Gccc-logo.png


მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის, შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.

2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს, მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია, მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე ვალდებულია, დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.

3. მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.

4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა- შენახვის ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.

5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში, მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

მოგირავნესა და დამგირავებელს შორის გირავნობის დადგენით წარმოიშობა კანონისმიერი ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობა. მისი შინაარსი გაწერილია 261 I-V მუხლის გარდა, 282 III, 283 I, 282 IV მუხლებში, რომლებიც ასევე დისპოზიციურ ხასიათს ატარებენ. შესაბამისად, განსხვავებულ წესზე შეთანხმების გარეშე გირაოს რეალიზაციის ვადის მოსვლამდე დამგირავებლისა და მოგირავნის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს 261 I-V მუხლი. ის მიზნად ისახავს ორივე მხარის ინტერესების დაცვას გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვასთან, გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღებასა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებული შესაბამისი უფლებებისა და ვალდებულებების განაწილებით. გაბატონებული მოსაზრების[1] თანახმად, კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშობა მხოლოდ გირავნობის ხელშეკრულების მხარეებს შორის, რის გამოც 254 I მუხლის გაგებით მესაკუთრე-მესამე პირი (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი) ამ ურთიერთობიდან წარმოშობილ უფლებებზე ვერ მიუთითებს.

II. მფლობელობითი გირავნობის ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები

1. მოვლა-შენახვის ვალდებულება, 261 I

2

ვინაიდან მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის (ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის) პირდაპირ მფლობელობაში, ამ უკანასკნელის უპირველესი ვალდებულებაა ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამგირავებელს შეუძლია, მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა (261 I). ეს ნორმა აწესებს არა მხოლოდ მატერიალური ნივთის მოვლისა და შენახვის, არამედ ასევე გირავნობის ყველა სხვა საგნის, მათ შორის არამატერიალური ქონებრივი სიკეთის ფასის შეუმცირებლად შენარჩუნების ვალდებულებას; ვალდებულება მიზნად ისახავს ასევე კრედიტორის ინტერესების დაცვასაც, ვინაიდან სწორედ გირავნობის საგნიდან უნდა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება.[2] რეგისტრირებული გირავნობისას იგივე ვალდებულება ეკისრება დამგირავებელსაც, თუ გირავნობის საგანი მის მფლობელობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებელი მოვლა-შენახვის ვალდებულების კონტექსტში არ ასხვავებს მფლობელ-მოგირავნეს, მფლობელ- მოვალე-დამგირავებელსა და არამოვალე-დამგირავებელს, ისევე როგორც მოგირავნის მიერ განსაზღვრულ ნივთის მფლობელ მესამე პირს და არ აკისრებს მათ სპეციფიკურ ვალდებულებებს, 261 I მუხლში გაწერილი ვალდებულებების ერთიანად დახასიათება ჩანს მიზანშეწონილი, რეგისტრირებულ და მფლობელობით გირავნობას შორის მიჯნის გავლების გარეშე, რადგან მოვლა-შენახვის კუთხით ზემოთ აღწერილ შემთხვევებს შორის ერთადერთი განსხვავების განმაპირობებელი მომენტი არის მოვალის პიროვნება და არა თავად ვალდებულების შინაარსი. მოგირავნეს ეკისრება 261 I მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაშიც, თუ გირავნობის საგანი შემთხვევით მის მფლობელობაში აღმოჩნდება (რისი მოთხოვნის უფლებაც მას არ გააჩნია), ისევე როგორც ამ საგნის მფლობელ კანონისმიერი გირავნობის უფლების მქონე კრედიტორს.[3]

