Gccc-logo.png


მუხლი 260¹. დაგირავებული ნივთის გადასვლა კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 260¹. დაგირავებული ნივთის გადასვლა კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

დაგირავებული ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (მოგირავნის) საკუთრებაში ამ კანონით გათვალისწინებულ საფუძველზე მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში და ამის შესახებ პირდაპირ უნდა აღინიშნოს ხელშეკრულებაში.

საქართველოს 2007 წლის 29 ივნისის კანონი #5127 – სსმ I, #27, 17.07.2007წ., მუხ. 260.

I. ზოგადი დებულებები

1

260¹ მუხლი ადგენს მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლის წესს და მისი მიზანია მოგირავნისათვის უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობის მინიჭება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცედურის თავიდან აცილებით. მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლა მხოლოდ 2007 წლის გირავნობის სამართლის რეფორმის შედეგად გახდა შესაძლებელი, როდესაც სამოქალაქო კოდექსს დაემატა 260¹ მუხლი. ამ მუხლის შემოტანით კანონმდებელმა სრულად შეცვალა თავისი პოზიცია თავდაპირველთან შედარებით, რომლის თანახმადაც, მოძრავი ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე მხარეთა შეთანხმება ბათილად მიიჩნეოდა (სამოქალაქო კოდექსის ძველი რედაქციის 270-ე მუხლი).

II. გირავნობის საგნის გადასვლა მოგირავნის საკუთრებაში

2

მოგირავნის საკუთრებაში გირავნობის საგნის გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრირებული გირავნობისას, ხელშეკრულებაში ამ პირობის პირდაპირ გათვალისწინებით (260¹). გარდა ამისა, აუცილებელია ამ დათქმის რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში (იხ. მუხ. 258, მე-4 ველი).[1]

1. საკანონმდებლო ხარვეზი – საგნის ღირებულების ხელშეკრულებაში დაფიქსირების არასავალდებულოობა

3

რეგისტრირებული გირავნობის ნორმატიული რეგულაციის მნიშვნელოვან ხარვეზად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ განსხვავებით იმ მაქსიმალური თანხისგან, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა (258 II დ), არც გირავნობის ხელშეკრულებაში და, შესაბამისად, არც რეესტრში არ ფიქსირდება თავად დაგირავებული საგნის ღირებულება, რის გარეშეც დამგირავებლის ინტერესების დაცვა მოგირავნის არაკეთილსინდისიერი მოქმედებისაგან, საგნის პირდაპირ ამ უკანასკნელის საკუთრებაში გადასვლისას, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი ხდება.

4

თუ მოგირავნე საკუთარი მოთხოვნის გირავნობის საგნის რეალიზაციის მეშვეობით დაკმაყოფილებისას ვალდებულია ან აუქციონზე გაიტანოს საგანი, ან გაასხვისოს ის სამართლიან ან გონივრულ ფასად (283 I 2), ან სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით (283 II), ხოლო ამოღებული თანხით საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი თანხა დამგირავებელს დაუბრუნოს (280 III), გირავნობის საგნის პირდაპირ მოგირავნის საკუთრებაში გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და საგნის ღირებულების თანაფარდობა არაფრით არ არის უზრუნველყოფილი.[2] ამ შემთხვევაში მოგირავნეს თავისუფლად შეუძლია, აიძულოს დამგირავებელი, მის სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დატვირთოს ნივთი, რომლის ღირებულებაც მნიშვნელოვნად აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას, – დამგირავებელი, ჩვეულებრივ, თანახმაა ამ პირობაზე, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ მოთხოვნის დაფარვისა და დაგირავებული საგნის გამოხსნის იმედი აქვს,[3] – შემდეგ კი პირდაპირ მოიპოვოს საკუთრება ამ საგანზე, უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და გირავნობის საგნის ღირებულების ყოველგვარი შემდგომი შეპირისპირების გარეშე. ეს გადაწყვეტა არასწორია და ეწინააღმდეგება როგორც 280 III მუხლში დაფიქსირებულ პრინციპს, ასევე, 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის მიხედვით, ე. წ. გამყვლეფი გარიგების არანამდვილობის ზოგად წესს (იხ. მუხ. 54, 35-ე ველი).[4] მართალია, გირავნობის ხელშეკრულების არანამდვილობა, ამ დანაწესის მიხედვით, არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაში გირაოს ღირებულების მითითებაზე, თუმცა ამის გარეშე საგანთა მთელი რიგის შემთხვევაში შეუძლებელი ხდება მათი ღირებულების გადამოწმება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.

5

იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირაოს ღირებულებასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის შეუსაბამობა, მართალია, არ აღწევს „გაყვლეფის“ ნიშნულს, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია (მაგ., ორიათასლარიანი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად ოთხიათასლარიანი მანქანის დაგირავება), და აუცილებელია, მოგირავნემ ხელშეკრულებაში გირაოს ღირებულების მითითებით „გაისიგრძეგანოს“ მისი კომპენსაციის გარეშე დაკარგვის რისკი.[5] პარალელის გავლება შეიძლება გარიგების ფორმასავალდებულოობის შესაბამის ფუნქციასთან, მუხ. 68, მე-3 ველი.

6

ის ფაქტი, რომ ეს შედეგი მხოლოდ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში დგება, რასაც დამგირავებელი გარიგების დადების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, არ ითვალისწინებს (ამას მხოლოდ მეორე მხარე ითვალისწინებს და რის გარეშეც არ არის ხოლმე მზად, გასცეს კრედიტი), არ აქარწყლებს ამორალურობის მომენტს, პირიქით, მიუთითებს მოვალის გაძლიერებული დაცვის აუცილებლობაზე ამ (მისი პერსპექტივიდან) ატიპური რისკისაგან, რომელიც მეორე მხარის მიერ წინასწარ იყო გათვლილი და ჩაფიქრებული.

2. გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის დამატებითი წინაპირობა

7

ქართულ სამართალში არსებული რეგულაციების საფუძველზე არ ხერხდება არა მარტო 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის პრიზმაში მოცემული შემთხვევის შეფასება, არამედ არ ხდება გირავნობის დადებიდან გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლამდე არცერთ ეტაპზე მისი ღირებულების დადგენა, რაც ამ ღირებულებისა და მოთხოვნის ოდენობის შეპირისპირების წინაპირობაა.[6] ეს, საბოლოო ჯამში, ართულებს არა მხოლოდ დამგირავებლის, არამედ იმ მოგირავნის ინტერესების დაცვასაც, რომელსაც არ სურს გირაოს მის საკუთრებაში გადასვლით ავტომატურად დაკარგოს უზრუნველყოფილი მოთხოვნა, თუ საგნის ღირებულება მას ვერ ფარავს (276 II მუხლის მე-2 ვარიანტი), რადგან, როგორც წესი, ამ პირობას მოგირავნე არ გაითვალისწინებს, თუ წინასწარ არ შეაფასებს და დააფიქსირებს გირავნობის საგნის ღირებულებას ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, მოგირავნის ინტერესების დამცავი სხვა მექანიზმების (შდრ. 261 III, IV) მოქმედებაში მოსაყვანად საჭიროა რეგისტრირებული გირავნობის დადგენის მომენტში (ვალდებულების შეუსრულებლობისას) საკუთრებაში გადასაცემი საგნის ღირებულების განსაზღვრა, რაც კანონში პირდაპირ არ არის გაწერილი. ამიტომაც აუცილებელია, სასამართლო პრაქტიკამ რეგისტრირებული გირაოს პირდაპირ მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის დათქმის ნამდვილობის წინაპირობად გაითვალისწინოს გირაოს ღირებულების ხელშეკრულებაში დაფიქსირება.[7] საბაზრო ღირებულების არმქონე საგნების შემთხვევაში გირავნობის ამ ფორმით შეთანხმება შეუძლებელი უნდა იყოს. ორივე შემთხვევაში, თუ საგნის რეალური ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება (ან ჩამოუვარდება) უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას, ხელშეკრულება საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის ნაწილში (62) არანამდვილად უნდა ჩაითვალოს 54-ე მუხლის მე-3 ვარიანტის მიხედვით.[8] იხ. დამატებით გირაოს მოგირავნის საკუთრებაში გადასვლასთან დაკავშირებით მუხ. 276, მე-5 და მომდევნო ველები.




  1. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 27 f.
  2. გირაოს მოგირავნის მფლობელობიდან იძულების წესით გამოთხოვისას ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის აუცილებლობა (სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 25 IV I მუხლი) ამ თანაფარდობას ვერ უზრუნველყოფს.
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1229, Rn. 1; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1229, Rn. 20; ამ გარემოების გამო, გსკ-ის 1229-ე პარაგრაფის მიხედვით, არანამდვილია მოგირავნეზე საკუთრების გადასვლის შეთანხმება (lex commissoria) ნებისმიერი ფორმით, თუ ის ვალდებულების შესრულების ვადის დადგომამდეა მიღწეული.
  4. ასევე კრედიტის უზრუნველყოფის სხვა საშუალების, პირგასამტეხლოს შემთხვევაში, 420-ე მუხლ- ში დაფიქსირებულ პრინციპთან. მით უფრო მეტად უნდა არსებობდეს ამგვარი შეზღუდვა გირავნობისას, რომელიც, პირგასამტეხლოსაგან განსხვავებით, მიზნად ისახავს არა მოვალის დასჯას ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, არამედ მხოლოდ კრედიტორის დაკმაყოფილებას. გერმანულ სამართალში ამორალურად ითვლება უკვე კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფის გადაჭარბებული და შეუსაბამო საშუალებების გამოყენება (54-ე მუხლის კომენტ., 35-ე ველი), ამ ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის საფრთხის გარეშეც კი, რადგან ამგვარი დათქმის გაკეთებას რეალიზაციის მომენტის დადგომამდე გერმანული სამართალი ცალსახად კრძალავს (გსკ-ის 1229-ე პარაგრაფი, გამონაკლისია 1259-ე პარაგრაფი).
  5. იხ. ამ რისკის პრევენციასთან დაკავშირებით დამატებით 276-ე მუხლის კომენტ., მე-10 ველი, თუმცა ეს „ნამატის“ ანაზღაურების ვალდებულება არ გამორიცხავს იმას, რომ მოგირავნეს ბევრ შემთხვევაში შეუძლია, უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეარჩიოს მომენტი, როდესაც გირაოს საბაზრო ფასი დაბალია და „ჩალის ფასად“, ანუ ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე, ჩაიგდოს ის ხელში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ დამგირავებელმა უკვე ხელშეკრულების დადების მომენტში გააცნობიეროს გირაოს დაკარგვის საფრთხე.
  6. 258 II დ) მუხლი გირავნობის ხელშეკრულებაში მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მაქსიმალურ ფარგლებს ითვალისწინებს.
  7. ამ წესს შეიცავს, მაგალითად, პოლონეთის რეგისტრირებული გირავნობის შესახებ კანონის 23 I, II მუხლი (იხ. ამასთან დაკავშირებით: Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 28).
  8. Thonabauer/Nösslinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko – Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 28.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_260¹._დაგირავებული_ნივთის_გადასვლა_კრედიტორის_(მოგირავნის)_საკუთრებაში&oldid=2028"