Gccc-logo.png


მუხლი 253. პირადი სერვიტუტი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 253. პირადი სერვიტუტი


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უძრავი ნივთი შეიძლება ამა თუ იმ პირის სასარგებლოდ სერვიტუტით დაიტვირთოს 247-ე მუხლში გათვალისწინებული პირობით. ამგვარი დატვირთვა შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ უფლებამოსილ პირს მესაკუთრის გამორიცხვით შეუძლია შენობა ან ამ შენობის ნაწილი თავისთვის ან თავისი ოჯახისთვის გამოიყენოს ბინად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ასეთი შეზღუდული პირადი სერვიტუტი სხვა პირებს არ გადაეცემა.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

253 I აწესრიგებს კიდევ ერთ დამატებით სანივთოსამართლებრივ ინსტიტუტს, რომლის შინაარსიც, მართალია, 247-ე–252-ე მუხლებში მოწესრიგებულ მიწის სერვიტუტს შეესაბამება, თუმცა ამ შემთხვევაში უფლებამოსილი პირია არა დატვირთული ნაკვეთის იმჟამინდელი მესაკუთრე, არამედ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირი. სწორედ უფლებამოსილი პირის პიროვნება არის ერთადერთი გამმიჯნავი მიწის სერვიტუტსა და პირად სერვიტუტს შორის.

2

ისევე როგორც მიწის სერვიტუტის შემთხვევაში, პირადი სერვიტუტის დროსაც მისი კონკრეტული შინაარსი კანონმდებლის მიერ ზუსტად გაწერილი არ არის და ის მხარეების შეთანხმების საგანია, რა თქმა უნდა, კანონმდებლის მიერ დადგენილ ჩარჩოებში.

II. დატვირთული საგანი და უფლებამოსილი პირი

3

პირადი სერვიტუტით შეიძლება დაიტვირთოს იგივე საგნები, რომელთა დატვირთვაც დასაშვებია მიწის სერვიტუტით (იხ. მუხ. 247, მე-8 და მომდევნო ველები).

1. ფიზიკური და იურიდიული პირები, რამდენიმე უფლებამოსილი პირი

4

უფლებამოსილ პირს შეიძლება წარმოადგენდეს ნებისმიერი[1] ფიზიკური თუ (კერძო სამართლის ან საჯარო სამართლის) იურიდიული პირი.[2] ერთი და იგივე ნივთი შეიძლება დაიტვირთოს რამდენიმე დამოუკიდებელი (ერთი და იმავე ან განსხვავებული რანგის მქონე) პირადი სერვიტუტით სხვადასხვა პირის სასარგებლოდ.[3] დასაშვებია ასევე პირადი სერვიტუტის რამდენიმე პირისათვის მინიჭება წილობრივი თანაზიარი უფლების ფორმით,[4] ისევე როგორც საერთო უფლებამოსილების მინიჭება 455-ე და მომდევნო მუხლების მიხედვით.[5]

2. მესაკუთრე როგორც უფლებამოსილი პირი

5

დასაშვებია თავად მესაკუთრის მიერ თავის სასარგებლოდ პირადი სერვიტუტის დადგენა.[6] საკამათოა მხოლოდ ის გარემოება, უნდა იყოს თუ არა მესაკუთრის პირადი სერვიტუტის დადგენა ამ მესაკუთრის განსაკუთრებული ინტერესით გამართლებული[7] (მაგ., მიწის ნაკვეთის უახლოეს მომავალში დაგეგმილი გასხვისება). გაბატონებული მოსაზრების[8] თანახმად, ეს განსაკუთრებული ინტერესი არ არის მესაკუთრის პირადი სერვიტუტის დადგენის წინაპირობა. ერთხმად არის აღიარებული, რომ თანამესაკუთრეს შეუძლია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაადგინოს პირადი სერვიტუტი მთლიან ნაკვეთზე.[9]

III. პირადი სერვიტუტის შინაარსი

6

პირადი სერვიტუტის შესაძლო შინაარსი შეესაბამება მიწის სერვიტუტის შესაძლო შინაარსს. უფლებამოსილი პირის შესაძლო უფლებათა წრე პირადი სერვიტუტის შემთხვევაში არც ვიწროვდება და არც ფართოვდება.[10]