ა) მოვლა-შენახვის ვალდებულების შინაარსი

3

იმ შემთხვევაში, თუ მხარეები არ შეათანხმებენ სპეციალურ უფლება- მოვალეობათა პროგრამას გირავნობის საგნის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით და ეს არც აღიარებული სავაჭრო ტრადიციიდან არ გამომდინარეობს, შენახვის ვალდებულების ზოგადი ჩარჩო განისაზღვრება 768-ე და მომდევნო მუხლების ანალოგიის მეშვეობით.[4] თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა ინტერესები ამ ორ ურთიერთობაში განსხვავებულად არის გადანაწილებული, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს, მიზანშეწონილია თუ არა მიბარების წესების გამოყენება.[5] მაგალითად, დასაშვებია 766 I მუხლის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ნივთის მესამე პირთან შენახვა, რა შემთხვევაშიც შენახვის ვალდებულების მესამე პირისათვის გადამნდობი პირი პასუხს აგებს არა 766 II მუხლის მიხედვით, არამედ ნებისმიერი ბრალისათვის.[6] გარდა ამისა, გირავნობის საგნის მფლობელი პირის პასუხისმგებლობის მასშტაბი განისაზღვრება არა 765-ე მუხლის შესაბამისად, არამედ პასუხისმგებლობის ზოგადი წესებით (395, 396).[7] შენახვისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების საფუძველია არა 773 II, არამედ 261 III მუხლი, ხოლო უკან დაბრუნების ვალდებულებას, 772-ე მუხლის ნაცვლად, 282 IV და 275 I მუხლები აწესრიგებს.[8] 764-ე და 770-ე მუხლები ამ შემთხვევაში არ გამოიყენება, თუმცა ნივთის თვისებებით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება 769-ე მუხლის მიხედვით.[9]

4

მფლობელობითი გირავნობისას მოგირავნე-კრედიტორს არ ეკისრება ნივთის ღირებულების შენარჩუნების ვალდებულება, რომელიც სცდება ჩვეულებრივი მოვლა-შენახვის ფარგლებს. მაგალითად, ის არ არის ვალდებული, დააზღვიოს ნივთი (იხ. 262-ე მუხლის კომენტარი), ან გასწიოს მასზე დანახარჯები.[10] განსხვავებული წესი მოქმედებს მხოლოდ შესაბამისი შეთანხმების არსებობის შემთხვევაში ან განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, მაგალითად, დაგირავებული ცხოველის გამოკვება.[11] გერმანული სასამართლო პრაქტიკის[12] მიხედვით, თუ გირავნობის საგანს გაუფასურება ან გაფუჭება ემუქრება (მაგ., აქციათა კურსის ვარდნა), მოგირავნე ვალდებულია, გაასხვისოს ის და ჩაანაცვლოს სხვა ქონებით, რაც საკმაოდ პრობლემურია, რადგან 282 III მუხლი ამ შემთხვევის გადაწყვეტის სპეციალურ წესს შეიცავს.[13] ფასიანი ქაღალდების შენახვის ადგილის ცვლილება ავტომატურად არ განაპირობებს შენახვის ვალდებულების დარღვევას.[14] საწყობის გასაღების გადაცემის ვალდებულება, სადაც მოთავსებულია გირავნობის საგანი, არ ავალდებულებს მას, მოუაროს და შეინახოს ასევე იქ განთავსებული სხვა საგნები.[15]

ბ) მოვლა-შენახვის ვალდებულების დარღვევა, 261 IV

5

დამგირავებელს (როგორც მოვალეს, ისე მესამე პირს) აქვს მოგირავნის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ 261 I მუხლით გათვალისწინებული მოვლა-შენახვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, როგორც კანონისმიერი ვალდებულების დარღვევის გამო (394 I), ისე დელიქტური წესით (992).[16] საკუთარი უფლებების დასაცავად მას შეუძლია, გამოიყენოს ასევე ნეგატორული სარჩელი (172 II).[17] 261 IV მუხლი აფართოებს მხარეთა უფლებების წრეს იმ შემთხვევისათვის, როდესაც მეორე მხარე არღვევს 261 I მუხლით გათვალისწინებულ გირავნობის საგნის მოვლა-შენახვის ვალდებულებას.

6

აა) ვალდებულების დარღვევა ამ მოთხოვნის პირველი წინაპირობა გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე გირავნობის საგნის მფლობელი პირის (როგორც მოგირავნის, ისე დამგირავებლის) მიერ მისი მოვლა-შენახვის ვალდებულების დარღვევაა. აუცილებელია, ვალდებულების დარღვევა იყოს საგრძნობი ხასიათის, თუმცა ზიანის დადგომა არ არის მოთხოვნის წინაპირობა, ისევე როგორც საგნის მფლობელის ბრალი.[18] საგნის მფლობელის ამ ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებით გაფრთხილება აუცილებელი არ არის.

