Gccc-logo.png


მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 249. ნაგებობის მოვლის ვალდებულება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ სერვიტუტის სათანადოდ განხორციელება მოიცავს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მდებარე ნაგებობასაც, მაშინ უფლებამოსილ პირს ეკისრება ამ ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულება. ამავე დროს, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნაგებობის მოვლის ვალდებულება დაეკისროს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, თუ ამას მოითხოვს უფლებამოსილი პირის ინტერესები.

I. ზოგადი დებულებები

1

თუ დატვირთულ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტით სარგებლობისათვის განთავსებულია შესაბამისი ნაგებობა, მისი მოვლისა და შენარჩუნების ვალდებულება, პირველ რიგში, ეკისრება გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როგორც უფლებამოსილ პირს (249 1). ეს კანონისმიერი ვალდებულებაა და, შესაბამისად, რეგისტრირებაუუნაროა.[1] ამის საპირისპიროდ, დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს არ ეკისრება მოვლის ვალდებულება დამატებითი შესრულების ვალდებულების ფორმით (შდრ. პოზიტიური ქმედების განხორციელების დავალდებულების, როგორც სერვიტუტის დაუშვებელი შინაარსის თაობაზე მუხ. 247, 24-ე ველი), თუმცა მას ეს ვალდებულება შეიძლება დაეკისროს მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე (249 2).[2]

II. გაბატონებული ნაკვეთის მესაკუთრის მიერ ნაგებობის მოვლა

1. ნაგებობა

2

249 1 მუხლის გამოყენების პირველი წინაპირობაა დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობის არსებობა.[3] ნაგებობაში მოიაზრება მიწის ნაკვეთისაგან გამიჯვნადი, ადამიანის ხელით შექმნილი ხელოვნური კონსტრუქცია, რომელიც მიწის ნაკვეთით სარგებლობას ემსახურება. ნაგებობა ნაწილობრივ მაინც უნდა ებჯინებოდეს დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთს, მაგალითად: ჯებირებიანი გზა,[4] მიწის ქვევით ან მიწის ზევით განლაგებული მომარაგების და სხვა მსგავსი სისტემები – ელექტრომომარაგების სისტემა, საკანალიზაციო მილი, წყლის არხი.[5] გამომდინარე იქიდან, რომ 249 1 მუხლში მოცემული ნაგებობის ცნება არ არის იდენტური სამშენებლო ნაგებობისა, იგი მოიცავს ასევე მცენარეებს (მაგ., ხეები და ბუჩქები),[6] ქარის ტურბინასა თუ მზის პანელს (დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ არის მათი მესაკუთრე).[7]

2. სარგებლობა

3

გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე რეალურად უნდა სარგებლობდეს დაქვემდებარებულ ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობით.[8] სარგებლობის მხოლოდ სამართლებრივი შესაძლებლობა საკმარისი არ არის.[9] არ არის აუცილებელი, ის მის საკუთრებაში იყოს.[10] 249 1 მუხლი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნაგებობით სარგებლობს გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის გარდა, ასევე დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრე,[11] თუმცა ეს თანასარგებლობა უნდა აისახოს მოვლის ხარჯების განაწილებაზე (იხ. ქვევით).

3. „სათანადოდ“ მოვლის ვალდებულება

4

249 1 მუხლის მიხედვით, გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ეკისრება ნაგებობის შენარჩუნების არა აბსოლუტური ვალდებულება, არამედ მხოლოდ „სათანადოდ“ მოვლის ვალდებულება. შენარჩუნების ზოგადი ვალდებულება, აღდგენა და განახლება უფლებამოსილ პირს მხოლოდ მაშინ ეკისრება, როდესაც ეს აუცილებელია დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების დასაცავად, რათა მას ჰქონდეს თავისი ნივთის ადეკვატურად გამოყენების შესაძლებლობა,[12] რაც მოიცავს ასევე ნაგებობის გარეგანი იერსახის შენარჩუნებასაც.[13] ეს ვალდებულება უფლებამოსილ პირს ეკისრება დამოუკიდებლად იმისა, მოხდა თუ არა ნივთის მდგომარეობის გაუარესება მისი ბრალით.[14] ნაგებობის მოდერნიზება, ეკონომიკური და ტექნიკური პროგრესის შესაბამისად, დასაშვებია და გამონაკლისის სახით სავალდებულოც კი შეიძლება გახდეს.[15] იმისიები, როგორიც არის ხმაური და სუნი, არ უნდა აჭარბებდეს 175-ე მუხლით დაშვებულ ზღვარს.[16]

5

თუ დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ არის ნაგებობით თანამოსარგებლე, მოვლის ხარჯები სრულად ეკისრება უფლებამოსილ პირს. საპირისპირო შემთხვევაში, როდესაც ნაგებობით სარგებლობს ასევე დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრე, მაშინ, საეჭვოობისას, 954, 960 მუხლების ანალოგიით, მათ თანაბრად ეკისრებათ ხარჯების გაღება.[17]

6

249 1 მუხლიდან არ გამომდინარეობს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ვალდებულება, უზრუნველყოს უფლებამოსილი პირის მიერ ნაგებობით სარგებლობის შესაძლებლობა.