7

248 I მუხლი პირადი სერვიტუტის შემთხვევაში არ გამოიყენება, რის გამოც მისი ნამდვილობის წინაპირობა არ არის უფლებამოსილი პირისათვის უპირატესობის მინიჭება.[11] თუმცა, ამის მიუხედავად, აუცილებელია, პირადი სერვიტუტი ემსახურებოდეს უფლებამოსილი პირის (ან სხვა მესამე პირის) ეკონომიკური თუ იდეალური ინტერესის განხორციელებას.[12] აქედან გამომდინარე, მზის ენერგიის პანელების დამაფინანსებელ კრედიტორს შეიძლება მიენიჭოს სარგებლობის უფლება პირადი სერვიტუტის ფორმით იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც იგეგმება ამ პანელების განთავსება.[13] განსხვავებით მიწის სერვიტუტისაგან, დასაშვებია პირადი სერვიტუტით საჯარო ინტერესის განხორციელება, როგორიც არის კონკრეტულ რაიონში განსაზღვრული ტიპის საწარმოს არგანთავსება,[14] სატრანსპორტო მოძრაობის განმუხტვა,[15] ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების იერსახის ცვლილების შეზღუდვა.[16] ზემოაღნიშნული ინტერესის გაქარწყლების შემთხვევაში, პირადი სერვიტუტი უნდა გაუქმდეს, ზუსტად ისევე, როგორც მიწის სერვიტუტი 248 I მუხლით გათვალისწინებული უპირატესობის გაქარწყლებასთან ერთად. ინტერესის გაქარწყლება სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირი, ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ხანგრძლივი დროით ვეღარ ახერხებს სერვიტუტით სარგებლობას.[17]

IV. წარმოშობა, შინაარსის ცვლილება, შეწყვეტა

8

პირადი სერვიტუტის წარმოშობასა და შეწყვეტასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 247, მე-16 და მომდევნო ველები. გარიგებით შინაარსის ცვლილებასა და შეცვლილ გარემოებებთან მისადაგებასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 247, 49-ე და მომდევნო ველები.[18] გარემოებების მნიშვნელოვანი ცვლილების გამო პირადი სერვიტუტი შეიძლება გაქარწყლდეს, თუ მისი დადგენისას დასახული მიზანი საბოლოოდ ჩაიშალა, რისი წინაპირობაც ხანგრძლივად სერვიტუტის გამოყენების შეუძლებლობაა.[19]

9

253 II მუხლის მიხედვით, პირადი სერვიტუტი წყდება უფლებამოსილი ფიზიკური პირის გარდაცვალებასთან ერთად, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში, მისი გაუქმებით. თუ ერთსა და იმავე სერვიტუტს ფლობდა რამდენიმე პირი საერთო უფლებამოსილებით, მაშინ ერთ-ერთის გარდაცვალების შემთხვევაში სერვიტუტი ძალაში რჩება სხვა პირების სასარგებლოდ.[20]

10

პირადი სერვიტუტის გარდაქმნა მიწის სერვიტუტად დაუშვებელია შინაარსის შეცვლის ფორმით, ამისთვის აუცილებელია პირადი სერვიტუტის გაუქმება და მიწის სერვიტუტის თავიდან დადგენა.[21]

V. ბინის უფლება, 253 I 2

11

253 I 2 მუხლი ითვალისწინებს პირადი სერვიტუტის სპეციალურ ფორმას, ე. წ. ბინის უფლებას, რომელიც უფლებამოსილ პირს ანიჭებს შესაძლებლობას, გამოიყენოს დატვირთული შენობა ან შენობის ნაწილი თავის პირად და ასევე საკუთარი ოჯახის საცხოვრისად. ბინის უფლება სხვა (ჩვეულებრივი) პირადი სერვიტუტისაგან განსხვავდება იმით, რომ ამ საგნის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებლად და შესაძლებელია, მესაკუთრეს აეკრძალოს დატვირთული საგნით სარგებლობა

