Gccc-logo.png


მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავების ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა იმგვარად, რომ პირვანდელ მდგომარეობაში მათი აღდგენა შეუძლებელია ან მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, არ გამოიწვევს გირავნობის უფლების შეწყვეტას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ საკუთრება გადადის გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად, მაშინ გამოიყენება ამ კოდექსის 196-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობის საგნის გადამუშავებისათვის ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისათვის საჭიროა მოგირავნის წინასწარი თანხმობა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გირავნობის საგნის გადამუშავებამდე ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284
საქართველოს 2011 წლის 9 მარტის კანონი #4323 – ვებგვერდი, 22.03.2011 წ.

I. ზოგადი დებულებები

1

265-ე მუხლი ადგენს გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივ შედეგებს და მისი მიზანია მოგირავნის ინტერესების დაცვა მისთვის გირავნობის უფლების შენარჩუნებით. ეს დანაწესი, 264 II მუხლის მსგავსად, ადგენს გამონაკლისს 271-ე მუხლით გათვალისწინებული წესიდან; გირავნობის უფლება არსებობას არ წყვეტს გირავნობის საგანთან ერთად და არის სანივთო სამართლის ზოგადი პრინციპის კონსტანტაცია – შეზღუდული სანივთო უფლება იზიარებს საკუთრების ბედს.[1]

II. სანივთო სუროგაცია გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმისას

2

სხვა მოძრავ ნივთთან ისეთი შერწყმის შედეგად, როდესაც პირვანდელ მდგო მარეობაში ნივთების აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან, გირავნობის უფლება არ უქმდება (თუ მხარეები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმებულან) იმ შემთხვევაში, თუ ახლად შექმნილი ნივთი დამგირავებლის საკუთრებაში რჩება.[2] 265 I 1 მუხლი ძალაშია როგორც რეგისტრირებული, ისე მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში, თუმცა მისი მთავარი გამოყენების სფერო, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული გირავნობაა.

1. გადამუშავება, შერწყმა და სხვა მსგავსი შემთხვევები

3

თუ გირავნობით დატვირთული ნივთი გადამუშავების შედეგად ახალ ნივთად გარდაიქმნება, ან სხვა მოძრავ ნივთს შეერწყმება იმგვარად, რომ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელია ან შეუსაბამო დანახარჯებთან არის დაკავშირებული, გირავნობა ვრცელდება გადამუშავება-შერწყმის შედეგად წარმოშობილ ერთიან ნივთზე.[3] იგივე წესი უნდა გავრცელდეს მოძრავი ნივთების შეერთებაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონში პირდაპირ არ არის გათვალისწინებული. ამისგან განსხვავებით, გირაოს უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად ქცევის შემთხვევაში, გირავნობის უფლება უნდა გაქარწყლდეს, თუმცა მოგირავნეს უნდა მიენიჭოს უფლება, უძრავი ქონება გირავნობის საგნის ღირებულების ფარგლებ- ში იპოთეკით დატვირთოს.[4] გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება შერწყმა-გადამუშავებამდე გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად (265 III). თუ დამგირავებელი ერთი მოგირავნის სასარგებლოდ დატვირთული ფიცრისა და მეორე მოგირავნის სასარგებლოდ დატვირთული რკინის სალტის მეშვეობით შეკრავს კასრს, ამ კასრზე წარმოიშობა როგორც პირველის, ისე მეორის გირავნობის უფლება, ფიცარსა და სალტეზე გირავნობის უფლებათა დადგენის მომენტის მიხედვით.

