Gccc-logo.png


მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 257. მფლობელობითი გირავნობა


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოძრავ ნივთზე მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის მოგირავნის ან მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემის გზით.

2. თუ ნივთი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მოგირავნის მიერ შესაბამისად უფლებამოსილი პირის მფლობელობაში, გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I.ზოგადი დებულებები

1

257-ე მუხლი არეგულირებს გირავნობის დადგენის სანივთოსამართლებრივ წინაპირობებს და, გარკვეულწილად, იმეორებს 186-ე მუხლის პარადიგმას, თუმცა 186 II მუხლის მე-2 ვარიანტისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ნივთის დამგირავებლის მფლობელობაში დატოვების შესა- ძლებლობას (მუხ. 186, მე-17 ველი), რადგან ამ დროს უზრუნველყოფილი არ არის გირავნობის ურთიერთობის საჯაროობა,[1] რაც, ამგვარად, მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის მეშვეობით არის შესაძლებელი.

II. შეთანხმება

2

მფლობელობითი გირავნობის დადგენა ხდება დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის დადებული შეთანხმებით გირავნობის დადგენის შესახებ, რომლის მიზანიც კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის უფლების მინიჭებაა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო პრაქტიკა მას სანივთო გარიგებად მიიჩნევს[2] და ასხვავებს გირავნობის ხელშეკრულებისაგან (pactum de pignore dando),[3] რომლის ძალითაც დამგირავებელი მხოლოდ გირავნობის დადგენის ვალდებულებას კისრულობს,[4] ეს გამიჯვნა სანივთო და ვალდებულებით გარიგებებს შორის ქართულ იურიდიულ დოქტრინაში ვერ ჩაითვლება ზოგადად აღიარებულად. ამის საპირისპიროდ მიზანშეწონილი ჩანს გირავნობის ერთიან, ვალდებულებით შეთანხმებაზე საუბარი, მისი სანივთო და ვალდებულებით შეთანხმებად დაქუცმაცების გარეშე. შეთანხმებასა და მფლობელობის გადაცემის თანმიმდევრობას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება.[5] თუ შეთანხმება წინ უსწრებს გადაცემას, მაშინ აუცილებელია, რომ ის ამ გადაცემის მომენტამდე დარჩეს ძალაში, თუმცა ეს, ჩვეულებრივ, ივარაუდება.[6]

3

ვინაიდან კანონი პირდაპირ არ ადგენს გირავნობის ხელშეკრულების ფორმას, ეს უკანასკნელი შეიძლება დაიდოს ნებისმიერი ფორმით – როგორც ზეპირად, ისე წერილობით. გირავნობის შეთანხმება შეიძლება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებშიც, რაც, ბანკების შემთხვევაში, გავრცელებული პრაქტიკაა და არ მიიჩნევა უჩვეულო (344), ან ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგო (346) პირობად.[7]

III. გადაცემა

4

მფლობელობითი გირავნობა წარმოიშობა მოძრავი ნივთის მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მფლობელობაში გადაცემით. გადაცემა გულისხმობს პირდაპირი მფლობელობის გადაცემას, რომლის დროსაც დამგირავებელმა სრულად უნდა დაკარგოს ეს პირდაპირი მფლობელობა.[8] შესაბამისად, თუ გარკვეულ სივრცესა და იქ მოთავსებულ ნივთებზე მფლობელობას ეხება საქმე, პირდაპირი მფლობელობის გადაცემისათვის აუცილებელია, დამგირავებელმა მოგირავნეს გადასცეს ყველა გასაღები.[9] მხოლოდ გირავნობის აღმნიშვნელი ნიშნის დატანა დაგირავებულ ქონებაზე საკმარისი არ არის, თუ დამგირავებელს მაინც რჩება ამ ქონებაზე ზემოქმედების შესაძლებლობა.[10]