7

ბბ) მეორე მხარის უფლებები ვალდებულების დარღვევისას თუ პირი, რომლის მფლობელობაშიც იმყოფება გირავნობის საგანი, არღვევს მოვლა-შენახვის ვალდებულებას, მაშინ მეორე მხარეს (მოგირავნეს რეგისტრირებული, ხოლო დამგირავებელს (როგორც მოვალე-დამგირავებელს, ისე მესამე პირ-დამგირავებელს) მფლობელობითი გირავნობისას) შეუძლია, მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა (261 IV). მესამე პირს ორივე შემთხვევაში განსაზღვრავს მოგირავნე და აუცილებელია, რომ ეს მესამე პირი მას არაპირდაპირ მფლობელად აღიარებდეს (იხ. მუხ. 257, მე-6 ველი). დასაშვებია ერთხელ შერჩეული მესამე პირის მოგვიანებით შეცვლა.[19]

8

გარდა ამისა, რეგისტრირებული გირავნობისას მოგირავნეს შეუძლია, მოითხოვოს ამ საგნის მისთვის გადაცემა. გირავნობის საგნის მესაკუთრეს, რომელიც ამავდროულად არ არის დამგირავებელი, 261 IV მუხლზე მითითების უფლება არ აქვს.[20]

9

გგ) 261 IV მუხლის ანალოგიით გამოყენება გამონაკლისის სახით აუცილებელია 261 IV მუხლის ანალოგიით გამოყენება იმ შემთხვევებზე, რომლებზეც ეს დანაწესი პირდაპირ არ ვრცელდება, მაგრამ მხარეთა ინტერესი ამ მუხლით დაცული ინტერესის თანაბარ დაცვას იმსახურებს. მაგალითად, მოგირავნის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ ნივთის მოვლა-შენახვის ვალდებულების დარღვევის (261 I), დამგირავებლის ან მოგირავნის მიერ დაუშვებელი სარგებლის მიღების (261 II 2), ან სარგებლის შესახებ ანგარიშის ჩაუბარებლობისა (261 II 4) და საგნის შემდგომი დაგირავება-გასხვისების შემთხვევაში (266 I) მეორე მხარეს უნდა ჰქონდეს ამ საგნის მისთვის ან მესამე პირისათვის გადაცემის მოთხოვნა, 261 IV მუხლის ანალოგიით.

2. გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება, 261 II

ა) მფლობელობითი გირავნობა

10

მფლობელობითი გირავნობისას მოგირავნეს, ჩვეულებრივ, არ აქვს გირავნობის საგნის არც გამოყენებისა და მისგან არც ნაყოფის მიღების უფლება. ეს უფლება მან დამგირავებელთან შესაბამისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ შეიძლება მოიპოვოს (261 II 2), თუმცა, თუ გირავნობის საგანი თავისი ბუნებით ნაყოფის მომტანია, ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია, მიიღოს ეს ნაყოფი გირავნობის საგნიდან (261 II 3). ეს დანაწესი, შესაბამისად, გამოიყენება კანონისმიერ გირავნობაზე.[21]

11

აა) სარგებლის მიღების შეთანხმება, 261 II 2 მოგირავნისათვის მის მფლობელობაში მყოფი ნივთიდან სარგებლის უფლების მინიჭებისათვის აუცილებელია ამ პირობის გაცხადებულად ან კონკლუდენტურად შეთანხმება გირავნობის ხელშეკრულებაში. დასაშვებია სარგებლობის უფლების გარეშე შეთანხმებული მფლობელობითი გირავნობის გარდაქმნა გირავნობად სარგებლობის უფლებით, გირავნობის უფლებათა რიგითობის დაურღვევლად.[22] ასევე დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული ტიპის სარგებლის მიღების უფლების მინიჭებაც.[23] სარგებლის ცნებასთან დაკავშირებით იხ. 154-ე მუხლი. 261 II 2, 4, 5 მუხლი ანალოგიით უნდა გავრცელდეს არამატერიალური ქონების რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევებზეც, თუ მოგირავნეს ენიჭება მისგან სარგებლის მიღების უფლება (მაგ., შპს-ის წილის გირავნობისას დივიდენდების მიღების უფლება, იხ. მუხ. 254, მე-13 ველი).

