Gccc-logo.png


მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 25. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა


ირაკლი ბურდული/დემეტრე ეგნატაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონით ან მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი საქმიანობა.

2. კერძო სამართლის იურიდიულ პირს (სამეწარმეოს თუ არასამეწარმეოს (არაკომერციულს)) უფლება აქვს განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული.

3. ზოგიერთი საქმიანობა, რომელთა ჩამონათვალსაც განსაზღვრავს კანონი, იურიდიულ პირს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ სპეციალური ლიცენზიის/ნებართვის ან ავტორიზაციის გავლის საფუძველზე. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება იურიდიულ პირს წარმოეშობა ლიცენზიის/ნებართვის მიღების ანავტორიზაციის გავლის მომენტიდან.

4. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

5. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3537 — სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.304

I. ნორმის მიზანი და ისტორია

1

სამოქალაქო სამართალში იურიდიული პირების ზოგადი უფლაბაუნარიანობის ცნებას ადგენს და განსაზღვრავს 25-ე მუხლი. შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირისათვის, ფიზიკურ პირთან შედარებით, ის არის მე-11 და მე-12 მუხლების მსგავსი, რამდენადაც ამ შემთხვევაში უფლებაუნარიანობისაგან განცალკევებით ქმედუნარიანობის შემოღებას კანონმდებელი მიზნად არ ისახავს.[1] აღნიშნულის მიუხედავად, ქმედუნარიანობის ცნება იურიდიული პირისათვის რელევანტურია. იურიდიული პირის ქმედუნარიანობა უფრო მჭიდროდ, ქრონოლოგიური თვალსაზრისითაც მიბმულია მის უფლებაუნარიანობაზე იმდენად, რამდენადაც ორივე მათგანს წარმოშობის მომენტი[2] საერთო აქვთ (25 IV).[3]

გარდა ამისა, 25-ე მუხლი იძლევა სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობის საფუძველს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის (25 I, II). ამასთან, იგი ცალკეული შემთხვევებისათვის ადგენს იურიდიული პირის ქმედუნარიანობის წარმოშობის სალიცენზიო/სანებართვო და საავტორიზაციო წინაპირობებს (25 III.), განსაზღვრავს უფლებაუნარიანობის წარმოშობისა და შეწყვეტის დროს (25 IV) და ქმნის გარკვეულ პირობებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობისათვის (25 V).

2

იურიდიული პირების ზოგადი სამოქალაქო სამართლის ძირეული რეფორმის[4] შემდეგ 25-ე მუხლმა ცვლილება მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს განიცადა, როდესაც მის მესამე ნაწილში შევიდა მცირე დამატება ავტორიზაციის, როგორც ქმედუნარიანობის ერთ-ერთი შესაძლო წინაპირობის, აუცილებლობის შესახებ.[5]

II. საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

3

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობისა თუ ორგანიზაციის წესი არ გამომდინარეობს არც ცალკე აღებული სამოქალაქო სამართლიდან და არც ზოგადად კერძო სამართლიდან, ვინაიდან იგი სრულად ექცევა საჯარო სამართლის იურისდიქციის ქვეშ.[6] საჯარო სამართლის იურიდიული პირის, როგორც ინსტიტუტის, საფუძველს საჯარო სამართლის სფეროს კანონმდებლობა ქმნის.[7] ამდენად, მისი უფლებაუნარიანობის საკითხიც საჯარო სამართლის მიერ არის გადაწყვეტილი,[8] რაც კერძო სამართალში აირეკლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობის სახით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღჭურვილია სპეციალური უფლებაუნარიანობით,[9] ვინაიდან იგი ვიწრო, განსაზღვრული საჯარო დანიშნულების შესასრულებლად იქმნება.[10] ამავე პრინციპს განამტკიცებს 25 I მუხლი.

4

უფლებაუნარიანობის სპეციალური ხასიათი, ცხადია, დაკავშირებულია იურიდიული პირის საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ ამგვარი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს გარეთ, თუ მისი დარღვევით დადებული გარიგება ბათილია[11] და ასეთ შემთხვევაში კანონი მესამე პირს ვერ დაიცავს იმ საფუძვლით, რომ მან უფლებაუნარიანობის შეზღუდვის შესახებ არ უწყოდა,[12] ე.ი. ამ გარემოების მიმართ იგი კეთილსინდისიერი იყო.[13]/[14] მართალია, კანონის ეს დებულება[15] შეიცავს ჩანაწერს მხოლოდ „კეთილსინდისიერი შეძენის შესახებ“, თუმცა, საფიქრებელია, რომ მასში სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული ზოგადი კეთილსინდისიერების პრინციპიც (8 III) უნდა მოიაზრებოდეს.

