Gccc-logo.png


მუხლი 256. გირავნობის ფარგლები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 256. გირავნობის ფარგლები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი #4323 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი #5668 – ვებგვერდი, 16.01.2012წ.

I. პასუხისმგებლობის ფარგლები, 256 I

1

256-ე მუხლი, რომელიც დისპოზიციურ ხასიათს ატარებს,[1] განსაზღვრავს, თუ რა ფარგლებში და რა მოცულობით აგებს პასუხს გირავნობის საგანი კრედიტორის მოთხოვნისათვის და ამით, გარკვეულწილად, იმეორებს 893-ე მუხლის პარადიგმას. გირავნობის მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი შეთანხმებით შემოზღუდონ ეს ფარგლები, ან პირიქით, განავრცონ ის, გაითვალისწინონ, მაგალითად, ზღვრული თანხა პასუხისმგებლობისათვის ან ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.[2] მხოლოდ ამგვარი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაშია შესაძლებელია 256-ე მუხლზე შეუზღუდავად მითითება.

1. პასუხისგება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობის მიხედვით

2

სპეციალური შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, გირავნობის საგანი პასუხს აგებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობის მიხედვით. ამგვარად, ამ მოცულობის შემცირება გადახდის, გაქვითვის, ვალის პატიების ან სხვა მსგავსი გარემოების გამო ზუსტად ისევეა გასათვალისწინებელი, როგორც მოთხოვნის მოცულობის გაზრდა, პროცენტების, ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის, ან შესრულების ნაცვლად თუ შესრულებასთან ერთად ზიანის ანაზღაურების (იხ. მუხ. 494, მე-7 და მომდევნო ველები) მოთხოვნის, ისევე როგორც (გირავნობის დადგენისას თუ მისი დადგენის შემდეგ შეთანხმებული) პირგასამტეხლოს მეშვეობით.[3] გირავნობის საგანი პასუხს აგებს ასევე მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გაზრდილი მოთხოვნისათვის, განსხვავებით ახალი მოთხოვნის შეთანხმებისაგან.[4] ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ნივთი მომდევნო რანგის გირავნობით არის დატვირთული. მოთხოვნის მოცულობის გაზრდის შემთხვევაშიც, მისი ამ გაზრდილი წილისათვის პასუხისმგებლობაც გირავნობის დადგენის დროის მიხედვით განისაზღვრება (267 I). მომდევნო რანგის დამგირავებლები უნდა შეეგუონ იმ ფაქტს, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები შეიძლება, მათი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად საკმარისი აღარ იყოს, რადგან საგნის პასუხისმგებლობის ფარგლების ამგვარი გაფართოება მოთხოვნის გაზრდის გამო წინასწარვეა მოცული 256 I მუხლით.[5]

2. პასუხისგება გირავნობის ურთიერთობიდან წარმოშობილი ხარჯებისათვის

3

მოთხოვნის მოცულობის მიხედვით პასუხისგების გარდა, გირავნობის საგანი პასუხს აგებს ასევე უშუალოდ გირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე ხარჯებისათვის, როგორებიცაა: ქონების მოვლა-შენახვის (თუმცა შდრ. მუხ. 261, მე-17 ველი), სასამართლოსა და გირავნობის საგნის რეალიზაციის ხარჯები. მოვლა-შენახვის ხარჯებს განეკუთვნება გირავნობის საგანზე გაწეული დანახარჯები 261 I, III მუხლის მიხედვით (იხ. ამ მუხლის კომენტარი).[6] ამგვარი დანახარჯებია, მაგალითად, საბანკო ანგარიშზე შეტანილი ქირავნობის კაუციონის შემთხვევაში, გამქირავებლის მიერ ამ ანგარიშის დახურვის ხარჯები.[7] ხარჯად, 256 I მუხლის გაგებით, არ ჩაითვლება წინა რიგის მოგირავნის დაკმაყოფილების ხარჯები (შდრ. 269 III).[8]

4

სასამართლოს ხარჯებს განეკუთვნება მოვალის მიმართ სარჩელის აღძვრასთან დაკავშირებული ხარჯები,[9] მაგალითად, ადვოკატის გასამრჯელო[10] და მოვალის ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის დანახარჯები,[11] მაშინაც კი, როდესაც დამგირავებელი და მოვალე სხვადასხვა პირია (263).[12] გირავნობის საგანი, რა თქმა უნდა, „პასუხს აგებს“ უშუალოდ დამგირავებლის მიმართ იძულებითი აღსრულების ხარჯებისათვის, რის საპირისპიროდაც, 256 I მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფილი მოთხოვნა არ არის მოვალე- დამგირავებლის მიერ მოგირავნისაგან გირავნობის საგნის სასამართლო წესით გამოთხოვისას ამ უკანასკნელის, როგორც მოპასუხის, მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა.[13]

5

გირავნობის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯებია მისი პირდაპირი მიყიდვის მეშვეობით რეალიზაციის შემთხვევაში (283 I) ამ საგნის გაყიდვის ხარჯები (ტრანსპორტირება, შეფუთვა, ავტოსადგომის ქირავნობა,[14] სხვადასხვა გადასახადი და ა. შ.), ხოლო გაყიდვის სპეციალური სავაჭრო დაწესებულებისათვის მინდობის შემთხვევაში (283 II) დაწესებულებისათვის გადასახდელი გასამრჯელო.

