Gccc-logo.png


მუხლი 26. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 26. იურიდიული პირის ადგილსამყოფელი


ირაკლი ბურდული/დემეტრე ეგნატაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).

2. იურიდიული პირის სხვა ადგილსამყოფელი ჩაითვლება მისი ფილიალის ადგილსამყოფლად.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი #3967 — სსმ I, #48, 22.12.2006წ., მუხ.336

I. შესავალი

1

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს შესატყვისი ადრესატები ჰყავს. მათ შორის ერთ-ერთი ადგილი იურიდიულ პირს უკავია, როგორც კონსტიტუციით დადგენილი ძირითადი უფლებების მიზან სუბიექტს.[1] კერძო სამართლის იურიდიულ პირს, იქნება ეს სამეწარმეო თუ არასამეწარმეო იურიდიული პირი, აქვს კლასიკური რეკვიზიტები, რომელიც მას პრაქტიკულად სუბსტანციურ არსს განუსაზღვრავს.[2] ასეთ ერთ-ერთ მთავარ რეკვიზიტად წარმოდგენილია იურიდიული პირის ადგილსამყოფელი, რომლის (ადგილსამყოფლის) სამართლებრივი სინონიმი იურიდიული მისამართია.[3]

II. იურიდიული პირის ადგილსამყოფელის მიზნობრივი კონსტრუქცია

2

თანამედროვე კერძო თუ საერთაშორისო კერძოსამართლებრივი ურთიერთობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია იურიდიული პირის ადგილსამყოფლის ზუსტი განსაზღვრა. მის რელევანტურობას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განაპირობებს. პირველი, ეს არის იურიდიული პირის სტატუსის, ორგანიზაციული მოწყობისა და ამ ორგანიზებულობის დასრულების (დაშლის) მოწესრიგებაზე გასავრცელებელი ნორმების იდენტიფიცირების პრობლემა.[4]

3

ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომლის ორგანიზებულობის ერთ-ერთ ძირითად გამოვლენად მესამე პირებისადმი „შიდა“, პარტნიორებს შორის ურთიერთობის გარეთ, მესამე პირებთან მიმართებით გატანა („გაცხადება“)[5] წარმოადგენს,[6] საზოგადოებრივი (როგორც ფართო, ისე მისი ვიწრო გაგების კონტექსტში) ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ადმინისტრაციის ადგილსამყოფლის არსებობა. იურიდიული პირის ადგილსამყოფლად კი ითვლება მისი ადმინისტრაციის (ე.წ. სათავო ოფისის) მდებარეობის ადგილი. თუ იურიდიულ პირს სხვადასხვა ადგილას აქვს ადმინისტრაციული ერთეული, მაშინ მან ერთ-ერთი უნდა აირჩიოს იურიდიული პირის ადგილსამყოფლად.[7]

4

ძირითადი ადმინისტრაციული ადგილსამყოფელი იურიდიული პირის სახასიათო რეკვიზიტებიდან (სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის ნომერის, საიდენტიფიკაციო ნომერი, სახელწოდება)[8] 26-ე მუხლის რეგულირებად სფეროს წარმოადგენს. იურიდიული პირის დამფუძნებელ პირთა წინარე სადამფუძნებლო ეტაპზე არსებული ერთსულოვანი შეთანხმება აყალიბებს წინარე სადამფუძნებლო საზოგადოებას.[9] ამ ეტაპზე იურიდიული პირის დამფუძნებელ პირებს შორის ყალიბდება სპეციფიკური „შიდასაზოგადოებრივი“ ურთიერთობა, რომლის სპეციფიკას წინარე საზოგადოების მიზანი განსაზღვრავს — მოხდეს არსებული შიდა ურთიერთობის გარეთ გატანა.[10] იურიდიული პირი მესამე პირებთან ეკონომიკურ-სამართლებრივი და საქმიანი შემხებლობის ერთ-ერთ წერტილს სწორედ იურიდიული მისამართის საშუალებით იჩენს.