სპეციალური უფლებაუნარიანობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა თანაბარ ეფექტს იძლევა მისი ყველა მხარის მიმართ, განსხვავებით ზოგადი უფლებაუნარიანობით დადებული გარიგებისაგან. მესამე პირი გაიზიარებს ამგვარი ბათილობის ტვირთს, რაკი ივარაუდება, რომ მას უნდა სცოდნოდა შესაბამისი იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეზღუდვის შესახებ, ვინაიდან ასეთი სპეციალური უფლებაუნარიანობა განისაზღვრება შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან/ და იურიდიული პირის წესდებით (დებულებით).[16]

III. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა

5

კერძო სამართლის იურიდიული პირი სარგებლობს ზოგადი სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებაუნარიანობით[17] ისე, როგორც ფიზიკური პირი. აღნიშნული გულისხმობს იურიდიული პირის უფლებას, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც არ კრძალავს კანონი, იმისგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა ეს დაგეგმილი მის საინიციატივო-სადამფუძნებლო ეტაპზე და მოხდა თუ არა ამ საქმიანობის გათვალისწინება შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტ(ებ)ში (25 II).[18]

ამდენად, თუკი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში უფლებაუნარიანობის სპეციალურობა, უფრო ზუსტად კი მისი ფარგლების დაუცველობა, შესაძლოა გახდეს გარიგების ბათილობის საფუძველი, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაფორმებულ გარიგებებს ასეთი შედეგი ვერ მოჰყვება — ზოგადი უფლებაუნარიანობა მყარ ნიადაგს ქმნის გარიგების ნამდვილობის შესანარჩუნებლად მესამე პირებისათვის, თუნდაც ეს გარიგება სხვაგვარ ეფექტს იწვევდეს იურიდიული პირის შიდა ურთიერთობებში.[19]

6

იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა განსხვავებულადაა გადაწყვეტილი სხვადასხვა სამართლებრივ სისტემაში.[20] იურიდიული პირის ზოგადი უფლებაუნარიანობის იმ მოდელთან შედარებით, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსითაა დამკვიდრებული და რომელიც გერმანული, ავსტრიული და შვეიცარიული სისტემის შესაბამისი ელემენტის ანალოგია, უნდა განვასხვაოთ ინგლისურ-ამერიკულ სამართალში დამკვიდრებული სპეციალური უფლებაუნარიანობის მოდელი.

7

აღნიშნული მოდელი ინგლისურ-ამერიკულ სამართალში ცნობილია, როგორც დოქტრინა ultra vires. ეს დოქტრინა ზღუდავს იურიდიული პირის უფლებაუნარიანობას გარკვეული სახის გარიგებების დადებისას იმით, რომ, თუკი იურიდიული პირი აფორმებს ისეთ გარიგებას, რომელიც მისი უფლებაუნარიანობის ფარგლებს გარეთაა, ასეთი გარიგება მიიჩნევა ბათილად. დოქტრინა ultra vires გამოიყენება როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირების, ისე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიმართ. ამდენად, თუკი იურიდიული პირი კანონით არის შექმნილი, ინგლისში მისი უფლებამოსილებანი პარლამენტის შესაბამისი აქტით განისაზღვრება, ხოლო, თუ იგი ყალიბდება „კომპანიათა შესახებ“ 2006 წლის აქტის (მის ამოქმედებამდე — „კომპანიათა შესახებ“ 1985 წლის აქტით) თანახმად, მაშინ იურიდიული პირის უფლებამოსილებას შეზღუდავს მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის[21] სპეციალური დებულებები იურიდიული პირის მიზნების შესახებ, რომელიც საჯაროა და რომელიც შეტანილ უნდა იქნეს კომპანიათა რეესტრში.[22]