4. ვალდებულების დარღვევა

7

ნაგებობის სათანადოდ მოვლის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მესაკუთრეს ენიჭება ნეგატორული მოთხოვნა 172 II მუხლის მიხედვით; მოვლის ხარჯების საკუთარი ქონებიდან გაღების შემთხვევაში – ამ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა 969, 973-ე მუხლების მიხედვით; და ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება – 249 1 მუხლის შესაბამისად.[18]

III. დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრის მიერ ნაგებობის მოვლა

8

249 2 მუხლის მიხედვით, დასაშვებია, ამ დანაწესის პირველ წინადადებაში ხსენებული ნაგებობის (იხ. ნაგებობის ცნებასთან დაკავშირებით ზემოთ, მე-2 ველი) სათანადო მოვლის ვალდებულება, მხარეთა შეთანხმებით, დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრეს დაეკისროს. ამ შემთხვევაში ეს მისი დამატებითი შესრულების ვალდებულებაა, რაზე შეთანხმებაც სერვიტუტის ფარგლებში, გამონაკლისის სახით,[19] დასაშვებადაა ცნობილი (იხ. მუხ. 247, 24-ე ველი). ეს დანაწესი ითვალისწინებს არა მოვლის ვალდებულების კონკრეტულ შინაარსს, არამედ მხარეთა მიერ ამ შინაარსის შეთანხმების შესაძლებლობას სერვიტუტის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის ფარგლებში.[20]

9

მოვლის ვალდებულების შინაარსის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია უფლებამოსილი პირის ინტერესებიდან გამომდინარე. შესაძლებელია მისი ფარგლების შემოსაზღვრა ხელშეკრულებით. ამგვარი შემოსაზ- ღვრის გარეშე დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრე მოვალეა, შეინარჩუნოს ნაგებობა გამართულ მდგომარეობაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს ასევე მისი განახლების, გაუმჯობესების ან აღდგენის სამუშაოთა ჩატარებას იმ ფარგლებში, რაც აუცილებელია უფლებამოსილი პირის მიერ სერვიტუტით სარგებლობის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად.[21] მანამდე არარსებული ნაგებობის აღმართვა სცდება მოვლის ვალდებულების ფარგლებს და ვერ გახდება 249 2 მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების საგანი,[22] ისევე როგორც ნაგებობის დაზღვევა სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.[23] რაც შეეხება ნაგებობის გარეგან იერსახეს, მისი შენარჩუნების ვალდებულება დამოკიდებულია უფლებამოსილი პირის ამასთან დაკავშირებულ ინტერესზე. ზოგადად, ისეთი ნაგებობები, როგორებიცაა: ღობე, ჭიშკარი და ა. შ., უნდა შენარჩუნდეს ჯეროვან მდგომარეობაში, შემოგარენის გათვალისწინებით.[24]

10

მოვლის ვალდებულება შეიძლება გამოიხატოს მხოლოდ ამისათვის აუცილებელი ხარჯების გადახდის კისრებით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მხრიდან, მაშინ, როდესაც ნივთს ფაქტობრივად უფლებამოსილი პირი უვლის.[25] მოვლის ვალდებულება ქარწყლდება მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი პირი უარს იტყვის ნაგებობაზე და აღარ აინტერესებს მისი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება.[26] ამის საპირისპიროდ, ნაგებობის დერელიქცია (190 II) ვალდებულ პირს არ ათავისუფლებს მოვლის ვალდებულებისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის, ამავდროულად, დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ამბობს უარს (184).[27]




  1. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1020, Rn. 8.
  2. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 249, გვ. 189.
  3. იქვე.
  4. BayObLGZ 1990, 10.
  5. RGZ 79, 379.
  6. BGH DNotZ 2014, 925; BGH NJW 2014, 3781.
  7. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1020, Rn. 8.
  8. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl . 2014, § 1020, Rn. 3; BGH NJW 2011, 1352.
  9. BGH NJW 2011, 1352.
  10. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 268; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1020, Rn. 9; Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1021, Rn. 10.
  11. BGH NJW 2005, 894; Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1020, Rn. 9.
  12. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1020, Rn. 10.
  13. BGH NJW 2005, 897.
  14. RGZ 131, 176.
  15. Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1020, Rn. 6.
  16. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1020, Rn. 12.
  17. BGH NJW 2005, 894.
  18. Joost, in MüKo BGB, 6. Aufl., 2013, § 1020, Rn. 12; Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1020, Rn. 7.
  19. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 249, გვ. 189.
  20. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1021, Rn. 1.
  21. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1021, Rn. 4; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1021, Rn. 4.
  22. RGZ 131, 176.
  23. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1021, Rn. 4.
  24. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1021, Rn. 4.
  25. KG NJW 1970, 1686.
  26. Mohr, იქვე, Rn. 5.
  27. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_249._ნაგებობის_მოვლის_ვალდებულება&oldid=1847"