5

იურიდიული მისამართი იურიდიული პირის ისეთივე აუცილებელი ნიშანია,[11] როგორც სახელწოდება. ლოგიკურია, რომ მას მოეთხოვება რეგისტრაციისთვის ცნობა იურიდიული მისამართის შესახებ. თუკი ეს მისამართი ეკუთვნის სხვა პირს, რომელიც სარგებლობისთვის გადასცემს მას დასაფუძნებელ იურიდიულ პირს, მაშინ აუცილებელია ამ ადგილსამყოფლის მესაკუთრის თანხმობა ან სარგებლობის თაობაზე ხელშეკრულება.[12] იდენტურ დათქმას შეიცავს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქცია (11 V), რომლის მიხედვით საწარმოს იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის სავალდებულოა ადგილსამყოფლის მესაკუთრის სათანადო წესით დადასტურებული თანხმობის ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენა.

6

იურიდიული მისამართი — ეს არის განსაზღვრულ ფარგლებში ტერიტორიის ინდივიდუალიზება, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი, რეგისტრირებული და აქვს იურიდიულად მბოჭავი ხასიათი.[13] შესაბამისად, იურიდიული მისამართი არის სუბიექტივირებული გეოგრაფიული წერტილი, რომელიც ქალაქებში ქუჩითა და შესაბამისი ნომრით უნდა გამოიხატოს[14] ან უნდა ხასიათდებოდეს საორიენტაციო ნიშნით, სადაც უფრო კონკრეტული მითითება შეუძლებელია (მაგალითად, დასახლება, უბანი და ა.შ.).[15] ის შეიძლება კორელაციაში იყოს საქმიანობის ადგილთან ან არ ემთხვეოდეს მას.[16]

7

26-ე მუხლის მიხედვით იურიდიული პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. ამასთან, კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ იურიდიულ პირს ჰქონდეს მხოლოდ ერთი იურიდიული მისამართი. თუ იურიდიულ პირს მართვის ორგანიზებულად განხორციელების სტრატეგიულ სეგმენტში საქმიანობის გეოგრაფიული არეალის გაფართოების ან მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ადმინისტრაციული ერთეულების დამატება ესაჭიროება, მას ეს შეუძლია პრაქტიკულ რეალიზაციაში მოიყვანოს სამართლებრივად განსხვავებული მეთოდით, ვიდრე ეს იურიდიული პირის მისამართია. კერძოდ, მართვის სტრუქტურულ ორგანოს შეუძლია მიიღოს იურიდიული პირის საქმიანობის სრულყოფისა და დახვეწისთვის მისი ტერიტორიული, გეოგრაფიულად გამოყოფილი, მაგრამ სამართლებრივად იდენტური ერთეულის _ ფილიალის დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება.[17] შესაბამისად, ძირითადი ადგილსამყოფლისგან (იურიდიული მისამართისგან) განსხვავებული ყველა ასეთი სტრუქტურული ერთეული იურიდიული პირის ფილიალის ადგილსამყოფლად ჩაითვლება.[18]

8

პარალელურად, იურიდიულ პირს შესაძლოა ჰქონდეს ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რომელიც, რა თქმა უნდა, მისი იურიდიული მისამართი არ არის. ეს არის იურიდიული პირის ალტერნატიული მისამართი,[19] რომელიც ეკონომიკური ბრუნვის სტაბილურობისა და სამართლებრივი პროცედურების განხორციელების დაცვის დამატებითი ინსტრუმენტია. იურიდიული პირის ალტერნატიული მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, თუ ეს განსხვავებულია რეგისტრირებული მისამართისგან) როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ისე სამეწარმეო იურიდიული პირის სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში სავალდებულოდ მისათითებელი რეკვიზიტია (29 III).[20] იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული მისამართი, როგორც მესამე პირებთან საკონტაქტო ადმინისტრაციული ერთეული,[21] არ იქნა მითითებული რეგისტრაციისთვის წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადში, მაშინ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში სარეგისტრაციო წარმოებისას მარეგისტრირებელი ორგანო დაადგენს ხარვეზს.[22]

III. იურიდიული მისამართის ფუნქციური დატვირთვა საპროცესო სამართალში

9

იურიდიული მისამართის განსაზღვრა პროცესუალური მნიშვნელობითაც გამოირჩევა.[23] იურიდიული მისამართის მიზანი არის ის, რომ დაინტერესებულმა პირმა და შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ (ფოსტა, საგადასახადო ორგანო), ფუნქციონირების პროცესის სრულყოფისთვის,[24] აუცილებლობის შემთხვევაში, ადვილად მიაგნოს მას.[25]

