Gccc-logo.png


მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 260. ლომბარდში ნივთების დაგირავების წესი


გიორგი რუსიაშვილი/ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ლომბარდში ნივთების დაგირავება ხორციელდება მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებისა და ნივთის ლომბარდის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის გზით.

2. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ წყდება იმ შემთხვევაშიც, როცა გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

260-ე მუხლის მიზანია ლომბარდში გირავნობისას, რაც მფლობელობითი გირავნობის სპეციალური სახეა, მომხმარებლის დაცვა ამ ხელშეკრულებისათვის სავალდებულო წერილობითი ფორმისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაუქმების დადგენით იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა მთლიანად არ ფარავს ლომბარდის მიმართ არსებულ ვალდებულებას. თუმცა გირავნობის სამართლის ამ ფორმით მოდიფიცირება, განსხვავებით უცხო ქვეყნის მართლწესრიგებში არსებული სპეციალური რეგულირებებისაგან,[1] რომლებმაც ლომბარდში დამგირავებელი პირის ინტერესების ეფექტური დაცვა უნდა უზრუნველყონ, არ გვევლინება ქმედით მექანიზმად ამ მიზნის მიღწევისათვის (იხ. ქვემოთ). 260-ე მუხლი არ ვრცელდება იმ ლომბარდების საქმიანობაზე (ძირითადად, ავტოლომბარდები), რომლებიც საკუთარი მოთხოვნის უზრუნველყოფის ფორმად რეგისტრირებულ გირავნობას ირჩევენ.

II. ლომბარდში გირავნობის დადგენა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის გაუქმება

2

ლომბარდში გირავნობის დადგენისათვის აუცილებელია წერილობითი ფორმის დაცვა – ეს კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და მისი შეუსრულებლობა იწვევს ლომბარდში გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას (59).

3

276 II მუხლით გათვალისწინებული ზოგადი წესის მსგავსად, ლომბარდში გირავნობის დროსაც ლომბარდის მოთხოვნა მოვალის მიმართ უქმდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად ვერ ფარავს ლომბარდის მოთხოვნას, თუმცა ეს ნორმა დისპოზიციურია და მხარეებს შეუძლიათ, შეთანხმდნენ საწინააღმდეგო წესზე.

III. დამგირავებლის უფლებების დარღვევა

4

გარდა იმისა, რომ 260-ე მუხლი არ ითვალისწინებს რაიმე დამატებით ქმედით მექანიზმს ლომბარდში დამგირავებლის უფლებების დასაცავად, ქართულ პრაქტიკაში ლომბარდების მიერ არსებული რეგულაციების დაცვაც კი არ არის უზრუნველყოფილი. ლომბარდი დაგირავებულ ნივთს, რომლის ღირებულებაც, ჩვეულებრივ, გაცემული სესხის ოდენობას მრავალჯერ აღემატება, დამგირავებლის მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში, ფაქტობრივად, თავის საკუთრებად მიითვლის, რაც არასწორია, რადგან, მიუხედავად 260 II მუხლის დისპოზიციურობისა, ამგვარი დათქმის გაკეთება მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობისას არის შესაძლებელი (2601), ლომბარდში გირავნობა კი მფლობელობითი გირავნობის ნაირსახეობაა. მაშინაც კი, როდესაც საკუთარ მოთხოვნას გირავნობის საგნის რეალიზაციის მეშვეობით იკმაყოფილებს, ის დამგირავებელს ატყობინებს მხოლოდ დავალიანების შესახებ და არა უშუალოდ რეალიზაციის თაობაზე შესაბამისი ვადის დაცვით (282 I, IV). ყურადღების მიღმაა დატოვებული 283 I 1 მუხლის მოთხოვნა, რომელიც მოგირავნის მიერ პირდაპირი მიყიდვის წესით საგნის რეალიზაციის შესაძლებლობას მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე ითვალისწინებს. პირდაპირი მიყიდვისას 283 I 2 მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების გადამოწმება შეუძლებელია. უხეშად ირღვევა ასევე 2851-ე მუხლის მოთხოვნები, რადგან არ ხდება დამგირავებლისათვის გირავნობის საგნის რეალიზაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა. საგნის რეალიზაციის შემდეგ ლომბარდი იტოვებს რეალიზაციის მთლიან თანხას, 280 III მუხლის მოთხოვნის სრული უგულებელყოფით.




  1. შდრ. მაგალითისათვის, გერმანიაში მოქმედი „ლომბარდში გირავნობის შესახებ დადგენილება“ (Pfandleihverordnung), რომელიც ავალდებულებს ლომბარდს დამგირავებელს კანონისმიერ დანაწესებთან შედარებით უფრო ხელსაყრელი პირობები შესთავაზოს (Damrau, Pfandleihverordnung, 2. Aufl., 2005, $ 5, Rn. 1; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, $ 1204, Rn. 9.2.; Wieling, Sachenrecht I, 1990, $ 15 III a(5); BGH NJW-RR 1987, 318). ლომბარდს საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ გირავნობის საგნიდან შეუძლია და ამ მიზნით დამგირავებლის სხვა ქონებას ვერ გადასწვდება. განსხვავებით 260 II მუხლისაგან, ეს დათქმა გერმანულ სამართალში იმპერატიული დანაწესია (თუმცა შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის #ას- 445-427-2016 განჩინება (26-29) მხოლოდ ლომბარდში გირავნობის შემთხვევისათვის, 276-ე მუხ., მე-9 ველი. გარდა ამისა, დადგენილება შეიცავს სპეციალურ ვადებს ლომბარდის მიერ გირავნობის საგნის რეალიზაციისათვის, რათა დამგირავებელს შეუნარჩუნდეს გირავნობის საგნის გადარჩენის შანსი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_260._ლომბარდში_ნივთების_დაგირავების_წესი&oldid=2025"