Gccc-logo.png


მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 259. მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი


გიორგი რუსიაშვილი/ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოთხოვნის დაგირავება ხორციელდება წერილობითი ფორმით გარიგების დადებისა და ამ გარიგებით განსაზღვრული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით. აღნიშნულ გარიგებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.

2. ვიდრე მოვალეს წერილობით ეცნობებოდეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ, მას უფლება აქვს, შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის მფლობელის წინაშე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება 264-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

3. ფასიანი ქაღალდების დაგირავება ხორციელდება მათი შეძენისათვის დადგენილი წესით. საჯარო ფასიანი ქაღალდების დაგირავების წესი განისაზღვრება „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284.
საქართველოს 2006 წლის 8 დეკემბრის კანონი #3879 – სსმ I, #48, 22.12.2006 წ., მუხ. 321.

I. ზოგადი დებულები

1

259-ე მუხლი ადგენს მოთხოვნებისა და ფასიანი ქაღალდების დაგირავების სპეციალურ წესს. თუ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს მოძრავი ნივთების მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებისას შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ მფლობელობით და რეგისტრირებულ გირავნობას შორის, მათ არჩევანის უფლება უკვე აღარ აქვთ იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგანია მოთხოვნა (ან სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთე). მოთხოვნისა და ფასიანი ქაღალდის მოგირავნის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით იხ. მუხ. 276, მე-7 ველი.

II. მოთხოვნის გირავნობაუნარიანობა, 259 I

2

მართალია, 259-ე მუხლი, განსხვავებით ძველი რედაქციის 255 I 1 მუხლისგან, მოთხოვნების დაგირავების წესის განსაზღვრისას აღარ უთითებს მოთხოვნის დათმობის ზოგად ნორმებზე, თუმცა ეს გამომდინარეობს თავად 254 I მუხლიდან, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ სხვისთვის გადაცემადი მოთხოვნის დაგირავებაა შესაძლებელი. შესაბამისად, მოთხოვნის გირავნობაუნარიანობის განსაზღვრა 254 I, 199 I 1 მუხლების მიხედვით უნდა მოხდეს. მოთხოვნის დაგირავება არანამდვილია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც მისი დაგირავება ან დათმობა პირდაპირ გამორიცხულია მოვალესა და კრედიტორს შორის შეთანხმებით (199 I 1).[1] გარდა ამისა, ბევრ კანონისმიერ დანაწესში დაფიქსირებულია უფლების დათმობის და, შესაბამისად, მისი დაგირავების აკრძალვა (253, 242 II, 516 II, 632, 711 I, 933 I, 936), რაც ამ მოთხოვნებს ასევე გირავნობაუუნაროდ აქცევს.[2] 259 I 1 მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს, მოთხოვნების გარდა, ყველა სხვა არამატერიალური სიკეთის დათმობის შემთხვევებზე.

1. იპოთეკა

3

იპოთეკის უფლების დაგირავება შესაძლებელია მხოლოდ მისით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაგირავების ფორმით, რომელსაც მიჰყვება იპოთეკის უფლება 295 I მუხლში გამყარებული აქცესორულობის პრინციპის საფუძველზე (მუხ. 199, მე-8 ველი).[3] პირადი ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში მოქმედი ზოგადი პრინციპის თანახმად, იზიარებს რა დოკუმენტზე უფლება ამ დოკუმენტში განსხეულებული უფლების ბედს,[4] გირავნობის უფლება ვრცელდება ასევე იპოთეკის მოწმობაზეც.[5] თუ იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე და დაგირავებული მოთხოვნის მოვალე სხვადასხვა პირია, მათთვის გირავნობის შესახებ შეტყობინება, 259 II მუხლის მიხედვით, სავალდებულო არ არის.[6] 2896 მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ დამატებით ხერხს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაგირავებისას, რომელსაც გადაჰყვება ასევე იპოთეკის უფლება და უფლება იპოთეკის მოწმობაზე და, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს იპოთეკის მოწმობის დამოუკიდებელ გირავნობაუნარიანობას, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა როგორც იპოთეკის აქცესორულობის (295 I), ისე პირად ფასიან ქაღალდზე უფლების ამ ქაღალდში დაფიქსირებული უფლების გარეშე გადაცემის დაუშვებლობის (928 II) პრინციპთან.