II. პასუხისმგებლობის ფარგლების გაფართოების აკრძალვა

6

გამონაკლისის სახით თუ დამგირავებელი-მესაკუთრე ნივთს სხვა პირის ვალდებულების უზრუნველსაყოფად აგირავებს (263), გირავნობის საგანმა „პასუხი არ უნდა აგოს“ გირავნობის დადგენის შემდეგ მოვალესა და მოგირავნეს შორის შეთანხმებით მოთხოვნის ფარგლების გაფართოებისას მოთხოვნის ამ მოგვიანებით გაზრდილი წილისათვის. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და მოგირავნე-კრედიტორი უკვე გირავნობის დადგენის შემდეგ ათანხმებენ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს გადახდის საკითხს, რის უზრუნველსაყოფადაც დამგირავებელი საკუთარ ნივთს არ დატვირთავდა. ეს დათქმა, რაც გერმანიაში პირდაპირ კანონით არის გათვალისწინებული (გსკ-ის 1210 I 2 პარაგრაფი),[15] საქართველოშიც უნდა მოქმედებდეს, რისთვისაც 256 I მუხლის ტელეოლოგიური რედუქცია ან 893 2 მუხლის ანალოგიით გამოყენებაა აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვეოდა დამგირავებლის ნების ავტონომია, რადგან მისი საკუთრება პასუხს აგებდა მოგვიანებით სხვა პირებს შორის შეთანხმებით გაზრდილი ვალდებულებისათვის, რაზეც მას თანხმობა არ გამოუთქვამს გირავნობის დადგენისას.

III. გირავნობის გავრცელება ნაყოფზე, 256 II

7

გირავნობის უფლება, როგორც წესი, ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე (154), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გირავნობის ხელშეკრულების მხარეებმა შეთანხმებით პირდაპირ გამორიცხეს ეს შესაძლებლობა. 154-ე მუხლში გათვალისწინებული ნაყოფის ცნება, რომელზეც მიუთითებს 256 II, მოიცავს არა მხოლოდ ორგანულ ნაყოფს, არამედ, ასევე, ე. წ. გაშუალებულ ნაყოფს (154 III), როგორიც არის, მაგალითად, ნივთის ქირა (257 I) და რომელზეც ასევე უნდა გავრცელდეს გირავნობა. თუ დაგირავებულია მეანაბრის მოთხოვნა ბანკის მიმართ, მაშინ გირავნობა 256 I მუხლის მიხედვით ვრცელდება ანაბარზე დარიცხული პროცენტის მიღების მოთხოვნაზეც. ნაყოფზე გირავნობის უფლების გავრცელებისათვის უმნიშვნელოა, თუ ვინ ხდება ამ ნაყოფის მესაკუთრე მისი მთავარი ნივთისაგან გამოყოფის შემდეგ,[16] ისევე როგორც მოგირავნის მიერ ამ ნაყოფზე მფლობელობის მოპოვება.[17]

8

გირავნობის საგნის დაკარგვის, დაზიანების, განადგურებისა და გაუფასურების სანაცვლოდ მოპოვებული მოთხოვნის სუროგაციასთან დაკავშირებით იხ. 264-ე მუხლის კომენტარი.

9

261 II მუხლი არის გამონაკლისი 256 II მუხლში დაფიქსირებული წესიდან – ამ შემთხვევაში ნაყოფზე გირავნობის უფლების გავრცელების ნაცვლად ის პირდაპირ მოგირავნის საკუთრება ხდება. გარდა ამისა, გირავნობის უფლების ნაყოფზე გავრცელება შეიძლება გამოირიცხოს სხვა პირის მიერ ნივთზე დაუტვირთავი საკუთრების მოპოვებით (274 III, IV) და წინა რანგის მოგირავნის უფლების გამო (267).




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის #ას-785-752-2014 განჩინება.
  2. შდრ. მაგალითისათვის: ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 148; Damrau, in MьKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1210, Rn. 1; თუ სესხის ხელშეკრულების მხარეები შეათანხმებენ სესხის პროცენტის გაქვითვას დაგირავებული ნივთიდან მიღებულ სარგებელთან, მაშინ გირავნობით უზრუნველყოფილია, ასევე, ეს (სარგებელში გასაქვითი პროცენტის) მოთხოვნაც (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის #ას-6-345-09 გაჩინება) და სარგებელი არ ჩაითვლება ძირი სესხის მოთხოვნის ანგარიშში (261 IV).
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1210, Rn. 2.
  4. იქვე.
  5. Emmerich, Pfandrechtskonkurrenzen, 1909, § 22; მართალია, საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად (Wolff/Raiser, Sachenrecht, 10. Aufl., 1957, § 162 II), წინა რანგის მოგირავნის მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში მისი უფლებების დაცვა მომდევნო რანგის მოგირავნის ხარჯზე გაუმართლებელია, თუმცა ეს პირდაპირ გამომდინარეობს კანონიდან და მისი თავიდან აცილება მხოლოდ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის გაფართოების აკრძალვის შეთანხმებით არის შესაძლებელი (Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1210, Rn. 2).
  6. Westermann/Eickmann/Gursky, Sachenrecht, 8. Aufl., 2011, § 128, Rn. 12.
  7. AG Büdingen WuM 1995, 483.
  8. OLG Stuttgart WürttJb. 26 (1914), 164; Damrau, იქვე, Rn. 6; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1210, Rn. 4.
  9. OLG Hamburg MDR 1959, 580.
  10. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 147.
  11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის #ას-785-752-2014 განჩინება.
  12. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1210, Rn. 6.
  13. OLG Dresden AnnSächsOLG 32 (1911), 78.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 აპრილის #ას-785-752-2014 განჩინება.
  15. შდრ. გერმანულ სამართალში ამასთან დაკავშირებით დეტალურად Damrau, იქვე, Rn. 3 ff.
  16. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1212, Rn. 2.
  17. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1212, Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_256._გირავნობის_ფარგლები&oldid=1869"