Gccc-logo.png


მუხლი 258¹. გირავნობის მოწმობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 258¹. გირავნობის მოწმობა


გიორგი რუსიაშვილი/ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოგირავნის წერილობითი მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში მოვალის მიერ ამ კოდექსის 281-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნის განცხადების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გასცემს გირავნობის მოწმობას.

2. გირავნობის მოწმობა არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაციის ფაქტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარემოებების არსებობისას მოგირავნეს უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მის მფლობელობაში გადაცემა.

3. გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, თუ რეგისტრირებული გირავნობის გარიგება არ შეიცავს მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის ამ კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 2601 მუხლით განსაზღვრულ მხარეთა შეთანხმებას.

4. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.

5. გირავნობის მოწმობის ფორმა და გაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი #1541 – სსმ I, #21, 03.08.2009 წ., მუხ.124.
საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი #1833 – ვებგვერდი, 03.01.2014 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

თუ რეგისტრირებული გირავნობისას გირაოს რეალიზაციის წინაპირობების დადგომისას (278) დამგირავებელი მოგირავნეს ნებაყოფლობით არ გადასცემს ნივთს (281 I), ამ უკანასკნელს მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით შეუძლია თავისი უფლებების იძულებით განხორციელება. კანონი ამ წესიდან უშვებს გამონაკლისს ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებებზე რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ანიჭებს მოგირავნეს გირაოს გამოთხოვის შესაძლებლობას სასამართლოს გარეშე (281¹),[1] მხოლოდ გირავნობის მოწმობის საფუძველზე, რომელიც აღსრულების ქვემდებარე აქტია (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 2 ო) მუხლი).[2] 258¹ მუხლი განმარტავს გირავნობის მოწმობის ფუნქციას, მისი გაცემის წინაპირობებს, ფორმასა და წესს.

II. გირავნობის მოწმობა და მისი წინაპირობები

2

გირავნობის მოწმობით დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია, რის საფუძველზეც მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე სააღსრულებო ბიუროს მეშვეობით[3] მოითხოვოს ზემოთ ხსენებული გირავნობის საგნის მის მფლობელობაში გადაცემა (იხ. მუხ. 281¹, 1-ლი ველი).

3

გირავნობის მოწმობის რეკვიზიტები[4] და მის მისაღებად წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა[5] განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე, რის გამოც არამართლზომიერი მოწმობის საფუძველზე გირაოს რეალიზაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოგირავნეს და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. გირავნობის მოწმობის გაცემის წინაპირობაა რეგისტრირებული გირავნობის გარიგებაში მხარეთა შეთანხმება მოგირავნის მიერ უშუალოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლებამოსილების მინიჭებაზე (283 I, თუმცა იხ. მუხ. 276, მე-4 ველი) ან მხარეთა შეთანხმება გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლაზე (260¹).[6]




  1. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 124.
  2. გირავნობის მოწმობა თავისი სამართლებრივი ბუნებიდან და ფუნქციიდან გამომდინარე, სრულებით განსხვავდება იპოთეკის მოწმობისაგან (289 I), რომელშიც დოკუმენტირებულია იპოთეკარის მოთხოვნის უფლება და, ამგვარად, ფასიანი ქაღალდია.
  3. იხ. აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამისი განმარტებითი ბარათები: http://nbe.gov.ge/?sec_ id=648&lang_id=GEO; http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=32&info_id=7586 (ბოლოს ნანახია: 22.02.2018).
  4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის # 891 ბრძანების 141 V მუხლი.
  5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის # 891 ბრძანების 141 III მუხლი.
  6. რისი წარდგენის გარეშეც გირავნობის მოწმობა არ გაიცემა, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის # 891 ბრძანების 141 IV ა) მუხლი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_258¹._გირავნობის_მოწმობა&oldid=1876"