12

მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ჩაითვლება გირავნობის უფლებით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში (261 II 4). მოგირავნე ვალდებულია, დამგირავებლის მოთხოვნით, წარუდგინოს მას ანგარიში მიღებული სარგებლის შესახებ (261 II 5).

13

თუ არაუფლებამოსილი მოგირავნე მაინც იღებს სარგებელს გირავნობის საგნიდან, მაშინ ის მიყენებული ზიანისათვის პასუხს აგებს დამგირავებლის წინაშე გირავნობის ხელშეკრულების და გირავნობის ურთიერთობიდან წარმომდგარი კანონისმიერი ვალდებულების (261 I 1) დარღვევის გამო, ისევე როგორც დელიქტური და კონდიქციური მოთხოვნის საფუძველზე.[24] 261 II 4, 5 მუხლი ამ შემთხვევაზე ანალოგიით გამოიყენება,[25] იმ გაგებით, რომ მიღებული დაუშვებელი სარგებელი მაინც ითვლება მოთხოვნის ანგარიშში და მოგირავნეს ევალება ანგარიშის წარდგენა.

14

ბბ) სარგებლის მიღების შეთანხმების ვარაუდი, 261 II 3 261 II 3 მუხლის მიხედვით, ივარაუდება, რომ ნაყოფის მომტანი საგნის დაგირავების შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია, მიიღოს მისგან სარგებელი. საგანი ნაყოფის მომტანი უნდა იყოს თავისი ბუნებით,[26] რის გამოც ნაყოფში, რომლის მიღების უფლებაც აქვს მოგირავნეს, იგულისხმება მხოლოდ ნივთის პირდაპირი ნაყოფი (მაგ.: რძე, შალი, ცხოველის ნაშიერი) და არა სამართლებრივი (არაპირდაპირი, იხ. მუხ. 155, 1-ლი ველი). ფული თავისი არსით, ამ გაგებით, არ არის ნაყოფის მომტანი სიკეთე (იხ. მუხ. 254, სქ. 39).[27]

15

გგ) სარგებლის მიღების ვალდებულება მოგირავნისათვის სარგებლის უფლების მინიჭება ავტომატურად ანიჭებს მას ამ სარგებლის მიღების ვალდებულებას,[28] რადგან იგი უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში ჩათვლის გზით მოგირავნის დაკმაყოფილებას ემსახურება. ზედმეტი სარგებლის მიღებისას, ისევე როგორც მისი სრული მიუღებლობისას, მოგირავნეს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება უნდა დაეკისროს.[29]

16

დდ) ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება, 261 II 5 მოგირავნე ვალდებულია, დამგირავებელს ჩააბაროს ანგარიში მიღებულ სარგებელთან დაკავშირებით, 261 II 4 მუხლის მიხედვით. შესაბამისი შე- თანხმების არარსებობისას პერიოდულობა განისაზღვრება მისი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე; სხვა მოსაზრების თანახმად კი, ამ ანგარიშის ჩაბარება, სულ მცირე, ყოველწლიურად უნდა მოხდეს.[30]

17

ეე) სარგებლის ჩათვლა უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში, 261 II 4 261 II 4 მუხლის მიხედვით, მოგირავნის მიერ მიღებული სარგებელი ითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. ანგარიშში ჩასათვლელი სარგებლის ოდენობა განისაზღვრება მიღებული სარგებლის ღირებულებისათვის საგნის შენახვის, სარგებლის მიღებისა და რეალიზაციის ხარჯების გამოკლებით. თუ მოგირავნე ნაყოფის რეალიზაციის ნაცვლად მას თავისთვის იტოვებს, მაშინ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ადგილს იკავებს ის თანხა, რაც ამ ნივთის საბაზრო ღირებულებას შეესატყვისება.[31] ნივთის გამოყენებით მიღებული სარგებლის ღირებულება განისაზღვრება მისი ფიქტიური ქირის მიხედვით.[32]

