Gccc-logo.png


მუხლი 254. ცნება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 254. ცნება


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.

2. მოგირავნეს გირავნობის საგნიდან აქვს თავისი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით.

3. გირავნობით შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები.

4. გირავნობა, რომელიც უზრუნველყოფს არაფულად მოთხოვნას, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნამდვილი, თუ შესაძლებელია მისი გამოხატვა ფულადი ფორმით.

4¹. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე, ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ისე მთელ მოძრავ ქონებაზე.

5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლებსაც დამგირავებელი შეიძენს მომავალში (სამომავლო ქონება). სამომავლო ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ხდება მისი შეძენისთანავე, ხოლო სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის უფლების რეგისტრაციის მომენტის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284.
საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007წ., მუხ.260.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი #4323 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და რეგულირების საგანი

1

254-ე მუხლის მიზანია numerus clausus-ის პრინციპის მიხედვით განსაზღვრული სანივთო უფლებებიდან ერთ-ერთის, გირავნობის, შინაარსის დადგენა. კანონისმიერი განმარტების თანახმად, გირავნობა არის კრედიტის უზრუნველყოფის ისეთი საშუალება, რომლის ძალითაც კრედიტორს (მოგირავნეს) ენიჭება უფლება, დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით ან მასზე საკუთრების მოპოვებით, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში (278).[1]

2

უკანასკნელ წლებში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებით გირავნობის მომწესრიგებელი ნორმატიული ბაზა – 254–285 მუხლები – თითქმის მთლიანად შეიცვალა.[2] ერთმანეთისაგან გაიმიჯნა გირავნობის ორი სახე: მფლობელობითი გირავნობა და რეგისტრირებული გირავნობა; ცალსახად და არაორაზროვნად ჩამოყალიბდა მათი მომწესრიგებელი ნორმებიც (255, 257, 258 მუხლები). ახალი რედაქციით, მნიშვნელოვნად გამარტივდა გირავნობის საგნის რეალიზაციის წესი; აღარ არის აუცილებელი, კრედიტორმა გირავნობის საგნის რეალიზაცია განახორციელოს აუქციონზე, იგი უფლებამოსილია, თავად მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია მასა და დამგირავებელს შორის, ამის თაობაზე შეთანხმების არსებობის შემთხვევაში (283). 284 I მუხლში კი მოცემულია მნიშვნელოვანი ნოვაცია – გირავნობის საგნის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა და მისი რეალიზაცია ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. თუმცა ახალი რედაქცია, ძველისაგან განსხვავებით, აღარ ითვალისწინებს გირავნობის უფლების კეთილსინდისიერად მოპოვებას, რაც ვერ ჩაითვლება წარმატებულ საკანონმდებლო გადაწყვეტილებად.

2. გირავნობის სამართლებრივი ბუნება

3

გირავნობის უფლება წარმოიშობა კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე. გირავნობის ურთიერთობის მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, მოგირავნე-კრედიტორი და, მეორე მხრივ, დამგირავებელი-მოვალე, თუ გირავნობის საგანი უშუალოდ მოვალეს ეკუთვნის, ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გირავნობით ტვირთავს თავის მოძრავ ქონებას (შდრ. ქვემოთ, მე-9 ველი). გირავნობის ურთიერთობა ავალდებულებს დამგირავებელს, ითმინოს საგნის რეალიზაცია უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობისას. იძულებითი აღსრულების ფარგლებში მოგირავნეს ენიჭება უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (254 II, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 50 I მუხლი) და დამგირავებლის სხვა კრედიტორების მიერ გირავნობის საგანზე იძულებითი აღსრულების მიქცევისას საკუთარი უფლების შესახებ გაცხადების შესაძლებლობა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 32 I მუხლის მიხედვით. უპირატესი დაკმაყოფილების უფლება ძალაში რჩება მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაშიც (გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ კანონის 41-ე მუხლი).

