Gccc-logo.png


მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 251. გაყოფის შედეგად სერვიტუტისაგან თავისუფალი ნაწილი


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ დატვირთული მიწის ნაკვეთი გაიყო და სერვიტუტი მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ გაყოფის შემდეგაც მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც არ იყო სერვიტუტი, მისგან თავისუფალი დარჩება.

I. ზოგადი დებულებები

1

251-ე მუხლი ეხება არა გაბატონებული, რაც 250-ე მუხლშია მოწესრიგებული, არამედ დატვირთული მიწის ნაკვეთის გაყოფას.[1] ისევე, როგორც გაბატონებული მიწის ნაკვეთის გაყოფის შემთხვევაში, დაქვემდებარებულის გაყოფამაც არ უნდა გამოიწვიოს სერვიტუტის მატერიალური შინაარსის გაფართოება.[2] განსხვავებით 250-ე მუხლის შემთხვევისაგან (იხ. მუხ. 250, მე-3 ველი) დატვირთული ნაკვეთის გაყოფა იწვევს არა რამდენიმე ურთიერთდამოკიდებული სერვიტუტის წარმოშობას, არამედ ძალაში რჩება ერთიანი სერვიტუტი გაყოფილი ნაკვეთებისათვის.[3]

2

მთლიანი მიწის ნაკვეთის სერვიტუტით დატვირთვის შემთხვევაში ამ უფლების გამოყენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ მის ერთ ნაწილზე, თუ ეს გამოყენების შეზღუდვა სერვიტუტის (გარიგებით შეთანხმებულ) შინაარსად იქცა. შეზღუდვა ძალაში რჩება დატვირთული ნაკვეთის გაყოფისას, რის გამოც სერვიტუტი მხოლოდ მიწის ნაკვეთის ერთ-ერთ (გამოყოფილ) ნაწილზე ნარჩუნდება.[4] 251-ე მუხლის მიხედვით, იმ განაყოფზე, რომელზეც სერვიტუტის გამოყენება თავიდანვე დაუშვებელი იყო, გაყოფის შემდეგ სერვიტუტი საერთოდ უნდა გაქარწყლდეს. მართალია, სერვიტუტის ეს ნაწილობრივი გაქარწყლება უფლებამოსილი პირის სამართლებრივ პოზიციებს აუარესებს, თუმცა იგი კანონმდებლის მიერ შეგნებულად დაშვებული სამართლებრივი შედეგია.[5]

II. სერვიტუტის გავრცელება მიწის ნაკვეთის მხოლოდ ერთ ნაწილზე

3

დაქვემდებარებული მიწის ნაკვეთის გაყოფა დასაშვებია უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე,[6] ისევე, როგორც აუცილებელი არ არის, მას თან სდევდეს მესაკუთრის ცვლილება. გამომდინარე იქიდან, რომ 251-ე მუხლის მიზანი არ იყო სერვიტუტის შინაარსობრივი დავიწროება, განაყოფი ნაკვეთის ამ უფლებრივი ტვირთისაგან გათავისუფლებისათვის აუცილებელია ამ ნაწილზე თვიდანვე (გაყოფამდე) დაუშვებელი ყოფილიყო სერვიტუტის გამოყენება. გამოყენების ეს შეზღუდვა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირი, სერვიტუტის ხასიათიდან ან მხარეთა შეთანხმებიდან გამომდინარე, მოკლებულია ნივთის კონკრეტული ნაწილით სარგებლობის შესაძლებლობას.[7] ამის საპირისპიროდ, 251-ე მუხლი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სერვიტუტის გამოყენების სფერო, ფაქტობრივად, ნივთის მხოლოდ ერთი ნაწილითაა შემოსაზღვრული, თუმცა უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, გარემოებათა სამომავლო ცვლილების შემთხვევაში, სერვიტუტი გაავრცელოს ნაკვეთის სხვა ნაწილებზეც, მაშინაც კი, როდესაც ეს სამომავლო ცვლილება სრულებით არ ივარაუდება.[8] შესაბამისად, გაყოფის შედეგად სერვიტუტი წყდება მხოლოდ იმ გამოყოფილი ნაწილის მიმართ, რომელზეც სერვიტუტის გამოყენება თავიდანვე სამართლებრივად (და არა მხოლოდ ფაქტობრივად) იყო შეუძლებელი.[9]

