Gccc-logo.png


მუხლი 255. გირავნობის სახეები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 255. გირავნობის სახეები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

გირავნობის სახეებია:

ა) მფლობელობითი გირავნობა;

ბ) რეგისტრირებული გირავნობა.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. მფლობელობითი გირავნობა

1

სახელშეკრულებო მფლობელობითი გირავნობის დადგენისათვის აუცილებელია დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ზეპირი ან წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება გირავნობის დადგენის შესახებ (გირავნობის ხელშეკრულება, იხ. მუხ. 257, მე-2 ველი) და მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა (257 I, იხ. მფლობელობითი გირავნობის დადგენასთან დაკავშირებით ამ მუხლის კომენტარი, ხოლო მხარეთა უფლება-მოვალეობასთან დაკავშირებით, 261-ე მუხლის კომენტარი).

2

მფლობელობითი გირავნობა ემყარება საჯაროობის პრინციპის დაცვას, რის გამოც დამგირავებელი ვალდებულია, მოგირავნეს დაუთმოს ნივთზე ბატონობა. ამ შემთხვევაში რა􀆟 ო ლეგის მიმართულია იქითკენ, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ნივთი გამოთიშოს დამგირავებლის მესამე პირთათვის შეცნობადი ქონების შემადგენლობიდან.[1] აქედან გამომდინარე, როგორც კი ნივთი აკრძალული თვითნებობის გარეშე ისევ დამგირავებლის ქონებაში ბრუნდება, გირავნობაც უნდა გაქარწყლდეს (272 II). მფლობელობითი გირავნობის კონსტრუქცია, რომელიც საჯაროობის პრინციპის მკაცრად განხორციელებას ისახავს მიზნად, გირავნობის ამ ფორმას საკმაოდ მოუქნელ ინსტრუმენტად აქცევს და სრულად ვერ პასუხობს თანამედროვე ეკონომიკური ცხოვრების გამოწვევებს. ნივთით სარგებლობის პოტენციალი, ფაქტობრივად, აუთვისებელი რჩება, რადგან დამგირავებელი კარგავს მისი გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო მოგირავნეს, რომელიც ფლობს ნივთს, ჩვეულებრივ, არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება (შდრ. 261 III).[2] ჩვეულებრივ, ერთადერთი გირავნობაუნარიანი საგანი, რომელსაც პროფესიონალი მოვაჭრე ან ფაბრიკანტი ფლობს, მისი სამუშაო ინვენტარი, სასაქონლო საწყობი ან მანქანებია, რომლებსაც ის დამგირავებელს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაუთმობს, თუ კომერციული საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს. ამის გამო, მფლობელობითი გირავნობა პრაქტიკაში მხოლოდ ორ შემთხვევაში ინარჩუნებს პრაქტიკულ დანიშნულებას: ეს არის მცირე სამომხმარებლო კრედიტის უზრუნველყოფა (მათ შორის ლომბარდში გირავნობა) და ბანკების გირავნობის უფლება იმ ფასიან ქაღალდებზე, ძვირფასეულობასა და ა. შ., რომლებსაც კლიენტი მათთან ინახავს.[3] მფლობელობითი გირავნობის ზემოთ ხსენებული მოუქნელი ხასიათის გამო, სამოქალაქო ბრუნვა საჭიროებდა მოძრავი ნივთით მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომელიც საჯაროობის პრინციპზე უარის თქმის გარეშე დამგირავებელს შეუნარჩუნებდა მფლობელობას თავის კუთვნილ ნივთზე, თუმცა, ამავდროულად, მისცემდა მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შესაძლებლობას. ქართველმა კანონმდებელმა სხვადასხვა მართლწესრიგის მიერ შემოთავაზებული არამფლობელობითი გირავნობის ნაირსახეობებიდან[4] რეგისტრირებული გირავნობის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.[5]

II. რეგისტრირებული გირავნობა

3

რეგისტრირებული გირავნობა უცხოურ მართლწესრიგებში სახელშეკრულებო არამფლობელობითი გირავნობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ქართულ სამართალში კი მისი ერთადერთი სახეა. რეგისტრირებული გირავნობის დროს საჯაროობა მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით. დამგირავებლის სხვა კრედიტორთა დაცვის დამატებითი უზრუნველყოფა აღარ არის საჭირო, რადგან თითოეულ მათგანს შეუძლია, რეესტრში ჩახედვის გზით, სათანადოდ შეაფასოს დამგირავებელთან საკრედიტო ხელშეკრულების დადების რისკები.[6] გარდა ამისა, მინიმუმამდეა დაყვანილი დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის გასხვისების შემთხვევაში ახალი შემძენის მიერ დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებისა და ამგვარად გირავნობის უფლების გაქარწყლების რისკი (274 III, IV).