ბ) რეგისტრირებული გირავნობა

18

განსხვავებით მფლობელობითი გირავნობისაგან, რეგისტრირებული გირავნობისას დამგირავებელი, რომლის მფლობელობაშიც რჩება ნივთი, უფლებამოსილია, მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან, რაზეც მხარეთა შორის პირდაპირი შეთანხმება აუცილებელი არ არის (261 II 1). კანონმდებლის ასეთი გადაწყვეტა შეესაბამება რეგისტრირებული გირავნობის მიზანს, მიეცეს მოვალეს გირავნობის საგნით სარგებლობის გაგრძელების საშუალება (იხ. მუხ. 255, მე-4 ველი). 261 II 1 მუხლი ანალოგიით არ გამოიყენება მფლობელობითი გირავნობისას გირავნობის საგნის შემთხვევით დამგირავებლის ხელში აღმოჩენისას. თუ სარგებელი არ ფარავს ნივთზე გაწეულ ხარჯებს (იხ. ქვევით, მე-19 და მომდევნო ველები), მაშინ ამ ხარჯებისთვისაც დაგირავებული საგანი აგებს პასუხს (მუხ. 256, მე-3 ველი).[33]

3. ხარჯების ანაზღაურება, 261 III

19

მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების დანაწესების შესაბამისად (969, 973).

ა) აუცილებელი ხარჯები, 261 III 1

20

261 III 1 მუხლი მოთხოვნის დამოუკიდებელი საფუძველია მოგირავნის მიერ გირავნობის საგანზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისათვის. ზოგადად, ხარჯებს განეკუთვნება ისეთი ნებაყოფლობითი ქონებრივი მსხვერპლი, რომელიც საჭიროა ნივთის აღდგენის, შენარჩუნების, ან გაუმჯობესებისათვის.[34] ამისგან განსხვავებით, აუცილებლად ითვლება მხოლოდ ისეთი დანახარჯები, რომლებიც ემსახურება ნივთის სუბსტანციისა და ფუნქციის შენარჩუნებას,[35] მაგალითად: საგნის შეკეთებას; დაზღვევას;[36] საწყობში მოთავსებას;[37] დაზიანებული მანქანის ევაკუატორით გადათრევას და დაცულ სადგომზე მოთავსებას;[38] ცხოველის გამოკვებას;[39] მანქანის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ნაწილების შეკეთებას, როგორებიცაა, მაგალითად, მუხრუჭები, ბორბლები, დისკები;[40] ძველი ნახატის აღდგენას[41] და ა. შ. აუცილებელი ხარჯების ცნებაში არ ექცევა გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯები, რომლებიც უნდა გასწიოს მოგირავნემ. მისი ანაზღაურების წესი განისაზღვრება შესაბამისი შეთანხმების მიხედვით.

ბ) არააუცილებელი ხარჯები

21

არააუცილებელ ხარჯებად ითვლება ყველა ის დანახარჯი, რომლებიც არ არის აუცილებელი,[42] ანუ, საბოლოო ჯამში, ხარჯების ზოგადი ცნების (იხ. ზემოთ) გათვალისწინებით, მოგირავნის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ ემსახურება საგნის აღდგენა-შენარჩუნებას და მხოლოდ მის ღირებულებას ზრდის. ამგვარი არააუცილებელი დანახარჯის მაგალითია მანქანის ძვირიან ფერად გადაღებვა, ან სარბოლო მანქანად გადაკეთება.[43]