3. გირავნობის სახეები

4

გირავნობის სახეების კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით შეიძლება. წარმოშობის საფუძვლის მიხედვით, ერთმანეთისაგან გასამიჯნია კანონისმიერი და სახელშეკრულებო გირავნობა, ხოლო იმის მიხედვით, თუ ვინ ფლობს ნივთს, – მფლობელობითი და რეგისტრირებული (იხ. დეტალურად ამასთან დაკავშირებით მუხ. 255, 1-ლი და მომდევნო ველები).

ა) კანონისმიერი გირავნობა

5

კანონისმიერი გირავნობა (მაგ.: 568, 581 II, 586, 596, 634, 685, 796) წარმოიშობა კანონის ძალით და იგი ყოველთვის კონკრეტული მოთხოვნის უზრუნველყოფასთან არის დაკავშირებული.[3] კანონისმიერი გირავნობის ფარგლებში, თავის მხრივ, ერთმანეთისაგან გასამიჯნია მფლობელობაზე დამოკიდებული კანონისმიერი გირავნობა (586, 634, 685, 796) და ე. წ. შეტანაზე დამოკიდებული (568,[4] 581 II), რომელიც წარმოიშობა მფლობელობისაგან დამოუკიდებლად.[5] კანონისმიერ გირავნობას სხვა გირავნობის უფლებისაგან განასხვავებს წარმოშობის ფორმა, რის გამოც მასზე ანალოგიითაც კი არ გამოიყენება მფლობელობითი ან რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობის წესები. კანონისმიერი გირავნობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები (მაგ., გირავნობის უფლების გაუქმებასთან დაკავშირებული წესები) განდევნის 254-ე და მომდევნო მუხლებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ზემოთ ხსენებული სტრუქტურული განსხვავება მფლობელობით და არამფლობელობით გირავნობის უფლებას შორის.[6] ყველა სხვა შემთხვევაში დასაშვებია 254-ე და მომდევნო მუხლების ანალოგიით გამოყენება.[7]

ბ) სახელშეკრულებო გირავნობა

6

თავის მხრივ, სახელშეკრულებო გირავნობა იყოფა მფლობელობით (255 ა) და რეგისტრირებულ (255 ბ) გირავნობად. მფლობელობითი გირავნობა პრაქტიკულ ცხოვრებაში მოთხოვნის უზრუნველყოფის საკმაოდ მოუქნელი ინსტრუმენტია, რადგან არ ანიჭებს დამგირავებელს გირავნობის საგნის დატოვებისა და მისით სარგებლობის შესაძლებლობას (257 I), რის გამოც მისი გამოყენების სფერო თავიდანვე შეზღუდულია.[8] ეს ნაკლი არ ახასიათებს რეგისტრირებულ გირავნობას, რომლის შემთხვევაშიც მოძრავი ნივ- თის მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა არ არის საჭირო. რეგისტრირებული გირავნობის დროს საჯაროობა (იხ. მუხ. 255, მე-3 ველი) მიიღწევა გირავნობის უფლების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის გზით. თავად გირავნობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით (258 I).

გ) ლომბარდში გირავნობა

7

იხ. მფლობელობითი გირავნობის სპეციალურ სახესთან – ლომბარდში გირავნობასთან – დაკავშირებით 260-ე მუხლის კომენტარი.

დ) ფინანსური გირაო

8

ფინანსური გირაო სიახლეა ქართულ სამართალში. სამოქალაქო კოდექსი 258 III1 მუხლში მასზე მხოლოდ მიუთითებს, ხოლო თავად სამართლებრივი ინსტიტუტი საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონით არის მოწესრიგებული, რაც ევროკავშირის შესაბამისი დირექტი ვის იმპლემენტაციის შედეგია ნაციონალურ კანონმდებლობაში.[9] ფინანსური გირაო სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული გირავნობის ერთ-ერთი ქვესახეა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ფინანსურ ინსტრუმენტებზე ან ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე, რაც სხვა შემთხვევაში სანივთო სამართალში მოქმედი სპეციალურობის პრინციპის[10] გამო შეუძლებელი იყო.[11] ფინანსური გირაოს ურთიერთობის სუბიექტებს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული პირები შეიძლება წარმოადგენდნენ (საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონის 35 II, III მუხლი).