2. წილი სამეწარმეო საზოგადოებაში

4

წილი სამეწარმეო საზოგადოებაში ასევე შეიძლება გახდეს, 259-ე მუხლის მიხედვით, გირავნობის საგანი (იხ. მუხ. 254, მე-13 ველი). მართალია, ამ შემთხვევაში გარიგების ფორმასავალდებულოობისათვის გადამწყვეტია არა 259 I 1 მუხლი, არამედ წილის დათმობისათვის განსაზღვრული ფორმა, თუმცა რეალურად მხოლოდ კომანდიტის წილის დათმობისათვის არის გაწერილი ნოტარიული ფორმა (მეწარმეთა შესახებ კანონის 43 II მუხლი); ყველა სხვა შემთხვევაში მარტივი წერილობითი ფორმა საკმარისი უნდა იყოს. იხ. სააქციო საზოგადოებაში წილის დაგირავებასთან დაკავშირებით ქვევით, მე-10 და მომდევნო ველები.

5

შპს-ის წილის დაგირავების შემთხვევაში საკამათოა, აქვს თუ არა მოგირავნეს, გარიგების წერილობითი ფორმით დადებისა და მისი რეგისტრაციის გარდა, საზოგადოების წინაშე რაიმე სხვა მოქმედების განხორციელების ვალდებულება.[7] ცალსახაა, რომ საზოგადოებისათვის გირავნობის შესახებ შეტყობინება (259 II) ზედმეტი უნდა იყოს, რადგან აქ საქმე ეხება არა კონკრეტული მოთხოვნის, არამედ მთლიანი წილის დაგირავებას,[8] ისევე როგორც არ არის აუცილებელი მოგირავნის შპს-ის პარტნიორთა სიაში შეტანა.[9] გამონაკლისის სახით აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება გირავნობის შესახებ მოგირავნისათვის სარგებლობის უფლების მინიჭებისას (იხ. მუხ. 254, მე-13 და მუხ. 261, მე-11 ველები).[10]

6

კაპიტალური საზოგადოების წილისაგან განსხვავებით, პირთა გაერთიანებაზე დამყარებულ საზოგადოებაში (ამხანაგობა, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომპლემენტარის წილი კომანდიტურ საზოგადოებაში) წილის დაგირავება, ჩვეულებრივ, შეუძლებელი (254 I, 199 I 1) უნდა იყოს,[11] გამომდინარე იქიდან, რომ შეუძლებელია ამ წილის დათმობა. თუმცა გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც თავად წესდება ითვალისწინებს წილის დათმობის შესაძლებლობას, ან ეს ყველა პარტნიორის თანხმობით ხდება.[12]

III. მოვალის შეტყობინება და მისი შედეგები, 259 II

1. მოვალის შეტყობინება

7

ახალი რედაქციის 259 II 1 მუხლში, ძველი რედაქციის 255-ე მუხლის მსგავსად, ძალაშია დატოვებული მოთხოვნის დაგირავების შესახებ მოვალის შეტყობინების ვალდებულება, რის გარეშეც მოვალეს შეუძლია ვალდებულების მოთხოვნის მფლობელის წინაშე შესრულება. შეტყობინების ვალდებულება, მე-200 მუხლში დაფიქსირებული შეტყობინების ვალდებულების დარად, პირველ რიგში, მიზნად ისახავს მოვალის ნდობის დაცვას თავდაპირველი კრედიტორის მიმართ შესრულებით ვალდებულებისაგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.[13] გარდა ამისა, შეტყობინებამ საჯარო უნდა გახადოს დამგირავებელი კრედიტორის ქონებიდან ამ დაგირავებული მოთხოვნის გამოთიშვა.[14]

8

თავად შეტყობინება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოხატვაა,[15] რომლითაც კრედიტორი ამცნობს მოვალეს მოთხოვნის დაგირავების შესახებ.[16] ამ ნების გაცხადება შეიძლება მოხდეს კონკლუდენტური მოქმედებითაც, მაგალითად, გირავნობის ხელშეკრულების ასლის გადაგზავნით,[17] თუმცა მხოლოდ კრედიტორის დუმილი მოვალის შეკითხვაზე საკმარისი არ არის,[18] ისევე როგორც გირავნობის შესახებ სხვა წყაროდან ცოდნის მოპოვება.[19] მოგირავნეს მოვალისათვის შეტყობინების უფლება კრედიტორისაგან მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში აქვს.[20]