1. ბინის უფლების მინიჭების წინაპირობები

ა) შენობა ან შენობის ნაწილი

12

253 I 2 მუხლის მიხედვით, ბინის უფლება უფლებამოსილ პირს ანიჭებს მხოლოდ შენობით ან შენობის ნაწილით სარგებლობის უფლებას, რითაც მოცულია ასევე შენობას მიერთებული ტერასით სარგებლობის შესაძლებლობაც.[22] ამის საპირისპიროდ დაუშვებელია მიწის ნაკვეთის იმ ნაწილით სარგებლობა, რომელზეც შენობა არ მდებარეობს. თუმცა 253 I 2 მუხლის დანაწესი დაკონკრეტება-გავრცობას საჭიროებს. ბინად გამოყენების მიზნიდან ყოველგვარი დამატებითი დათქმის გარეშე გამომდინარეობს მიწის ნაკვეთის იმ ნაწილებით სარგებლობის აუცილებლობა, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ბინით სარგებლობა, მაგალითად, მისასვლელი გზისა და სხვადასხვა მომარაგების სისტემის გამოყენების უფლება.[23] გარდა ამისა, მხარეებს შეუძლიათ, ხელშეკრულებით შეათანხმონ შენობის გარეთ მდებარე საერთო სარგებლობის ფართობის გამოყენების უფლებაც.[24] ეს, პირველ რიგში, ეხება ბაღითა და მსგავსი ტერიტორიით სარგებლობას,[25] რის უფლებასაც, სპეციალური შეთანხმების გარეშე, ბინის უფლება უფლებამოსილ პირს არ ანიჭებს.[26] დამატებითი სარგებლობის უფლებისათვის, რომელიც საერთოდ სცდება ბინით სარგებლობის ჩარჩოებს, აუცილებელია შესაბამისი შინაარსის (ჩვეულებრივი) სერვიტუტის შეთანხმება 253 I 1 მუხლის მიხედვით.[27]

13

თუ ბინის უფლებით დატვირთულია მესაკუთრის ინდივიდუალური საკუთრება მრავალბინიან სახლში, მაშინ უფლებამოსილ პირს დამატებითი შეთანხმების გარეშეც ენიჭება სპეციალური სარგებლობის უფლებებით (მაგ., ავტოსადგომით) სარგებლობის შესაძლებლობა.[28]

ბ) მესაკუთრის გამორიცხვა

14

პირადი სერვიტუტის სპეციალური ფორმა, ბინის უფლება, სახეზეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრის მიერ დატვირთული ნივთით სარგებლობა გამორიცხულია. სხვა შემთხვევაში, სახეზეა მხოლოდ ჩვეულებრივი პირადი სერვიტუტი.[29] ცალკეულ შემთხვევებში სერვიტუტის ამ ორ ფორმას შორის მიჯნის დადება უნდა მოხდეს განმარტების მეშვეობით.[30] თუ სანივთო უფლების რეგისტრირებული შინაარსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, მაშინ „ბინის“ (ან „ბინაზე“) უფლებად მოხსენიებული სერვიტუტი უნდა ჩაითვალოს მესაკუთრის მხრიდან სარგებლობის უფლების გამომრიცხავ პირად სერვიტუტად 253 I 2 მუხლის მიხედვით.[31] ბინის უფლების შეთანხმება დასაშვებია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც მესაკუთრეს სრულად აქვს აკრძალული მთლიანი ნაკვეთით სარგებლობა.[32] ამ შემთხვევაში უზუფრუქტის დადგენა აუცილებელი არ არის (მიუხედავად მუხ. 247, მე-3 და 26-ე ველებისა).[33]

გ) ბინად გამოყენება

15

253 I 2 მუხლის თანახმად, დადგენილი პირადი სერვიტუტით სარგებლობის მთავარი მიზანი უნდა იყოს სერვიტუტით დატვირთული საგნის ბინად გამოყენება. ამ საგნის ნაწილობრივი გამოყენება პროფესიული და სამეწარმეო მიზნებისათვის დასაშვებია.[34]

დ) ბინის უფლება ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფ ბინაზე

16

ბინის უფლებით 253 I 2 მუხლის მიხედვით შეიძლება დაიტვირთოს ასევე მრავალბინიან სახლში ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ბინა.[35] ამ დროს უფლებამოსილ პირს ენიჭება ხმის უფლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებაზე, თუ საქმე ეხება ინდივიდუალური ან საერთო საკუთრების გამოყენებას, მაშინ, როდესაც სხვა საკითხების განხილვისას (როგორიც არის მართვასთან დაკავშირებული საკითხები ან საკითხები, რომლებიც უშუალოდ მის ვალდებულებებს არ ეხება[36]) მას ხმის უფლება არ გააჩნია.[37]