საქართველოს სასამართლო, რომელიც იურიდიულ პირთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავას განიხილავს, სასამართლო უწყებას აგზავნის იურიდიულ მისამართზე ან ალტერნატიულ მისამართზე.[26] სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით გამონაკლისია დადგენილი, რომ, თუ სარჩელი მომდინარეობს იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობიდან, სასამართლოს სარჩელი წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.[27] აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს განსაკუთრებულ განსჯადობას, რომლის თანახმად, თუ ურთიერთობა ეხება იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობას, მაშინ სარჩელი წარდგენილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, სადაც მდებარეობს ეს ფილიალი, მაგრამ ძირითადი საწარმოს წინააღმდეგ.[28] ამასთან, იურიდიული მისამართის არასწორი მითითება ან მისი შემდგომი შეცვლა შეტყობინების გარეშე, მაღალი საპროცესო რისკის შემცველია. კერძოდ, 76-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეებმა არ მიუთითეს მისამართის ცვლილების თაობაზე, მაშინ სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება ჩაითვლება ჩაბარებულად.[29] გარდა ამისა, კერძოსამართლებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყველა ხელშეკრულების და მისი ეგზემპლარის აუცილებელი რეკვიზიტია იურიდიული პირის სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ანგარიშის ნომერი და ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი).