II. გირავნობის მხარეები

9

გირავნობის ურთიერთობაში მონაწილეობს არანაკლებ ორი და არაუმეტეს ოთხი პირისა.[12] მოგირავნე ყოველთვის უზრუნველყოფილი მოთხოვნის მფლობელია, ხოლო უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალეც, ამავდროულად, ჩვეულებრივ, გირავნობის საგნის მესაკუთრე და დამგირავებელია, რა შემთხვევაშიც გირავნობა ორ პირს შორის ურთიერთობით ამოიწურება.[13] ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ შემთხვევები, როდესაც დამგირავებელი აგირავებს საკუთარი ვალისათვის სხვის ნივთს და როდესაც ის სხვისი ვალისათვის საკუთარ ნივთს აგირავებს: პირველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს 254 I მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ნივთის მესაკუთრე „მესამე პირად“ მოიხსენიება, რადგან ის არ ხდება გირავნობის ხელშეკრულების მხარე; მეორე შემთხვევაში, ნივთის სხვის სასარგებლოდ დამგირავებელი მესაკუთრე გირავნობის ხელშეკრულების მხარეა (263) და არა 254 I მუხლის გაგებით მესამე პირი, თუმცა დამგირავებლის სტატუსი, მას, ამავდროულად, არ აქცევს მოგირავნის პირად მოვალედ.[14] ამ დროს დამგირავებელ-მესაკუთრესა და მოვალეს შორის ურთიერთობას საფუძვლად უდევს, როგორც წესი, ან დავალება (709), ან დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება (969), ანდა ჩუქება (524). გირავნობის ურ- თიერთობაში ოთხი პირია ჩართული, თუ გირავნობის საგნის მესაკუთრე ანიჭებს სხვა პირს უფლებამოსილებას (102), საკუთარი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ დააგირავოს ნივთი.[15] დამგირავებელსა და მესაკუთრეს შორის ურთიერთობა ამ დროს განისაზღვრება დავალების ხელშეკრულების სამართლის მიხედვით (709), ხოლო თუ დამგირავებელი შესაბამისი თანხმობის გარეშე მოქმედებს, მაშინ ის პასუხს აგებს ვალდებულების დარღვევისათვის (394), დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან (969) და დელიქტიდან (992) გამომდინარე.[16]

III. გირავნობის საგანი

10

გირავნობის უფლება ერთადერთი შეზღუდული სანივთო უფლებაა ქართულ სამართალში, რომლითაც მხოლოდ მოძრავი ნივთები და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები (ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები და უფლებები) იტვირთება. უძრავი ნივთების შემთხვევაში ამ ფუნქციას იპოთეკა ასრულებს.

1. მოძრავი ნივთები

11

გირაოდ ყველაზე ხშირად გამოყენებადი მოძრავი ნივთებია. გირავნობის უფლება ვრცელდება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილებსა (150) და ნაყოფზე (154), მას შემდეგ, რაც ეს ნაყოფი ნივთისაგან მოშორების შემდეგ დამოუკიდებელი ნივთი ხდება (256 II, იხ. ამ მუხლის კომენტარი). გირავნობა არ ვრცელდება ნივთის საკუთვნებელზე (151). არსებითი შემადგენელი ნაწილისაგან განსხვავებით, დასაშვებია საკუთვნებლის დამოუკიდებლად' დაგირავება,[17] ისევე, როგორც არაარსებითი შემადგენელი ნაწილისა (254 IV1),[18] თუ შესაძლებელია მისი ინდივიდუალიზება რეგისტრაციის მიზნებისათვის, რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, ან მფლობელობითი გირავნობის დროს მთლიან ნივთზე მფლობელობის გადაცემის შემდეგ[19] (მაგ., ძვირფასთვლიანი ბეჭდის შემთხვევაში).

2. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე

12

გარდა მოძრავი ნივთებისა, გირავნობის საგანია ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელსაც მიეკუთვნება გასხვისებადი ქონებრივი ხასიათის მოთხოვნები და უფლებები (152). როგორც უზრუნველყოფილი მოთხოვნა, ისე უზრუნველსაყოფად გამოყენებული უფლება უნდა იყოს, სულ მცირე, ზუსტად განსაზღვრადი (იხ. ქვემოთ, 23-ე ველი).[20]

13

ეს შეიძლება იყოს სახელშეკრულებო თუ სხვა მოთხოვნის უფლება, წილი სამეწარმეო საზოგადოებაში (იხ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 259, მე-4 და მომდევნო ველები და მუხ. 261, 23-ე და მომდევნო ველები), პატენტი,[21] სავაჭრო ნიშანი;[22] ამათგან განსხვავებით, ინტერნეტდომენი, როგორც ასეთი, არ არის გირავნობისათვის გამოსადეგი საგანი – გირავნობაუნარიანია მხოლოდ მის საფუძვლად მდებარე მომსახურების მოთხოვნის უფლება შესაბამისი ზედა დონის ეროვნული დომენისაგან.[23] ასევე შეუძლებელია ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებების დაგირავება, გამომდინარე იქიდან, რომ დაუშვებელია მათი გარიგების მეშვეობით თავისუფლად განკარგვა.[24] სამეწარმეო საზოგადოებაში, მაგალითად სააქციო საზოგადოებაში, წილის დაგირავებისას, გირავნობის უფლება ვრცელდება აქციონერის მხოლოდ ქონებრივ მონაწილეობაზე საზოგადოებაში, ხოლო ზოგადად წევრობიდან წარმომდგარი უფლებები, როგორებიცაა: საერთო კრებაში მონაწილეობის ან ხმის უფლება,[25] ახალი აქციების უპირატესი შეძენის უფლება და დივიდენდების მიღების უფლება,[26] მოვალეს რჩება. წევრობიდან წამომდგარი ცალკეული ქონებრივი უფლებების დაგირავება შესაძლებელია ასევე დამოუკიდებლადაც.[27] იგივე წესი მოქმედებს შპს-ში წილის დაგირავებისას.[28] აქაც დამგირავებელი სრულად ინარჩუნებს პარტნიორის უფლება-მოვალეობებს და დივიდენდების მიღების უფლების მოგირავნისათვის მისანიჭებლად აუცილებელია სარგებლობის უფლებით გირავნობის (261 II) შეთანხმება.[29]

14

მოთხოვნების (უფლებების) დაგირავება შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით (259 I და II).

3. სამომავლო ქონება

15

რეგისტრირებული გირავნობის საგანი შეიძლება იყოს ქონება, რომელსაც დამგირავებელი მომავალში შეიძენს. სამომავლო ქონებაზე გირავნობის უფლება წარმოშობილად ჩაითვლება ქონების წარმოშობისთანავე ან დამგირავებლის მიერ მისი შეძენის მომენტში, თუმცა გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის მომენტის მიხედვით (254 V 2). გამონაკლისს ამ წესიდან ითვალისწინებს 267 II მუხლი.

4. ნივთების ერთობლიობა და მთელი მოძრავი ქონება

16

254 IV1 მუხლის მიხედვით, დასაშვებია გირავნობის უფლების გავრცელება ნივთთა ერთობლიობასა (მათ ნაწილსა) და მთელ მოძრავ ქონებაზე (გენერალური გირავნობა).[30] ამ შემთხვევაში, სანივთო სამართალში მოქმედი სპეციალურობის პრინციპიდან[31] გამომდინარე, წარმოიშობა არა ერთიანი გირავნობის უფლება მთლიან ქონებაზე, არამედ საერთო დასახელებით მოცულ თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე, რისი წინაპირობაცაა მათი ერთმანეთისაგან გამიჯვნადობა.[32]