2. ბინის უფლების შინაარსის შეთანხმება

17

მხარეებს შეუძლიათ, ბინის უფლების შეთანხმებისას დამატებით დააკონკრეტონ საერთო სარგებლობაში მყოფი ფართითა და მოწყობილობებით სარგებლობის დასაშვები ფარგლები. თუმცა დაკონკრეტებისას აუცილებელია, ამ ფართითა და მოწყობილობებით სარგებლობა არ შეიზღუდოს იმგვარად, რომ შეუძლებელი გახდეს იმ ფართობის საცხოვრებელი მიზნებით გამოყენება, რომელზეც უფლებამოსილი პირი ბინის უფლებას ფლობს.[38] მაგალითად, დაუშვებელია ბინის უფლებით მხოლოდ ერთი ოთახის გადაცემის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია სამზარეულო და სველი წერტილი, უფლებამოსილ პირს შეეზღუდოს მათით სარგებლობის უფლება.[39]

3. ოჯახთან ერთად სარგებლობა

ა) საცხოვრებლად ბინაში აყვანის უფლება

18

253 I 2 მუხლის მე-2 ვარიანტის მიხედვით, უფლებამოსილ პირს აქვს ოჯახის წევრების საცხოვრებლად ბინაში აყვანისა და ბინით მათთან ერთად სარგებლობის უფლება. ეს „ოჯახთან ერთად“ სარგებლობის უფლება გულისხმობს ოჯახის წევრებისათვის მხოლოდ უფლებამოსილ პირთან ერთად თანასარგებლობის უფლების მინიჭებას.[40] უფლებამოსილი პირი ვერ დაუთმობს მხოლოდ ოჯახის წევრებს ბინით სარგებლობის შესაძლებლობას. გარდა ამისა, აუცილებელია, ოჯახის წევრების მხრიდან სარგებლობა ატარებდეს განგრძობად ხასიათს – მხოლოდ ღამის გათევის შესაძლებლობის მინიჭება, მათ შორის მესამე პირებისათვისაც, არ არის არც საცხოვრებლად ბინაში აყვანა და, შესაბამისად, არც 253 II მუხლში დაფიქსირებული აკრძალვის დარღვევა.

19

საცხოვრებლად ბინაში აყვანა ოჯახის წევრს არ ანიჭებს სამართლებრივ პოზიციებს დატვირთული ბინის მესაკუთრის წინაშე. ბინაში აყვანილ პირს აქვს მხოლოდ მესაკუთრის მიერ ბინის დატოვების მოთხოვნის წინააღმდეგ სერვიტუტის მფლობელი პირის უფლებიდან ნაწარმოები ბინაში დარჩენის უფლებაზე მითითების შესაძლებლობა.[41]

ბ) დაშვებული პირები

20

უფლებამოსილ პირს კანონის საფუძველზე მინიჭებული აქვს ბინის უფლებით დატვირთულ ბინაში მხოლოდ ოჯახის წევრების საცხოვრებლად აყვანის უფლება. ერთი მოსაზრების მიხედვით, ოჯახის წევრობა გულისხმობს არა საოჯახო სამართლის გაგებით ნათესაური კავშირის არსებობას უფლებამოსილ პირსა და საცხოვრებლად ბინაში აყვანილ პირს შორის, ისევე როგორც არც ურთიერთრჩენის მოვალეობას, არამედ უნდა მოხდეს ამ ცნების ფართო განმარტება და საკმარისად უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო ქორწინებაში მყოფ პირებს შორის კავშირი მათი 253 I 2 მუხლის გაგებით ოჯახის ცნებაში გასაერთიანებლად.[42] ეს მოსაზრება არასწორი და, საბოლოოდ, უკუსაგდებია, რადგან ეწინააღმდეგება კანონში გამოყენებულ ცალსახა ცნებას. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ნათესაური კავშირი ფარ- თოდ უნდა განიმარტოს, დაუშვებელია მისი სავალდებულოობის სრულებით უგულებელყოფა.

