფლება მოიცავს 300-მეტრიანი გზის მონაკვეთით სარგებლობის უფლებას, ამ ფარგლებში უფლებამოსილ პირს არ ეკისრება გზის შემოკლების ვალდებულება ბალახის საფარის დაზოგვის მიზნით – შეთანხმებულ უფლებაზე (ნაწილობრივ) უარის თქმა უფლებამოსილ პირს მაშინაც კი არ შეიძლება მოეთხოვოს, როდესაც ეს მის ინტერესებს რეალურად არ აზიანებს;[37] ამ მიზეზით თეორიულადაც კი გამორიცხულია 248 II მუხლის გამოყენება მშენებლობის აკრძალვის სერვიტუტზე,[38] რის საპირისპიროდაც, მხოლოდ გზის უფლების შეთანხმების შემთხვევაში (გამოსაყენებელი ფართობის დაკონკრეტების გარეშე), უფლებამოსილ პირს ეკისრება ბალახის საფარის მაქსიმალურად დაზოგვის ვალდებულება და ამ მიზნით გზის შემოკლება.[39]

17

დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა ითმინოს ყველა ის თანმდევი უარყოფითი შედეგი, რაც აუცილებლობის ძალით თან სდევს სერვიტუტის გამოყენებას.[40]

18

248 II მუხლიდან წარმომდგარი ინტერესების გაფრთხილების ვალდებულება უფლებამოსილ პირს ეკისრება შეუზღუდავად, თუ სარგებლობის ის ფორმები, რომელთა შორისაც მან უნდა გააკეთოს არჩევანი, მისთვის თანაბრად ხელსაყრელია. უნდა იხელმძღვანელოს თუ არა უფლებამოსილმა პირმა სარგებლობის ფორმის არჩევისას საკუთარი ინტერესების საზიანოდ, უმეტესწილად, დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესებით, დამოკიდებულია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებებზე და საპირისპირო ინტერესთა აწონ-დაწონაზე.[41] მაგალითად, გზის უფლების შემთხვევაში, უფლებამოსილმა პირმა უნდა ითმინოს მისი გადაკეტვა ალაყაფით, თუ მას შესაბამის გასაღებებს აძლევენ;[42] თევზაობის უფლების მინიჭების შემთხვევაში, ხელოვნურ წყალსაცავში ბანაობა მხოლოდ მაშინ არის გამორიცხული, თუ ეს მნიშვნელოვნად ართულებს თევზჭერას;[43] რის საპირისპიროდაც, დაუშვებელია თავდაპირველად, შეზღუდვის გარეშე, დადგენილი თევზაობის უფლების მოგვიანებით მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის თევზჭერის უფლებად გარდაქმნის მოთხოვნა, 248 II მუხლის საფუძველზე.[44] ისევე, როგორც უფლებამოსილი პირის მიერ მესაკუთრის ინტერესების გაფრთხილების ვალდებულება არ ანიჭებს ამ მესაკუთრეს უფლებას, სივრცობრივი შეზღუდვის გარეშე დადგენილი სერვიტუტის გამოყენების სფერო მოგვიანებით ნაკვეთის კონკრეტული ნაწილით შემოსაზღვროს და უფლებამოსილ პირს ნაკვეთის დარჩენილ ნაწილთან მისასვლელი გადაუკეტოს.[45]

2. სერვიტუტის უპირატესობა მესაკუთრის მიერ ნივთით სარგებლობისას

19

მიუხედავად დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების გაფრთხილების ვალდებულებისა, სერვიტუტს მაინც უპირატესობა ენიჭება მესაკუთრის მიერ საკუთარი ნივთით სარგებლობისას.[46] ინტერესების გაფრთხილების ვალდებულება არ უნდა გახდეს მიზეზი უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარი უფლების გამოყენებაზე ნაწილობრივ უარის თქმისა.[47]

3. ვალდებულების დარღვევა

20

248 II მუხლიდან წარმომდგარი ვალდებულების დარღვევის შემთხვევა- ში, დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ენიჭება ნეგატორული მოთხოვნა 172 II მუხლის მიხედვით გაბატონებული ნაკვეთის მესაკუთრის წინააღმდეგ, მაშინაც კი, როდესაც კონკრეტული ვალდებულების დარღვევა ამ მეორე ნაკვეთის დამქირავებელმა გამოიწვია.[48] ვალდებულების ბრალეული დარღვევის შემთხვევაში დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 992, 997 და 394 I მუხლების შესაბამისად.[49]




  1. BGHZ 41, 214; RGZ 60, 139.
  2. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 248, გვ. 188; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის #ას-976-937-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის #ას-722-678-2012 განჩინება.
  3. KG NJW 1975, 698.
  4. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1019, Rn. 2.
  5. BGH WM 1967, 584.
  6. BGH NJW 1983, 116.
  7. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1019, Rn. 3.
  8. იქვე.
  9. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 258 და შემდგ.; RGZ 61, 340; BGH WM 1967, 584.
  10. BGH WM 1967, 582.
  11. Mohr, იქვე.
  12. Mohr, იქვე, Rn. 6.
  13. BGH NJW 1983, 117.
  14. RGZ 27, 164.
  15. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1019, Rn. 5.
  16. იქვე, Rn. 6.
  17. იქვე, Rn. 8.
  18. RGZ 61, 340.
  19. BGH WM 1971, 530.
  20. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1019, Rn. 6.
  21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის #ას-976-937-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის #ას-722-678-2012 განჩინება.
  22. Wegmann, იქვე, Rn. 10.
  23. Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1019, Rn. 7.
  24. BGH DNotZ 1956, 40.
  25. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1019, Rn. 11.
  26. BGH NJW 1984, 2158; BGH DNotZ 2009, 114.
  27. OLG Düsseldorf MDR 1995, 471.
  28. BGH NJW 1984, 2157.
  29. Wegmann, იქვე, Rn. 13.
  30. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1019, Rn. 15.
  31. იქვე, Rn. 15.
  32. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1020, Rn. 2.
  33. OLG Frankfurt OLGZ 1983, 35.
  34. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1020, Rn. 2.
  35. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1020, Rn. 5.
  36. ასეთ დროს პირს ეკისრება ვალდებულება, დაიცვას უფლებამოსილების ფარგლები. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 248, გვ. 188; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის #ას-976-937-2014 განჩინება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ივლისის #ას-722-678-2012 განჩინება.
  37. BGH NJW 1965, 2398.
  38. OLG Karlsruhe NJW-RR 2014, 1233.
  39. შდრ. BGH BB 1965, 1125.
  40. BGH NJW 1965, 2398; BGH WM 1967, 584.
  41. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, 261; BGH NJW-RR 2015, 786.
  42. BGH NJW-RR 2015, 786; BGH BeckRS 1959, 31204909; OLG Frankfurt NJW-RR 1986, 763; OLG Karlsruhe NJW-RR 1991, 785.
  43. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1020, Rn. 6.
  44. იქვე.
  45. OLG Koblenz NJW-RR 2014, 403.
  46. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1020, Rn. 3.
  47. BGH NJW 1960, 673.
  48. BGH NJW 1967, 246.
  49. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 248, გვ. 188; Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1020, Rn. 1.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_248._სერვიტუტის_პირობები&oldid=1844"