4

ამ პრინციპის თანახმად, 251-ე მუხლის მიხედვით, სერვიტუტი წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც, მაგალითად: წყლის მიღების უფლება კონკრეტული წყაროთია შემოფარგლული,[10] მშენებლობის შეზღუდვის უფლება მხოლოდ კონკრეტულ მშენებლობას ეხება,[11] ხოლო წიაღისეულის მოპოვება კონკრეტულ მაღაროს.[12] ამის საპირისპიროდ, 251-ე მუხლი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც ტრასის გაყვანის უფლების სივრცობრივი ფარგლები შეთანხმებით ზუსტად არ არის განსაზღვრული, მაშინაც კი, როდესაც ამ უფლების გამოყენება სამომავლოდ ნაკლებსავარაუდოა;[13] ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც წიაღისეულის მოპოვების, ან საძოვრის უფლება, ფაქტობრივად, ნაკვეთის ერთი ნაწილითაა შემოსაზღვრული, თუმცა მისი განხორციელება თავისთავად ნებისმიერ სხვა მონაკვეთზეა შესაძლებელი,[14] დამოუკიდებლად იმისა, არსებობს თუ არა უფლების ამ სხვა მონაკვეთზე განხორციელების ხელშემშლელი ფაქტობრივი გარემოებები, როგორებიცაა: ტყის საფარი ან სამშენებლო ნაგებობები.[15]

III. სერვიტუტის შეწყვეტა

5

მიწის ნაკვეთის იმ განაყოფზე, რომელზეც სერვიტუტის გამოყენება მანამდეც დაუშვებელი იყო, გაყოფის შემდეგ სერვიტუტი წყდება კანონის ძალით.[16] უფლების მიტოვება 184-ე მუხლის მიხედვით ზედმეტია.[17] სერვიტუტის შეწყვეტის შემდეგ რეესტრის ჩანაწერი არასწორად ითვლება და უნდა გასწორდეს უფლებამოსილი პირის (დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის) განცხადების საფუძველზე – სერვიტუტისაგან თავისუფალ (გამოყოფილ) მიწის ნაკვეთს უნდა ჩამოეწეროს ეს უფლება და იგი მხოლოდ მეორე ნაკვეთზე დარეგისტრირდეს.[18] რეგისტრაციას თან უნდა ერთოდეს 251-ე მუხლის ფაქტობრივი წინაპირობების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც დაამოწმებს, რომ სერვიტუტისაგან გასათავისუფლებელ განაყოფზე სერვიტუტი გაყოფამდეც არ ვრცელდებოდა, თუკი ეს ცალსახად არ იკითხება თავად რეესტრიდან.[19]




  1. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 251, გვ. 190.
  2. Westermann/Gursky/Eickmann, Sachenrecht, 8. Aufl., 2011, § 121, Rn. 16.
  3. იქვე.
  4. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 272.
  5. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1026, Rn. 1; Westermann/Gursky/Eickmann, იქვე; KG NJW 1969, 470.
  6. KG NJW 1969, 470.
  7. KG NJW 1969, 470; OLG Mьnchen NJW-RR 2010, 1025; Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1026, Rn. 3.
  8. KG NJW 1969, 470; იქვე.
  9. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1026, Rn. 3.
  10. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 272; Mohr, იქვე, Rn. 3
  11. Stürner, იქვე.
  12. Mohr, იქვე.
  13. იქვე.
  14. BayObLGZ 1954, 294.
  15. Mohr, იქვე.
  16. BGH NJW 1984, 2157.
  17. Böttcher, Die Entwicklung des Grundbuch- und Grundstücksrechts bis Juni 2014, NJW 2014, S. 2765.
  18. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1026, Rn. 6.
  19. შდრ, დეტალურად Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1026, Rn. 4 და იქ მითითებულილიტერატურა.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_251._გაყოფის_შედეგად_სერვიტუტისაგან_თავისუფალი_ნაწილი&oldid=1854"