Gccc-logo.png


მუხლი 264. სუროგაცია

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 264. სუროგაცია


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუკი მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს უფლება აქვს, მის მიერ მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული, გაუფასურებული ნივთის შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს გირავნობის საგნის ადგილს.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ. 284.
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი #4323 – ვებგვერდი, 22.03.2011წ.

I. ზოგადი დებულებები

1

264 I, II მუხლი მიზნად ისახავს სუროგაციის მეშვეობით მოგირავნის ინტერესების დაცვას დაგირავებული მოთხოვნის ერთ შემთხვევაში შესრულების საგნით, ხოლო მეორე შემთხვევაში გირავნობის საგნის დაკარგვის, დაზიანების, განადგურებისა და გაუფასურების გამო მიღებული ანაზღაურებით ჩანაცვლების გზით. ორივე შემთხვევაში ზემოთ ნახსენები სანაცვალგებო იკავებს გირავნობის ადგილს, რაც ნიშნავს იმას, რომ გირავნობის უფლება ავტომატურად და უცვლელი ფორმით გადადის შესრულების საგანსა თუ ანაზღაურებაზე. შესაბამისად, მოგირავნე ვერ მოითხოვს მისი რეალიზაციის მეშვეობით ნაადრევ დაკმაყოფილებას (სანივთო სუროგაცია).[1] 264 III მუხლში მოწესრიგებულია დამგირავებლის უფლება, შესთავაზოს მოგირავნეს ე. წ. შემცვლელი გირაო, როგორც გარკვეული კომპრომისი მოგირავნისა და დამგირავებლის ურთიერთდაპირისპირებულ ინტერესებს შორის.

II. სანივთო სუროგაციის შემთხვევები

1. სუროგაცია მოთხოვნის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით, 264 I

2

სუროგაციასთან გვაქვს საქმე იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგანია მოთხოვნა და მოთხოვნის მოვალის მიერ ხორციელდება ვალდებულების შესრულება მოთხოვნაზე გირავნობის ვადის გასვლამდე; მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს. ამავე დროს, დასაშვებია მხარეთა მიერ განსხვავებული წესის შეთანხმება.

3

მოთხოვნის დაგირავების შესახებ მოვალისათვის შეტყობინების მომენტიდან (259 II 1, იხ. მუხ. 259, მე-9 ველი) მას ეკისრება ვალდებულება, კრედიტორისათვის შესრულების საგანზე საკუთრების გადაცემასთან ერთად უზრუნველყოს მოთხოვნის მოგირავნის გირავნობის შენარჩუნება შესრულების საგანზე (სუროგაციის უზრუნველყოფის ვალდებულება). მართალია, 264 I მუხლი ითვალისწინებს სუროგაციის გზით კანონისმიერი გირავნობის დარ ხერხს შესრულების საგანზე გირავნობის უფლების წარმოშობისა,[2] თუმცა დაგირავებული მოთხოვნის მოვალესა და კრედიტორს მაინც ხელეწიფებათ, მოგირავნისაგან მალულად გასცენ და მიიღონ შესრულება და ამით, ფაქტობრივად, დააკარგვინონ მას გირაო (მაგალითად, 265 II 2, 274 III, IV, 271-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში). მოვალისათვის დამატებითი ვალდებულების დაკისრება აუცილებელია შესრულების საგანზე წარმოშობილი გირავნობის დაკარგვის რისკის მინიმუმამდე დაყვანისათვის. ამასთან, საჭიროა შესრულების საგნის მიხედვით დიფერენცირება.[3]

4

ქართულ პრაქტიკაში სრულებით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებები უნდა დაეკისროს დამგირავებელ კრედიტორსა და მის მოვალეს 264 I მუხლით გათვალისწინებული სუროგაციის უზრუნველსაყოფად. ცალსახაა მხოლოდ, რომ ზემოთ ხსენებული შეტყობინების შემდეგ მოვალეს აღარ უნდა ჰქონდეს მარტო კრედიტორის მიმართ შესრულების გზით ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა და აუცილებელია ამ შესრულების იმგვარი ფორმით განხორციელება, რომ გარანტირებული იყოს დაგირავებული მოთხოვნის შესრულების საგნით სუროგაცია, რის გარეშეც 259 II 1 და 264 I მუხლები აზრს დაკარგავდა.

