Gccc-logo.png


მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 252. უფლებამოსილი პირის უფლებების დაცვა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ უფლებამოსილ პირს ხელი შეეშლება თავისი უფლების განხორციელებაში, მაშინ ამის თავიდან ასაცილებლად მას იგივე უფლებები აქვს, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს.

I. ზოგადი დებულებები

1

252-ე მუხლი იცავს გაბატონებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ სერვიტუტით სარგებლობის უფლებას. სერვიტუტის სამართალი არ ითვალისწინებს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის დასაცავად სპეციალურ დანაწესს იმ შემთხვევისათვის, როდესაც უფლებამოსილი პირი სცდება თავისი უფლებამოსილების ფარგლებს; ამ შემთხვევაში მოქმედებს მესაკუთრის დაცვის ზოგადი წესები. უფლებამოსილი პირისათვის სერვიტუტის განხორციელებაში ხელის შეშლისას 252-ე მუხლი ანიჭებს მას იმ მოთხოვნებს, რაც აქვს კეთილსინდისიერ მფლობელს ხელშემშლელი პირის წინააღმდეგ, ანუ უთითებს მას 161-ე მუხლზე. 161-ე მუხლი კი, თავის მხრივ, შეიცავს მითითებას მესაკუთრის ნეგატორულ მოთხოვნაზე 172 II მუხლის მიხედვით (161 1), და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (161 2, 3).[1]

2

როგორც ეს 252-ე მუხლის ფორმულირებიდან („ხელი შეეშალა თავისი უფლების განხორციელებაში“) იკითხება, კანონმდებელმა საჭიროდ არ ჩათვალა უფლებამოსილი პირისათვის მფლობელობის დაცვის უფლების (172 I, 163, 164 ან 160) მინიჭება, გამომდინარე იქიდან, რომ სერვიტუტი, ჩვეულებრივ, დაკავშირებული არ არის დატვირთული ნივთის ფლობასთან.[2] ეს გადაწყვეტა არასწორია და ემყარება მფლობელობის (და მისი დაცვის მექანიზმების) მნიშვნელობის ვერშეცნობას სერვიტუტით სარგებლობისას.[3] მაგალითად, სარგებლობის სერვიტუტის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ დატვირთული საგნის ფლობა არის წესი და არა გამონაკლისი. ამ დროს მას მიწის იმ ნაწილზე, რომელსაც ის იყენებს სერვიტუტის საფუძველზე, განსაკუთრებით კი ნაგებობებზე 249-ე მუხლის გაგებით, ჩვეულებრივ, აქვს პირდაპირი მფლობელობა, ერთპიროვნული (155 V) ან თანამფლობელობის (155 IV) ფორმით.[4] გამომდინარე აქედან, „ხელშეშლა“ 252-ე მუხლის გაგებით ფართოდ უნდა განიმარტოს და 268-ე მუხლის მსგავსად მოიცვას მფლობელობის ხელყოფის შემთხვევებიც, რა დროსაც უფლებამოსილ პირს, რომლის უფლებამოსილებაც მოიცავდა დატვირთული ნაკვეთისა და/ან მასზე განლაგებული ნაგებობის ფლობას, უნდა მიენიჭოს 160, 172 I, 163, 164-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.[5]

3

გარდა ამისა, ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული სამეზობლო სამართლის ნორმები' (175-ე და მომდევნო მუხლები).

II. უფლებამოსილი პირის მოთხოვნები

1. ხელშეშლის აღკვეთისა და მისგან თავის შეკავების მოთხოვნა

4

უფლებამოსილი პირის ნეგატორული მოთხოვნა (252, 161 1, 172 II) მიმართულია განგრძობადი (172 II 1) ხელშეშლის აღკვეთისაკენ და შემდგომი ხელშეშლისაგან თავის შეკავებისაკენ (172 II 2). დასაშვებია თავის შეკავების მოთხოვნით სარჩელის წინმსწრებად წარდგენა, როდესაც (პირველი) ხელშეშლა ცალსახად მოსალოდნელია.[6] 172 II მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისათვის საკმარისია ობიექტური მართლწინააღმდეგობა. ხელშემშლელი პირის ბრალი არ არის ამ მოთხოვნის წინაპირობა.[7] თუ მესაკუთრე არ უნდა გახდეს ნაკვეთით თანამოსარგებლე, ამ აკრძალვის მიუხედავად, მისი მხრიდან თანასარგებლობა არ ჩაითვლება ხელშეშლად 252-ე მუხლის მიხედვით, თუკი ეს თანასარგებლობა არ აფერხებს უფლებამოსილი პირის მიერ საკუთარი უფლების გამოყენებას.[8]