4

კანონმდებლის მიერ სამოქალაქო კოდექსში რეგისტრირებული გირავნობის ინსტიტუტის შემოტანის გადაწყვეტილება ცალსახად გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. ამან თავიდან ააცილა ქართულ მართლწესრიგს numerus clausus-ის პრინციპის დარღვევით, ყოველგვარ საჯაროობას მოკლებული,[7] არამფლობელობითი უზრუნველყოფის ალტერნატიული საშუალებების შექმნის აუცილებლობა, რის მაგალითადაც გერმანული დოქტრინის მიერ განვითარებული ფიდუციარული საკუთრების უფლება შეიძლება დასახელდეს (შიცჰერუნგსüბერეიგნუნგ).[8] რეგისტრირებული გირავნობა, გარემოებათა მთელი რიგის გათვალისწინებით, როგორც დამგირავებლისათვის, ისე მოგირავნისათვის, გაცილებით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე მფლობელობითი გირავნობა. პირველ რიგში, ეს არის, უკვე ზემოთ ხსენებული, დამგირავებლისათვის მფლობელობის შენარჩუნების შესაძლებლობა, რომელსაც მას გირავნობის ეს ფორმა სთავაზობს. აქედან გამომდინარეობს ასევე საგნის რამდენიმეჯერ დაგირავების შესაძლებლობა (267 I), განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან.[9] გარდა ამისა, მოთხოვნების (უფლებების) დაგირავება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის ფორმით (259 I და II) არის შესაძლებელი – მხოლოდ ეს უზრუნველყოფს მის საჯაროობას – ისევე როგორც სამომავლო ქონების (254 V). განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან, რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში შესაძლებელია მოგირავნის დაკმაყოფილება გირავნობის საგანზე საკუთრების მოპოვებით (2601, ამგვარი შეთანხმებიდან გამომდინარე რისკებსა და მათ პრევენციასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 2601, მე-3 ველი).

5

მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებული გირავნობა, საბოლოო ჯამში, ორივე მხარის ინტერესებს ითვალისწინებს და მოგირავნეს იცავს დამგირავებლის მიერ გირავნობის საგნის მესამე პირზე დაუტვირთავად გასხვისების რისკისაგან, მას არ იცავს თავად დამგირავებლის მიერ ნივთის გაფუჭებისაგან. მოგირავნე გირავნობის საგნის მეორე მხარის მფლობელობაში დატოვებით ატარებს ამ უკანასკნელის მიერ საგნის გაუარესების რისკს,[10] რისი კომპენსირებაც მას მხოლოდ 261 I, IV, 264 II მუხლების მიხედვით შეუძლია. იხ. რეგისტრირებული გირავნობის დადგენასა და საგანთან დაკავშირებით 258-ე მუხლის, ხოლო მხარეთა უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით 261-ე მუხლის კომენტარები.




  1. Melsheimer, Sicherungsübereignung oder Registerpfandrecht, 1967, S. 4.
  2. Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht II, 2. Aufl., 1986, 3 D 161; ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 125.
  3. Baur, Lehrbuch des Sachenrechts, 1960, § 55 II; Wolff/Raiser, Sachenrecht, 10. Aufl., 1957.
  4. შედარებითსამართლებრივი მიმოხილვისათვის იხ.: Simitis, Das besitzlose Pfandrecht: Eine rechtsvergleichende Untersuchung, AcP 171, 1971, S. 94 f.
  5. იხ. მოდელური კანონის საფუძველზე სამხრეთ ევროპის ქვეყნების კოდიფიკაციებში რეგისტრირებული გირავნობის შემოტანასთან დაკავშირებით: Meyer/Athenstaedt, Einführung der besitzlosen Registerpfandrechte in Südosteuropa, 2009, S. 393 ff.
  6. Simitis, Das besitzlose Pfandrecht: Eine rechtsvergleichende Untersuchung, AcP 171, 1971, S. 115; Ferid/Sonnenberger, Das Französische Zivilrecht II, 2. Aufl., 1986, 3 D 161.
  7. რის გამოც გერმანიაში შეთანხმებული ამ არამფლობელობითი უზრუნველყოფის აღიარება სხვა ქვეყნებში, ჩვეულებრივ, შეუძლებელია (Stumpf, Eigentumsvorbehalt und Sicherungsübertragung im Ausland, 4. Aufl., 1980, S. 31 ff .).
  8. იხ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 124 და იქ მითითებული ლიტერატურა.
  9. ჭანტურია, იქვე, გვ. 148.
  10. შდრ. ამასთან დაკავშირებით: ჭანტურია, იქვე, 2012, გვ. 125.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_255._გირავნობის_სახეები&oldid=1866"