17

ნივთების ერთობლიობა გულისხმობს ცალკეული დამოუკიდებელი ნივთებისაგან შემდგარ საგანთა ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთთან განსაზღვრული მიზნითაა დაკავშირებული და ერთიანი სახელწოდებით ქმნის მთლიან საგანს (მაგ., არქივი, ბიბლიოთეკა). შესაძლებელია ასევე ცვლადი შემადგენლობის მქონე სასაქონლო საწყობის (შემადგენლობის) დაგირავება, რისთვისაც აუცილებელია ნივთის საწყობიდან მოშორების შემდეგ მასზე გირავნობის უფლების გაქარწყლებისა (გირავნობა გაუქმების პირობით) და საწყობში შემოტანილ ახალ ნივთებზე ამ მომენტიდან გირავნობის უფლების წარმოშობის შეთანხმება (ე. წ. სუროგაციის შეთანხმება).[33] მთელი მოძრავი ქონება გულისხმობს პირის კუთვნილ მთელ მატერიალურ აქტივს, უძრავი ქონების გამოკლებით. თანამესაკუთრეს შეუძლია, თავისი (იდეალური) წილი თანასაკუთრებაში არა მარტო გაასხვისოს, არამედ ასევე დააგირავოს.[34] ამ შემთხვევაში მფლობელობითი გირავნობის დასადგენად აუცილებელია მოგირავნისათვის კვალიფიციური თანამფლობელობის (155 IV, მუხ. 155, 36-ე ველი) მინიჭება.[35]

5. ფული

18

ფული შეიძლება იყოს გირავნობის საგანი, თუ, მხარეთა შეთანხმების მიხედვით, გადაცემული კონკრეტული კუპიურები და მონეტები დამგირავებლის საკუთრებაში უნდა დარჩეს და გირავნობის ვადის ამოწურვის შემდეგ მას უკან უნდა დაუბრუნდეს (მაგ., დალუქული კონვერტით გადაცემული ფული).[36] თუმცა უფრო გავრცელებულია შემთხვევა, როდესაც ფული სწორედ რომ უნდა გადავიდეს მოგირავნის საკუთრებაში და ვადის გასვლის შემდეგ მან მხოლოდ იმავე ოდენობის თანხა უნდა დააბრუნოს (მაგ., კაუციონი ქირავნობის ხელშეკრულებისას). ამ შემთხვევას გერმანულ დოქტრინაში არარეგულარული გირავნობის სახელით მოიხსენიებენ და გირავნობის მომწესრიგებელ ნორმებს მასზე ანალოგიით ავრცელებენ.[37] ფულზე რეგისტრირებული გირავნობის დადგენა გამორიცხული უნდა იყოს, რადგან განსხვავებით ყველა სხვა ნივთისაგან, მისი სამართლებრივი ბედისათვის თვალის მიდევნება შეუძლებელია.[38]

IV. გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნა

1. ფულადი ფორმით გამოხატვადი მოთხოვნა, 254 IV

19

გირავნობა უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნას, რომელიც არ არის აუცილებელი, რომ ფულადი სახით იყოს წარმოდგენილი (სესხი, კრედიტი, ნასყიდობის ფასის გადახდის მოთხოვნა); თუმცა აუცილებელია, რომ შესაძლებელი იყოს მისი ფულადი ფორმით გამოხატვა (254 IV).[39] ეს წინაპირობა აუცილებელია, ვინაიდან რეალიზაციის შედეგად მოგირავნე იღებს ფულად თანხას, რომელიც გამიზნულია სწორედ მოთხოვნის დაფარვისათვის. კანონით დადგენილი გირავნობის უფლების უმთავრესი მიზანი ვერ მიიღწევა, თუ არ არსებობს უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფულადი ეკვივალენტი. მაგალითად, დასაშვებია თავდებობისაგან გათავისუფლების მოთხოვნის (904) გირავნობით უზრუნველყოფა, თუმცა გირავნობის საგნის რეალიზაცია მხოლოდ თავდებისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან არის დასაშვები, რადგან მხოლოდ ამის შემდეგ არის ეს მოთხოვნა ფულადი სახით გამოხატული.[40] შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების (შდრ. 494-ე მე-7 და მომდევნო ველები) უზრუნველყოფისას, გირავნობის საგნის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულების მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნად გარდაიქმნება.[41]