2. საკუთრების გადასვლა სხვა მესაკუთრეზე

4

იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის გადამუშავების ან სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმის შედეგად დამგირავებელი კარგავს საკუთრებას ახლად შექმნილ ნივთზე, რადგან ის სხვის საკუთრებაში გადადის, მაშინ ამ მესაკუთრის ცვლილებასთან ერთად ქარწყლდება ასევე დამგირავებლის ნივთზე არსებული გირავნობის უფლებაც (265 I 2, 196). თუმცა ამ შემთხვევაში პრობლემურია თავად 196-ე მუხლის გამოყენების სფეროს მონიშვნა, რადგან, ერთი მოსაზრების მიხედვით, საკუთრების დაუტვირთავი მოპოვება ხდება არა მხოლოდ წინარე მუხლების მიხედვით სხვა პირის მიერ ერთპიროვნული საკუთრების მოპოვებისას (მუხ. 196, მე-2 ველი), არამედ ასევე თანასაკუთრების წარმოშობის შემთხვევაშიც. მაგალითად, ამ მოსაზრების თანახმად, თუ დამგირავებელი თავის საკუთრებაში მყოფი გირავნობით დატვირთული სალტითა და სხვისი ფიცრებით შეკრავს კასრს (194 I 1), მაშინ ისიც და ფიცრის მესაკუთრეც დაუტვირთავ თანასაკუთრებას მოიპოვებენ, რაც სრულებით გაუმართლებელი შედეგია. სწორი გადაწყვეტის მიხედვით, ამ შემთხვევაში გირავნობა სანივთო სუროგაციის მეშვეობით უნდა გავრცელდეს სალტის დამგირავებლის წილზე თანასაკუთრებაში (შდრ. მუხ. 254, მე-17 ველი).[5] თუ მოგირავნე არ კარგავს თავის გირავნობას დამგირავებლის მიერ გირაოს საგნის გადამუშავება-შეერთების შედეგად, როდესაც ახლად შექმნილი ნივთი მისსავე საკუთრებაში რჩება, გაუგებარია, რატომ უნდა დაკარგოს ეს უფლება დამგირავებლის წილზე თანასაკუთრებაში. ამ რეზულტატის გამართლება შეუძლებელია, ასევე, 193-ე-195-ე მუხლების მიზნით. ეს მიზანია ახლად შექმნილი ნივთის ფუნქციური ერთიანობის გადარჩენის მოტივით ამ ნივთის იმ პირისათვის მიკუთვნება, რომელსაც ყველაზე მეტად ძალუძს მისი შენარჩუნება და გამოყენება[6] – უნდა გაქარწყლდეს თავდაპირველ ნივთზე წინა მესაკუთრის დროს არსებული ყველა სამართლებრივი ტვირთი, რათა ახალ მესაკუთრეს ხელი არ შეეშალოს ნივთის ეფექტურ გამოყენებაში. ამის საპირისპიროდ, თუ გადამუშავება-შეერთება-შერწყმის შედეგად არა ერთპიროვნული, არამედ თანასაკუთრება წარმოიშობა, ნივთზე საკუთრება უკვე ისედაც, კანონის ძალით, ორ პირს შორის არის „გახლეჩილი“ და ხსენებული მიზნის მიღწევისათვის უმნიშვნელოა, გადაჰყვება თუ არა დამგირავებლის წილს თავდაპირველ ნივთზე არსებული გირავნობის უფლებაც. ის ფაქტი, რომ ახლად შექმნილი ნივთის მეორე (არადამგირავებელი) თანამესაკუთრე ამ შემთხვევაში ისე ერთპიროვნულად ვერ იბატონებს ნივთზე, როგორც მხოლოდ მისი ექსკლუზიური საკუთრების წარმოშობისას, განპირობებულია თავად თანასაკუთრების სამართლებრივი ბუნებით და არა გირავნობის გადაყოლით დამგირავებლის წილზე.

