Gccc-logo.png


მუხლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხ ლი 263. იმ დამგირავებლის უფლებები, რომელიც არ წარმოადგენს მოგირავნის პირად მოვალეს


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

დამგირავებელს, რომელიც არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის პირადი მოვალე, შეუძლია, მოგირავნეს წაუყენოს ის შესაგებლები, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს, მათ შორის, ისეთი შესაგებლები, რომლებზეც მოგირავნის პირადმა მოვალემ უარი თქვა გირავნობის წარმოშობის შემდეგ.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

ამ მუხლის მიზანია დამგირავებლის ინტერესების დაცვა იმ შესაგებლის მინიჭებით, რომლის წაყენების უფლებაც აქვს პირად მოვალეს. ამ ნორმის შემთხვევაში ცალსახაა სტრუქტურული პარალელი 899-ე მუხლთან, რომელიც იდენტური აგებულებისა და ფუნქციის მქონეა და რის გამოც მისი შემავსებელი დანაწესიც (900) ანალოგიით უნდა გავრცელდეს არამოვალე დამგირავებელზე (შდრ. იპოთეკის სამართალში მოქმედ იდენტურ წესთან დაკავშირებით 291 I მუხლი). აბსოლუტურად გაბატონებული მოსაზრების თანახმად, 263-ე მუხლი მოქმედებს ასევე ნივთის მესაკუთრე არადამგირავებლის[1] სასარგებლოდ, ისევე როგორც არამესაკუთრე დამგირავებლის[2] (იხ. მუხ. 254, მე-9 ველი) სასარგებლოდ.

II. არამოვალე დამგირავებლის შესაგებელი

1. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი

2

თუ მატერიალური ან არამატერიალური ქონების მფლობელი აგირავებს მას სხვის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზუნველსაყოფად, აუცილებელია მიჯნის გავლება მოთხოვნის გამაქარწყლებელ და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს შორის, რომელიც წარმოდგება, ერთი მხრივ, დამგირავებელსა და კრედიტორს და, მეორე მხრივ, კრედიტორსა და მის პირად მოვალეს შორის ურთიერთობიდან.[3]

3

კრედიტორის მოთხოვნას შესაძლებელია, მოთხოვნის გამაქარწყლებელი შემდეგი შესაგებლები დაუპირისპირდეს:[4] ა) შესაგებელი, რომელიც თავად უზრუნველყოფილი მოთხოვნის წინააღმდეგაა მიმართული – ვალის დაფარვა, ნასყიდობის შეცილების შედეგად არანამდვილობა. ჩამოთვლილი, მართალია, მოვალის პირადი შესაგებლებია, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოვალე და დამგირავებელი სხვადასხვა პირია, ამ უკანასკნელსაც აქვს მათზე აპელირების უფლება, რადგან აქცესორულობის პრინციპიდან (იხ. მუხ. 254, 22-ე ველი) გამომდინარე უზრუნველყოფილი მოთხოვნის გარეშე არ არსებობს არც გირავნობის უფლება; ბ) მეორე ჯგუფში ერთიანდება ის შესაგებლები, რომლებიც უშუალოდ გირავნობის უფლებას უპირისპირდება, მაგ., გირავნობის ხელშეკრულების საცილოობა შეცდომის გამო, ან მისი არანამდვილობა 257-ე და 258-ე მუხლების მოთხოვნების დარღვევის გამო. ეს ორივე შესაგებელი თავიდანვე მხოლოდ დამგირავებელს ეკუთვნის, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ ეხებიან უზუნველყოფილი მოთხოვნის ნამდვილობას. მოვალეს, რომელიც მოგირავნისაგან განსხვავებულია, მათი წარდგენის უფლება არ აქვს. შესაბამისად, 263-ე მუხლით არ არის მოცული ა) და ბ) პუნქტებში გაერთიანებული მოთხოვნის გამაქარწყლებელი შესაგებლები, რადგან მათი წარდგენის შესაძლებლობა დამგირავებელს ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, დამოუკიდებლად იმისა, არის თუ არა ის, ამავდროულად, კრედიტორის პირადი მოვალე.