2. შეტყობინების შედეგები

9

განსხვავებით მე-200 მუხლისაგან, რომლის მიხედვითაც შეტყობინების შემდეგ მოვალე კარგავს ცედენტის მიმართ შესრულების უფლებას, კანონმდებელი 259 II 1 მუხლში პირდაპირ არ ითვალისწინებს მოთხოვნის დაგირავების შესახებ მოვალისთვის შეტყობინების შედეგებს,[21] რის გარეშეც გაუგებარი ხდება თავად ამ შეტყობინების მიზანი – ცესიისაგან განსხვავებით, მოთხოვნის დაგირავებისას თავდაპირველ კრედიტორს პირდაპირ არ ანაცვლებს მოგირავნე (გირაოს რეალიზაციის დაწყებამდე, იხ. მუხ. 283, მე-12 ველი). თუმცა ამ მიზნის ამოკითხვა მაინც შესაძლებელია დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაციის წესისა (283 III, იხ. მუხ. 276, მე-7 ველი) და 264 I მუხლის ურთიერთკავშირიდან, საიდანაც ნათელი ხდება, რომ კანონმდებელი მოგირავნის უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრისას მიჯნას ავლებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომასა (გირაოს ვადამოსულობასა, 278) და მის დადგომამდე დროის მონაკვეთებს შორის. ამ ვადის დადგომის შემდეგ მოგირავნეს უკვე შეუძლია, გირავნობის საგნის რეალიზაციის ფარგლებში, დაგირავებული მოთხოვნის მოვალისაგან პირდაპირ მოითხოვოს შესრულება და ეს უკანასკნელი კარგავს კრედიტორის მიმართ შესრულების უფლებას (იხ. მუხ. 283, მე-12 ველი). გირავნობის ვადის გასვლამდე კი აუცილებელია 264 I მუხლის მიხედვით სუროგაციის უზრუნველყოფა, რის გამოც მოვალემ ან პირდაპირ მოგირავნეს უნდა გადასცეს ნივთი მფლობელობაში, ან უზრუნველყოს მასზე გირავნობის დარეგისტრირება (იხ. მუხ. 264, მე-3 და მომდევნო ველები). ამგვარად, შეტყობინება მოვალეს აკარგვინებს უფლებას, გირავნობის ვადის გასვლის შემდეგ შეასრულოს მოთხოვნა დამგირავებლის წინაშე, ხოლო ამ ვადის გასვლამდე მხოლოდ კრედიტორის წინაშე შესრულებით გათავისუფლდეს (უკუდასკვნა 259 II 1 მუხლიდან). შეტყობინების გარეშე დამგირავებლის მოვალეს ორივე შემთხვევაში უნარჩუნდება მის მიმართ შესრულებით ვალდებულებისაგან გათავისუფლების უფლება. შესრულების საგანზე გირავნობის დადგენის ვალდებულება ამ შემთხვევაში დამგირავებელს ეხება.

IV. ფასიანი ქაღალდების დაგირავება, 259 III

10

ფასიანი ქაღალდების დაგირავების მიმართ კანონი ადგენს ორგვარ წესს, იმის მიხედვით, არის თუ არა ფასიანი ქაღალდი საჯარო ფასიანი ქაღალდი. თუ ფასიანი ქაღალდი არ არის საჯარო ფასიანი ქაღალდი, მისი დაგირავება ხორციელდება შეძენისათვის დადგენილი წესით (259 III 1). მართალია, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის შემთხვევაში, – როგორებიცაა, მაგალითად: საწარმდგენლო სავალო ქაღალდი (911), საწარმდგენლო სასაწყობო მოწმობა (788), საწარმდგენლო სადაზღვევო მოწმობა (803 I, ვარ. 1), მცირე ღირებულების სავალო დოკუმენტი (921), საწარმდგენლო ჩეკი (ჩეკის შესახებ კანონის 3 I გ) მუხლი), (ჩვეულებრივი) სამგზავრო ბარათი, ლატარიის ბილეთი,[22] საწარმდგენლო აქცია და სხვ., – მასში დაფიქსირებული უფლება გირავდება, თუმცა ქაღალდსა და მასში განსხეულებულ უფლებას შორის არსებული განუყოფელი კავშირის გამო („ქაღალდში განსხეულებული უფლება იზიარებს ქაღალდზე უფლების ბედს“[23]), მისი დაგირავებისათვის საკმარისია ფასიანი ქაღალდის, როგორც მოძრავი ნივთის, დაგირავება.[24] ანუ გირავნობის შეთანხმება და ფასიანი ქაღალდის შემძენის მფლობელობაში გადაცემა (913).

