Gccc-logo.png


მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 266. გარიგების დადება გირავნობის საგანზე


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ დამგირავებელი არ გაასხვისებს და არ დააგირავებს გირავნობის საგანს გირავნობის უფლების შეწყვეტამდე.

2. დამგირავებლის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნეს აქვს თავისი მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილების უფლება.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005 წ., მუხ. 284.

I. ზოგადი დებულებები

1

266-ე მუხლი აწესრიგებს მხარეთა მიერ გირავნობის საგნის ე. წ. განკარგვის აკრძალვის შეთანხმებას და მისი დარღვევის შედეგებს. მართალია, ამგვარი შეთანხმება თავისთავად არანამდვილი არ არის, განსხვავებით 294 IV მუხლისაგან, თუმცა მას მაინც არ გააჩნია სანივთო ეფექტი მესამე პირთა წინაშე, ანუ არ უზღუდავს დამგირავებელს ნამდვილი განკარგვის შესაძლებლობას და მხოლოდ ვალდებულების დარღვევაა მოგირავნის წინაშე. ამ გადაწყვეტით, ქართველი კანონმდებელი იმეორებს გერმანული დოქტრინის მიერ გსკ-ის ძალაში შესვლასთან ერთად აღიარებულ პრინციპს და მე-19 საუკუნეში დამკვიდრებული მოსაზრების საპირისპიროდ აღარ მიიჩნევს სავალდებულოდ გირავნობის უფლების დამატებით განკარგვის აკრძალვის მეშვეობით უზრუნველყოფას[1] – მოგირავნის ინტერესი საკმარისად არის უზრუნველყოფილი გირავნობის უფლების „გადაყოლით“ გასხვისებულ საგანზე (274 I, II 265 I, იხ. მუხ. 265, მე-4 ველი) და შესაბამისი რიგითობის შენარჩუნებით (267 I, II, 265 III). გარდა ამისა, დაგირავებული ნივთის შემდგომი დაგირავება-გასხვისების მეშვეობით დამგირავებელ-მოვალეს უნდა შეუნარჩუნდეს მისი ეფექტურად ეკონომიკური გამოყენების შესაძლებლობა.[2]

II. განკარგვის აკრძალვა

2

266-ე მუხლში ნახსენები გაუსხვისებლობა-დაუგირავებლობის შეთანხმება არის ე. წ. განკარგვის აკრძალვა და ამგვარად საკუთარ ცნებაში აერთიანებს განკარგვის ყველა ფორმას (იხ. მუხ. 102, მე-5 ველი), გარდა იმ ვალდებულებითსამართლებრივი გარიგებებისა (ნივთის გაქირავება ან თხოვება), რომლებშიც არ იგულისხმება განკარგვის გარიგებები.[3]

3

სამოქალაქო სამართალში მოქმედი ზოგადი პრინციპის თანახმად, განკარგვაუნარიანი უფლების განკარგვის შეზღუდვა ან გამორიცხვა გარიგების საფუძველზე მხოლოდ ვალდებულებითი ეფექტის მქონეა (მოქმედებს მხოლოდ მხარეთა შორის, გამონაკლისია მოთხოვნის უფლების დათმობის აკრძალვა 199 I 1 მუხლის მიხედვით) და არ გააჩნია სანივთო ძალა (მესამე პირთა წინაშე)[4] – გარიგებისმიერი აკრძალვის დარღვევით განხორციელებული განკარგვა ნამდვილია და შემძენი მოიპოვებს საკუთრებას (ან სხვა სანივთო უფლებას ნივთზე),[5] თუმცა ეს, ამავდროულად, არის კონტრაჰენტის წინაშე ნაკისრი ვალდებულების დარღვევა და ზიანის ანაზღაურების საფუძველი.[6] განკარგვის აკრძალვისათვის მხოლოდ ვალდებულებითი ძალის მინიჭება არ აფერხებს უფლების ბრუნვაუნარიანობას, რის უზრუნველყოფასაც ისახავს მიზნად მოცემული ზოგადი პრინციპი და, ამავდროულად, გარკვეულწილად მაინც, არიგებს მხარეთა დაპირისპირებულ ინტერესებს იმგვარად, რომ გარე (სანივთო) ეფექტის წართმევის მიუხედავად, ის მხარეთა შორის მაინც ძალაში რჩება.[7]