22

261 III 2 მუხლში წარმოდგენილია სამართლებრივი საფუძვლის მითითება, რადგანაც ითვალისწინებს, რომ მოგირავნის მიერ გირავნობის საგანზე გაწეული არააუცილებელი ხარჯები ანაზღაურდება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების მიხედვით.[44] შესაბამისად, მოგირავნეს მხოლოდ მაშინ შეუძლია, უკან მოითხოვოს მის მიერ გაწეული ეს არააუცილებელი ხარჯები, თუ, ამავე დროს, სახეზე იქნება დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმოების წინაპირობები. გამომდინარე იქიდან, რომ ნივთის ღირებულების გამზრდელი, თუმცა არააუცილებელი დანახარჯები, დამგირავებლისათვის შეიძლება ყოველთვის სასურველი არ იყოს, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ხუთი წინაპირობიდან[45] აქ გადამწყვეტია, შეესაბამება თუ არა ეს ხარჯები მეპატრონის ნამდვილ თუ სავარაუდო ნებას, ისევე როგორც მის ინტერესებს (974 I).

4. დაგირავებული აქციის ან წილის შემთხვევაში სამეწარმეო საზოგადოების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგების დადება, 261 V

23

თუ გირავნობის საგანია სამეწარმეო საზოგადოების აქცია ან წილი, მიუხედავად იმისა, რომ დამგირავებელი ინარჩუნებს საზოგადოების პარტნიორის სტატუსს, მისგან წარმომდგარი უფლება-მოვალეობებით (იხ. მუხ. 254, მე-13 ველი), ის მაინც ვალდებულია, იურიდიული პირის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების ან გარიგების დადებისას მოქმედებდეს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, საკუთარი და მოგირავნის ინტერესების გათვალისწინებით.

24

ამ დანაწესის მიზანია, დაიცვას მოგირავნის ქონებრივი ინტერესები დამგირავებლის ისეთი არაკეთილსინდისიერი ქმედებებისაგან, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გირავნობის საგნის ღირებულების შემცირება ან მისი საერთოდ დაკარგვა (261 V). ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში აქციის/წილის დამგირავებელმა მოგირავნეს უნდა აუნაზღაუროს ზიანი, 394 I მუხლის მიხედვით,[46] თუმცა პრაქტიკაში მოგირავნისა და დამგირავებლის ინტერესებს შორის ზღვრის დადება საკმაოდ რთულად თუ შეიძლება. ცალსახაა, რომ აქციის/წილის დაგირავებამ არ უნდა გამოიწვიოს საზოგადოებაში ახალი პარტნიორის ჩართვა, რომლის ინტერესებიც სრულებით განსხვავებული იქნება საზოგადოების დანარჩენ წევრთა ინტერესებისაგან, რის გამოც გერმანული დოქტრინა[47] ამ ინსტრუმენტზე მხოლოდ მაშინ აპელირებს, როდესაც დამგირავებელი და მისი თანაპარტნიორები (თანააქციონერები) განზრახ ვნებენ მოგირავნის ინტერესებს.[48]




