Gccc-logo.png


მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 250. მიწის ნაკვეთის გაყოფის შედეგები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ უფლებამოსილი პირის მიწის ნაკვეთი გაიყოფა, მაშინ სერვიტუტი გაგრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე. ამ დროს სერვიტუტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს არ გააუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.

I. ზოგადი დებულებები

1

ეს დანაწესი ითვალისწინებს, სერვიტუტით დატვირთვის მიუხედავად, მიწის ნაკვეთის გაყოფის შესაძლებლობას და აწესრიგებს სერვიტუტის სამართლებრივ ბედს ამ გაყოფის შემდეგ. სერვიტუტი გრძელდება თითოეულ ნაკვეთზე ცალ-ცალკე, თუმცა მათი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს არ აუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მდგომარეობას.[1] ამგვარად, ეს ნორმა მიზნად ისახავს გაბატონებული ნაკვეთისათვის მინიჭებული უპირატესობის შენარჩუნებას შესაბამის ფარგლებში და, ამავდროულად, დაქვემდებარებული ნაკვეთისათვის უარყოფითი შედეგების მაქსიმალურად თავიდან აცილებას.

II. ნაკვეთის გაყოფა

2

250-ე მუხლის გამოყენების წინაპირობაა ერთიანი ნაკვეთის, რომლის სასარგებლოდაც არის დადგენილი სერვიტუტი, რეალური გაყოფა. გაყოფის შედეგად უნდა წარმოიშვას ორი, საჯარო რეესტრში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი.

III. სერვიტუტის გაგრძელება თითოეულ ნაკვეთზე

1. ზოგადი წესი

3

250 1 მუხლი შეიცავს პრინციპს, რომლის მიხედვითაც სერვიტუტი გრძელდება გაყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილებზე, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, თუ რა ფორმით აგრძელებს სერვიტუტი არსებობას: ერთი მხრივ, შესაძლებელია, სახეზე იყოს ისევ ერთიანი სერვიტუტი დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის პოზიციიდან და გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებისათვის სერვიტუტი იყოს საზიარო უფლება, 953-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით,[2] ან საერთო უფლებამოსილების საგანი, 455-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.[3] თუმცა უფრო დამაჯერებელია რამდენიმე სერვიტუტის არსებობის დაშვება, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული გაყოფილი მიწის ნაკვეთის სასარგებლოდ არსებობს დამოუკიდებელი სერვიტუტი, ხოლო დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთისათვის იზრდება მისი დამტვირთავი სერვიტუტების რაოდენობა.[4] გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტა ყველაზე ახლოს დგას 250 1 მუხლის სიტყვასიტყვით გაგებასთან, მასში მოცემული დანაწესის ამგვარი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს მის მეორე წინადადებაში გათვალისწინებული კონკურენცია დამოუკიდებელი სერვიტუტების გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ გაყოფისა და დამოუკიდებელი სერვიტუტების წარმოშობის შემდეგ რეესტრში მაინც მხოლოდ ერთი სერვიტუტია რეგისტრირებული, ის უნდა გავიგოთ როგორც კრებსითი დასახელება ორ (ან მეტ) დამოუკიდებელ უფლებად გახლეჩილი სანივთო უფლებისა. თითოეული ამ სერვიტუტთაგან შეიძლება გაუქმდეს დამოუკიდებლად, გაბატონებული და დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის შეთანხმებით.[5] მართალია, გაბატონებული მიწის ნაკვეთის გაყოფა დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის რეესტრის გრაფიდან არ იკითხება, თუმცა ძველი რეგისტრაცია მოქმედებს გაყოფილი ნაკვეთების მესაკუთრეების სასარგებლოდ – რეესტრის ჩანაწერი არ ითვლება არასწორად, რაც გამორიცხავს დაუტვირთავი საკუთრების კეთილსინდისიერად მოპოვებას.[6]

2. გამონაკლისი

4

გამონაკლისი ზოგადი წესიდან, რომლის მიხედვითაც სერვიტუტი ნარ- ჩუნდება გაბატონებული ნაკვეთის თითოეული განაყოფის სასარგებლოდ, უნდა დაიშვას იმ შემთხვევაში, როდესაც სერვიტუტი მხოლოდ ერთ განაყოფს ანიჭებს უპირატესობას. იმ ნაკვეთის სასარგებლოდ, რომელსაც ის უპირატესობას არ ანიჭებს, სერვიტუტი აღარ აგრძელებს არსებობას (248 I).