4

266-ე მუხლი, მიუხედავად ორაზროვანი ფორმულირებისა, ზემოხსენებული პრინციპის ნორმატიულ კონსტატაციად უნდა იქნეს გაგებული. მართალია, დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შეთანხმებული განკარგვის აკრძალვა არ ითვლება ბათილად (შდრ. ამის საპირისპიროდ 294 IV), თუმცა, ამავდროულად, მას ვერ ექნება სანივთო ეფექტი, ანუ ვერ ჩამოართმევს მესაკუთრე-დამგირავებელს ნივთის გასხვისების უფლებამოსილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავდა ამ მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც თავის წინაპირობად დამგირავებლის მიერ ამ გაუსხვისებლობის შეთანხმების დარღვევას მიითვლის, რადგან ამ აკრძალვისათვის სანივთო ძალის მინიჭების შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, შეუძლებელი აღმოჩნდებოდა მისი დარღვევა – გირაოს ნებისმიერი ფორმით განკარგვა იქნებოდა არანამდვილი და განმკარგავ-დამგირავებელს შეეძლებოდა გასხვისებული ნივთის უკან გამოთხოვა, ხოლო მოგირავნეს უნდა მინიჭებოდა დამგირავებლისაგან ამ უფლების გამოყენების მოთხოვნა. თუმცა კანონმდებელმა განსხვავებული გადაწყვეტის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.

5

266 I 1 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევით განხორციელებული განკარგვა ნამდვილია და მესამე პირი მოიპოვებს შესაბამის სანივთო უფლებას, თუმცა მოგირავნეს შეუძლია, დაუყოვნებლივ მოითხოვოს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება (266 II), საგანზე გირავნობის უფლების შენარჩუნების შემთხვევაში კი (274 I, II) ენიჭება გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების მოპოვებით ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება (იხ. 276-ე მუხლის კომენტარი).[8] ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი მოთხოვნა და გირაო ვადამოსულია გირავნობის საგნის გასხვისებისთანავე და არა ამ მოთხოვნის შესრულების ვადის დადგომისას, როგორც ამას ითვალისწინებს 278-ე მუხლი სხვა შემთხვევებში.[9]




  1. Berger, Rechtsgeschäftliche Verfügungsbeschränkungen, 1998, S. 108; Seifert, Verfügungsfreiheit und rechtsgeschäftliches Veräußerungsverbot, 1965, S. 31.
  2. Berger, იქვე.
  3. BGH NJW 1960, 1053; BGH NJW 1962, 1613; Armbrüster, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 137, Rn. 8.
  4. BGH NJW 1956, 463; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის #ას- 1296-1223-2012 გადაწყვეტილება (6), სადაც სასამართლო წინა ინსტანციის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ მართებულად უკუაგდებს ამ შემთხვევაში 99-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას – დაშვება იმისა, რომ ნივთის დაგირავება მესაკუთრეს მისი შემდგომი განკარგვის უფლებას აკარგვინებს და ამ განკარგვას მოგირავნის თანხმობასავალდებულოდ აქცევს, ყოველგვარ დოგმატურ საფუძველს მოკლებულია.
  5. Wendtland, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 137, Rn. 3; BGH NJW 1971, 1805, თუ უფლება, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, განკარგვაუნარიანია, მაშინ მას ეს თვისება არ უნდა წაერთვას მხარეთა შორის დადებული გარიგების მეშვეობით; ნების გამოხატვას არ უნდა ჰქონდეს ძალა, გასხვისებაუნარიან საგანს დააკარგვინოს ეს თვისება.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის #ას-1296-1223-2012 გადაწყვეტილება (6), თუმცა ზიანის ანაზღაურების საფუძვლად სასამართლოს უნდა მიეთითებინა არა 992-ე (რა შემთხვევაშიც შეუძლებელია მართლწინააღმდეგობის მტკიცება), არამედ 394 I (გირავნობის ხელშეკრულების დარღვევა). სასამართლოს გადაწყვეტილება გამართულია იმ ნაწილში, რომელშიც ის ზიანად მიიჩნევს გირავნობის უფლების, როგორც ქონებრივი უფლების, დაკარგვას, დამოუკიდებლად უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გართულება-შეუძლებლობისა.
  7. Sosnitza, in Beck OK BGB, 41. Aufl., 2016, § 137, Rn. 3.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 5 სექტემბრის # 3კ/705-01 განჩინება (4).
  9. იხ. გირავნობის საგნის მესამე პირისაგან გამოთხოვასთან დაკავშირებით 281-ე მუხლის კომენტ., სქ. 1.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_266._გარიგების_დადება_გირავნობის_საგანზე&oldid=2046"