11

განსხვავებით საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდისაგან, საორდერო და პირადი ფასიანი ქაღალდის ფლობა არ ანიჭებს მათ მფლობელს ავტომატურად ამ ქაღალდში დაფიქსირებულ უფლებას, რის გამოც განსხვავებულია როგორც მათი დათმობის, ისე დაგირავების წესი. საორდერო ფასიანი ქაღალდის, მაგალითად, სახელობითი აქციის, დაგირავება ხორციელდება ინდოსამენტითა და თავად დოკუმენტის შემძენის მფლობელობაში გადაცემით (923) ან ამ აქციაში განსხეულებული წევრობის უფლების დათმობით, 259 I მუხლის მიხედვით;[25] რაც შეეხება პირად ფასიან ქაღალდს, მისი დაგირავება შესაძლებელია მხოლოდ მასში განსხეულებულ უფლებასთან ერთად, ამ უფლების გადაცემისათვის დადგენილი წესის დაცვით (928 II, მაგალითისათვის იხ. ზემოთ). საჯარო ფასიან ქაღალდს მიეკუთვნება იმ კლასის ფასიანი ქაღალდები, რომელთა განთავსებაც ხდება საჯარო შეთავაზების გზით ან/და ისინი დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე. მათი დაგირავების წესი განისაზღვრება ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონით, კერძოდ, დაგირავებისათვის საჭიროა გირავნობის ხელშეკრულების ფასიანი ქაღალდების რეესტრში რეგისტრაცია, ან, თუ საჯარო ფასიანი ქაღალდები ნომინალურ მფლობელთან იმყოფება, – ნომინალური მფლობელის ჩანაწერებში რეგისტრაცია (კანონის 19 I მუხლი).




  1. მოთხოვნის დათმობის აკრძალვა, განსხვავებით ყველა სხვა განკარგვის აკრძალვისაგან, ძალაშია არა მხოლოდ მოვალესა და კრედიტორს შორის, არამედ მესამე პირებთან ურთიერთობაშიც, იხ. Armbrüster, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 137, Rn. 11.
  2. ვალდებულების არსიდან გამომდინარე, დათმობა და, შესაბამისად, 254 I, 199 I 1 მუხლის მიხედვით გირავნობაუუნარო მოთხოვნებთან დაკავშირებით იხ. 199-ე მუხლის კომენტ., მე-2-მე-6 ველები. ასეთ მოთხოვნებს განეკუთვნება ასევე ვინდიკაციაც (Roth/Kieninger, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 399, Rn. 21).
  3. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1274, Rn. 8.
  4. გსკ-ის 952-ე პარაგრაფი, რისი არაზუსტი შესატყვისიც არის 928 II მუხლი.
  5. RG WarnR 1918 Nr. 56.
  6. Sosnitza, იქვე.
  7. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1274, Rn. 14.
  8. RGZ 57, 415.
  9. Sosnitza, იქვე.
  10. იქვე.
  11. BGH BB 1972, 11.
  12. BGH NJW 1954, 1156; BGH NJW 1978, 1525; BGH NJW 1981, 2747.
  13. Roth/Kieninger, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 407, Rn. 1.
  14. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1280, Rn. 1.
  15. RGZ 89, 289.
  16. RGZ 68, 282; RGZ 89, 290.
  17. OLG Köln NJW-RR 1990, 485.
  18. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1280, Rn. 4.
  19. RGZ 68, 281; RGZ 89, 289.
  20. OLG Köln NJW-RR 1990, 485.
  21. მაგალითად, გსკ-ის 1280-ე პარაგრაფის მიხედვით.
  22. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1293, Rn. 2.
  23. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1293, Rn. 1.
  24. RGZ 58, 10.
  25. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1274, Rn. 13.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_259._მოთხოვნებისა_და_ფასიანი_ქაღალდების_დაგირავების_წესი&oldid=2022"