20

ამგვარად, დასაშვებია მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის დარღვევისათვის შეთანხმებული პირგასამტეხლოს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პირგასამტეხლოს, გირავნობით უზრუნველყოფა.[42] ამის საპირისპიროდ შეუძლებელია იმ უფლების უზრუნველყოფა, რომელიც, ამავდროულად, არ შეიცავს მოთხოვნის უფლებას, მაგალითად, სანივთო უფლებები, როგორიც არის იპოთეკა, ან 951-ე მუხლიდან წარმომდგარი მოთხოვნა, რადგან ეს მხოლოდ ნატურალური ვალდებულებაა და არ წარმოშობს სამართლებრივი გაგებით მოთხოვნის უფლებას.[43] იგივე წესი ვრცელდება ზნეობრივ ვალდებულებებზე, რომელთა უკუმოთხოვნაც მათი შესრულების შემდეგ დაუშვებელია კონდიქციური მოთხოვნის მეშვეობით (976 II ა)).[44]

21

შესაძლებელია ხანდაზმული მოთხოვნის გირავნობით უზრუნველყოფა.[45] ხანდაზმული მოთხოვნის გირავნობით უზრუნველყოფის შეთანხმების შეცილება დაუშვებელია ამ ფაქტის არცოდნის გამო როგორც დამგირავებელი-მოვალის, ისე იმ დამგირავებელი-მესაკუთრის მხრიდან, რომელიც არ არის მოგირავნის მოვალე.[46] უზრუნველყოფილი მოთხოვნის ხანდაზმულობა ხელს არ უშლის გირავნობის საგნის რეალიზაციას (144 III).

2. აქცესორულობა

22

ქართული სასამართლო პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, გირავნობის დამდგენი შეთანხმება უნდა ჩაითვალოს არა სანივთო, არამედ, ჩვეულებრივ, ვალდებულებით გარიგებად (იხ. მუხ. 257, მე-2 ველი).[47] გირავნობა უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას, რომლის გარეშეც ის ვერ არსებობს (გირავნობის აქცესორულობა, 153 I). თუ ძირითადი უფლება არ წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, გირავნობაც არ ითვლება წარმოშობილად; თუ ძირითადი უფლება შემდგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად იწვევს გირავნობის უფლების გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების და მათ შორის კომუნიკაციის გარეშე. გირავნობის აქცესორულობა კანონის იმპერატიული პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეების შეთანხმებით დაუშვებელია;[48] ასევე დაუშვებელია გირავნობის უფლების შეთანხმება იმგვარად, რომ მოგირავნე უფლებამოსილი იყოს, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის საგნიდან ისე, რომ პირადი მოვალე არ იყოს უფლებამოსილი, დაფაროს ვალი და ამით შეწყვიტოს გირავნობის უფლება.[49]

3. მოთხოვნის განსაზღვრადობა

23

გირავნობით უზრუნველსაყოფი მოთხოვნა, სულ მცირე, განსაზღვრადი უნდა იყოს, თუმცა საკმარისია, თუ გირავნობის დადგენა მოხდება მოვალესა და კრედიტორს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან წარმოშობილი ყველა ამჟამინდელი და სამომავლო მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.[50] უზრუნველყოფილი მოთხოვნის ჩანაცვლება სხვა მოთხოვნით შეუძლებელია.[51] ამის საპირისპიროდ განმარტების მეშვეობით თავიდანვე უზრუნველყოფილ მოთხოვნად შეიძლება მოიაზრებოდეს გარიგების კონვერსიის (60) შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა, ისევე როგორც ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც თავდაპირველად უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადგილს იკავებს (მაგ., კონდიქციური მოთხოვნა).[52]

4. სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები

24

გირავნობის უფლება შეიძლება დადგინდეს სამომავლო ან პირობითი მოთხოვნების უზრუნველსაყოფადაც (254 III), რაც არის გამონაკლისი აქცესორულობის პრინციპიდან, რადგან როგორც სამომავლო, ისე პირობითი მოთხოვნები არ ითვლება წარმოშობილად განსაზღვრული მომენტის – კონკრეტული ვადის ან მოვლენის დადგომამდე. მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში გირავნობის უფლება წარმოიშობა მოგირავნესა და დამგირავებელს შორის შეთანხმებისა და ნივთის გადაცემის (რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში – რეგისტრაციის) და არა უზრუნველყოფილი მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან,[53] რაც არის კიდეც გადამწყვეტი გირავნობის რანგისათვის (იხ. მუხ. 267, მე-5 და მომდევნო ველები). სხვაგვარადაა საქმე, როდესაც გირავნობა დგინდება იმ დათქმით, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფა მხოლოდ მისი შესრულების ვადის დადგომის შემდეგ უნდა მოხდეს.[54] მოთხოვნის წარმოშობამდე მოგირავნეს არა აქვს გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება (შდრ. 278)[55] და გირავნობა ქარწყლდება, თუ ცალსახაა, რომ სამომავლო მოთხოვნა აღარ წარმოიშობა, ან პირობა აღარ დადგება.[56] სამომავლო ან პირობითი მოთხოვნები უნდა იყოს განსაზღვრული ან, სულ მცირე, – განსაზღვრადი (იხ. ზემოთ, 23-ე ველი).