ა) განგრძობადი ან განმეორებადი ხელშეშლა

5

სერვიტუტის განხორციელებაში ხელშეშლაა მისი მართლზომიერი გამოყენების ნებისმიერი შემაფერხებელი ან გამომრიცხველი გარემოების შექმნა.[9] ის სახეზეა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება ამ უფლების ხელყოფა ან განხორციელების გართულება, დატვირთული ნაკვეთის ან მასზე გან- თავსებული ნაგებობის სუბსტანციაზე ზემოქმედების ან გარიგებისმიერი განკარგვის მეშვეობით.[10] ხელშეშლა სახეზეა, მაგალითად, მშენებლობის აკრძალვის მიუხედავად, შენობის აღმართვის,[11] გზის უფლების ხელყოფით ამ გზის დავიწროების,[12] ამ გზაზე ხის ამოსვლის,[13] ან წყლით სარგებლობის სერვიტუტის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების დადებით, რომლის საფუძველზეც მესამე პირს ენიჭება ნაკვეთზე ლითონის მოპოვების უფლება.[14] სერვიტუტის განხორციელებაში ხელშეშლა სახეზეა ასევე დატვირთულ ნაკვეთზე შესვლის აკრძალვით.[15] სერვიტუტის უფლების სადავოდ ქცევაც უნდა ჩაითვალოს ხელშეშლად 252-ე მუხლის გაგებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას თან სდევს სერიოზული მუქარა,[16] თუმცა ამის საპირისპიროდ, სასამართლო პროცესზე სერვიტუტის არსებობის უარყოფა, ზოგადი პრინციპების თანახმად, ხელშეშლად არ მიიჩნევა,[17] ისევე, როგორც უფლების სამომავლო ხელყოფის მოლოდინი.[18] ხელშეშლის განგრძობადი ხასიათი, როგორც მოთხოვნის წინაპირობა, განასხვავებს ნეგატორული აღკვეთის მოთხოვნას ბრალზე დამოკიდებული დელიქტური (რესტიტუციული) მოთხოვნისაგან.[19] პირველ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ხელყოფა არ იყოს დასრულებული და ხელყოფის წყარო აგრძელებდეს არსებობას.[20]

ბ) მოთხოვნის მფლობელი

6

252, 161 1, 172 II მუხლებიდან წარმომდგარი მოთხოვნის მფლობელია უფლებამოსილი პირი, ანუ, როგორც წესი, სერვიტუტის მფლობელი. თანასაკუთრების შემთხვევაში მოთხოვნის წარდგენა შეუძლია თითოეულ თანამესაკუთრეს (173 I 2).[21] საერთო უფლებამოსილების შემთხვევაში (იხ. მუხ. 247, მე-14 ველი) მესაკუთრეთა უფლებამოსილება განისაზღვრება 455-ე მუხლის მიხედვით. თუ გაბატონებული მიწის ნაკვეთი, თავის მხრივ, დატვირთულია სანივთო სარგებლობის უფლებით, რომელიც მოიცავს ასევე სერვიტუტსაც მთელი თავისი შინაარსით, მაშინ ამ სარგებლობის უფლების მფლობელსაც (მაგ., უზუფრუქტუარი ან მეაღნაგე) აქვს ნეგატორული მოთხოვნის გამოყენების უფლებაც.[22] 252, 161 1, 172 II მუხლებიდან წარმომდგარი უფლება არ ენიჭება მხოლოდ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე უფლებამოსილ პირს (მოიჯარე, დამქირავებელი).[23]