4

უზრუნველყოფილი მოთხოვნის კრედიტორისათვის შესაძლებელია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შემდეგი შესაგებლების დაპირისპირება: გ) მისი პირადი მოვალის შესაგებელი მათ შორის არსებული ურთიერთობიდან, მაგალითად, ვალის გადავადება (შდრ. 278). დ) დამგირავებლის შესაგებელი, რომელიც გირაოს რეალიზაციის წინააღმდეგაა მიმართული, მაგალითად, გირაოს რეალიზაციის გადავადება უზრუნველყოფილი მოთხოვნის შესრულების ვადის მოსვლიდან ნახევარი წლით ან გირაოს რეალიზაციის წინაპირობად უზრუნველყოფილი მოთხოვნის იძულებითი აღსრულების შეთანხმება.[5] 263-ე მუხლი ეხება მხოლოდ ამ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ შესაგებლებს და დამგირავებელს ანიჭებს დ) პუნქტში გაერთიანებული შესაგებლების გარდა, რომელიც მას ისედაც ეკუთვნის, ასევე გ) პუნქტით გათვალისწინებულ პირადი მოვალის შესაგებლებს.

2. მოვალის შესაგებელი, რომელიც ენიჭება დამგირავებელს

5

ამგვარად, დამგირავებელს ენიჭება, 263-ე მუხლის მიხედვით, ყველა ის (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი) შესაგებელი, რომლებიც აქვს უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალეს კრედიტორის მიმართ. ასეთია, მაგალითად, შეუსრულებელი ხელშეკრულების შესაგებელი (369) და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვალის გადავადების შესაგებელი. დამგირავებელს შეუძლია, ასევე პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნაზე (420) აპელირება შესაგებლის ფორმით.[6] მაშინაც კი, თუ კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოებული სამართლებრივი დავისას სასამართლო ამ უკანასკნელს არ მიანიჭებს რაიმე შესაგებელს, გადაწყვეტილების კანონიერი ძალა არ ვრცელდება არამოვალე დამგირავებელზე და ის არ კარგავს იმავე შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობას.[7] საპირისპირო შემთხვევაში კი, – თუ სასამართლო არ ცნობს კრედიტორის მოთხოვნას მისი მოვალის წინააღმდეგ, – გირავნობის აქცესორულობიდან გამომდინარე, არამოვალე დამგირავებელიც არ აგებს პასუხს გირავნობიდან.[8] დამგირავებელს არ აქვს ხანდაზმულობის შესაგებლის წარდგენის უფლება (144 III).

ა) თავდების შესაგებლის მინიჭება

6

ინტერესთა იდენტური განაწილების გამო მართებული ჩანს დამგირავებლისათვის, მე-900 მუხლის ანალოგიით გამოყენების საფუძველზე, თავდების დარად, გარიგების საცილოობის შესაგებლის მინიჭება, თუ მოვალეს აქვს შეცილების მეშვეობით გარიგების გაქარწყლების შესაძლებლობა და ეს ჯერ არ გაუკეთებია, რაც უკუდასკვნით გამომდინარეობს იმ წესიდან, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეცილების გამო არანამდვილობისას არამოვალე დამგირავებელიც თავისუფლდება გირავნობიდან წარმომდგარი ვალდებულებისაგან (იხ. ზემოთ, მე-3 ველი).

ბ) გარდაქმნითი უფლებებიდან წარმომდგარი შესაგებელი

7

გარდაქმნითი უფლებებიც, რომლებიც მინიჭებული აქვს მოვალეს, – გასვლა (491, 398 III), ფასის შემცირება (492) და გამოხმობა 336-ე მუხლის მიხედვით, – ანიჭებს არამოვალე დამგირავებელს არა მხოლოდ მოთხოვნის გამაქარწყლებელ შესაგებელს, მოვალის მიერ მათი გამოყენების შემდეგ, არამედ მის გამოყენებამდეც გასვლის, ფასის შემცირების ან გამოხმობის (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ) შესაგებელს, მანამ, სანამ[9] მოვალე მათი გამოყენების უფლებას ინარჩუნებს. მოვალის უარი ამ გარდაქმნითი უფლებების გამოყენებაზე, ან მათი სხვაგვარად დაკარგვა, ართმევს ასევე დამგირავებელს მათზე მითითების უფლებას.[10] სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალასთან დაკავშირებით იხ ზემოთ, მე-5 ველი.[11]