4. ბინის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯები

21

უფლებამოსილი პირი ბინის უფლებით სარგებლობისას ვალდებულია, 248 II მუხლის თანახმად, გაუფრთხილდეს მისთვის გადაცემულ ქონებას და, 249 1 მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე, გაიღოს მისი სათანადოდ მოვლისათვის აუცილებელი ხარჯები.

5. სასყიდელი ბინის უფლებისათვის

22

ბინის უფლების მინიჭება, რომლის შემთხვევაშიც შესაბამისად მოქმედებს 247 II მუხლი, შეიძლება მოხდეს სასყიდლის სანაცვლოდ. იხ. ამასთან დაკავშირებით დეტალურად მუხ. 247, 47-ე და მომდევნო ველი.

6. ბინის უფლების შეწყვეტა

23

პირადი სერვიტუტი წყდება უფლებამოსილი პირის გარდაცვალებით, ვადის გასვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან გაუქმების პირობის[43] დადგომით, ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც უფლებამოსილი პირი ხანგრძლივად ტოვებს ბინას და მისი დაბრუნება აღარ არის მოსალოდნელი.[44] შენობის დანგრევა, რომლის ნაწილიც იყო ბინის უფლებით გადაცემული ფართობი, ასევე იწვევს ამ უფლების გაქარწყლებას.[45] ამ შემთხვევაში შენობის აღდგენის ვალდებულება მესაკუთრეს აღარ ეკისრება.[46]

VI. პირადი სერვიტუტის გადაცემის დაუშვებლობა, 253 II

24

253 II მუხლი შეიცავს 253 I მუხლში მოწესრიგებული სერვიტუტის პირადი ხასიათიდან გამომდინარე წესს, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია მისი სხვა პირისათვის გადაცემა. ამ ტიპის სერვიტუტის ეს პირადი ხასიათი განაპირობებს ასევე უფლებამოსილი პირის მიერ მისი განხორციელების უფლების სხვა პირისათვის მინიჭების შეუძლებლობასაც.

1. გადაცემის დაუშვებლობა

25

პირადი სერვიტუტის მესამე პირისათვის გადაცემა დაუშვებელია, რაც გულისხმობს მისი როგორც გარიგებით, ისე მემკვიდრეობით გადაცემის შეუძლებლობას. 253 II მუხლი არის იმპერატიული დანაწესი, რომელსაც მხარეები ურთიერთშეთანხმებით ვერ შეცვლიან.[47]

26

უფლებამოსილი პირის შემდეგ სერვიტუტის უფლების მესამე პირზე გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთდროულად ორი დამოუკიდებელი სერვიტუტის დადგენით, თავდაპირველად უფლებამოსილი პირისა და მესამე პირის სასარგებლოდ, როდესაც ეს უკანასკნელი სერვიტუტი პირველი სერვიტუტის გაქარწყლების (გადადების) პირობითაა დადგენილი. თუმცა ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ მესამე პირი უკვე სერვიტუტის დადგენის მომენტში განსაზღვრული იყოს პიროვნულად.[48] ე. წ. უფლებამონაცვლის დათქმა – „სერვიტუტი ა-სა და მისი უფლებამონაცვლის სასარგებლოდ“ – დაუშვებელია, სერვიტუტის არაგადაცემადი ბუნების გამო.[49]

27

ვალდებულებითი მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებით ასევე არაგადაცემადია 199 I 1 მუხლის მიხედვით.[50]

2. მესამე პირისათვის სერვიტუტით სარგებლობის შესაძლებლობის მინიჭების დაუშვებლობა

28

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, დაუშვებელია არა მხოლოდ სერვიტუტის უფლების გადაცემა, არამედ ასევე მისი განხორციელების უფლების მესამე პირისათვის მინიჭებაც. თუ სერვიტუტის მფლობელი მაინც ანიჭებს ამ უფლებას მესამე პირს, დაქვემდებარებული ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია, წაუყენოს ამ მესამე პირს ნეგატორული მოთხოვნა 172 II მუხლის მიხედვით. გარდა ამისა, მას აქვს ასევე უფლებამოსილი პირის მიმართ მესამე პირის მხრიდან სერვიტუტით სარგებლობის აღკვეთის მოთხოვნა.[51]