5

თუ მოვალის ვალდებულება კრედიტორისათვის მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა იყო, მაშინ მან დამგირავებელ-კრედიტორს უნდა გადასცეს საკუთრება, მოგირავნეს კი მფლობელობა ნივთზე.[4] შეთანხმება მოგირავნესა და დამგირავებელს შორის გირავნობის საგნის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით საჭირო აღარ არის, რადგანაც სუროგაციის შემთხვევაში შესრულების საგანზე გირავნობა კანონის ძალით წარმოიშობა.[5] ალტერნატივის სახით მოვალეს შეუძლია, მოთხოვნის მოგირავნის წინასწარ დარეგისტრირება კრედიტორისათვის გადასაცემი ნივთის მოგირავნედ და ამ უკანასკნელისათვის უკვე დაგირავებული საკუთრების გადაცემა. იმ შემთხვევაში, თუ დაგირავებული მოთხოვნის საგანი უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა იყო, მოვალე ვალდებულია, კრედიტორისათვის საკუთრების გადაცემამდე მოგირავნე ამ ნივთის იპოთეკარად დაარეგისტრიროს.[6] ორივე შემთხვევაში მოვალეს უნდა ჰქონდეს უფლება, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან წარმომდგარი მოთხოვნის მეშვეობით რეგისტრაციის ხარჯები კრედიტორს გადააკისროს. მოვალის მიერ სუროგაციის უზრუნველყოფის ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის საკუთრების გადაცემა მას არ ეთვლება შესრულებად და მისგან ამ დამატებითი ვალდებულების შესრულების მოთხოვნას ინარჩუნებს როგორც კრედიტორი, ისე მოგირავნე.[7] გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მოგირავნეს აქვს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მოვალისაგან,[8] ისევე როგორც ზიანის ანაზღაურებისა და უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის უფლება დაუტვირთავი საკუთრების მომპოვებელი კრედიტორისაგან (983).[9]

6

რაც შეეხება დაგირავებული ფულადი მოთხოვნის შესრულებას მოვალის მიერ, კრედიტორი მოიპოვებს ამ ფულზე საკუთრებას, თუმცა ის ან უნდა გადასცეს დამგირავებელს გირაოს სახით მფლობელობაში (იხ. მუხ. 254, მე-18 ველი), ან 264 III მუხლის ანალოგიით შესთავაზოს მას შემცვლელი გირაო. მოვალეს ამ შემთხვევაში მხოლოდ შესრულების შესახებ მოგირავნისათვის შეტყობინების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს.

2. სუროგაცია გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასა და გაუფასურებასთან დაკავშირებით ანაზღაურების მიღებისას, 264 II

7

სუროგაციის მეორე შემთხვევა მოწესრიგებულია 264 II მუხლში – თუ გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებულია ანაზღაურების მიღება (მაგ., სადაზღვევო ანაზღაურება), ის იკავებს დაკარგული გირაოს ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და, ამგვარად, არის გამონაკლისი 271-ე მუხლით გათვალისწინებული წესიდან, რომლის მიხედვითაც გირაოს განადგურებასთან ერთად წყდება გირავნობის უფლებაც.