5

გარდა ამისა, ნივთზე არსებული უფლებრივი ტვირთის გაქარწყლების წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ გადამუშავება-შეერთება-შერწყმის შედეგად მესაკუთრე არ იცვლება. ამ შემთხვევაში მოქმედებს სანივთო სუროგაციის Pრინციპი (265 I 1), რაც ნათელყოფს იმ ფაქტს, რომ 196-ე მუხლი იმ მესაკუთრის პრივილეგირებას ისახავს მიზნად, რომელსაც თავდაპირველ საგანზე არ ჰქონია საკუთრება და არა მესაკუთრე გადამამუშავებლის ან შემრევის პრივილეგირებას, მხოლოდ იმის გამო, რომ მან ერთი ნივთიდან სხვა ნივთი შექმნა.[7] ამიტომაც წილზე საკუთრების უფლების წარმოშობისას ამ წილის სამართლებრივი ბედი იდენტური უნდა იყოს შეერთება-შერწყმის შედეგად დამგირავებლის ერთპიროვნული საკუთრების ბედისა[8] – ორივე შემთხვევაში სანივთო სუროგაციის პრინციპი უნდა დარჩეს ძალაში და თავდაპირველ ნივთზე გირავნობა უნდა გადაიზარდოს დამგირავებლის წილზე თანასაკუთრებაში.[9]

6

ამგვარად, 196-ე მუხლის მიხედვით, მხოლოდ მაშინ წყდება გირავნობის უფლება, თუ სხვა პირი (არადამგირავებელი) ახლად წარმოშობილ საგანზე ერთპიროვნულ საკუთრებას მოიპოვებს. მაგალითად, როდესაც გირავნობის საგანი ხდება სხვისი (და არა დამგირავებლის) უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი (193), სხვის მოძრავ ნივთთან შეერთების ან შერწყმის შედეგად იქმნება ახალი ერთიანი ნივთი, თუმცა სწორედ ეს სხვისი ნივთი ითვლება ნივთის მთავარ შემადგენლად (194 II).[10] ყველა სხვა შემთხვევაში გირავნობა ძალაში რჩება დამგირავებლის წილზე თანასაკუთრებაში 265 I 1 მუხლის მიხედვით, ხოლო უფლების რიგითობა განისაზღვრება 265 III მუხლში დაფიქსირებული წესის თანახმად.

7

იმ შემთხვევაში, როდესაც დამგირავებელი ჯერ ასხვისებს, შემდეგ კი თავად შემძენი გადაამუშავებს გირავნობით დატვირთულ ნივთს (274 I, II) ან შეუერთებს თავის სხვა ნივთს, მოქმედებს 265 I 1 და არა 265 I 2, 196-ე მუხლები.

III. მოგირავნის თანხმობა, 265 II

8

ვინაიდან გირავნობის საგნის გადამუშავება ან/და სხვა მოძრავ ნივთთან შერწყმა ეხება მოგირავნის უფლებას, ეს მოქმედებები დასაშვებია მხოლოდ მოგირავნის წინასწარი თანხმობით, თუ მისი აუცილებლობა მხარეთა შეთანხმებით გამორიცხული არ არის (265 II). თანხმობის გარეშე გადამუ შავება არის გირავნობის კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობის დარღვევა, რითაც მიყენებული ზიანი მოგირავნემ დამგირავებელს უნდა აუნაზღაუროს 394 I მუხლის მიხედვით. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ გადამუშავება-შერწყმა-შერევის შედეგად მიღებული ახალი ნივთის ღირებულება ჩამოუვარდება თავდაპირველი ნივთის ღირებულებას (ღვინის ძმართან შერევა). ახლად შექმნილ ნივთზე საკუთრების სხვა პირზე გადასვლის გამო გირავნობის უფლების გაქარწყლებისას (იხ. ზემოთ, მე-6 ველი) ან თანასაკუთრებაში ნაკლები ღირებულების წილზე გადასვლისას (მე-4 ველი), მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება 197 I მუხლის მიხედვით, ასევე 992-ე მუხლზე დაყრდნობით, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას.