დოქტრინა ულტრა ვირეს იცავს ბრუნვის სუბიექტებს, რომლებსაც შესაძლოა შესაბამის იურიდიულ პირთან მოუწიოთ თანამშრომლობა და მათ ასეთი ურთიერთობის დასაწყისშივე ავალდებულებს, გაეცნონ საზოგადოების წესდებას. მართალია, აღნიშნული დოქტრინის დანიშნულება სწორედ დაინტერესებული სუბიექტების დაცვაა, მაგრამ მისი პრაქტიკული სარგებლიანობის შესახებ შეხედულებები სხვადასხვაა.[23]

8

ზემოგანხილული დოქტრინისაგან განსხვავებით, თუ ზოგადი უფლებაუნარიანობის მქონე იურიდიული პირი დადებს გარიგებას საქმიანობის ისეთ სფეროში, რომელიც მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში განსაზღვრული არ არის, ამ გარიგებას ბათილობის საფრთხე ამგვარი თვალსაზრით არ დაემუქრება.[24]

IV. ლიცენზია/ნებართვა, ავტორიზაცია

9

უფლებაუნარიანობის ცალკეულ სპეციალურ სახეებს ადგენს 25 III. ეს ნორმა შეეხება შემთხვევებს, როდესაც იურიდიულ პირს ესაჭიროება სახელმწიფოს მიერ დადგენილი სპეციალური პროცედურის გავლა და მისგან შესაბამისი თანხმობის მიღება განსაზღვრული ტიპის საქმიანობის წამოწყებისა და განხორციელებისათვის.

10

სალიცენზიო და სანებართვო პროცედურა საგანგებოდაა დადგენილი კანონმდებლობის მიერ.[25] აღნიშნული სფეროს ამგვარი განსაკუთრებული მოწესრიგება განპირობებულია ისეთი საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობით, „რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს, ხასიათდება ადამიანის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის მომეტებული საფრთხით, მოიცავს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს ან დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებით სარგებლობასთან“[26] და შესაბამისად, საჭიროებს სახელმწიფოს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას.

სამოქალაქო კოდექსი ცალკეული სახის უფლებაუნარიანობის წარმოშობას, მართალია, უკავშირებს ამა თუ იმ ლიცენზიის/ნებართვის არსებობას, მაგრამ ასეთი მოწმობის გაცემის პროცედურულ სფეროში იგი არ ერევა. ლიცენზიისა და ნებართვის ცნებებს ადგენს სწორედ ზემოაღნიშნული სპეციალური კანონი.[27] ამასთან, იგივე კანონი განსაზღვრავს სალიცენზიო საქმიანობის ისეთ სახეებს, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება, ბიოლოგიური პესტიციდების წარმოება, ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, სამხედრო-საბრძოლო იარაღით ვაჭრობა,[28] კერძო მაუწყებლობა, ელექტროენერგიის წარმოება, ნავთობის გადამუშავება ან ბუნებრივი გაზის დამუშავება, საბანკო და საფონდო ბირჟის საქმიანობა და სხვ.[29]

11

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ავტორიზაცია ძირითადად დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სწავლების განხორციელების სანქციონირებასთან.[30] გარდა ამისა, შესაძლებელია, ავტორიზაციის ინსტიტუტის გამოყენება არა საგანმანათლებლო, არამედ სხვაგვარი მისიის მქონე დაწესებულებების მიმართაც, თუკი სახელმწიფო აუცილებლად ჩათვლის მათი საქმიანობის შესაბამისობის გამორკვევასა და დადგენას მის მიერვე წინასწარ განსაზღვრულ სტანდარტულ ნორმებთან თუ მოთხოვნებთან მიმართებით.

V. უფლებაუნარიანობის წარმოშობა და შეწყვეტა

12

25 IV განსაზღვრავს იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის წარმოშობის მომენტს. აქ შესაძლებელია კიდევ ერთი პარალელის გავლება იურიდიულ პირსა და ფიზიკურ პირს შორის. კერძოდ, როგორც ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა — „უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები“ — წარმოიშობა დაბადების მომენტიდან (11 I), ასევე, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა — უფლება, „განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს საქმიანობა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტებით გათვალისწინებული“ (25 II.) — წარმოიშობა მისივე რეგისტრაციის მომენტიდან (25 IV).[31]