5

155 I მუხლის გაგებით, მფლობელობის გადაცემა შეიძლება შეთანხმებითაც (რომელიც უნდა გავმიჯნოთ გირავნობის დადგენასთან დაკავშირებული შეთანხმებისაგან),[11] თუ შემძენს შეუძლია ნივთზე ბატონობის განხორციელება, ე. წ. „გრძელი ხელით გადაცემა“ (longa manu traditio).[12] ამგვარად, ტყეში დატოვებული შეშის გადაცემისათვის საკმარისია შეთანხმება დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის. სხვაგვარად არის საქმე, თუ ეს შეშა დამგირავებლის დაცულ საწარმო ტერიტორიაზეა მოთავსებული.[13] როგორც დამგირავებლის, ისე მოგირავნის მხარეზე დასაშვებია მფლობელობის გაცემა-მოპოვებისათვის მჭერის ჩართვა.[14]

1. არაპირადაპირი მფლობელობის გადაცემა

6

257-ე მუხლი მოგირავნისათვის პირდაპირი მფლობელობის გადაცემის აუცილებლობიდან მხოლოდ ერთ გამონაკლისს უშვებს, ეს არის ამ მფლობელობის მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირისათვის გადაცემა. 186 II მუხლის მე-3 ვარიანტისაგან განსხვავებით, 257-ე მუხლი არ ითვალისწინებს არაპირდაპირი მფლობელი-დამგირავებლის მიერ მოგირავნისათვის პირდაპირი მფლობელის მიმართ ნივთის დაბრუნების მოთხოვნის დათმობის მეშვეობით მფლობელობის გადაცემის შესაძლებლობას.[15] მართალია, 257 I მუხლის მე-2 ვარიანტი მფლობელობითი გირავნობის დადგენისათვის საკმარისად მიიჩნევს, თუ დამგირავებელი ნივთს არა უშუალოდ მოგირავნეს, არამედ მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს გადასცემს, თუმცა აქაც არ აკონკრეტებს, უნდა მოიპოვოს თუ არა ამით მოგირავნემ არაპირდაპირი მფლობელობა ნივთზე (მესამე პირთან დადებული ქირავნობის, თხოვების, ან სხვა ურთიერთობის საფუძველზე). ორივე შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გასათვალისწინებელია 257-ე მუხლის მიზანი და აქ წამოყენებული სახელმძღვანელო პრინციპი. მიზანი გირავნობის დადგენის შემდეგ გირავნობის საგნის ფაქტობრივად მოგირავნის ხელში გადასვლაა, რათა დამგირავებელმა შესაბამისი მომენტის დადგომისას ვეღარ შეუშალოს ხელი მის რეალიზაციაში.[16] ამ მიზნის მიღწევისათვის აუცილებელია, რომ დამგირავებელმა სრულად დაკარგოს მფლობელობა, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი.[17] თუმცა, ამის მიუხედავად, ეს შეუფერხებლად რეალიზაციის შესაძლებლობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი, თუ საგანი მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის ხელში გადავიდოდა, რომელიც მას არაპირდაპირ მფლობელად არ აღიარებს და არ აპირებს, დაუბრუნოს ეს საგანი. ამიტომაც 257 I მუხლის მე-2 ვარიანტში დამატებითი წინაპირობის სახით უნდა ამოვიკითხოთ ის გარემოება, რომ მესამე პირი არა მხოლოდ მზად უნდა იყოს, მოიპოვოს ნივთზე პირდაპირი მფლობელობა, არამედ აღიარებდეს მოგირავნეს არაპირდაპირ მფლობელად და მზად იყოს, გადასცეს მას ეს საგანი მოთხოვნისთანავე.