8

264 I მუხლის დარად, 264 II მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც გირავნობა გირაოს სანაცვალგებო ანაზღაურებაზე წარმოიშობა კანონის ძალით, მხარეთა შეთანხმების გარეშე. მიუხედავად ამისა, გირავნობა სუროგატზე მაინც არ არის არამფლობელობითი კანონისმიერი გირავნობა, რადგან დამგირავებელი გირავნობის ხელშეკრულებით ვალდებულია, გადასცეს მოგირავნეს მფლობელობა გირავნობის ახალ საგანზე, გამომდინარე იქიდან, რომ გირაოს სუროგატი თითქმის ყოველთვის ფულადი სახით იქნება წარმოდგენილი და მასზე გირავნობის რეგისტრაცია გამორიცხულია (იხ. მუხ. 254, სქ. 39). თუმცა არც ფულად ანაზღაურებაზე მფლობელობითი გირავნობაა უპრობლემო, რადგან ამ შემთხვევაში დამგირავებელმა დალუქული კონვერტით უნდა გადასცეს მოგირავნეს ფული (ან შეიტანოს სპეციალურ საბანკო ანგარიშზე), ეს უკანასკნელი კი ვალდებულია, შეინახოს ის ხელუხლებლად გირავნობის ვადის დამთავრებამდე (მუხ. 254, მე-18 ველი), რაც საკმაოდ მოუხერხებელია და, რის გამოც, სავარაუდოდ, უმრავლეს შემთხვევაში დამგირავებელი თავის ჩანაცვლების ვალდებულებას გამოიყენებს 264 III მუხლის მიხედვით.

ა) სუროგატი

9

სუროგატი, 264 II მუხლის მიხედვით, არის გირაოს დაკარგვის, დაზიანების, განადგურებისა ან გაუფასურებისთვის მიღებული ანაზღაურება. კანონმდებელი ამ შემთხვევაში, მართალია, პირველ რიგში, მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურებას ასახელებს,[10] თუმცა ანაზღაურების ნებისმიერ ფორმაზე ხაზგასმით, ამავდროულად, ნათელყოფს, რომ სუროგატი ამ ნორმის გაგებით არის არა მხოლოდ სადაზღვევო[11] და დელიქტური ზიანის ანაზღაურება,[12] არამედ ასევე კონდიქციური მოთხოვნის საფუძველზე მოპოვებული ანაზღაურებაც, ისევე როგორც კომპენსაცია ექსპროპრიაციისათვის.[13]

10

კამათის საგანია, 264 II მუხლის გაგებით, სუროგატად ე.წ. გარიგებისმიერი სუროგატის მიჩნევა. გარიგებისმიერი სუროგატია ქონებრივი ღირებულება, რომელსაც დამგირავებელი იღებს გირაოს გასხვისების მეშვეობით, ისევე როგორც სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების ფარგლებში მიღებული კომპენსაცია (მაგ., განათხოვრებული ნივთის დაზიანებისათვის). გაბატონებული მოსაზრების[14] თანახმად, სუროგატის ცნებით ეს გარიგებისმიერი სუროგატი მოცული არ არის. მართალია, ეს მოსაზრება გამოთქმულია კონდიქციურ სამართალში სუროგატის ცნებასთან დაკავშირებით, თუმცა ის ძალაში უნდა დარჩეს ასევე გირაოს სუროგატის შემთხვევაშიც. მთავარი არგუმენტი ამ მოსაზრების გასამყარებლად ისაა, რომ მოგირავნემ არ უნდა მიიღოს სარგებელი დამგირავებლის მიერ გირაოს სარფიანად გასხვისებიდან.[15] გარდა ამისა, სუროგაცია არ არის სანივთო სამართლის ზოგადი პრინციპი[16] და კანონმდებელმა 264 II მუხლის ჩამონათვალში შეგნებულად გამოტოვა გირავნობის საგნის გასხვისებისათვის მიღებული ანაზღაურება, ისევე როგორც ყველა სხვა გარიგებისმიერი სუროგატი. გირაოს გარიგების ფარგლებში გასხვისებისათვის მოქმედებს გირაოს უზრუნველყოფის სხვა წესი – 274 I მუხლის მიხედვით, შემძენზე გადადის გირავნობით დატვირთული საკუთრება და, ბუნებრივია, გირავნობის უფლების დამატებით კიდევ გასხვისებიდან მიღებულ ანაზღაურებაზე გავრცელებით დამგირავებელმა ორმაგი სარგებელი არ უნდა ნახოს. თუმცა, გამონაკლისის სახით, როდესაც გირავნობის უფლება არ მიჰყვება გასხვისებულ ნივთს (274 III, IV), შესაძლებელი უნდა იყოს 264 II მუხლის ანალოგიით გამოყენება გარიგებისმიერ სუროგატზე. მოთხოვნის დაგირავების შემთხვევაში, სუროგატად, 264 II მუხლის გაგებით, უნდა ჩაითვალოს მოთხოვნა, რომელიც იკავებს მის ადგილს (შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება შესრულების შეუძლებლობისას, ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ წარმოშობილი რესტიტუციული მოთხოვნა და ა.შ.) ან მის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მოთხოვნა (თავდებობა, ისევე როგორც გირავნობა, თუ ეს უკანასკნელი უზრუნველყოფდა დაგირავებულ მოთხოვნას, რომლის შესრულებაც შეუძლებელი გახდა).