  1. იხ. ამასთან დაკავშირებით: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 121 და შემდგ.; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 254, გვ. 193 და შემდგ.; ზოიძე, სანივთო სამართალი, 2003, გვ. 283 და შემდგ.
  2. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის # 1826 კანონი.
  3. იხ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 126 და შემდგ.
  4. არასწორია გამქირავებლის გირავნობის მფლობელობით გირავნობად აღქმა. პირველ რიგში, მფლობელობითი გირავნობა შეუძლებელია დამგირავებლის პირდაპირი და მოგირავნის არაპირდაპირი მფლობელობის პირობებში (შდრ. 257-ე მუხლის კომენტ., მე-6 ველი). გარდა ამისა, მართალია, გამქირავებლის გირავნობა 568 II მუხლის მიხედვით უქმდება ნივთის დაქირავებული ფართობიდან მოშორებასთან ერთად, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების ფარგლებში ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა შემთხვევაში გირავნობის უფლება გამქირავებლის მფლობელობის გარეშეც შეიძლება არსებობდეს.
  5. Schärtl, in Beck OK BGB, 42. Aufl., 2017, § 1257, Rn. 3.
  6. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 3; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 128; მაშინ, როდესაც მფლობელობითი (სახელშეკრულებო) გირავნობის ნორმები შეუზღუდავად შეიძლება გავრცელდეს მფლობელობით კანონისმიერ გირავნობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის #ას-483-457-2012 გადაწყვეტილება), არამფლობელობითზე გავრცელებისას თითოეულ შემთხვევაში კონკრეტული ნორმის მიზნისა და წინაპირობების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  7. შდრ. გსკ-ის 1257-ე პარაგრაფი.
  8. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 3.
  9. დირექტივა 2002/47/EC ფინანსური გირაოს შესახებ; ამასთან დაკავშირებით დეტალურად იხ.: გოდერძიშვილი/ძიგუაშვილი, ფინანსური გირაოს სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვა, „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, III 2/2015, გვ. 67 და შემდგ.; იხ., ასევე, უცხოურ კანონმდებლობაში ამ ინსტიტუტის მოწესრიგებასთან დაკავშირებით: Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 32 და შემდგ.
  10. იხ. ამასთან დაკავშირებით, ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 8.
  11. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 33.
  12. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 13; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, Vor § 1204, Rn. 1.
  13. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 134.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის # 3კ-624-02 გადაწყვეტილება; ჭანტურია, იქვე, გვ. 135.
  15. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის # 3კ-624-02 გადაწყვეტილება.
  16. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 13.
  17. იქვე, Rn. 20.
  18. RGZ 69, 120.
  19. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1204, Rn. 3.
  20. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1274, Rn. 2.
  21. RGZ 75, 227; 126, 284; შდრ. ასევე OLG München OLGE 29, 386.
  22. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1274, Rn. 18.
  23. BGH NJW 2005, 3353; შდრ. სხვა მაგალითებისათვის ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 133, 134, 139.
  24. შდრ. Sosnitza, იქვე, Rn. 18.
  25. RGZ 157, 55.
  26. Sosnitza, იქვე, Rn. 13.
  27. RGZ 98, 320.
  28. BGH NJW 1992, 3036; RGZ 139, 227.
  29. Sosnitza, იქვე, Rn. 14.
  30. შდრ. ჭანტურია, იქვე, გვ. 129, 131; კრიტიკისათვის იხ. შნიტგერი, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი საქართველოში, 2011, გვ. 131.
  31. RGZ 53, 218; RG JW 1906, 224; RGZ 68, 49; 70, 231; RGZ 95, 237; BGH NJW 1968, 393.
  32. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 21; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1204, Rn. 10.
  33. Damrau, იქვე, Rn. 10; RGZ 53, 220.
  34. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 129, 132; Sosnitza, იქვე, Rn. 21.
  35. Sosnitza, იქვე, Rn. 21.
  36. იქვე, Rn. 23.
  37. BGH NJW 1994, 3287; Sosnitza, იქვე, § 1204, Rn. 23; იხ. საპირისპირო მოსაზრებისათვის Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1204, Rn. 7.
  38. ფულის რეგისტრირებული გირავნობის საგნად გამოყენება გირავნობის ამ ფორმას ყოველგვარ აზრს აკარგვინებს. რეგისტრირებული გირავნობის მიზანი გირაოს დამგირავებლის მფლობელობაში დატოვების გზით მისთვის ამ საგნით სარგებლობის უფლების მინიჭებაა (იხ. 255-ე მუხლის კომენტ., მე-3 და მომდევნო ველები). ფულით სარგებლობა კი ავტომატურად მის გასხვისებასა და გირაოს გაუქმებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, აბსურდულია, ფულზე რეგისტრირებული გირავნობის მიზანი ამ ფულით სარგებლობა იყოს, რადგან პირველივე სარგებლობისთანავე მასზე გირავნობის უფლება გაუქმდებოდა.
  39. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 136; შნიტგერი, საკრედიტო სამართალი, 2011, გვ. 10.
  40. RGZ 143, 194; RGZ 78, 34; სხვა მაგალითისათვის შდრ. შნიტგერი, საკრედიტო სამართალი, 2011, გვ. 10.
  41. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1228, Rn. 5.
  42. იქვე, § 1204, Rn. 15.
  43. RGZ 47, 52.
  44. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1204, Rn. 15.
  45. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1204, Rn. 16.
  46. იქვე; თუმცა საპირისპირო მოსაზრების თანახმად, არამოვალის მიერ ნივთის დაგირავების შემთხვევაში (Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1204, Rn. 18) შეცილება დასაშვები უნდა იყოს.
  47. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის #ას-654-961-09 გადაწყვეტილება; 2009 წლის 21 თებერვალის #ას-1220-1240-2011 განჩინება; სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 10/2012, გვ. 107–111.
  48. Sosnitza, იქვე, Rn. 14.
  49. BGHZ 23, 299; BGHZ 25, 181; BGH NJW 1957, 672; BGH NJW 1957, 1517.
  50. RGZ 78, 27; RG JW 1911, 367; BGH NJW 1965, 965.
  51. Wolff/Raiser, Sachenrecht, 10. Aufl., 1957, § 162 II.
  52. BGH NJW 1968, 1134.
  53. BGHZ 86, 347; BGHZ 93, 76; BGH WM 1998, 2463.
  54. BGH WM 1998, 2463.
  55. BGHZ 86, 347; BGHZ 93, 76.
  56. RGZ 145, 336.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_254._ცნება&oldid=1863"