  1. Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2016, § 949, Rn. 2; Füller, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 949, Rn. 2.
  2. Thonabauer/Nässlinger, Leitfadenreihe zum Kreditrisiko _ Kreditsicherungsrecht in Polen, 2004, S. 25.
  3. შდრ. იქვე.
  4. იქვე.
  5. RGZ 67, 425; Füller, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 949, Rn. 3; Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2016, § 949, Rn. 3; შდრ. თანამესაკუთრის წილზე გირავნობის უფლებასთან დაკავშირებით გსკ-ის 1258 და 949 2 პარაგრაფები, რომელთა ცალსახა ფორმულირების წყალობით, ამ ტიპის შემთხვევებისათვის გერმანულ დოქტრინას გამზადებული გადაწყვეტა აქვს არსენალში, რისი გადმოტანაც ქართულ სამართალში გამართლებულია.
  6. Kindl, in Beck OK BGB, 41. Aufl ., 2016, § 946, Rn. 1.
  7. მხოლოდ გადამუშავება ან შეერთება-შერწყმის ფაქტის გამო გირავნობის უფლების გაქარწყლება (თანასაკუთრებაში წარმოშობილ წილზე) გადამამუშავებელი ან შემრევი დამგირავებლის გაუმართლებელი პრივილეგირება იქნებოდა და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდოდა 265 I 1 მუხლში დაფიქსირებულ სანივთო სუროგაციის პრინციპთან. მხოლოდ გადამუშავების ფაქტი არ ცვლის იმას, რომ გირავნობისათვის დამგირავებლის ახალმა ნივთმა უნდა აგოს პასუხი.
  8. ისევე როგორც დაკარგული, მოპარული და სხვაგვარად მესაკუთრის ძალაუფლებიდან გასული (187 II 1) ნივთის გადამუშავების შედეგად მიღებული თანასაკუთრებაც ითვლება დაკარგულად, მოპარულად და ა. შ. (Füller, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 949, Rn. 3). ამგვარად, თუ თავდაპირველი მესაკუთრის წილი თანასაკუთრებაში მიიჩნევა დაკარგულად, გაუგებარია, თუ რატომ არ უნდა მიიჩნეოდეს ის დაგირავებულად.
  9. თუ წილი განსაზღვრადია (194 I 2), შესაძლებელია ამ განსაზღვრულ ნივთზე სუროგაციის გზით გირავნობის უფლების წარმოშობაც, ისევე როგორც თანასაკუთრებაში დაუტვირთავი წილის გირავნობის უფლებით დატვირთვა. საწინააღმდეგო გადაწყვეტა, საბოლოო ჯამში, არც ერთი მხარისათვის არ იქნებოდა რამის მომცემი, რადგან მოგირავნეს დაკარგული გირაოს გამო დამგირავებლისაგან ექნებოდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება 197 I მუხლის მიხედვით, რაც ნატურით რესტიტუციის ფორმით (408 I) შესრულების შემთხვევაში ისევ (თავდაპირველი ნივთის) დამგირავებლის წილზე გირავნობის უფლების წარმოშობით უნდა შესრულებულიყო.
  10. მართალია, 194 II მუხლში საუბარია მთავარ ნივთზე და საკუთვნებელზე, თუმცა ეს ტერმინოლოგიური უზუსტობის შედეგია, რადგან საკუთვნებელი (151) დამოუკიდებელი მოძრავი ნივთი და ცალკე უფლების ობიექტია, 194 II მუხლის გამოყენებისათვის კი აუცილებელია ერთიანი ნივთის წარმოშობა, რომლის შემადგენლობაში შედის მთავარი და არამთავარი ნივთი (მაგ., ცხოველის მიერ მისთვის განკუთვნილი საკვების მირთმევა, Füller, in MüKo BGB, 7. Aufl ., 2017, § 947, Rn. 6). იხ. განსხვავებული მოსაზრებისათვის 194-ე მუხლის კომენტ., მე-7 ველი.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_265._გირავნობის_საგნის_გადამუშავების_ან/და_სხვა_მოძრავ_ნივთთან_შერწყმის_სამართლებრივი...&oldid=2043"