Gccc-logo.png


მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 258. რეგისტრირებული გირავნობა


გიორგი რუსიაშვილი/ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა). ამ შემთხვევაში მოძრავი ნივთის მოგირავნის მფლობელობაში გადაცემა სავალდებულო არ არის.

2. გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) მისი შედგენის თარიღი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანია მთელი მოძრავი ქონება, მისი აღწერა არ მოითხოვება, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

3. გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესი განისაზღვრება კანონით.

3¹. ფინანსურ გირაოსთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. ამასთანავე, გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) მოგირავნესა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის შესახებ.

5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი #3879 – სსმ I, #48, 22.12.2006 წ., მუხ. 321.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი #4310 – სსმ I, #2, 04.01.2007 წ., მუხ. 35.
საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი #4744 – სსმ I, #18, 22.05.2007 წ., მუხ.158.
საქართველოს 2008 წლის 2 ოქტომბრის კანონი #314 – სსმ I, #24, 20.10.2008 წ., მუხ.160.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი #4323 – ვებგვერდი, 22.03.2011 წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი #6311 – ვებგვერდი, 12.06.2012 წ.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი #1833 – ვებგვერდი, 03.01.2014 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

258-ე მუხლი არეგულირებს რეგისტრირებული გირავნობის, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე დადგენის ზოგად წესებს. გარდა ამისა, მუხლში მოცემულია მითითება ფინანსურ გირაოზე, რომელიც რეგულირდება საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონით. მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა,[1] რაც, ძირითადად, უკავშირდებოდა, ერთი მხრივ, სანოტარო წესით გარიგების დამოწმების აუცილებლობის გაუქმებას, მეორე მხრივ, სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის დადგენის სპეციალური წესის შემოღებას, ასევე, ფინანსური გირაოს შესახებ ნორმის დამატებას.

II. რეგისტრირებული გირავნობის დადგენა

2

მფლობელობითისაგან განსხვავებით, რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში მოგირავნის ან მესამე პირის მფლობელობაში მოძრავი ნივთის გადაცემა საჭირო არ არის, რის საკომპენსაციოდაც კანონმდებელი უფრო რთულ პროცედურას ითვალისწინებს მისი დადგენისათვის.[2] ამ შემთხვევაში საჯაროობა მიიღწევა გირავნობის უფლების საჯარო რეესტრში (სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის შემთხვევაში – სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში) რეგისტრაციის გზით (იხ. ამასთან დაკავშირებით მუხ. 255, მე-3 ველი). ყველა საგანი (მუხ. 254, მე-10 და მომდევნო ველები), რომელთა დაგირავებაც შეიძლება მფლობელობითი გირავნობის ფარგლებში, გირავნობაუნარიანია ასევე რეგისტრირებული გირავნობის ფორმითაც, ხოლო მოთხოვნის უფლების დაგირავება მხოლოდ ამ უკანასკნელი ფორმით არის შესაძლებელი (259 I).

1. გირავნობის ხელშეკრულება

3

გირავნობის დადგენის შესახებ შეთანხმება (გირავნობის ხელშეკრულება და არა სანივთო გარიგება (იხ. მუხ. 257, მე-2 ველი) უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით,[3] რომლის რეკვიზიტებიც კანონში იმპერატიულად[4] არის გაწერილი და რომლის დაუცველობაც გირავნობის არანამდვილობას იწვევს (59 I). გირავნობის ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს:

- ხელშეკრულების დადების თარიღს;

- მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ მონაცემებს;

- გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერას (მაგ. სერიული ნომერი);

- უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგად ან კონკრეტულ აღწერას

და მაქსიმალურ თანხას, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. რაც შეეხება თავად დაგირავებული საგნის ღირებულების მითითებას, ამასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 260¹, მე-6 ველი.

4

გარდა ამისა, გირავნობის საგნის რეალიზაციის ფორმად მისი პირდაპირ მოგირავნის საკუთრებაში გადაცემის (260¹) ან კანონით გაუთვალისწინებელი წესის შეთანხმებისას (284 II) აუცილებელია ამ დათქმის არა მხოლოდ წერილობით ხელშეკრულებაში გათვალისწინება, არამედ ასევე მისი რეგისტრაცია, რის გარეშეც მესამე პირთა წინაშე მას სამართლებრივი ძალა ვერ ექნება.[5] 258-ე მუხლი არ აკონკრეტებს, უნდა იყოს თუ არა რეგისტრირებული გირავნობის შეთანხმება მთავარი საკრედიტო ხელშეკრულების ნაწილი, რისი დამატებითი წინაპირობის სახით გათვალისწინებაც არამიზანშეწონილია,[6] რადგან ეს არაფორმასავალდებულო საკრედიტო გარიგებას ფორმასავალდებულოდ აქცევდა.