უფლებაუნარიანობის წარმოშობის ლეგალური დროის ცოდნას არსებითი მნიშვნელობა აქვს, რამდენაც მასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული იურიდიული პირის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა უფლებისა და თუ ვალდებულების ნამდვილობის საკითხი. მაგალითად, ლიცენზიის გაცემა იურიდიულ პირზე თავისთავად მოითხოვს ამ იურიდიული პირის უფლებაუნარიანობას.[32]

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეს ნორმა შეეხება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს.[33] საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის წარმოშობის საკითხი, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საჯარო სამართლის მიერ არის გადაწყვეტილი.[34]

13

იგივე ნორმა განსაზღვრავს იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტის მომენტს. ეს იურიდიული შედეგი დაკავშირებულია სუბიექტის ლიკვიდაციასთან,[35] რომლის განსაზღვრებასაც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის იძლევა მ. 38 I1, ხოლო სამეწარმეო იურიდიული პირებისათვის — „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მ. 14,[36] რაც არსებითად იდენტურია.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირის ლიკვიდაცია, როგორც სასჯელის სახის სანქცია, მოქმედებს სისხლის სამართალშიც.[37] ამის მიუხედავად, იურიდიული პირის ლიკვიდაციის ცნება კერძოსამართლებრივი მოვლენაა.

VI. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამეწარმეო საქმიანობა

14

25 V არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის (ა(ა) იპ) სამეწარმეო საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა. იგი ა(ა)იპ-ს კომერციული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას ანიჭებს, რაც, შესაძლოა, ამგვარი ცალკეული სუბიექტისათვის დროის ცალკეულ მონაკვეთში ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალური იყოს.[38]

კერძო სამართლის იურიდიული პირების დაყოფა კომერციული და არაკომერციული საქმიანობის სუბიექტებად, ცხადია, მათ შორის არსებით განსხვავებას ნიშნავს.[39] ორივე მათგანი იურიდიული პირის სრულყოფილი სტატუსით სარგებლობს, მაგრამ კანონმდებელი მათი ურთიერთგამიჯვნით არაერთ ამოცანას ასრულებს, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოს საგადასახადო პოლიტიკის, სამოქალაქო ინიციატივებით საზოგადოების პროგრესირებისა თუ სხვა რთულ მიზნებთან. ასეთი განსხვავების მიუხედავად, მათი ზოგიერთი ასპექტი სავსებით იგივეობითია და ნიშან-თვისებათა ამგვარი მცირე „აღრევით“ წინ იწევს ხან ერთი და ხან მეორე ფორმის ინტერესი. განსახილველი ნორმა ა(ა)იპ-ის ინტერესების სამსახურში დგას, რაკი კომერციული საქმიანობა და მისგან მიღებული მატერიალური სარგებელი მრავალი ასეთი სუბიექტისათვის შესაძლოა სასიცოცხლოდ არსებითი და უაღრესად მნიშვნელოვანი იყოს.

15

ამდენად, ა(ა)იპ უფლებამოსილია, მისდევდეს სამეწარმეო საქმიანობას, თუმცა კანონი მას საამისოდ განსაზღვრულ პირობებს უწესებს. შესაძლებელია სამი ასეთი გარემოების გამოყოფა: (ა) კომერციული საქმიანობის დამხმარე ხასიათი, (ბ) მიღებული მოგების გამოყენება ა(ა)იპ-ის იდეალური მიზნებისათვის და (გ) ინსაიდერებს შორის მიღებული მოგების განაწილების დაუშვებლობა.

ა(ა)იპ არამომგებიანი სუბიექტია და, ფორმალური თვალსაზრისით, წარმოუდგენელია, იგი მერკანტად გადაიქცეს. ამიტომ მისი მხრიდან კომერციულ საქმიანობას მხოლოდ დამხმარე-დამატებითი ხასიათი შეიძლება ჰქონდეს[40] და ამასთან ერთად, აუცილებელია, იგი ინარჩუნებდეს მის თავდაპირველ არასამეწარმეო იდეალებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებები (33 II).[41]

თავდაპირველი საქმიანობის შენარჩუნების აუცილებლობა იქიდანაც იკვეთება, რომ კანონი ა(ა)იპ-ს ავალდებულებს, სამეწარმეო პროექტ(ებ)იდან ამონაგები შემოსავალი სრულად მოახმაროს მისი არაკომერციული გეგმებისა და ამოცანების შესრულებას.[42] აშკარაა, კანონმდებელი ამგვარი იდეალური მიზნების რეალიზებას ა(ა)იპ-ის უმთავრეს დანიშნულებად მიიჩნევს.