  1. სასამართლო პრაქტიკაში არასწორადაა გამოთქმული მოსაზრება, რომ პირადი სერვიტუტის ფარგლებში უფლებამოსილი პირი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც აქვს ნივთის ფლობის დამოუკიდებელი სანივთოსამართლებრივი საფუძველი. იხ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის # 3კ-535-02 განჩინება.
  2. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 280.
  3. BGH NJW 1967, 627.
  4. Herrler, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1090, Rn. 4.
  5. Herrler, იქვე, Rn. 3; BGH NJW 1981, 176.
  6. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1090, Rn. 6.
  7. OLG Saarbrücken OLGZ 1992, 5.
  8. Wegmann, იქვე; Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1090, Rn. 22; OLG Lüneburg NJW-RR 1999, 1037.
  9. Wegmann, იქვე.
  10. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1090, Rn. 7.
  11. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 279.
  12. BGH MittBayNot 2009, 374; BGH NJW 1985, 1025; BGHZ 41, 211.
  13. Wegmann, იქვე, Rn. 8.
  14. BGH Rpfleger 1983, 478.
  15. BayObLGZ 1965, 180.
  16. LG Passau MittBayNot 1977, 191.
  17. Wegmann, იქვე, Rn. 8.
  18. თუმცა, განსხვავებით მიწის სერვიტუტისაგან, პირადი სერვიტუტის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ სერვიტუტის არსებობა დროში გაცილებით შეზღუდულია (მაქსიმალური ვადაა უფლებამოსილი პირის სიცოცხლის ხანგრძლივობა), შესაბამისად, მხარეებს მისადაგების ინტერესი მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეთ (Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1090, Rn. 10).
  19. BGH MittBayNot 2009, 375.
  20. BGH NJW 1967, 627.
  21. OLG Hamm Rpfl eger 1989, 448.
  22. OLG Hamm NJW-RR 2000, 1405.
  23. BayObLG Rpfl eger 1992, 57.
  24. BayObLG DNotZ 1992, 304.
  25. BayObLG DNotZ 1976, 228.
  26. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1093, Rn. 6.
  27. იქვე.
  28. OLG Nürnberg MDR 2002, 26.
  29. OLG Düsseldorf Rpfl eger 1997, 472.
  30. Mohr, იქვე, Rn. 5.
  31. OLG Hamm DNotZ 1962, 403; OLG Hamm DNotZ 1970, 418; OLG Zweibrücken DNotZ 1997, 327.
  32. Mohr, იქვე.
  33. იქვე.
  34. Stürner, in Soergel BGB, 13. Aufl., 2001, § 1093, Rn. 7.
  35. BGH NJW 1989, 2391; BGH NJW 1962, 1613; მაშინაც კი, როდესაც მესაკუთრე უფლებამოსილ პირს გადასცემს თავის ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფ ყველა ოთახს სარგებლობის უფლებით, თუ ის ინარჩუნებს საერთო საკუთრებაში მყოფი ფართით თანასარგებლობის შესაძლებლობას, ჯერ კიდევ სახეზეა ბინის სერვიტუტის დასაშვები შინაარსი, მისი უზუფრუქტის შინაარსთან აღრევის გარეშე.
  36. მაგ., საერთო საკუთრებაში მყოფი საგნის აღდგენა.
  37. BGH NJW 1969, 1847.
  38. Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1093, Rn. 14.
  39. იქვე.
  40. OLG Oldenburg NJW-RR 1994, 467.
  41. Wegmann, იქვე, Rn. 20.
  42. BGH NJW 1982, 1868; Wegmann, in Beck OK BGB, 43. Aufl., 2017, § 1093, Rn. 21; ასევე, მაგალითად, უფლებამოსილი პირის ცხოვრების თანამგზავრის მშობლებიც და შვილებიც უნდა ჩაითვალონ ოჯახად ამ მუხლის გაგებით.
  43. OLG München DNotZ 2013, 444.
  44. BayObLGZ 1997, 246.
  45. BGH NJW 1953, 140; BGH NJW 1952, 1375.
  46. BGH NJW 1953, 140; BGH NJW 1952, 1375.
  47. OLG München MittBayNot 2012, 467.
  48. Mohr, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1092, Rn. 2.
  49. BGH NJW 1965, 394.
  50. BGH NJW 2010, 1076.
  51. BGH NJW 1972, 1416.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_253._პირადი_სერვიტუტი&oldid=1858"