2. გირავნობის რეგისტრაცია

5

რეგისტრირებული გირავნობის ნამდვილობისათვის აუცილებელია მხარეთა შეთანხმება და გირავნობის უფლების რეგისტრაცია, ამიტომაც გირავნობის ხელშეკრულებისაგან გასამიჯნია რეგისტრაციის განაცხადი, რომელსაც წარადგენს რეესტრში გირაოს მესაკუთრე ან შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.[7] გირავნობის უფლებისათვის რეგისტრაციას კონსტიტუტიური[8] და არა მხოლოდ დეკლარატორული მნიშვნელობა აქვს, რის გამოც ის წარმოიშობა მხოლოდ ამ რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. საჯარო რეესტრის შესახებ კანონის 16 II მუხლი). რეგისტრაცია ხორციელდება დამგირავებლის პირადობის ნომრით ან სამეწარმეო რეესტრის ნომრის მეშვეობით, ასევე, დაგირავებული საგნის სერიული ნომრის მითითებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.[9] თუ დამგირავებელი არ არის ნივთის მესაკუთრე, ან გირავნობა სხვა მიზეზით არის არანამდვილი, რეგისტრაციას სამართლებრივი ძალა არ გააჩნია.[10]

6

258 III მუხლის თანახმად, გირავნობის რეგისტრაცია გირავნობის საგნის მიხედვით ხდება სხვადასხვა რეესტრში და მისი პროცედურაც შესაბამისი ნორმატიული აქტით განისაზღვრება. მოძრავი ნივთებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში ეს არის საჯარო რეესტრის შესახებ კანონი (16 I ა) მუხლი), ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილების შემთხვევაში – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია. სატრანსპორტო საშუალებასა[11] და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე[12] გირავნობის რეგისტრაცია ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. რეგისტრაციის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.[13]

III. ფინანსური გირაო

7

ფინანსური გირაოს შემთხვევაში მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებულია ფინანსური ინსტრუმენტები ან ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება იდება მხოლოდ განსაზღვრულ პირებს შორის, რომლებსაც წარმოადგენენ: საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი, ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი, უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, თუმცა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ფინანსური გირაოს ხელშეკრულების მხარე შეიძლება ასევე იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, თუ მეორე მხარე კომერციული ბანკია. ფინანსური გირაოს ხელშეკრულება იდება წერილობით და მოგირავნეს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უნდა ჰქონდეს ფინანსური გირაოს საგნის ფლობის ან კონტროლის შესაძლებლობა. რომელიმე მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. ფინანსური გირაოს ერთი და იმავე საგნის რამდენჯერმე დაგირავება დაუშვებელია.

8

იხ. ფინანსური გირაოს დეტალურ მოწესრიგებასთან დაკავშირებით საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ კანონი.




  1. საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის # 1826 კანონი.
  2. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 138.
  3. 258 I 1 მუხლის მიხედვით, ფორმასავალდებულოა, ასევე, გირავნობის წინარე ხელშეკრულება, როგორც ეს ყველა სხვა კანონით გაწერილი ფორმის შემთხვევაშია სახეზე (RGZ 72, 385; RGZ 169, 189), რომლის მიზანიც მხარის გაფრთხილებაა (თუმცა საპირისპირო მსჯელობისათვის შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის #ას-125-121-2016 განჩინება (38)).
  4. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 138.
  5. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 27 f.
  6. ჭანტურია, იქვე
  7. Meyer/Athenstaedt, Einführung der besitzlosen Registerpfandrechte in Südosteuropa, 2009, S. 398.
  8. შდრ. შედარებითსამართლებრივი მიმოხილვისათვის Meyer/Athenstaedt, იქვე, S. 396, 403.
  9. იხ. Meyer/Athenstaedt, იქვე, S. 397; შესაბამისად, მესამე პირთათვის რეგისტრირებულ გირავნობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებაც ამ მონაცემების მეშვეობით არის შესაძლებელი – https://mmr.reestri.gov.ge/main.php.
  10. შდრ. Meyer/Athenstaedt, იქვე, S. 398.
  11. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 53 I მუხლი.
  12. საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის 5 LXX მუხლი.
  13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის # 891 ბრძანება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_258._რეგისტრირებული_გირავნობა&oldid=1877"