დაბოლოს, განსახილველი ნორმა შეიცავს მკაცრ მოთხოვნასაც, ა(ა)იპ-მა არ დაუშვას მომგებიანი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განაწილება „დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს“ — ინსაიდერებს შორის (25 V 2.). კომერციული მოგების უტილიზაციისათვის ა(ა)იპ-ს სამი ალტერნატვა აქვს: იგი მიქცეულ უნდა იქნეს საზოგადოების მაღალი მიზნების რეალიზებისაკენ, შენარჩუნებულ იქნეს საზოგადოების ქონებრივ რეზერვში[43] ანდა დაბანდებულ იქნეს იმავე სახის კომერციულ ბრუნვაში.




  1. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, გვ. 113-114.
  2. ტერმინოლოგიური დანიშნულებით უნდა ითქვას, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის 1923 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის მომწესრიგებელ ნორმაში სარგებლობდა ტერმინის „მომენტი“ ქართულენოვანი შესატყვისით „წამი“. კერძოდ, მუხ. 14 III ადგენდა, რომ „იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა წესდების (დებულების) დამტკიცების წამიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც კანონი მოითხოვს იურიდიული პირის რეგისტრაციას, — ასეთი რეგისტრაციის წამიდან.“
  3. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 240.
  4. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის №3967 კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
  5. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის №3537 კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 235-236.
  7. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის №2052 კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“.
  8. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 5 I.
  9. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 I 1.
  10. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 174; ასევე, ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 235.
  11. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 IV 1.
  12. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 IV 2.
  13. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 IV 3.
  14. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 235.
  15. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 IV 3.
  16. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ. 3 II 1; ამ საკითხის შესახებ კრიტიკული მოსაზრებისათვის იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 235.
  17. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, გვ. 215 და მომდევნო.
  18. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, იურიდიული პირი ვერ იქნება ისეთი უფლების სუბიექტი, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ ადამიანის მიერ. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 173.
  19. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 231.
  20. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 230, სქოლიო 361; საერთო სამართლის სისტემის ქვეყნებიდან ავსტრალიურ სამართალში იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის შესახებ იხ. Egert, Legal Capacity of Incorporated Associations and the Associatins Incorporations Act 1981 (QLD), 8 James Cook U. L. Rev. 39, 2001, pp. 39 and ff.
  21. ინგ. „memorandum of association“.
  22. Richards, Law of Contract, 2002, p. 87.
  23. აღნიშნულთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრების შესახებ იხ. Richards, Law of Contracts, 2002, pp. 87-88.
  24. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 232.
  25. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის #1775 კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“.
  26. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მ. 1 I 1.
  27. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მ. 3 (ა) და (ე).
  28. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვას დამატებით აწესრიგებს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 აგვისტოს #144 დადგენილება „იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
  29. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მ. 6.
  30. მაგ., საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის #99/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 16 აგვისტოს №135/ნ ბრძანება „მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულების ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ და სხვ. მსგავსი მოსაზრებისათვის იხ. პეპანაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, 2014, გვ. 233-234.
  31. კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის წარმოშობა რეგისტრაციის ფაქტს უკავშირდება ზოგიერთ სხვა სამართლებრივ სისტემაშიც. იხ. მაგ., Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht, Band 1/1, 2. Aufl., 1 D 344; ასევე, BGB §21.
  32. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 234.
  33. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, გვ. 115, მუხ. 25.
  34. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მ. 5.
  35. მსგავსი მოწესრიგების შესახებ საფრანგეთში იხ. Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht, Band 1/1, 2. Aufl., 1 D 346 ff.
  36. ჭანტურია, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი, 2002, გვ. 176 და მომდევნო.
  37. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის №2287 კანონის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“ მ. 1073 I (ა) დამ. 1074.
  38. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 266.
  39. კომერციულ და არაკომერციულ იურიდიულ პირებს შორის განსხვავების შესახებ იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 267-268; ასევე კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 175-176.
  40. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 266.
  41. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 176.
  42. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 266.
  43. იქვე, 2011, გვ. 266-267.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_25._იურიდიული_პირის_უფლებაუნარიანობა&oldid=1065"