3. შესაგებლის წაყენება

8

დამგირავებლის მიერ 362-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წაყენების ფორმა დამოკიდებულია იმაზე, მოთხოვნის გამაქარწყლებელ თუ განხორციელების შემაფერხებელ შესაგებელს ეხება საქმე და, გარდა ამისა, დამგირავებელთან იმყოფება ნივთი რეგისტრირებული გირავნობის ფარგლებში თუ მოგირავნესთან მფლობელობითის ფარგლებში.[12]

9

რეგისტრირებული გირავნობისას დამგირავებელს შეუძლია, დაუპირისპიროს მოთხოვნის გამაქარწყლებელი შესაგებელი მოგირავნის სარჩელს 281 I, 2811 I მუხლების მიხედვით, ან ამ შესაგებლების საფუძველზე გაასაჩივროს გირავნობის მოწმობა. მოსთხოვოს დამგირავებელს გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია (275 II 1, 272 I) ან გირავნობის უფლების შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთის გაცემა (275 III). მფლობელობითი Gირავნობისას მას შეუძლია, აღძრას სარჩელი და მოითხოვოს მოგირავნისაგან პირდაპირი ან არაპირდაპირი (257, იხ. ამ მუხლის კომენტარი) მფლობელობის დაბრუნება (275 I). თუ დამგირავებელი მოგირავნის მიერ მოთხოვნის გამაქარწყლებელი შესაგებლის წარდგენამდე მოახდენს გირავნობის საგნის რეალიზაციას, მას შეუძლია რეალიზაციიდან ამოღებული თანხის უკან მოთხოვნა შესრულების კონდიქციით (976 I ა) და შესაბამისი წინაპირობების არსებობისას დელიქტური მოთხოვნით (992).

10

მოთხოვნის განხორციელების მხოლოდ დროებით შემაფერხებელი შესაგებლის შემთხვევაში მოგირავნეს შეუძლია, მოითხოვოს გირაოს რეალიზაციის გადადება, რაც, გაბატონებული მოსაზრების[13] თანახმად, მავალდებულებელი სარჩელის ფორმით ხდება. ხოლო მოთხოვნის განხორციელების ხანგრძლივი დროით გამომრიცხავ შესაგებელს, ამ შემთხვევაშიც დამგირავებელს, ისევე როგორც მესაკუთრეს (იხ. ზემოთ, 1-ლი ველი) უნდა ჰქონდეს იდენტური უფლებები, რაც ექნებოდა მოთხოვნის გამაქარწყლებელი შესაგებლის წარდგენის შემთხვევაში.[14] შესაგებლის მიუხედავად, გირაოს რეალიზაციის შემთხვევაში, დამგირავებელს უნდა მიენიჭოს შესრულების კონდიქცია (976 I ბ), ამ რეალიზაციიდან მიღებულის დასაბრუნებლად, ისევე როგორც დელიქტური მოთხოვნა (992) შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.




  1. RG JW 1912, 749; Bassenge, in Palandt BGB Kommentar, 73. Aufl., 2014, § 1211, Rn. 2; Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1211, Rn. 1.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის #3კ-624-02 გადაწყვე ტილება; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1211, Rn. 5.
  3. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1211, Rn. 1.
  4. იქვე; შდრ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 145 და შემდგ.
  5. Damrau, იქვე, Rn. 1a.
  6. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1211, Rn. 2.
  7. RG WarnR 1933 Nr. 35; OLG Celle OLGE 26, 202.
  8. Damrau, იქვე.
  9. Damrau, იქვე, Rn. 4.
  10. BGH NJW 1957, 986; Schlosser, Peremptorische Einreden und „Ausgleichszusammenhänge“, JZ 1966, S. 433.
  11. იხ. ამასთან დაკავშირებით დაწვრილებით: Damrau, იქვე, Rn. 4.
  12. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2011, § 1210, Rn. 10.
  13. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl., 2006, § 15 VII 3e; Sosnitza, იქვე; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl., 2017, § 1211, Rn. 8.
  14. Sosnitza, იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_263._იმ_დამგირავებლის_უფლებები,_რომელიც_არ_წარმოადგენს_მოგირავნის_პირად_მოვალეს&oldid=2035"