  1. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის — „საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი“ — მთავარი ადრესატი ფიზიკური პირი, ინდივიდია. თუმცა, კონსტიტუცია სპეციალურ მუხლს (45) უთმობს ამ უფლებებისა და თავისუფლებების კიდევ ერთ სუბიექტს — იურიდიულ პირს. აღნიშნული მუხ. კომენტარი იხ.: კუბლაშვილი, იზორია/კორკელია/ კუბლაშვილი/ხუბუა, საქართელოს კონსტიტუციის კომენტარი, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, 2005, გვ. 396 და მომდ.; ბურდული, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, 2013, გვ. 599 და მომდ.; აშშ-ში უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა არასამეწარმეო იურიდიული პირის ისეთ „მოქალაქეობრივ“ უფლებაზე, როგორიც არის პოლიტიკური უფლებები, მაგრამ არა ხმის მიცემის უფლება, თავისუფალი „საუბრისა“ და საარჩევნო პროცესში ფინანსური მონაწილეობით ჩართულობის უფლება. იხ. Citizens United v. Federal Election Commission, 558 U.S-, 130 S. Ct. 876, 2010.
  2. იხ. Pinto/Branson, Understanding Corporate Law, 2009, p. 13.
  3. შდრ. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, მეორე, 2002, მუხ. 24, გვ. 117.
  4. შდრ. ქირია, იურიდიული პირის დაფუძნების თავისუფლება ევროპული სამართლის მიხედვით და გერმანიის საერთაშორისო საკორპორაციო სამართალი, სამართლის ჟურნალი, 1-2/2010, გვ. 140-146.
  5. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 178.
  6. რასაც მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის გზით ახორციელებს. იხ. ლილუაშვილი, მეწარმეთა რეგისტრაციის არსი და მიზნები, წიგნში: თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 139-145.
  7. იხ. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი II,მუხ. 27, გვ. 118.
  8. იხ. Allen/Kraakman/Subramanian, Commentaries and Caseson the Law of business Organization, 2012, p. 94-96.
  9. იხ. ბურდული, ქონებრივი ურთიერთობა სააქციო საზოგადოებაში, 2008, გვ. 66-69.
  10. წინარესაზოგადოების სამართლებრივი ბუნების, შიდა და გარესამართლებრივ ურთიერთობებთან მიმართებით, იხ. ბურდული, სააქციო სამართლის საფუძვლები, ტომი I, 2010, გვ. 426 და მომდ.
  11. ევროპის კავშირის მეორე საკორპორაციოსამართლებრივი დირექტივაც კომპანიის სადამფუძნებლო დუკუმენტები, რომელიც გახსნილობას ექვემდებარება უნდა შეიცავდეს საზოგადოების ადგილსამყოფელს. იხ. ჭანტურია, საკორპორაციო სამართლის ევროპული დირექტივები, წიგნში: თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 465.
  12. ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 255.
  13. ლილუაშვილი, მეწარმეთა რეგისტრაციის არსი და მიზნები, წიგნში: თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 168.
  14. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 81.
  15. ეს უკანასკნელი იმ შემთხვევაშია აუცილებელი, როდესაც არ არსებობს ისეთი დეტალური ნუმერაციული აღრიცხვა, როგორც ეს მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულებშია, მაგ., ქალაქებში. ეს უკანასკნელი, ძირითადად, ეხება სოფლებს. იხ. ლილუაშვილი, მეწარმეთა რეგისტრაციის არსი და მიზნები, წიგნში: თანამედროვე საკორპორაციო სამართლის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, 2009, გვ. 169.
  16. იხ. Del. Code Ann. Tit. 8, §§ 131, 2, 2001; Model Business Corp. Act §§ 5.01, 5.02, 5.03. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ზოგიერთ შტატში ბიზნეს ორგანიზაციის ორმაგი რეგისტრაციის იმპერატიული მოთხოვნაა დაწესებული. პირველი, ის გადის რეგისტრაციას, ე.წ. შტატის მდივანთან (secretary of state) და მეორე, ორგანიზაციას მოეთხოვება იმ ადმინისტრაციული ერთეულის კლერკთან გაიაროს რეგისტრაცია, სადაც ორგანიზაციის სათავო ოფისი, ანუ იურიდიული ადგილსამყოფელი იქნება. ამასთან, ადმინისტრაციული ერთეულის კლერკთან რეგისტრაცია ამ ორგანიზაციის წარმო- შობის (დაარსების) პრეკონდიცია არ არის. იხ. Cox/Hazen, The Law of Corporations, Vol. 1, 2010, P. 187. მაგრამ გამონაკლისი კანზასის შტატში იქნა სასამართლო პრაქტიკით დადგენილი, რომლის მიხედვითაც, თუ კომპანია არ გაივლის ორმაგ რეგისტრაციას, მაშინ მისი პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებზე პასუხს პირადად აგებენ. იხ. Insurance Agency v. Snyder, 930 P. 2d, 1054, 1058-1059, Kan. 1997.
  17. იხ. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 207-210.
  18. იხ. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, მუხ. 27, გვ. 118.
  19. ისევე როგორც იურიდიული მისამართი.
  20. იხ. French/Mayson/Ryan, Company Law, 2010, p. 67. ასევე, იხ. საქართველოს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მუხ. 5 I მ); საქართველოს პარლამენტის უწყებები, 21-22, 28/10/1994.
  21. Schneeman, The Law of Corporations and Other Business Organizations, 2008, p. 297-299.
  22. იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის #241 ბრძანება „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, მე-15 მუხლი.
  23. იხ. French/Mayson/Ryan, Company Law, 2010, p. 68.
  24. Palmiter, Corporations, 2006, p. 42.
  25. ჭანტურია/ნინიძე, მეწარმეთა შესახებ კანონის კომენტარი, 2002, გვ. 81.
  26. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი, მუხ. 71 I. პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997. ასევე, იხ. Cox/Hazen, The Law of Corporations, Vol. 1, 2010, p. 198-199.
  27. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსი, მუხ. 16 III; ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ამავე კომენტარის 28-ე მუხლი.
  28. აღნიშნული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც იქნა გამყარებული. იხ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის # ას-671-952-05 განჩინება. აქაც, გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებისა, სასამართლო სისტემაში ამ საკითხს გარკვეულწილად განსხვავებულად უყურებენ. იხ. ამავე კომენტარის 28-ე მუხლი.
  29. აშშ-ის სამოსამართლო პრაქტიკაში განიმარტა, რომ იურიდიული პირის ადგილსამყოფელი არის სადამფუძნებლო დოკუმენტის აუცილებელი საკანონმდებლო სარეკვიზიტო ნიშანი. შესაბამისად, რადგან დაფუძნების ეტაპზე კომპანია თავად ირჩევს იურიდიულ მისამართს, გონივრულია, რომ ამ კომპანიის მიმართ სასამართლო პროცესი რეგისტრირებული მისამართის მიხედვით იქნეს წარმოებული. იხ. Melliere v. Luhr Bros., Inc., 706 N.E.2d 40, 41, 1999.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_26._იურიდიული_პირის_ადგილსამყოფელი&oldid=1072"