11

მესამე პირის მიერ გირაოს დაზიანება-განადგურებისას მოგირავნეს აქვს დამზიანებლის მიმართ თავისი დამოუკიდებელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.[17]

ბ) ანაზღაურობის მოთხოვნა, როგორც სუროგატი

11

მიუხედავად 264 II მუხლის ცალსახა ფორმულირებისა, რომელიც გირაოს სუროგატად მხოლოდ უკვე მიღებულ ანაზღაურებას მიიჩნევს და არა ანაზღაურების მოთხოვნას, ამ დანაწესის გავრცელება ანაზღაურების მოთხოვნაზეც აუცილებელია, რაც ნიშნავს იმას, რომ გირაოს დაკარგვის, დაზიანების, განადგურებისა და გაუფასურებისთვის ანაზღაურების მოთხოვნა მის შესრულებამდე თავად არის მოგირავნის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება. გამომდინარე იქიდან, რომ ანაზღაურების მიღებას შეიძლება წინ უძღოდეს სასამართლო დავა, დამგირავებლის გაკოტრება (რაც მის სხვა კრედიტორებს საკუთარი ინტერესის უშუალოდ ანაზღაურების მოთხოვნიდან დაკმაყოფილების უფლებას ანიჭებთ) ან ამ მოთხოვნის დათმობა დამგირავებლის მიერ. მოგირავნის ინტერესების ეფექტური დაცვისათვის აუცილებელია ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობისა და შესრულების შუალედშიც ჰქონდეს მას სანივთო უზრუნველყოფის საშუალება გირავნობის სახით, რაც მხოლოდ ანაზღაურების მოთხოვნაზე გირავნობის წარმო- შობითაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან, ეს მოთხოვნაზე გირავნობა დაარეგისტრირონ 259, 258-ე მუხლის მოთხოვნე ბის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თავად გირავნობის უფლება ამ დროს კანონის ძალით წარმოიშობა. ანაზღაურების მოვალეს ეკისრება დაგირავებული მოთხოვნის მოვალის ვალდებულებები (259 II, 261 I, იხ. მუხ. 259, მე-7 და მომდევნო ველები, ასევე ზემოთ, მე-3 და მომდევნო ველები), რაც მოგირავნის დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.

III. შემცვლელი გირაო

13

264 III მუხლში მოწესრიგებულია პრინციპი, რომელიც ცნობილი იყო რომის სამართლისათვის[18] და რომელმაც თავისი ადგილი ვერ დაიმკვიდრა თანამედროვე ევროპულ კოდიფიკაციებში. ეს არის დამგირავებლის მიერ დაკარგული, დაზიანებული, განადგურებული ან გაუფასურებული ნივთისათვის მიღებული ანაზღაურებით მოგირავნისათვის შემცვლელი გირაოს შეთავაზების უფლება.[19]