IV. სერვიტუტის გამოყენების შეზღუდვა, 250 2

5

მიუხედავად იმისა, რომ გაბატონებული ნაკვეთის გაყოფის შემდეგ ყველა განაყოფის სასარგებლოდ ძალაში რჩება დამოუკიდებელი სერვიტუტი, მათი გამოყენების უფლება იზღუდება იმ შემთხვევაში, თუ აუარესებს დატვირთული მიწის ნაკვეთის მდგომარეობას (250 2). ეს შეზღუდვა თავიდანვეა ახალწარმოშობილი სერვიტუტის შინაარსის ნაწილი, რომელიც ეხება გაბატონებული და დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს შორის ურთიერთობას და რაც რეგისტრირებაუნარაინია, როგორც სერვიტუტის შინაარსის დაკონკრეტება.[7]

6

დაქვემდებარებული ნაკვეთის მდგომარეობის გაუარესება გაყოფის შედეგად ყველაზე სავარაუდოა სარგებლობის სერვიტუტების (იხ. მუხ. 247, 28-ე ველი) შემთხვევაში, თუმცა მისი გამოწვევა ასევე შეუძლია თავდაცვი- თი მოთხოვნების ამკრძალავ სერვიტუტებსაც (იხ. მუხ. 247, 44-ე ველი), როდესაც იმისიები, რომელთა თმენის ვალდებულებაც აკისრია დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრეს, გაყოფის შედეგად საგრძნობლად იზრდება. მოქმედების ამკრძალავი სერვიტუტის შემთხვევაში (იხ. მუხ. 247, 35-ე ველი) ზემოთ ხსენებული გაუარესება გამორიცხულია, რადგან მოქმედების განხორციელების – მაგალითად, მშენებლობის ან განსაზღვრული პროდუქტების გაყიდვის – აკრძალვის ფარგლები არ იცვლება იმის მიხედვით, ეს ვალდებულება ერთი თუ რამდენიმე პირის წინაშეა ნაკისრი.[8]

7

გაუარესებისაგან თავის დაცვა მესაკუთრეს შეუძლია 172 II მუხლის მიხედვით. მოთხოვნა მიმართულია ამ გაუარესების გამომწვევი უფლებამოსილი პირის წინააღმდეგ.[9]

8

250 2 მუხლი შეიცავს მხოლოდ დაქვემდებარებული ნაკვეთების მესაკუთრისთვის სასარგებლო განმარტების წესს.[10] მხარეებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ განსხვავებული დათქმა სერვიტუტის დადგენისას ან მოგვიანებით, 247 I 2, 183 მუხლების მიხედვით.[11]

V. მოვლის ვალდებულება

9

თუ ერთიანი გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ევალებოდა დაქვემდებარებულ ნაკვეთზე განლაგებული ნაგებობის მოვლა, 249 1 მუხლის მიხედვით, მაშინ ეს ვალდებულება ეკისრებათ გაყოფის შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, რისთვისაც ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები, 463-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.[12] თუ სერვიტუტი ქარწყლდება ახალწარმოქმნილ ნაკვეთთაგან რომელიმეზე, მაშინ მისი მესაკუთრეც თავისუფლდება ზემოხსენებული მოვლის ვალდებულებისგან.[13] გაბატონებული ნაკვეთის გაყოფამდე მოვლის ვალდებულების დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრისათვის გადაკისრების შემთხვევაში, 249 2 მუხლის მიხედვით, მას ეს ვალდებულება ეკისრება თითოეული უფლებამოსილი პირის წინაშე.[14]

VI. გაბატონებული მიწის ნაკვეთის გაფართოება

10

250-ე მუხლი აწესრიგებს მხოლოდ გაბატონებული მიწის ნაკვეთის გაყოფის შემთხვევას და არ ეხება მის გაფართოებას სხვა ნაკვეთთან შეერთების გზით. ერთი მოსაზრების[15] მიხედვით, ამ გაფართოების შემთხვევაში გაბატონებულად ითვლება მთლიანი (შეერთების შედეგად გაზრდილი) მიწის ნაკვეთი, თუმცა სერვიტუტის გამოყენების უფლება შემოსაზღვრულია თავდაპირველი გაბატონებული მიწის ნაკვეთის ფართობით. ეს მოსაზრება სამართლიანად არის გაკრიტიკებული: დაქვემდებარებული ნაკვეთის მდგომარეობის გაუარესება, რასაც კრძალავს 250 2 მუხლი, ავტომატურად არ გვაქვს სახეზე გაბატონებულ ნაკვეთთან სხვა ნაკვეთის შერწყმისას,[16] რის გამოც სერვიტუტის გამოყენების უფლების უპირობო სივრცობრივი შემოსაზღვრა არამიზანშეწონილია. აქ გასათვალისწინებელია კონკრეტული შემთხვევის თავისებურებები, რა შემთხვევაშიც ძალაში რჩება 250 2 მუხლი.




  1. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 250, გვ. 189 და შემდგ.
  2. Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1025, Rn. 1.
  3. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1025, Rn. 2.
  4. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1025, Rn. 3.
  5. იქვე.
  6. BGH MittBayNot 2008, 217.
  7. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1025, Rn. 3.
  8. BGH NJW 1965, 2398.
  9. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1025, Rn. 3.
  10. Westermann/Gursky/Eickmann, Sachenrecht, 8. Aufl., 2011, § 121, Rn. 17.
  11. Mohr, იქვე.
  12. Wegmann, იქვე.
  13. Mohr, იქვე, Rn. 5; Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl ., 2014, § 1025, Rn. 2.
  14. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  15. BayObLG Rpfl eger 1974, 148.
  16. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1025, Rn. 7.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_250._მიწის_ნაკვეთის_გაყოფის_შედეგები&oldid=1849"