  1. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1215, Rn. 5; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1215, Rn. 1, იხ. იქვე, მითითება წარსულში გაბატონებულ საწინააღმდეგო მოსაზრებაზე.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის #ას-1377-1214-2010 განჩინება.
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1215, Rn. 4; RGZ 102, 82.
  4. BGH WM 1967, 343; RGZ 103, 173.
  5. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 142.
  6. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1215, Rn. 2.
  7. RG DJZ 1924, 908; KG OLGE 29, 381; ჭანტურია, იქვე.
  8. OLG Düsseldorf HRR 1936 Nr. 726.
  9. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1215, Rn. 2.
  10. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1215, Rn. 3.
  11. Sosnitza, იქვე, Rn. 3.
  12. RGZ 109, 183; RG LZ 1927, 1339.
  13. Damrau, იქვე, Rn. 3; Sosnitza, იქვე, Rn. 3.
  14. RGZ 103, 173.
  15. BGH WM 1967, 343.
  16. დამგირავებლის მიერ გირაოს გაფუჭების განადგურების ან დაკარგვის შემთხვევაში მოგირავნეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარდგენა შეუძლია დაუყოვნებლივ და არა მხოლოდ უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაფარვის შემდეგ, რადგან ზიანი მას განადგურების მომენტშივე ადგება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის #ას-42-327-08 გადაწყვეტილება).
  17. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 142.
  18. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1215, Rn. 2.
  19. იქვე, § 1217, Rn. 4.
  20. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1217, Rn. 4; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1217, Rn. 4.
  21. RGZ 105, 409.
  22. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1213, Rn. 1; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1214, Rn. 2.
  23. Sosnitza, იქვე.
  24. Sosnitza, იქვე, Rn. 3.
  25. OLG Frankfurt a. M. NJW-RR 1996, 585.
  26. მაგ., სავაჭრო ჯიხური, იხ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის #ას-6-345-09 გაჩინება.
  27. BGH NJW 1982, 2186; BGH NJW 1984, 1750; BGH, NJW 1994, 3287.
  28. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1214, Rn. 1.
  29. იქვე, § 1214, Rn. 2.
  30. იქვე.
  31. იქვე, Rn. 3.
  32. BGH NJW 1991, 2485; შდრ. განსხვავებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის #ას-6-345-09 განჩინება.
  33. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1214, Rn. 3.
  34. Damrau, იქვე, Rn. 1; Fritzsche, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 994, Rn. 12.
  35. Fritzsche,იხ. ასევე 163-ე მუხლის კომენტ., მე-3 ველი. იქვე, Rn. 45;
  36. OLG München NJW-RR 1992, 1081.
  37. BGH WM 1978, 326.
  38. OLG Nürnberg VRR 2013, 162 Ls.; AG Bremen BeckRS 2008, 22167.
  39. AG Bad Homburg NJW-RR 2002, 895.
  40. OLG Koblenz NJOZ 2011, 262.
  41. LG Traunstein ZfS 1999, 291.
  42. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 994, Rn. 3.
  43. შდრ. OLG Nürnberg DAR 1978, 324.
  44. რუსიაშვილი, უსაფუძვლო გამდიდრების სამართალი I: შესრულების კონდიქცია, 2017, გვ. 290.
  45. იხ. რუსიაშვილი/ეგნატაშვილი, კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, 2016, გვ. 17 და შემდგ.
  46. Müller, Die Verpfändung von GmbH-Anteilen, GmbHR 1969, S. 7, 34.
  47. იხ. ვრცლად ამასთან დაკავშირებით: Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1274, Rn. 60 ff .
  48. ამ კონტექსტში საკმაოდ პრობლემური ჩანს საქართველოს უზენაესი სასამართლოს (2011 წლის 17 მარტის #ას-1377-1214-2010) გადაწყვეტილება, როდესაც ის 261 V მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევად აღიქვამს შპს-ის 55%-იანი წილის დაგირავების შემდეგ დამგირავებლის მიერ წესდების ცვლილებას და გადაწყვეტილებაუნარიანად საერთო კრების 75%-იან გამოცხადებას, უბრალო უმრავლესობის მაგივრად. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საზოგადოების წილის მოგირავნეს საერთოდ არ აქვს კრებაზე ხმის უფლება (254-ე მუხლის კომენტ., მე-13 ველი), შესაბამისად, ცვლილებაში წესდება აპრიორი ვერ შეუკვეცდა მოგირავნეს ამ არარსებულ უფლებას. მაშინაც კი, როდესაც დამგირავებელმა ეს ცვლილება მოგირავნის ერთპიროვნული მმართველობისაგან თავის დაზღვევის მიზნით ჩაიფიქრა, ეს მმართველობა რეალურად ამ ცვლილების გარეშეც ვერ შედგებოდა და, საბოლოო ჯამში, ის არც შეიძლება იყოს მოგირავნის მიზანი, რომელიც საკუთარი ქონებრივი ინტერესის უზრუნველყოფა და არა საზოგადოებისათვის მისთვის სასურველი გადაწყვეტილებების თავზე მოხვევაა. ამგვარად, 261 V მუხლის მიხედვით, არაკეთილსინდისიერი ქცევა და მოგირავნის ინტერესებისათვის ვნების მიყენება მხოლოდ კონკრეტული ქონებრივი მნიშვნელობის ქმედებისას თუ შეიძლება გვქონდეს სახეზე (მაგ., საზოგადოების შეგნებული გაკოტრება).


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_261._მოგირავნის_და_დამგირავებლის_უფლებები_და_მოვალეობები&oldid=2031"