7

ამ ზემოხსენებული დაშვებიდან კი ა სიმილე-არგუმენტის ძალით გამომდინარეობს, რომ საგნის მოგირავნის ხელში გადასვლისათვის საკმარისი უნდა იყოს მოგირავნისათვის 186 II მუხლის მე-3 ვარიანტის დარად უკვე არსებული ურთიერთობიდან ნივთის გამოთხოვის უფლების დათმობა და პირდაპირი მფლობელისათვის ამის შესახებ შეტყობინება,[18] რადგან 257-ე მუხლის მიზნის მიღწევისათვის გადამწყვეტია არა ის გარემოება, მოგირავნე თუ დამგირავებელი განსაზღვრავს მესამე პირს, არამედ მზად არის თუ არა ეს პირდაპირი მფლობელი-მესამე პირი მოგირავნე აღიაროს არაპირდაპირ მფლობელად და მოთხოვნისთანავე გადასცეს მას ნივთი, რაც ამ ორივე შემთხვევაში თანაბრად არის უზრუნველყოფილი. რის გამოც 257 I მუხლის მე-2 ვარიანტის ანალოგიით გამოყენებისას გირავნობის დადგენა შესაძლებელი უნდა იყოს ნივთის დაბრუნების მოთხოვნის უფლების დათმობისა და ამის შესახებ პირდაპირი მფლობელისათვის შეტყობინების მეშვეობით მოგირავნისათვის არაპირდაპირი მფლობელობის მინიჭებით.[19]

2. „მოკლე ხელით გადაცემა“, 257 II

8

ე. წ. „მოკლე ხელით გადაცემის“ (brevi manu traditio) წესი გულისხმობს მფლობელობითი გირავნობის დადგენას იმ შემთხვევებში, როდესაც გირავნობის საგანი უკვე იმყოფება მოგირავნის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მფლობელობაში. ამ დროს გირავნობის წარმოშობისათვის ნივთის ფაქტობრივი გადაცემა აუცილებელი აღარ არის და გირავნობის წარმოშობისათვის საკმარისია მხარეთა შეთანხმება. მოგირავნის არაპირდაპირი მფლობელობა საკმარისად უნდა ჩაითვალოს,[20] თუ პირდაპირ მფლობელად ისევ მესაკუთრე არ რჩება (იხ. ამასთან დაკავშირებით ზემოთ, მე-6 ველი).




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1253, Rn. 1.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის #ას-304-289-2013 განჩინება.
  3. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 V; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის #ას-483-457-2012 გადაწყვეტილება; ასევე ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 121, 137.
  4. ამ დროს განმარტების საკითხია სანივთო შეთანხმების ვალდებულებით გარიგებაში ამოკითხვა, და პირიქით, შდრ. RG JW 1914, 188; OLG Königsberg OLGE 5, 157; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1257, Rn. 6; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის #ას-304-289-2013 განჩინება კონკლუდენტურ სანივთო და ვალდებულებით შეთანხმებასთან დაკავშირებით.
  5. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1205, Rn. 2.
  6. RGZ 84, 5; RG WarnR 1933, 115.
  7. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1205, Rn. 2.
  8. RGZ 53, 221; RGZ 66, 262; BGHZ 27, 362; გამომდინარე იქიდან, რომ მფლობელობის გადაცემა გირავნობის დადგენის გარიგების წინაპირობაა და არა მისგან წარმომდგარი მოთხოვნა, გაუგებარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა 2013 წლის 25 ოქტომბრის #ას-304-289-2013 განჩინებაში, როდესაც ის უშვებს მფლობელობითი გირავნობის დადგენის შესაძლებლობას, მფლობელობის მინიჭების გარეშე.
  9. RGZ 67, 422; RGZ 77, 208.
  10. BGH NJW 1958, 1723.
  11. RGZ 66, 258; BGHZ 27, 362.
  12. შდრ. გსკ-ის 854 II პარაგრაფი.
  13. RGZ 74, 148.
  14. RGZ 67, 421; RGZ 77, 209.
  15. შდრ. გსკ-ის 1205 II პარაგრაფი, Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1205, Rn. 8 და იქ მითითებული ლიტერატურა.
  16. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 123.
  17. იქვე.
  18. BGH NJW 1996, 1675; OLG Karlsruhe WM 1999, 2451; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1205, Rn. 8.
  19. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VI d.
  20. RGZ 118, 253; BGH NJW 1997, 2111.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_257._მფლობელობითი_გირავნობა&oldid=2030"