14

გამომდინარე იქიდან, რომ ამ უფლებასთან დაკავშირებით შესაბამის განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი და სასამართლო პრაქტიკაც ამ შემთხვევაში საკმაოდ ინერტულია, ამ გადაწყვეტის დოგმატური ჩარჩო საკმაოდ ბუნდოვანია და მისი გამოკვეთისას მხოლოდ ნორმის მიზნით ხელმძღვანელობაა შესაძლებელი. ეს მიზანი კი ფულზე გირავნობის დადგენის მოუხერხებლობის თავიდან აცილებაა (იხ. ზემოთ, მე-8 ველი და მუხ. 254, მე-18 ველი) და, ამასთან, მოგირავნისათვის ამ თანხის ეფექტურად გამოყენების საშუალების შენარჩუნება. ამიტომაც მოგირავნეს არ უნდა ჰქონდეს დამგირავებლის მიერ შეთავაზებულ შემცვლელ გირაოზე უარის თქმის უფლება, თუ მისი ღირებულება ფარავს თავდაპირველი გირაოს ღირებულებას. გირავნობის დასადგენად ძალაშია ზოგადი წესები.




  1. RGZ 94, 24; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1219, Rn. 5.
  2. განსხვავებით გერმანული სამართლისაგან, სადაც მოგირავნე შესრულების საგანზე გირავნობის უფლებას მოიპოვებს მისთვის ამ უფლების მოვალის ან კრედიტორის მიერ მინიჭების შედეგად (Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2011, § 1288, Rn. 2). თუმცა საქართველოშიც, მიუხედავად გირავნობის წარმოშობის კანონისმიერი საფუძვლისა, მოგირავნე ამ შემთხვევაში არ სარგებლობს უპირატესი დაკმაყოფილების უფლებით, 267 III მუხლის ანალოგიით.
  3. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2011, § 1281, Rn. 2.
  4. შდრ. Sosnitza, იქვე; Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, §1281, Rn. 2; Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl ., 2006, § 16 II 5a aa.
  5. მხარეებს ყოველთვის რჩებათ მფლობელობითის რეგისტრირებული გირავნობით ჩანაცვლების შესაძლებლობა.
  6. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2011, § 1281, Rn. 2.
  7. იქვე.
  8. RGZ 108, 321; 138, 255.
  9. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1281, Rn. 5.
  10. Schwab, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 818, Rn. 44.
  11. თუმცა სადაზღვევო ანაზღაურებას არ განეკუთვნება მზღვეველის მიერ წინა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო გადახდილი ანაზღაურება (შდრ. BGH NJW 2006, 772), რადგან ამ ზიანის ანაზღაურების საფუძველია არა დაზღვეული საგნის დაზიანება, არამედ დაზღვეულის ნდობის გაცრუება.
  12. Schwab, იქვე. 44; Wendehorst, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2016, § 818, Rn. 8.
  13. Schwab, იქვე.
  14. BGH NJW 1957, 1026; BGH NJW 1980, 178; BGHZ 112, 294 ; BGH NJW 2004, 1314; OLG Hamm BeckRS 2010, 8384.
  15. Schwab, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 818, Rn. 47.
  16. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 1212, Rn. 4.
  17. Wieling, Sachenrecht I, 2. Aufl ., 2006, S. 744, სქოლიო 15.
  18. Krämer, Das besitzlose Pfandrecht: Entwicklungen in der römischen Republik und im Prinzipat, 2007, S. 235; Jörs/Kunkel/Wenger, Römisches Recht, 1987, S. 196; Harke, Drittbeteiligung am Schuldverhältnis, Berlin, 2010, S. 146 Anm. 28.
  19. 264 III მუხლი ანიჭებს ჩანაცვლების უფლებას დამგირავებელს და არა მოგირავნეს ამ ჩანაცვლების მოთხოვნის უფლებას, მით უმეტეს, შეცვლის საფუძვლად ვერ ჩაითვლება ის ფაქტი, რომ გირავნობის საგანი უფრო ნაკლები ღირებულების მქონე აღმოჩნდა, ვიდრე ეს ხელშეკრულების დადებისას მიაჩნდათ მხარეებს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 13 ივნისის #ას-42-327-08 გადაწყვეტილება).


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_264._სუროგაცია&oldid=2039"