გ) მოთხოვნის ადრესატი

7

ზემოთ ხსენებული მოთხოვნა მიმართულია ხელშემშლელი პირის წინააღმდეგ, რომელმაც ადეკვატურ-კაუზალური მოქმედებით ან უმოქმედობით (მიუხედავად იმისა, რომ ეკისრებოდა მოქმედების ვალდებულება) ხელყო უფლება, მაშინ, როდესაც ჰქონდა სამართლებრივი და ფაქტობრივი შესაძლებლობა ხელშემშლელი გარემოების აღკვეთისა.[24] ხელშემშლელი პირი შეიძლება იყოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრე, ან ნებისმიერი სხვა მესამე პირი.[25] ეს მოთხოვნა მესაკუთრის წინააღმდეგ გამოიყენება ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ის რეაგირების გარეშე ტოვებს მესამე პირის მხრიდან სერვიტუტის უფლების ხელყოფას.[26] გაქირავებისა და იჯარით გაცემის შემთხვევაში ხელშემშლელი პირი შეიძლება აღმოჩნდეს, მოიჯარისა და დამქირავებლის გარდა, ასევე მესაკუთრე, როგორც მეიჯარე ან გამქირავებელი.[27] თუმცა მესაკუთრე არ ჩაითვლება ხელშემშლელად მხოლოდ იმ გარემოების საფუძველზე, რომ მან ნაკვეთი მესამე პირზე გაასხვისა და უნდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ ეს პირი ნაკვეთზე სერვიტუტის განხორციელებისათვის ხელშემშლელ ნაგებობებს აღმართავდა.[28]

დ) მართლწინააღმდეგობა

8

252, 161 1, 172 II მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნის წინაპირობაა ხელშეშლის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. მართლწინააღმდეგობა არ არის სახეზე, თუ უფლებამოსილ პირს ეკისრებოდა ხელშეშლის თმენის ვალდებულება.[29] ამგვარი თმენის ვალდებულება შეიძლება გამომდინარეობდეს 175 II მუხლიდან, თუ საქმე ეხება ჩვეულებრივი სარგებლობით გამოწვეულ იმისიებს. თუ უფლებამოსილ პირს სერვიტუტის განხორციელებაში ხელი შეეშალა დატვირთულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო ნაგებობის აღმართვის გამო (მაგ., აუცილებელი ხდება წყლის არხის გადაწევა), ანალოგიით გამოიყენება 179-ე მუხლი.[30]

2. მფლობელობის დაბრუნების, სარგებლისა და დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნა

9

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრების[31] თანახმად (იხ. ზემოთ, მე-2 ველი), რომლის გაზიარებაც ქართულ სამართალშიც მიზანშეწონილი ჩანს, უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს მფლობელობის დაბრუნების, სარგებლისა და დანახარჯების ანაზღაურების მოთხოვნები 252, 172 I, 160, 163, 164-ე მუხლების მიხედვით, თუ მას აქვს დატვირთულ მიწის ნაკვეთზე ან მასზე განლაგებულ ნაგებობებზე მფლობელობის უფლება. მფლობელობის დაბრუნების მოთხოვნები კონკურირებენ 976 I 1, 982 მუხლის თანახმად მფლობელობის დაბრუნების მოთხოვნასთან. სარგებლისა და დანახარჯების ანაზღაურების ზოგადი მოთხოვნები 969-ე და მომდევნო და 976-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი გამორიცხული არ არის 163-ე და 164-ე მუხლებთან კონკურენციის გამო.

3. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნები

10

უფლებამოსილი პირის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წინააღმდეგ გამომდინარეობს მათ შორის წარმოშობილი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმომდგარი გულისხმიერების ვალდებულების ბრალეული დარღვევიდან (394 I და 395 I, 396 მუხლები).[32] უფლებამოსილ პირს აქვს მესამე პირების წინააღმდეგაც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 252, 161 2, 3 მუხლების მიხედვით, თუ ის იყო სერვიტუტით დატვირთული ნივთის მფლობელი. გარდა ამისა, სერვიტუტი, როგორც აბსოლუტური სანივთო უფლება, ხელყოფისაგან დაცულია 992-ე მუხლის მიხედვითაც.[33] ამ ზიანის ანაზღაურების წინაპირობაა ხელყოფა, რომელიც უკავშირდება მიწის ნაკვეთს და გამოიხატება სერვიტუტის უფლების განხორციელებისას ფაქტობრივი ან სამართლებრივი მოქმედებით ხელშეშლაში.[34] ამგვარი ხელყოფა სახეზეა, მაგალითად, მიწისქვეშა გაყვანილობების დაზიანებისას, რომელთა გამოყენებასაც მოგვიანებით უფლებამოსილი პირი აპირებდა.[35]

III. დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები

11

დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს ხელშეშლის აღკვეთის ან მისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება 172 II მუხლის მიხედვით იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირი სერვიტუტით სარგებლობისას სცდება თავისი უფლების ფარგლებს ან არ ასრულებს ნაგებობის მოვლის ვალდებულებას 249 I მუხლის მიხედვით.[36] 172 II მუხლის მიხედვით მესაკუ- თრეს შეუძლია, მოითხოვოს მხოლოდ ხელშეშლის აღკვეთა, ან მისგან თავის შეკავება. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლება მას არ გააჩნია.[37] მას ასევე არ შეუძლია, უფლებამოსილების გადაჭარბების შემთხვევაში მოითხოვოს სერვიტუტის გაუქმება.[38] უფლებამოსილ პირი ამ მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში შესაგებლის ფორმით ვერ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დატვირთულ ნაკვეთზე საკუთრების უფლება სერვიტუტის ფარგლების გადაჭარბების გარეშეც შეილახებოდა.[39] სხვაგვარადაა საქმე საკუთრების ხელყოფიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებების შემთხვევაში 394 I და 992-ე[40] მუხლების მიხედვით. აქ ალტერნატიულ მართლზომიერ ქცევაზე მითითება აქარწყლებს მართლწინააღმდეგობას.[41]




  1. ხეცურიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 252, გვ. 191; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის # ას-73-63-2011 განჩინება.
  2. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1027, Rn. 1.
  3. იქვე.
  4. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1027, Rn. 1.
  5. იქვე.
  6. BGH WM 1967, 582.
  7. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1027, Rn. 2.
  8. იქვე.
  9. BGH NJW 2014, 3781; BGH NJW 2011, 519.
  10. Mohr, იქვე, Rn. 3.
  11. RGZ 47, 356; BGH WM 1967, 582.
  12. RGZ 126, 370; BGH NJW 1963, 807; BGH NJW 1964, 2016; OLG Karlsruhe NJW-RR 1990, 787.
  13. BGH NJW 2014, 3781.
  14. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1027, Rn. 3.
  15. BGH, NJW 2011, 519.
  16. Mohr, იქვე.
  17. BGH WM 1984, 821.
  18. Mohr, იქვე.
  19. იქვე.
  20. BGH NJW 1958, 1580.
  21. BGH NJW 1992, 1101.
  22. Mohr, იქვე, Rn. 4.
  23. იქვე.
  24. BGH NJW 2014, 3782; BGH WM 1966, 1302.
  25. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 273.
  26. BGH NJW 1992, 1101; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl ., 2017, § 1027, Rn. 5.
  27. BGH WM 1966, 1302.
  28. BGH WM 1966, 1302.
  29. შდრ. Wegmann, იქვე, Rn. 6.
  30. BGH NJW 1963, 808; BGH NJW 1964, 2017; BGH NJW 2008, 3124.
  31. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1027, Rn. 3.
  32. BGH NJW 1985, 2944.
  33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის #ას-73-63-2011 განჩინება; BGH NZBau 2012, 290. BGH NZBau 2012, 290.
  34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ივნისის #ას-73-63-2011 განჩინება; BGH NZBau 2012, 290.
  35. BGH NZBau 2012, 290.
  36. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1027, Rn. 12.
  37. იქვე.
  38. BGH NJW 1965, 1229.
  39. BGH DNotZ 1974, 291.
  40. შდრ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 17 დეკემბრის # 2ბ/1731-13 (2.11; 2.12) განჩინება.
  41. BGH WM 1976, 275.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_252._უფლებამოსილი_პირის_უფლებების_დაცვა&oldid=1856"